ღორის ფერმისპირა, საზაფხულო ბანაკებში შენახვა

ღორი, გოჭი, ფერმა

ფერმისპირა საზაფხულო ბანაკებში ღორის შენახვას ხელს უწყობს საქართველოს უმეტესი რაიონების გაზაფხულ-ზაფხულის კლიმატური პირობები.

ბანაკის მოწყობა და მთელი სულადობის იქ გადაყვანა გვაძლევს ძირითადი სადგომების დასუფთავების, დეზინფექციის და მიმდინარე რემონტის ჩატარების საშუალებას.

ბანაკად ღორის გაყვანას ვეტერინარული თვალსაზრისითაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ზამთრის სადგომები მთლიანად თავისუფლდება მავნე მიკროორგანიზმებისაგან და მღრღნელების უმეტესი ნაწილისაგან.

პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ ვეტერინალური და ტექნოლოგიური „შესვენების“ გარეშე, ერთი და იგივე სადგომის გამოყენებისას, მატულობს პათოგენური მიკროფლორის კონცენტრაცია, რაც ზრდის დაავადებების საშიშროებას.

ბანაკი უმჯობესია მოვაწყოთ ძირითად სადგომთან ახლოს, რათა გამოვიყენოთ ფერმის წყალგაყვანილობა, საკვები საამქრო, ნაკელსაცავი და სხვა ნაგებობები.

ის შენდება მშრალ, შედარებით შემაღლებულ და შეძლებისდაგვარად ქარისაგან დაცულ ადგილზე. შერჩეულ ტერიტორიას შემოღობავებენ და ყოფენ ბაკებად.

ცხოველების წვიმის და ქარის, აგრეთვე პაპანაქება სიცხისას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დასაცავად ყველა ბაკს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ტიპის ფარდული, რომლის ქვეშ იდგმება საკვებურები და საწყურვებლები.

მაწოვარი ნეზვისა და გოჭების შესანახ ბაკში იატაკი მაგარსაფარიანი უნდა იყოს, რომელზეც აგებენ ხის მასალისაგან დამზადებულ ფარს.

საზაფხულო ბანაკებში სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაკის ზომებზე, ჯგუფებში დასაშვებ სულადობასა და 1 სულზე საჭირო ფართობზე პარამეტრები მოცემულია ცხრილ 18-ში.

ღორი, გოჭი, ფერმა

ბანაკის ასაშენებლად გამოიყენება ადგილობრივი არასტანდარტული და იაფი მასალა, ხის ნაგვერდული, გამოუყენებელი ბეტონის სინკარი, ნაშალი აგური, ბლოკი და სხვ. სახურავად ყველაზე იაფია ისლი.

ბანაკად ყოფნისას ღორის კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საძოვარს.

სუფთა ჰაერზე ყოფნა და მზის სხივები განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მაკე ნეზვებზე-მათგან მიიღება ჯანმრთელი და განვითარებული გოჭი, იშვიათია გართულებული მშობიარობა, მცირდება ბერწიანობა და მაღლდება დაავადებებისადმი რეზისტენტობა.

დილით ღორი საძოვარზე უნდა გავუშვათ საკვების მიცემამდე. ნაკვები ღორი ცუდად ძოვს და მალევე ცდილობს ბანაკში დაბრუნებას. მაღალმოსავლიან ნათეს საძოვარზე ყოველდღიურად ღორს აძოვებენ 1,5-2 საათი, ბუნებრივზე კი- 3-3,5 საათი.

მოსავლიანობის შენარჩუნების, საძოვრის ეფექტურად გამოყენების და პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის მიზნით მიმართავენ ნაკვეთმორიგეობით ძოვებას.

ამისათვის მთელ ფართობს ყოფენ რამოდენიმე ნაკვეთად, იმ ვარაუდით, რომ თითოეულ ნაკვეთზე კოლტს საკვები ეყოს 4-5 დღე მაინც. შემდეგ ცხოველები გადაყავთ მეორეზე ნაკვეთზე, შემდეგ მესამეზე და ა.შ., ისე, რომ სასურველია კოლტი პირველ ნაკვეთს დაუბრუნდეს 1-1,5 თვის შემდეგ.

საჭირო ფართობის გაანგარიშებისას გამოდიან შემდეგი პარამეტრებიდან: 1 სული ძირითადი ნეზვისათვის დღეში საჭიროა 10 მ2, ხოლო ასხლეტილი მოზარდისათვის 2 მ2– მდე საძოვარი.

ავტორი: გიული გოგოლი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

იხილეთ აგრეთვე: ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

თქვენი რეკლამა