დაფნა-დაფნის პლანტაციის გაშენება-მოვლა და ტექნოლოგიები

2559 Views Comment Off

დაფნის პლანტაციის გაშენება

დაფნის პლანტაციის გაშენება შეიძლება ორი წესით:  ბუჩქური და შპალერული წესით. მკვლევართა ერთსულოვანი აზრით, უპირატესობა აქვს შპალერული წესით გაშენებულ პლანტაციას. როგორც დადგენილია, შპალერული წესით გაშენებული დაფნის პლანტაცია ნედლეულის მეტ მოსავალს იძლევა, ნიადაგს უკეთ იცავს ეროზიისაგან და ხელსაყრელია აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის მექანიზაციისათვის.

დაფნა უნდა დაითესოს (დაირგოს) შემოდგომაზე–სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე. თუ თესვა შემოდგომაზე ვერ მოხერხდა, მაშინ ადრე გაზაფხულზე, დაახლოებით–25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენების დროს ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ კვების არით.

შპალერული წესით გაშენებისას 8 გრადუსზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ უნდა იყოს, ვაკე და 8 გრადუსამდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2–2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი ორივე შემთხვევაში 50 სმ უნდა იყოს.

დაფნის პლანტაციებში განსაკუთრებით პირველ სამ-ოთხ წელს, მწკრივთაშორისებში საკმაოდ დიდია თავისუფალი ზოლები, რომელიც ერთწლიანი სათოხნი კულტურებისათვის უნდა იყოს გამოყენებული, რითაც შემცირდება დაფნის პლანტაციის მოვლაზე გაწეული ხარჯები და დამატებით მიიღება პროდუქცია.

დაფნის ახალგაზრდა პლანტაციების მწკრივთაშორისებში სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიციდი მონურონი (1 ჰა-ზე 5 კგ. მოქმედი ელემენტი). იგი გაზაფხულზე ნიადაგის გაფხვიერების დროს ზედაპირზე შესხურებით უნდა იქნეს შეტანილი.

მისი მოქმედება მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სპობს სარეველა მცენარეებს და პრაქტიკულად მხოლოდ მცენარეთა გასწვრივ არსებული ვიწრო ზოლი მოითხოვს გაწმენდა-გაფხვიერებას.

ნიადაგი, ოთხ წელიწადში ერთხელ, ორგანულ-მინერალური სასუქების ჩაკეთებით, 12-15 სმ სიღრმეზე, საზამთროდ უნდა გადაიბაროს.

პლანტაციის მწკრივთაშორისები, ყოველწლიურად, აუცილებლად ღრმად (12-15 სმ სიღრმეზე) უნდა დამუშავდეს.

დაფნის პლანტაციის მოვლა

დაფნის გაშენების პირველ წლებში დაფნის კულტურისათვის შემუშავებული აგროტექნოლოგიის თანახმად, პლანტაციის მოვლის მიზნით ტარდება ნიადაგის კულტივაცია, განოყიერება და მორწყვა.

კულტივაცია ტარდება წელიწადში 3-4-ჯერ. მშრალ რაიონებში – 5-8 მორწყვა, ხოლო ტენიან რაიონებში – 2-3-ჯერ (გვალვის შემთხვევაში).

ნიადაგის საზამთრო გადაბარვა წარმოებს 10-12 სმ სიღრმეზე. სრულმოსავლიან ძლიერ პლანტაციებში სადაც მწკრივები შეკრულია და მრავალწლიანი სარეველები არ გვხვდება, ტარდება ნიადაგის გადაბარვა 4 წელიწადში ერთხელ.

გადაბარვის ვადა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდეა.

დაფნის მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის განოყიერებას – სასუქების შეტანას.

დადგენილია, რომ სასუქების დადგენილი დოზებით თავისდროული გამოყენება დაფნის პლანტაციის მოსავლიანობას საშუალოდ 150-170%-ით ზრდის.

დღეისათვის მოქმედი აგროწესებით დაფნის პლანტაციაში სასუქების შეტანა ხდება დიფერენციალურად პლანტაციის ასაკის, მოსავლიანობის, ნიადაგის ტიპისა და ნოყიერების გათვალისწინებით.

დადგენილია სასუქების შეტანის შემდეგი დოზები: 1 წლიდან 4 წლამდე ასაკის პლანტაციაში ჰა-ზე შეაქვთ 50 კგ აზოტი, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

4-5 წლის პლანტაციაში აზოტის დოზა 100 კგ-ია, ხოლო სრულასაკოვან დაფნის პლანტაციაში აზოტიანი სასუქები შეიტანება მოსავლიანობის მიხედვით, კერძოდ, 2000-3000 კგ/ჰა ნედლულის მომცემ პლანტაციაში აზოტის დოზა არის 150 კგ/ჰა. 4000-5000 კგ/ჰა ნედლეულის მომცემ პლანტაციაში შეაქვთ 200 კგ აზოტი, ხოლო 5000 კგ/ჰა-ზე მეტი ნედლეულის მომცემ პლანტაციაში აზოტის დოზა 250 კგ-ია.

რაც შეეხება ფოსფორიან სასუქს, დოზა, ნებისმიერი ასაკის პლანტაციაში არის: წითელმიწა და ეწერ ნიადაგებზე – 150 კგ/ჰა, სუფთა ელემენტზე გადაანგარიშებით; ნეშომპალა კარბონატული და ალუვიური ნიადაგებისათვის ფოსფორის დოზა 100 კგ-ია. კალიუმის სასუქის შეტანა ხდება 2 წელიწადში ერთხელ 200 კგ/ჰა.

სამრეწველო პლანტაციებში 4 წელიწადში ერთხელ, ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებთან ერთად შეაქვთ ნაკელი 50 ტონა/ჰა, ან ტორფნაკელიანი კომპოსტი 80-100 ტონა/ჰა-ზე. მეტად ეფექტურია დაფნის განოყიერების საქმეში მწვანე სასუქი. დადგენილია, რომ დაფნა მოითხოვს ტუტე რეაქციის ნიადაგებს.

ის მჟავე რეაქციის ნიადაგებზე ვერ ვითარდება, ამიტომ, ეწერი და წითელმიწა ნიადაგებზე დაფნის პლანტაციის გაშენების წინ ყოველ კვადრატულ მეტრზე შეტანილი უნდა იქნას 400-800 გრ კირი. მოკირიანება უმჯობესია ჩატარდეს ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს.

დაფნის მწვანე მასის მოსავლის აღება იწყება პლანტაციის გაშენებიდან მეორე ან მესამე წელს. მოსავლის აღების პირველ წელს ბუჩქი გადაიჭრება ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე. მომდევნო აჭრა წარმოებს ფესვის ყელიდან 20-25 სმ სიმაღლეზე. პირველი ორი აჭრის შემდეგ მოსავლის აღება ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

პლანტაციის ყოველწლიური ექსპლოატაცია მცენარეთა ცხოველუნარიანობის დაქვეითებას და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს.

დაფნის პლანტაციის ყოველწლიურ ექსპლუატაციას მიმართავენ მხოლოდ ცივ, ყინვიან რაიონებში, სადაც ყინვისაგან დაფნის ერთწლიანი ნაზარდები იყინება.

დაფნის პლანტაცია სრულმოსავლიანი ხდება გაშენებიდან მე-8, მე-9  წელს. ჰაერმშრალი ფოთლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 3-5 ტონას შეადგენს. დაფნის მოსავლის აღება ხდება აუცილებლად მშრალ ამინდში 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე. ასეთია დაფნის მოვლა-მოყვანის საბაზო ტექნოლოგია.

დაფნის პლანტაციის გაშენების მომენტიდან მთავარი საზრუნავია გამოვარდნილი მცენარეების ახალი მცენარეებით შევსება – რემონტი. შემოდგომაზე გაშენებულ პლანტაციაში გაზაფხულზე დაითვლება დაღუპული მცენარეები და მოცდენილი ადგილები შეივსება.

მეჩხერიანობა უნდა მოისპოს პირველ ორ წელში. მრავალწლიანი პლანტაციები თუ მეჩხერია, მაშინ მის სალიკვიდაციოდ შეიძლება გამოიყენონ გადაწვენის მეთოდი.

საქართველოში დაფნის სამრეწველო გავრცელების რეგიონების აგროკლიმატური პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად შემუშავებულია მოვლა-მოყვანის დიფერენცირებული ტექნოლოგიები.

ამ ტექნოლოგიებში ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები გაანგარიშებულია საქონელმწარმოებლის შესაძლებლობის შესაბამისად, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის, პროფესიული მომზადების და რიგი სხვა რესურსების გათვალისწინებით.

პროდუქციის მწარმოებელი სხვადასხვა სტრუქტურული ჯგუფისათვის, როგორიცაა მაგალითად ფერმერული, ოჯახური, ინდივიდუალური და სხვა, რეკომენდირებულია განსხვავებული ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევიან პროდუქციის მიღების წინასწარ გამიზნული შედეგების გარანტიას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფნის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების ასეთ დიფერენციაციას წარმოების ინტენსიფიკაციის სხვადასხვა დონის შესაბამისად.

დღეისათვის საქართველოში დაფნის კულტურის მოვლა-მოყვანის
ტექნოლოგიების 4 კატეგორია განიხილება:

1. ექსტენსიური ტექნოლოგია, რომელიც ემყარება ნიადაგის ბუნებრივი ნოყიერების გამოყენებას, სასუქებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ხმარების გარეშე, ან მათ უმნიშვნელო გამოყენებას;

2. ნორმალური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის კვებისათვის აუცილებელი მინერალური ელემენტების დეფიციტის აღმოფხვრას. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ნიადაგის გაკულტურების საშუალო დონეს, ნიადაგისა და ლანდშაფტის დეგრადაციის მოვლენების აღმოფხვრით.

ეს ტექნოლოგია პასუხობს მიწათმოქმედების მინიმალურ მოთხოვნებს;

3. ინტენსიური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის კვების ოპტიმალურ რეჟიმს და ამავე დროს სარეველებისაგან, დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვის ოპტიმალურ დონეს.

ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს რესურსების ხარჯვის დონის, კულტურის პროდუქტიულობისა და პროდუქციის ხარისხთან შესაბამისობას.

4. მაღალ-ინტენსიური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიური შეზღუდვების ფონზე მაქსიმალური მოგების მიღებას.

ამ შემთხვევაში დაფნის კულტურის მოსავლიანობა მაქსიმალურად  მიახლოებულია მის პოტენციურად შესაძლო მოსავლიანობასთან.

შორენა კაპანაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
282 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB