ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც ღორების მოშენებას გეგმავს

13335 Views Comment Off

მსოფლიოში ღორის სულადობა 936 მლნ-ს შეადგენს და წელიწადშიიწარმოება 100 მლნ ტონამდე ხორცი, ანუ საერთოდ წარმოებული ხორცის დაახლოებით 1/3. ყველაზე მეტი რაოდენობით ღორი ჰყავთ ჩინეთში- 468 მლნ სული, ხოლო ერთ მომხმარებელზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტ ღორის ხორცს აწარმოებენ დანიაში- 330კგ.

ისტორიულად ღორის ხორცს ქართულ სამზარეულოში მოწინავე პოზიციები არ ეკავა. მიუხედავად ამისა მეღორეობის განვითარებას ჩვენში გარკვეული ყურადღება ექცეოდა.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ღორის სულადობა ყველაზე დიდი იყო 1985 წელს (1173,4 ათასი სული), ხოლო ყველაზე მეტი რაოდენობით (72 ათ. ტონა) ღორის ხორცი წარმოებულია 1989 წელს.

კახეთის, შიდა ქართლის და ზოგიერთ სხვა რაიონებში, სადაც მსხმოიარე ფოთლოვანი ტყის დიდი მასივებია, ისტორიულად განვითარებული იყო მომთაბარე მეღორეობა, გასული საუკუნის 80-ან წლებში კი ინტენსიური მიწათმოქმედების ზონებში ფუნქციონირებდა მეღორეობის მეურნეობა-კომპლექსები.

დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში ღორის სულადობა მკვეთრად შემცირდა, 1997 წლიდან კი გამოჩნდა ამ დარგის აღორძინების პირველი ნიშნები, მაგრამ გარკვეულ წლებში აღინიშნება რეგრესიც: მაგალითად, 2003 წელთან შედარებით 2007 წლისათვის საქართველოში ღორის სულადობა 374 ათასი სულით, ანუ 4,4 ჯერ შემცირდა, რაც გამოწვეული იყო აფრიკული ჭირის ანუ მონტგომერის დაავადების გავრცელებით.

საერთოდ კი ინტენსიური მეღორეობის განვითარებას ჩვენში ხელს უშლის ზოგადად მარცვლის და მათ შორის საფურაჟე მარცვლის ქრონიკული დეფიციტი.

ღორის ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები

სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან ღორი გამოირჩევა მრავალნაყოფიერებით (თითო მოგებაზე იძლევა 10-12 გოჭს), ხშირნაყოფიერებით (შეუძლია 2 წელიწადში მოგვცეს 5 თაობა) და მალმწიფადობით (ფიზიოლოგიურ სიმწიფეს აღწევს 8-10 თვის ასაკში, მაკდება და ნამატს გვაძლევს 13-14 თვის ასაკში).

ღორის კარგად ეგუება განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ და ტექნოლოგიურ პირობებს. ნეზვის მაკეობა საშუალოდ გრძელდება 114-116 დღე (3 თვე, სამი კვირა და სამი დღე). ნეზვის მერძეულობა განისაზღვრება ბუდის, ანუ მაწოვარი გოჭების საერთო ცოცხალი მასით 1 თვის ასაკში და კულტურულ ჯიშებში შეადგენს დაახლოებით 50-60 კგ-ს.

სწრაფი ზრდის წყალობით 1 სულის ცოცხალი მასა 6-7 თვის ასაკში 100- 120 კგ-ს აღწევს და, ამდენად ერთი ნეზვიდან წელიწადში შეიძლება ვაწარმოოთ 1,8-2,0 ტონა ხორცი (ცოცხალი მასით). ამასთან, 1 კგ ცოცხალი მასის ნამატზე ხარჯავენ 4-5 კგ საკვებ ერთეულს, ხოლო საკლავი გამოსავალი- 75-83%-ა.

მიუხედავად იმისა, რომ ღორს აქვს ერთკამერიანი კუჭი, ის არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი. მისი ნაწლავების სიგრძე სხეულის სიგრძეზე 15-16- ჯერ გრძელია (ძროხის ნაწლავების სიგრძე სხეულის სიგრძეზე 20-21- ჯერ მეტია).

ღორი განსაკუთრებულად მომთხოვნია საკვების ხარისხისადმი. ის ცუდად ინელებს უჯრედანით მდიდარ უხეშ საკვებს. ამასთან, მადიანად შეექცევა ადვილად მოსანელებელ წვნიან, კონცენტრირებულ და ცხოველური წარმოშობის საკვებს, თივის ფქვილს, ტყის ნაყოფს, საძოვარს, აგრეთვე სამზარეულოს და ოჯახური მეურნეობის ანარჩენებს. ამის გამო მეღორეობა ითვლება მაღალშემოსავლიან დარგად.

ღორის წარმოშობა

ღორის ყველა თანამედროვე ჯიში გამოყვანილია 6-7 ათასი წლის წინათ მოშინაურებული შედარებით პატარა ტანის აზიური და უფრო დიდტანიანი ევროპული გარეული ღორების შეჯვარებით.

მოშინაურებულ პირობებში ღორმა შეიცვალა როგორც ქცევის რეაქციები, ასევე პროდუქტიულობა. ის გახდა უფრო ადრეული, მოიმატა ნაყოფიერებამ, მან გამოიმუშავა კანქვეშა ქონის უფრო სწრაფად დაგროვების უნარი, გაუმჯობესდა საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის გემოვნებითი თვისებები.

კონსტიტუცია და ექსტერიერი

ღორებში გვხვდება ყველა ის კონსტიტუციური ტიპი, როგორიც არის სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში.

განურჩევლად პროდუქტიული მიმართულებისა, ღორისათვის სასურველია მაგარი კონსტიტუციური ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და გარემო ფაქტორების მიმართ ტოლერანტობას.

ამასთან, საქონე ტიპის ღორისათვის დამახასიათებელია ფაშარი კონსტიტუცია, საბეკონე და სახორცე ჯიშებს კი მკვრივი კონსტიტუცია მოეთხოვებათ.

განასხვავებენ ღორის ექსტერიერის რამოდენიმე ტიპს-საბეკონე, საქონე, სახორცე და უნივერსალური.

  • საბეკონე ტიპის ექსტერიერის მქონე ცხოველები ხასიათდებიან შედარებით ბრტყელი, მაგრამ მეტად გრძელი სხეულით, ღრმა გულმკერდით და მაღალი კიდურებით. ასეთი ფორმების გამო სხეულის სიგრძე 15-20 სმ-ით აღემატება გულმკერდის ირგვლივას;
  • სახორცე ტიპის ღორების ექსტერიერის თავისებურებებია: სწორი ზურგისა და წელის ხაზი, კარგად შევსებული ბარკლები, მაგარი ძვლეული, თხელი და უნაოჭო კანი. მათი სხეულის ირიბი სიგრძე ასევე მეტია გულმკერდის ირგვლივაზე, მაგრამ სხვაობა საბეკონე ღორში აღნიშნულთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებია;
  • საქონე ღორის ჯიშებს აქვთ შედარებით დაბალ კიდურებზე მდგარი მომრგვალებული, განიერი და საკმარისად გრძელი სხეული. დამახასიათებელია აგრეთვე მოკლე დრუნჩი და კისერი. ამასთან, სხეულის ირიბი სიგრძის განაზომი ნაკლებია გულმკერდის ირგვლივაზე;
  • სახორცე-საქონე, ანუ უნივერსალური ტიპის ღორების ექსტერიერს აქვს სახორცე და საბეკონე ტიპის ღორების ექსტერიერის შუალედური პარამეტრები და სხეულის ყველა ნაკვთის შესაბამისი პროპორციულობა.

ექსტერიერის შეფასება

ღორის ექსტერიერს აფასებენ 100 ბალიანი სკალით. ის ცხოველები, რომლების ექსტერიერის შეფასებით მიიღებენ 79 ბალზე ნაკლებს, სანაშენედ არ გამოიყენება.

შეფასებისას, ექსტერიერის ყოველ ნაკვთს (მაგალითად თავს, კისერს, მკერდს და ა.შ.), ადარებენ, ასე ვთქვათ, “ტიპის ეტალონს” და კონტურზე (სურ. 54) აღნიშნავენ რამდენად არის დამახასიათებელი სხეულის საერთო პროპორციულობა და აგებულების ცაკლეული ნაკვთი სასურველ ტიპთან ახლოს.

ნაკლად ითვლება: უხეში ან გადანაზებული თავი, გრძელი, ვიწრო და ბრტყელი კისერი, მაღალი ან გაყოფილი მინდაო, ვიწრო, ჩაზნექილი ან ამოზნექილი ზურგი, ნაკლებად ღრმა და ვიწრო გულმკერდი, ნაშარტი ბეჭებს უკან, მოკლე, ვიწრო და დაქანებული გავა, კიდურების იქსისებრი, ხმლისებრი, ხბოსებრი დგომა, სუსტი  ჩლიქები, ნეზვებში 12-ზე ნაკლები კრატერული კერტის არსებობა, მათი ასიმეტრიული განლაგება ან განუვითარებლობა, კერატებში- სათესლე ჯირკვლების განუვითარებლობა და სათესლე პარკის ასიმეტრიულობა.

განსხვავებულია სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ღორის ინტერიერიც.

მაგალითად, ტანხორცში კუნთოვანი ქსოვილი მეტი აქვს საბეკონე და სახორცე ჯიშებს, მაშინ როდესაც ცხიმოვანი- საქონე ჯიშებს. იმავდროულად, საბეკონე ღორში ნივთიერებათა ცვლისა და ანატომიურ-ფიზიოლოგიური მაჩვენებლები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქონეში.

ღორის მოშენება

მეღორეობის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნეზვის ინტენსიურად გამოყენება, წელიწადში მისი ორჯერ დაგოჭიანება და საშუალოდ 18-20 გოჭის გამოზრდა.

პროდუქტიულობის და აღწარმოების მაღალ მაჩვენებლებს განსაზღვრავს მემკვიდრული ფაქტორები და მოვლა-შენახვა-კვების პირობები. ღორის მოშენება ეფექტური იქნება მაშინ, როდესაც მოვლის, შენახვის და კვების პირობები უზრუნველყოფენ პროდუქტიულობის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებლებს (ცხრილი).

ცხრილი. ღორის მინიმალური (წლიური) პროდუქტიულობის მაჩვენებლები

მეღორეობა

კოლტი შედგება ძირითადი და შესამოწმებელი ნეზვებისაგან, კერატებისაგან, სარემონტო და სასუქი მოზარდისაგან, რძის ასაკის და ასხლეტილი გოჭებისაგან, აგრეთვე 5-6 თვის ასაკის სარეალიზაციო სანაშენე მოზარდისაგან.

კოლტის სტრუქტურა სხვადასხვა დანიშნულების მეურნეობაში შეიძლება განსხვავებული იყოს. სასაქონლო მეურნეობის კოლტის სტრუქტურაში, როგორც წესი, ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი, 50%-მდე, მოდის სასუქ სულადობაზე.

სანაშენე მუშაობა

სანაშენე და სასაქონლო მეურნეობებში სანაშენე მუშაობის ფორმები განსხვავებულია. სანაშენე მეურნეობებში ჰყავთ მხოლოდ ხალასჯიშიანი მაღალპროდუქტიული სულადობა, მუშაობენ ხაზების გამოყვანასა და სრულყოფაზე, ძირითადი მეთოდია ხაზებად მოშენება.

ნეზვების 25-30%- დან იღებენ საკუთარი კოლტისათვის სარემონტო მოზარდს, დანარჩენებიდან მიღებულ სულადობას კი ყიდიან სანაშენედ. წყვილთა შერჩევა ინდივიდუალურია, ხოლო ძირითადი ნეზვების სულადობის წუნდება შეადგენს 20-25%-ს.

სასაქონლო მეურნეობაში ცდილობენ კოლტის ძირითადი ბირთვი დააკომპლექტონ ერთი ჯიშის ცხოველებით, რომელთა ნაწილს იძენენ სანაშენე მეურნეობიდან, ნაწილი კი საკუთარი რეპროდუქციისაა. სადედე სულადობას ყოფენ ორ ჯგუფად, სასაქონლო და სანაშენე. ამათგან სასაქონლო ჯგუფის ნეზვებს აგრილებენ სხვა ჯიშის კერატი-მწარმოებლებით, ე.ი. მიმართავენ სამრეწველო შეჯვარებას ჰეტეროზისის ეფექტის მქონე სასუქი მოზარდის მისაღებად.

მეორეს მხრივ, სადედე სულადობის შესავსები ცხოველების მისაღებად სანაშენე ნეზვებს აწყვილებენ იმავე ჯიშის კერატ-მწარმოებლებთან.

ბოლო წლებში ჰეტეროზისის ეფექტის მქონე ნამატის მისაღებად მიმართავენ ერთი და იმავე ჯიშის, მაგრამ სპეციალურად გამოყვანილი ხაზების (ხაზთაშორის) შეჯვარებას, რასაც უწოდებენ ჰიბრიდიზაციას.

სანაშენე აღრიცხვა

სასელექციო-სანაშენე მუშაობის წარმოება ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და ჩანაწერების წარმოების გარეშე შეუძლებელია. იდენტიფიკაციის ქვეშ იგულისხმება ცხოველის დანომვრა და სახელის მიკუთვნება, აგრეთვე წარმომავლობაზე და პროდუქტიულობაზე არსებული ინფორმაციის სპეციალურ ჟურნალებში, ფორმებში და/ან ინდივიდუალურ სანაშენე ბარათებში შეტანა.

გოჭს მარცხენა ყურზე დაბადებისთანავე უკეთდება ბუდის და ბუდეში მისი რიგითი ნომერი. ბუდის ნომერი ყოველი ახალი კალენდარული წლიდან იწყება პირველი ნომრით და აღმავალი რიგით გრძელდება წლის ბოლომდე. ეს ნომერი დროებითია და მას იყენებენ გოჭის ასხლეტამდე.

საიდენტიფიკაციო ანუ საინვენტარო ნომერი გოჭს უკეთდება ასხლეტისას, მარჯვენა ყურზე. თეთრი ფერის ღორს ნომრავენ ტატუირების წესით. ფერადი ღორის დანომვრისას მიმართავენ ყურების დასერვას ღორის დასანომრად ასევე გამოიყენება მეტალის ან პოლიმერული მასალისაგან დამზადებული ბირკები.

აღრიცხვის გაადვილების მიზნით საკერატეს აკუთვნებენ კენტ, ხოლო სანეზვეს წყვილ ნომერს (ბოლო ციფრის მიხედვით).

პლასტმასის ნომრის უპირატესობა ის არის, რომ ადვილია მისი შორიდან წაკითხვა, რაც აღრიცხვისას მინიმუმამდე ამცირებს შეცდომებს. ამასთან, ეს ნომრები მზადდება სხვადასხვა ფერის და გამოიყენება შიფრის სახით, ჯგუფების გასარჩევად.

მეღორეობაში სახელის მიკუთვნების თავისებური სისტემას მიმართავენ. ყველა საკერატეს აკუთვნებენ მამის, სანეზვეს კი დედის სახელს. ამდენად, განსხვავება იქნება მხოლოდ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებში. ამასთან, დაუშვებელია ადამიანის, მდინარის, ქალაქის და სხვა კერძო სახელის ცხოველზე მიკუთვნება.

სანაშენე ჩანაწერების წარმოება და ცხოველთა პროდუქტიულობის ინდივიდუალური აღრიცხვა სავალდებულოა როგორც სანაშენე მეურნეობისათვის, ისე სასაქონლო მეურნეობების სანაშენე ბირთვის ცხოველებისათვის.

ყოველი ნიშან-თვისების მნიშვნელობა ფორმდება გარკვეული პირობების დაცვით:

  • ცოცხალი მასის და სხეულის განაზომების მაჩვენებლები შეგვაქვს მხოლოდ მთელი რიცხვებით, 1 კგ- ის და 1 სმ-ის სიზუსტით, შესაბამისად ბუდის მასა დაბადებისას, 21 დღის და 2 თვის ასაკში მთელი ციფრებით, ასევე 1 კგ-ს სიზუსტით, ხოლო გოჭის ცოცხალი მასა დაბადებისას, 21 დღის და 2 თვის ასაკში ჩაიწერება მეათედი სიზუსტით;
  • დაუშვებელია გადასწორებული ან წაშლილი ჩანაწერის არსებობა. უნებლიე შეცდომის გასასწორებლად მცდარ ჩანაწერს გადაუსვამენ ერთ ხაზს, ხოლო იმავე გრაფაში ჩაწერენ სწორ მონაცემს.

სანაშენე აღრიცხვისათვის მონაცემებს იღებენ ზოოტექნიკური ჩანაწერებიდან, რისთვისაც არსებობს სხვადასხვა ჟურნალები და ფორმები: სანაშენე კერატის პირადი ბარათი, სანაშენე ნეზვის პირადი ბარათი, კერატის პროდუქტიულობის აღრიცხვის ბარათი, ნეზვის დაგრილებისა და ხელოვნური განაყოფიერების აღრიცხვის ჟურნალი, სარემონტო მოზარდის გამოზრდის ჟურნალი, სანაშენე კერატისა და ნეზვის ექსტერიერის შეფასების რეგისტრაციის ჟურნალი, მაწოვარი ნეზვის სადოლფარო ბარათი, ბონიტირების უწყისი და სხვ.

სანაშენე მოზარდის გადარჩევა

ღორთან სანაშენე მუშაობისას ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის, რომ კოლტის შესავსებად გადაარჩევენ მხოლოდ იმ მოზარდს, რომლის მშობლები შეფასებულია საკონტროლო სუქების მეთოდით.

ასეთი მშობლებიდან მიღებულ და კარგად განვითარებულ ინდივიდებს აყენებენ საკონტროლო გამოზრდაზე, ხოლო მათგან მიღებულ გოჭებს საკონტროლო სუქებაზე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ღორის ადრემწიფადობის დასამეურნეო თვალსაზრისით სხვა სასარგებლო ნიშან-თვისებების გაუმჯობესებას.

სანაშენე სანეზვეს გადაარჩევენ 2 თვის ასაკში. მათი რაოდენობა 4- ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე გამოსაწუნებელი ნეზვების რაოდენობა, ვინაიდან: 1. გამოზრდის პროცესში სანეზვვების ნაწილი იძულებით გამოსაწუნებელი ხდება, ხოლო ნაწილი არ მაკდება და 2. დაგოჭიანების შემდეგ შესამოწმებელი ნეზვების თითქმის ნახევარი გამოსაწუნებელი ხდება დაბალნაყოფიერების და ცუდი დედობრივი ინსტინქტის გამო.

სანაშენედ არ ტოვებენ იმ სანეზვეს, რომელსაც აქვს კრატერული კერტი.

ამ მანკის შემჩნევა საკმაოდ ადვილია-კერტის ბოლო ჩაღრმავებულია და მასში ჭუჭყი გროვდება, რაც დათვალიერებისას შავი წერტილივით მოსჩანს. ასეთი ძუძუდან რძე არ გამოიყოფა.

საკერატეს გადარჩევისას სხვა მაჩვენებლებთან ერთად ყურადღებას აქცევენ სათესლე ჯირკვლებს, რომლებიც კარგად განვითარებულნი, ერთი ზომის, მკვრივი აგებულების და ოდნავ დაშვებული უნდა იყოს.

მანკად ითვლება კრიპტორხიზმი, ანუ შემთხვევა, როდესაც ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი მუცლის სიღრმეშია და გარედან არ ჩანს.

როგორც საკერატეს ასევე სანეზვეს კანი ჯიშისათვის ტიპიური ფერის უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია მისი დანაოჭება. ორივე სქესის სანაშენე მოზარდს კუდი მაღლა აწეული და გადაგრეხილი უნდა ჰქონდეს.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB