საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

სექტემბრის დასასრული და ოქტომბრის დასაწყისი ზუსტად ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ სერიოზული მზადება ფუტკრის გამოსაზამთრებლად.

ფუტკარი ბუნების ფენომენია და სოფლის მეურნეობის მრავალ დარგთა შორის მეფუტკრეობა ძალზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი მიმართულებაა.

მსოფლიოში აღიარებული ქართული ფუტკარი ქვეყნის სიმდიდრე და ერის სიამაყეა. წლის სხვადასხვა დროს, ფუტკარს სხვადასხვა სახის სამუშაოები ესაჭიროება, მაგრამ ზამთრის პერიოდი მისთვის ურთულესია და საგანგებოდ უნდა მოვამზადოთ ამ ბარიერის გადასალახად.

სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ ზრუნვა ფუტკრის გამოსაზამთრებლად. ფუტკრის თითოეული ოჯახი გვიჩვენებს მეფუტკრის მიერ წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ხარისხს. თუ დარღვეულია ფუტკრის ნორმალური დაზამთრებისთვის საჭირო პირობები, ადრე გაზაფხულზე ადგილი აქვს ნაკლოვანებათა გამოვლინებას. ჩვენი მოწოდებაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა გამოცდილება, დრო არ დავზოგოთ და არ გადავდოთ საქმე.

ყველა გამოცდილმა მეფუტკრემ იცის, თუმცა, განსაკუთრებით შევახსენებ დამწყებ მეფუტკრეებს, რომ ზამთარი ყველაზე რთული დროა ფუტკრის ცხოვრებაში. ამ დროს სკაში წყდება აქტიური ცხოველქმედება; ფუტკარი გუნდად იკვრება, საკვების მინიმალური ხარჯვით ინარჩუნებს არსებობისთვის საჭირო ტემპერატურას და ტენიანობას.

განსაკუთრებით ესაჭიროება სიმშვიდე. ფუტკარზე დამღუპველად მოქმედებს, როცა ნესტი ედება სკის კედლებს, ფიჭას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თაფლს გააჩნია ჰაერიდან ნესტის შთანთქმის უნარი. სინოტივის დროს თაფლი თხელდება, ჭეო მჟავდება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრე ადგილის არჩევას.

საფუტკრისთვის გათვალისწინებული ადგილი არ უნდა იყოს ჭაობიანი და დაცული უნდა იყოს ხშირი, ცივი ქარისგან, არ უნდა ფარავდეს შენობა-ნაგებობების ჩრდილი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იყოს ბუნებრივი სინათლითა და სითბოთი შეუზღუდავი.

მიუღებელია დიდი ტბების, მდინარეების და წყალსაცავების პირას, ავტომაგისტრალებთან, რკინიგზასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან, პირუტყვის ფერმებთან, საკონდიტრო წარმოების ქარხნებთან ახლოს საფუტკრის მოწყობა.

კარგი საკვები ბაზა საფუტკრესთან ახლოს – ეს ხომ საუკეთესო პირობაა ფუტკრის ოჯახების მაღალპროდუქტიულობისა და განვითარებისთვის.

საკმაოდ ხშირად, მოზამთრე ფუტკარს დიდ ზარალს აყენებენ თაგვები. ისინი სკაში იკეთებენ ბუდეს, ღრღნიან ფიჭას და მერე ჭამენ, როგორც ამ ფიჭას, ისე ფუტკარს. მართალია, ფუტკარს თაგვის სუნი და ხმაური საშინლად აღიზიანებს, მაგრამ სიცივეში არ ჰყოფნის ძალა წინააღმდეგობის გასაწევად და აღელვების ნიადაგზე ფუტკარი იკვებება ზომაზე მეტი თაფლით.

ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის გადავსებას. სიცივის გამო ვერ ითავისუფლებს კუჭს, ემართება ფაღარათი, ნოზემატოზი და სხვადასხვა გართულებები. ცხადია, ასეთი ოჯახები ვერ გამოიზამთრებს. ამისთვის არსებობს საფრენის სპეციალური საკეტი, რომ ფუტკრის გარდა სკაში ვერ შევიდეს მავნებლები.

სკა რომ საიმედოდ იყოს შეკრული, ამაზე მეფუტკრემ დროულად უნდა იზრუნოს. არსებობს მცდარი შეხედულება ზოგი მეფუტკრისა, თითქოს, თუ სკა დამზადებულია 4-5 სმ სისქის მასალისგან, სითბოს უფრო დაიჭერს. გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს პირიქით ხდება _ სკაში გროვდება დიდი რაოდენობით ნესტი და როგორც ზემოთ ვთქვით, საზიანოა ფუტკრისთვის.

ფუტკრის ოჯახების სამკურნალო და პროფილაქტიკური მკურნალობას ვიწყებთ თაფლის გამოწურვისთანავე, ძირითადად, შუა ივლისიდან. ვარვატოზის წინააღმდეგ მკურნალობა უნდა ჩატარდეს არსებული თანამედროვე პრეპარატებითა და თანდართული ინსტრუქციის მიხედვით.

თუ საფუტკრე წინა წლებში ფუტკრის ბარტყის სიდამპლეზე არაკეთილსაიმედოდ და გამაღიზიანებლად ითვლებოდა, საკვების მარაგის შევსების დროს, მომზადებულ სქელ შაქრის სიროფთან ერთად, პროფილაქტიკის მიზნით უნდა მიეცეს ანტიბიოტიკები თითო ცალი ან მორიგეობით – ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, ნოლსულფაზოლნატრი და არსებობს კიდევ სხვა ახალი პრეპარატები. (ანტიბიოტიკების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით მარტო უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდებული).

საკონტროლოდ ვსინჯავთ (ახალი პრეპარატები მაქვს მხედველობაში) ერთეულ, შედარებით, სუსტ ოჯახებზე. თუ კი სასურველი შედეგი მივიღეთ, შემდეგ ვიყენებთ კომპლექსურად, მთელ საფუტკრეში.

საშემოდგომო დათვალიერების დროს აუცილებელია, დავადგინოთ ოჯახების ზამთრის მარაგის რაოდენობა და ხარისხი, დედის არსებობა და მისი ხარისხი.

სუსტი და უდედო ოჯახები შევაერთოთ და დაზიანებული ფიჭები ამოვაცალოთ, ჩავუდგათ ტიხარი, საკვები მარაგი თუ არასაიმედოა და ეჭვი ეპარება მეფუტკრეს დიდი რაოდენობით სუროს ან მანანის თაფლის არსებობაზე, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ზაფხულის ხარისხიანი სამარაგო თაფლიანი ჩარჩოებით ან უნდა შეავსოს ხელოვნური საკვებით, შაქრის სიროფით.

კვება უნდა მოხდეს ფრთხილად, საღამოს, რათა არ მოხდეს თავდასხმა (ქურდობა). ნორმალურად გამოზამთრებული ფუტკრის ოჯახები გაზაფხულზე სწრაფად ვითარდებიან და უკეთ ითვისებენ საგაზაფხულო ღალას, რაც შემდგომში მაღალპროდუქტიულობის საწინდარია.

ჯანვერდ ცეცხლაძე, გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე
წყარო: gurianews.com

იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის მომზადება დასაზამთრებლად

თქვენი რეკლამა