დაფნის კულტურა, თესვა, გამრავლება, ბაღის გაშენება და აგროტექნიკა

დაფნა, თესვა, დარგვა, აგროტექნოლოგია

დაფნის კულტურა

ევროპაში კეთილშობილი დაფნა ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ის მოხსენებულია ბერძნულ მითოლოგიაში, როგორც ღვთაებრივი მცენარე. მისგან დაწნული გვირგვინი უმაღლეს ჯილდოს სიმბოლოდ ითვლებოდა ბრძოლებში, საზოგადოებრივი მოღვაწეობის თუ სხვა სახის ასპარეზობაზე გამარჯვებულთათვის.

დაფნის გვირგვინს, როგორც დიდების სიმბოლოს, დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, ამიტომ მას იმსახურებენ მხოლოდ ყველაზე ღირსეულნი, გამოჩენილნი და დიდების შარავანდედით მოსილნი. წოდება „ლაურეატი“ დასაბამს laurus-იდან იღებს, რაც დაფნის გვირგვინს ნიშნავს. გამოჩენილმა კარლ ლინეიმ მას „კეთილშობილი“ დაფნა უწოდა.

დაფნის თითქმის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, მაგრამ სამრეწველო გამოყენება მხოლოდ მის ფოთლებს აქვს, რომელიც ძველი დროიდანვე იხმარებოდა როგორც სურნელ-სანელებელი: საკონსერვო მრეწველობაში, კულინარიაში და გასტრონომიაში, რის გამოც ის ვაჭრობის ძირითადი საგანი იყო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

ფოთლის სიდიდის მიხედვით არჩევენ ვიწრო, საშუალო და ფართოფოთლიან ფორმებს. ფორმების მიხედვით ეთერზეთის შემცველობა მერყეობს 1,48 -დან 4,62 %-მდე. მიუხედავად იმისა, რომ, ფართოფოთლიანი ფორმის ბუჩქები 2-3 ჯერ მეტი რაოდენობის მასას იძლევა, ვიდრე წვრილფოთლიანები, ამ უკანასკნელის ფორმები გაცილებით მეტი ეთერზეთის შემცველობით ხასიათდებიან.

კეთილშობილი დაფნის მემკვიდრული ბუნება ისტორიულად ჩამოყალიბდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მშრალი, სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, რის გამოც მისი მორფოლოგიური და ანატომიური აგებულება სავსებით შეესატყვისება მის ჩამოყალიბებაზე მოქმედ გარემო პირობებით გამოწვეულ რეაქციას.

დაფნის ტყავისებრი ფოთლები გვალვის ამტანობის მაჩვენებელია, თუმცა მწვანე მასის მოსავალი დიდად არის დამოკიდებული მცენარის ტენით უზრუნველყოფაზე. ტენის დეფიციტის გამო, მინიმუმამდე მცირდება ახალგაზრდა გაუხევებელი ღერო-ფოთლების რაოდენობა და მკვეთრად ეცემა ნედლეულის მოსავალი.

დაფნა ქვეტყის მცენარეა, რის გამოც ის კარგად იტანს გაფანტულ სინათლეს და ნაწილობრივ დაჩრდილვას. დაფნა უკეთ იტანს ფოთოლმცვენი მფარველი მცენარეების თანაარსებობას.

დაფნას მკვეთრად გამოხატული საზამთრო შესვენების პერიოდი არა აქვს და მთელი წლის განმავლობაში, ხელსაყრელ პირობებში, აქტიურ ვეგეტაციას განაგრძობს. ის მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე იტანს -12 -130C ყინვას. ერთწლიანი ღერო- ფოთლების სუსტი დაზიანება იწყება -9 -10 გრადუსზე, ხოლო -14 -150C ყინვაზე ზიანდება ვარჯის ჩონჩხის ძირითადი ტოტები. -18 -200C ყინვაზე მცენარე მთლიანად იღუპება.

დაფნის გამრავლების წესები

დაფნა მრავლდება ვეგეტაციურად და გენერაციულად, ე. ი. თესლითაც და მცენარის ნაწილებითაც.

თესლით გამრავლების დადებითი მხარეებია: რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, შეცვლილ გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი მეტი გამძლეობა. უარყოფითი მხარეა ნარგაობის სიჭრელე და გვიანი მოსავლიანობა.

ვეგეტაციური გამრავლების დადებითი მხარეა – ერთფეროვანი ნამრავლის მიღება და მოსავლიანობაში ადრე შესვლა, უარყოფითი სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვ.

ვეგეტაციური გამრავლების სახეებია: ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა, ბუჩქის დაყოფა და მყნობა.

საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად იყენებენ დაფნის თესვას ადგილზე თესვით ან გამოყვანილი თესლნერგის გადარგვას. ამ წესით გაშენებული პლანტაციები მნიშვნელოვანი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების სიჭრელით ხასიათდება.

დაფნის სადედე და სათესლე პლანტაციების მოსაწყობად სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გამოყვანილ იქნეს ვეგეტაციურად გამრავლების გზით.

თესვა

თესლი სიმწიფეში შედის სექტემბერში და გარემო პირობების, მცენარეთა ბუნების და სხვა მიზეზით შეიძლება გაგრძელდეს დეკემბრის ბოლომდე.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე დაფნა სტრატიფიცირებული თესლით ადრე გაზაფხულზე ითესება. ტენიანი სუბტროპიკული ზონის, თბილი და რბილი ზამთრის პირობებში კი დაფნა ითესება შემოდგომაზე.

1 ჰექტარი სანერგისათვის საჭიროა 500 კგ სტანდარტული თესლი. შემოდგომით დათესილი თესლი ნიადაგში უნდა დაიფაროს 3-4 სმ სიღრმეზე, ხოლო გაზაფხულზე დათესილი – 5-6 სმ-ზე. თესლი ითესება მწკრივთა შორის 30 სმ -ზე დაცილებულ ღარში 5-6 სმ-ის დაცილებით.

დაფნის თესლი ტენით უზრუნველყოფის დროს, 8 გრადუსზე იწყებს გაღვივებას, 10-12 გრადუსზე კი- აღმოცენებას. მასიური აღმოცენება იწყება 16-18 გრადუსზე.

ახალი აღმონაცენის მგრძნობელობა მზის პირდაპირი სხივების მიმართ, არის დაფნის ბუნების ისტორიულად ქვეტყის პირობებში ჩამოყალიბების შედეგი, ამიტომ ჩვილი ნათესარების მზის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად, ნათესი კვლები უნდა დაიჩრდილოს დოლბანდით, მოთიბული ბალახით ან სხვა რამ მსგავსით.

დოლბანდის გადასაკრავად უნდა გაკეთდეს 35-40 სმ სიმაღლის ნახევრად სფერული კარკასები.

ვეგეტაციის პირველ წელს დაფნა ნელა იზრდება. ფესვის ზრდა კი უფრო გაძლიერებულია. სავეგეტაციო პერიოდში შეინიშნება ზრდის ორი ტალღა. ცენტრალური ღერო, ნორმალური კვების და მოვლის პირობებში, პირველ წელსვე იტოტება და სიმაღლით 35 სმ-ს აღწევს.

დაფნის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.ღეროს დიამეტრი ფესვის ყელთან უნდა იყოს არანაკლებ 5მმ, სიმაღლე კი-30 სმ.

დაფნის ვეგეტაციური გამრავლება

ვეგეტაციური გამრავლების ხერხებიდან შესაძლებელია დაფნის გასამრავლებლად გამოვიყენოთ: გადაწვენა, მიწის შემოყრა, ზრდადასრულებული ან ნახევრად მწვანე კალმების დაკალმება ან სხვა.

გადაწვენით გამრავლებას ძირითადად იყენებენ მეჩხერი პლანტაციების შესავსებად.

დაფნის კალმების დაფესვიანებასა და მათ შემდგომ ზრდა-განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს ზრდის სტიმულატორები. გარდა ამისა, დაფნის კალმების დაფესვიანებაზე გავლენას ახდენს: სუბსტრატი, კალმის სტადიური მდგომარეობა, ინდივიდის ბუნება, გარემოს ტემპერატურა, დარგვის წესი და სხვა.

ერთწლიანი კალმების დამზადების და დარგვის საუკეთესო დროა მარტი-აპრილი, ნახევრად გამერქნებული და მწვანე გაუმერქნებელი კალმებისათვის კი ივლისი-აგვისტო. ერთწლიანი სტანდარტული კალამი 12-15 სმ სიგრძის უნდა იყოს, ჰქონდეს ოთხი კვირტი ფოთლებით.

დასარგავად მომზადებისას ქვედა ორი ფოთოლი უნდა მოვაშოროთ და დავტოვოთ ოთხი კვირტი ნახევრად შეკვეცილი ორი ზედა ფოთლით. დამზადებული კალამი დახრილად ისე უნდა დავრგოთ, რომ ქვედა ორი კვირტი სუბსტრატში ჩაიფლოს.

კალმების დასაფესვიანებლად საუკეთესო შედეგს იძლევა წითელმიწა ქვედა უჰუმუსო ფენა, შემდეგ ხავსიანი სილა, გაცრილი კარბონატული ნიადაგი, წმინდა გარეცხილი სილა და სხვ.

დაფნის პლანტაციის გაშენება და აგროტექნიკა

დაფნა უხვ მოსავალს იძლევა ღრმა სახნავი ფენის, საკვები ელემენტებით მდიდარ, საშუალო ან მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგებზე. ის კარგად ეგუება სუსტად განვითარებულ, სხვადასხვა ხარისხით დარეცხილ ხირხატ ნიადაგებსაც.

ნაკვეთის რელიეფის მიხედვით დაფნა შეიძლება გავაშენოთ ფერდობებზე, ბორცვებზე, ხეობებში და ვაკეებზე.

ნიადაგი ძირითადად უნდა დამუშავდეს პლანტაციის გაშენებამდე, გაკულტურებულ ნაკვეთებზე 1-1,5 თვით, ხოლო ყამირზე 3-4 თვით ადრე, რაც ხელს შეუწყობს მათში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესების გაძლიერებას.

წითელმიწებსა და ეწერ ნიადაგებზე, რომელთა არის რეაქცია – PH 3,5-4,5-ს არ აღემატება, აუცილებლად საჭიროებს მოკირიანებას გაცვლითი მჟავიანობის ყოველ ერთეულზე, ერთ კვადრატულ მეტრზე 600-800 გრამის ოდენობით.

პლანტაციის გაშენება შეიძლება ორი წესით: ბუჩქურად და შპალერულად. აქედან უპირატესობა ენიჭება შპალერულს. დაფნის პლანტაციის გაშენება შეიძლება როგორც ნერგით, ასევე თესლის მუდმივ ადგილზე თესვით.

პლანტაციის ნერგით გაშენების ოპტიმალური ვადებია: 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე და 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე. შემოდგომაზე დარგული ნერგი დაზიანებულ ფესვთა ნაწილს გაზაფხულამდე აღიდგენს, ვეგეტაციის დაწყებას მომზადებული ხვდება და გაზაფხულის გვალვები ნაკლებად დააზიანებს.

ფერდობზე შპალერული წესით (0,5-1,5მ-ზე) გაშენების შემთხვევაში ჰექტარზე საჭიროა 13400 ნერგი, ხოლო ვაკეზე (0,5-1,75 მ-ზე)-11500 ცალი ნერგი.

დაფნის პლანტაცია კარგად უნდა იყოს დაცული პირუტყვისაგან, სასურველია, ღობე იყოს ცოცხალი (ტრიფოლიატა, ბროწეული).

დაფნის პლანტაციის მოჭრილი ნაწილების აღდგენის უნარი, ახალგაზრდა მცენარეთა ზრდის ტემპი და მცენარის პროდუქტიულობა, სხვა გარემო პირობებთან ერთად, დიდად არის დამოკიდებული მცენარის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფაზე.

წითელმიწებზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, ფოსფორის ნაკლებობის შესავსებლად საუკეთესო საშუალებაა ფოსფორიტის ფქვილით პლანტაციის განოყიერება ოთხ წელიწადში ერთხელ 600 კგ მოქმედ ნივთიერებაზე გაანგარიშებით.

გასხვლა-ფორმირება

ცნობილია დაფნის გასხვლა- ფორმირების 3 ხერხი: შტამბიანი, ბუჩქური და შპალერული.

დაფნის პლანტაციის ბუჩქური ან შპალერული წესით გაშენების დროს მცენარეთა გასხვლა-ფორმირება, ბუჩქის გაძლიერების მიზნით, იწყება დარგვიდან მესამე წელს.

გასხვლისას ბუჩქები ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ზე იჭრება. გადაჭრის შემდეგ წარმოიქმნება პირველი რიგის ტოტები, რითაც მკვეთრად იზრდება ფოთლის მომცემი ზედაპირი.

შპალერული წესით გაშენებულ დაფნის პლანტაციაში ნარგავები მეორედ ფესვის ყელიდან 20-25 სმ-ზე უნდა გადაიჭრას. ვარჯის ფორმირება ძირითადად მეორე გასხვლით უნდა დამთავრდეს.

შპალერულად გაშენებულ დაფნის პლანტაციებში მოსავალს იღებენ 2 წელიწადში ერთხელ. ბუჩქებზე 5-10 სმ სიმაღლის ერთწლიანი ამონაყარის ნეკი უნდა დარჩეს.

პლანტაციის ექსპლოატაცია განახლების გარეშე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსავალი არ დაიწყებს შემცირებას და შპალერი მიაღწევს 80-90 სმ სიმაღლეს.

მოსავლიანობის დაცემისას პლანტაცია ფესვის ყელიდან 20 სმ-ზე მძიმედ უნდა გაისხლას, რის შემდეგ მოსავლის ციკლი კვლავ მეორდება.

დაფნის მავნებელი დაავადებები და მათთან ბროძოლა

დაფნას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მავნებლები ჰყავს. ზოგიერთი მათგანი მონოფაგია, ზოგიც სხვა სუბტროპიკული მცენარეების საერთო მავნებელია.

პლანტაციებში და უფრო ნაკლებად სანერგეებში, დაფნას აზიანებს: ფოთოლრწყილა; რბილი, იაპონური და ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანები; ნარინჯოვანთა ყვითელი, მიხაკისფერი, იაპონური ჩხირისებრი ფარიანები; ჩაის ბუგრი; სათბურის თრიბსი და სხვა.

ბიოპრეპარატებიდან აღნიშნულ მავნებლებზე წარმატებით გამოიყენება დიპელი, ლეპიდენი, ტურინგენი, ბოვერინი და სხვა, ასევე ფარიანებისა და ცრუფარიანების წინააღმდეგ სასარგებლო მწერები (კრიპტოლემუსი, როდოლია).

დაფნას აზიანებს ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი, ფესვის სიდამპლე და სხვა დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ბორდოული სითხე, კოლოიდური გოგირდი, აგროკატენა, ფიტოკატენა და სხვა.

მოსავალი აღება

სამრეწველო მიზნით ფოთლის მოკრეფვა იწყება მეოთხე-მეხუთე წელს და სრულ მოსავლიანობას აღწევს მეშვიდე-მერვე წელს. დაფნის ბუჩქოვანი ფორმის საექსპლოატაციო პერიოდი შედარებით ნაკლებია.

პლანტაციაში მოსავლის აღებას ყოველწლიურად მცენარის 30-40 სმ სიმაღლეზე გადაჭრით აწარმოებენ, სუსტ პლანტაციაში კი 2 წელიწადში ერთხელ.

მცენარის ერთი და იმავე ადგილზე ხშირი გადაჭრა იწვევს დაკორძებას, რაც საბოლოოდ ძალზე ამცირებს მოსავლიანობას და საერთოდ მცენარეს. ამიტომ ყოველ წელს მოსავლის აღების დროს მცენარეს 5 სმ-ით უფრო მაღალ ჭრიან, სანამ მცენარე 90-100 სმ არ მიაღწევს, შემდეგ კი სასურველია, იგი გადაიჭრას ფესვის ყელიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.

მორიგეობით ე.ი. ფოთლის კრეფა წლის გამოშვებით კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად თუ ერთ წელს ფოთოლს მოვკრეფთ, მეორე წელს ბუჩქი უნდა გადაიჭრას 30-40 სმ სიმაღლეზე. ეს წესი შრომატევადია, მაგრამ ადიდებს მოსავალს და აუმჯობესებს ბუჩქის საერთო მდგომარეობას.

ფოთლის კრეფა იწყება ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ და გრძელდება გაზაფხულამდე. საქართველოში დაფნის კრეფის საუკეთესო დროა ნოემბრიდან მარტამდე.

ფოთლები უკეთ შრება აჭრილ ღეროებთან ერთად, დაკიდებულ მდგომარეობაში. გაშრობის დროს ფოთლებს პირდაპირი მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს, შრობა უკეთესია ჩრდილში ან სიბნელეში.

თუ ღერო ფოთლებს გაშრობის არათანაბარი პირობები აქვს, ყოველ 3-4 დღეში უნდა გადავაბრუნოთ. ნორმალურ პირობებში შრობა 2-3 კვირაში მთავრდება.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: ქართული დაფნა და მისი საექსპორტო პოტენციალი

თქვენი რეკლამა