გოგრა — მოვლა, მოყვანა და რამოდენიმე ჯიში

7502 Views Comment Off

ზოგადი დახასიათება

გოგრა (ლათ. Cucurbita) — გოგრისებრთა ოჯახში შემავალი მხოხავი მცენარეა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ, სხვადასხვა ფორმის და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა.

გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. დარგვისთვის (ჩითილი) ოპტიმალური დრო მაშინ არის როცა, ნიადაგი მთლიანად გამთბარია და საშუალო დღეღამური ტემპერატურა +10°C-ს აჭარბებს.

ამრავლებენ როგორც ჩითილით, ასევე თესლით. თესლი ღივდება +13 °C ტემპერატურაზე, უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე თესლი არ ვითარდება და ლპება ნიადაგში. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე.

თესვა

გოგრისთვის კარგი წინამორბედი მცენარეებია პარკოსანი კულტურები, არ არის რეკომენდირებული გოგრის თესვა/დარგვა: კარტოფილის, ნესვის, საზამთროს, მზესუმზირის და თვითონ გოგრის შემდეგ.

ჩითილის მომზადებას სჭირდება დაახლოებით ერთი თვე, თესავენ ქაღალდის ჭიქებში, სათბურის ან სახლის პირობებში. ჩითილი გადააქვთ გრუნტში, როცა მას სამი სრულყოვილი ფოთოლი აქვს გამოტანილი. შეიძლება დათესვა პირდაპირ გრუნტშიც.

თესლს ჩათესვამდე გადაარჩიეთ ვიზუალურად ან სუფრის მარილის 3-5% წყალხსნარში (30-50 გრ. ერთ ლიტრ წყალში) ჩაყარეთ 5 წუთით, მსხვილი, კარგი, სათესად გამოსაყენებელი თესლი ჩაიძირება, მოუმწიფებელი კი ზედაპირზე დარჩება.

თესლს ჩათესვის წინ ალბობენ 12-15 საათი. ჩათესვის სიღრმე 8-10 სმ ნიადაგის ტიპის მიხედვით. დაშორება საშუალოდ 80-120 სმ ჯიშების მიხედვით.

თესვამდე-ბუდნაში (დასათესი ორმო) აუცილებელია ორგანული სასუქის (ნაკელის, ტორფის, ნეშომპალის) შეტანა, თესვისას ყოველ ორმოში ყრიან 2-4 თესლს და ასხავენ 50 გრადუსამდე შემთბარ 1,5-2 ლიტრ წყალს.

გოგრა სითბოს მოყვარული მცენარეა მისი ზრდისთვის საუკეთესო ტემპერატურული რეჟიმი +30 °C — 33 °C-ია.

მორწყვა და კვება

მოვლა არ არის რთული, გოგრას საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემა, უყვარს მორწყვა, მორწყვისას იყენებენ ნადგომ წყალს (არ უნდა იყოს +20 °C-ზე გრილი), მანამ ნაყოფი დაახლოებით მუშტის ზომა არ გახდება ხშირ მორწყვას ერიდებიან, შეიძლება მიიღოთ დიდი ფოთლები და პატარა ნაყოფი.

კარგად რეაგირებს ორგანული სასუქით კვებაზე. ეფექტურია ნაცრის სასუქი ერთი ჭიქა ერთ ბუდნაზე, ნაკელის ჟიჟა დაახლოებით 5-6 ბუდნაზე ერთი ვედრა-ვეგეტაციის პერიოდში და ერთი ვედრა სამ ბუდნაზე-ნაყოფის მომწიფების პერიოდში.

ვეგეტაციური პერიოდი გრძელდება დაახლოებით 90 დღე. მცენარის ფორმირება დიდი ნაყოფის მისაღებად სასურველია 2-3 ღეროზე. ნაყოფის მომწიფებისას, მოსავლის აღებამდე რწყვას წყვეტენ.

შენახვის საუკეთესო ტემპერატურა +3-8°С-ია.

საქართველოში გავრცელებული რამოდენიმე ჯიში

საზოგადო სახელი: გოგრა

სახეობის სახელწოდება: Cucurbita maxima Duchesne

ჯიშის სახელწოდებადიდნაყოფა გოგრა- Cucurbita maxima ‘ Didnakofa Gogra’

წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია თათრული გოგრის სახელით, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში „თათრული კვახის“ და გურიაში „ხაპის“ სახელწოდებით.

ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. ივითარებს გრძელ ლართხს და დიდ ბარდს. ღერო მსხვილი ცილინდრისებრი. ფოთოლი დიდი, ბრტყელი, თირკმლისებრი. ისხამს მრგვალ ან მობრტყო ფორმის დიდ ნაყოფს. ნასკვებს ივითარებს ძირთან ახლოს. ნაყოფის საშუალო წონა 12 კგ–ს. აღწევს, ზოგიერთისა კი 20–25 კგ-ს. ნაყოფის კანი აპკივით თხელია. ფერით მოთეთროა, ნაცრისფერი, მოვარდისფრო ყვითელი, ნარინჯისფერი და რუხი. რბილობი მკვრივია, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ნაყოფის ყუნწს ოდნავ ჩაღრმავებული ზოლები დასდევს. თესლი დიდია, თეთრი, სუსტად გამოსახული არშიით. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი 40 ტ/ჰა–ზე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. სითბოსა და სინათლის დიდი მომთხოვნია.

დამატებითი ინფორმაცია: გოგრის ეს ჯიში ნიადაგს უფრო მეტ მოთხოვნილებას უყენებს, ვიდრე სხვა გოგრები. ამიტომ მას უფრო ნოყიერ და სარწყავ ნიადაგზე, ან ტენით უზრუნველყოფილ ადგილზე თესავენ. აგრეთვე – პატარა ბაღჩებში, გზის ნაპირებსა და ღობის ძირას.

წყაროები: 1. ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთიბოსტნეულ–ბაღჩეულიკულტურისაგროტექნიკადამეთესლეობააღმოსავლეთსაქართველოსპირობებში. სადისერტაციოშრომა, თბილისი, 1970 წ.

საზოგადო სახელი: გოგრა

სახეობის სახელწოდება: Cucurbita moschata Duchesne

ჯიშის სახელწოდებაქართული 54-Cucurbita moschata ‘ Kartuli 54 ’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. წყალტუბო, დარაიონდა 1990 წელს საქართველოს ყველა ზონისათვის.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი – აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე 152 დღეა. ყვავილი დიდი, ერთსახლიანი და ერთსქესიანია. მთავარ ღეროზე მდედრობითი ყვავილთა რაოდენობაა 2–3, პირველი რიგის ყლორტებზე – 5–7, მეორე რიგისაზე კი – 4–6 ჯვარედინმტვერიაა. ღერო მხვიარა, ფოთოლი თირკმლის ფორმის, სუსტად დანაკვთული, ფოთლის ფირფიტა ფართოა, სიგრძით 23 სმ. სიგანით 33 სმ, შეფერილობა მუქიმწვანე. ნაყოფის ფორმა ნახევრად მრგვალია, სიგრძით 18 სმ, სიგანით 25 სმ. ნაყოფის მასა საშუალოდ 4,4 კგ–ია. ნაყოფის ზედაპირი ნაცრისფერია თეთრი ლაქებით, დასეგმენტებული. ნაყოფის კანი თხელია, შიგთავსი კი მოყვითალო–ოქროსფერი. ნაყოფში მშრალი ნივთიერების რაოდენობა 12–13,3 %–ია. საერთო შაქრიანობა 6,5–6,8 %. თესლი თეთრი, მსხვილი 1000 თესლის მასა 292 გრ–ია. მოსავლიანობა საკონკურსო ჯიშთაგამოცდაში 1982–1985 წლებში საშუალოდ აღწევდა 15,8 ტ/ჰა–ს. მათ შორის სასაქონლო მოსავალი 12,6 ტ/ჰა–ს.
ჯიში გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელ სადგურში, ინდივიდიალური შერჩევის მეთოდით, ადგილობრივი ჯიშ–პოპულაციიდან.

დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების მიმართ, სუსტად ავადდება ნაცრით და ანთრაქნოზით.

წყაროები: 1. გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი 1965 წ.
2. ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელი სადგურის 1982 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.

საზოგადო სახელი: გოგრა

სახეობის სახელწოდება: Cucurbita pepo L.

ჯიშის სახელწოდებახოკერა გოგრა-Cucurbita maxima ‘Khokera Gogra’

წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია საქართველოს ყველა ზონაში, მაგრამ უმთავრესად დასავლეთში.

ჯიშის დახასიათება: ხოკერა გოგრა საგვიანო ჯიშია. ყვავილი ერთსქესიანია, ერთსახლიანი. ყვავილის ყუნწი მოკლეა. პოპულაციების მიხედვით, ღერო მკვრივი, წახნაგოვანი, დაღარული, საშუალო ან გრძელი აქვს. ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ხუთკუთხიანი, ნაკვთოვანი. ფოთოლი და ყუნწი დაფარულია უხეში ეკლისებრი ბუსუსებით. ნაყოფი საშუალო სიდიდის, უმეტესად წვრილი, ფორმით შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, კვერცხისებრი, მოგრძო–ცილინდრული. ფერად შავი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, მიხაკისფერი, მიხაკისფერ–ჭრელი და სხვ. ნაყოფს ყვავილსაჭდომი შეზნექილი აქვს, ზედაპირი გლუვი, წახნაგოვანი, დაღარული, მეჭეჭებიანი. რბილობი ნარინჯისფერია, ყვითელი, მოვარდისფრო–ყვითელი, ბოჭკოვანი ან ფქვილისებრი აღნაგობის. თესლი საშუალო ზომისაა, მოყვითალო–თეთრი, მკაფიო სქელი არშიით. გვხვდება უკანო თესლიანი ჯიშებიც. თესლბუდე ძალიან დიდია და ნაყოფი მსუბუქი, რბილობი 1,5–2 სმ. სისქისაა. ნაყოფის ქერქი ბაკნისებური, მკვრივი, ადვილად მტვრევადი, შეწვის და მოხარშვის შემდეგ ქერქი თავის ფორმას და სიმაგრეს არ კარგავს. შენახვის კარგი უნარით ხასიათდება, მაგრამ გემურ თვისებებს მალე კარგავს, ტრანსპორტაბელურია.

დამატებითი ინფორმაცია: ხოკერა გოგრა სითბოსა და სინათლის უფრო ნაკლები მომთხოვნია, გოგრის სხვა სახეობებთან შედარებით. ამიტომ მას სიმინდში ან სხვა ნათესებთან შერევით თესავენ. წმინდა ნათესის სახით იგი იშვიათად გვხვდება, მაღალ ზონებში უფრო მეტად ვრცელდება.

წყაროები: ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი–1970
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის 1988 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.

ჯიშები: საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება
ავტორი: აგროკავაკსია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB