საქართველოში ფუტკრის ეკოპროდუქტების წარმოების პერსპექტივები

მეფუტკრეობა, ეკოპროდუქტები

უკანასკნელი წლების სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებენ პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე, რაც გამოწვეულია იმ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით, რომელშიც თანამედროვე ადამიანს უხდება არსებობა.

ცნობილია, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროს სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგენს, რომლის უვნებლობა ხშირ შემთხვევაში დიდ ეჭვებს ბადებს.

სადღეისოდ კარდინალურად დგას საკითხი საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირობებში წარმოების აუცილებლობაზე. აღნიშნულის მისაღწევად საჭირო გახდა ბიომეურნეობების შექმნა. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ფუტკარი, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქციას ადამიანი იყენებს როგორც საკვები, ასევე სამკურნალო, კოსმეტიკური და სამრეწველო დანიშნულებით.

ბიოსაფუტკრეების მოსაწყობად აუცილებელია მსოფლიოში აღიარებული წესების დაცვა, კერძოდ: საფუტკრისათვის სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა, სკების ბუნებრივი მასალისგან დამზადება, ნატურალური ცვილის ფიჭების გამოყენება, ძლიერი ფუტკრის ოჯახების ყოლა, ფუტკრის დაავადებების თავიდან ასაცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფუტკრის ცხოველმყოფელობაზე, მისი ოჯახების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები ძირითადად 4 ჯგუფად იყოფა.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება გარემოს ტექნოგენური დამაბინძურებლები _საწარმოების გამონაფრქვევები, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებით საშიშ მძიმე ლითონებს: კადმიუმს, ვერცხლისწყალს, ტყვიას, თუთიას, ტოქსიკურ ნივთიერებებს, რადიონუკლიდებს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ფიჭის შეფერილობა თაფლში მძიმე ლითონების კონცენტრაციის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია. რაც უფრო მუქია ფიჭა, მით მეტია მასში აღნიშნული ლითონები. ასეთი ფიჭები დაუყოვნებლივ განახლებას საჭიროებენ.

თაფლში რადიონუკლიდების შემცველობა ფიჭებში მათი კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ აუცილებელია საფუტკრეების მოწყობისას გათვალისწინებული იქნეს გარემოს რადიონუკლიდებით დაბინძურება.

მეორე ჯგუფში შედის პესტიციდები ანუ ენტომოფილური მცენარეების ქიმიური დამაბინძურებლები. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების თაფლპროდუქტებში მოხვედრა მცენარეთა დაცვის სამსახურის და მეფუტკრეთა შეუთანწყობელი მუშაობის შედეგს წარმოადგენს.

მესამე ჯგუფში გაერთიანებულია ფუტკრის ოჯახზე მოქმედი სხვადასხვა სამკურნალო-ქიმიური საშუალებები, რომლებსაც უშუალოდ სკებში იყენებენ და რომლებიც ჯერ კიდევ ფუტკრის მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ითვლება.

მეოთხე ჯგუფს ქმნის გენმოდიფიცირებული ინტროდუცირებული მცენარეები, რომელთა ყვავილის მტვრის მოქმედება ფუტკრის ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზე არასრულადაა შესწავლილი.

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ფუტკრის საერთო რაოდენობის კლება.

ცნობილი ავსტრალიელი ენტომოლოგი ჰ. ეროლი, ამ პროცესს შემდეგნაირად ხსნის: საარსებო გარემოში მავნე აირებისა და მიკროორგანიზმების მატებამ გამოიწვია ყვავილის ნექტარში არსებული შაქრის დაბინძურება, რომელიც ფუტკრის ორგანიზმში გარდაიქმნება ალკოჰოლის შხამიან წვეთად. ასეთი ნექტრით გაბრუებულ ფუტკრებს მცველები სკაში არ უშვებენ, ამიტომ მათ ღამისთევა უწევთ სკის გარეთ მინდორში, თუმცა მათი სიკვდილის მიზეზი სიცივე ან ფიზიკური ზემოქმედება კი არა, არამედ ნაწლავებში დაგროვილი გადაუმუშავებელი საკვებია.

ბიოსაფუტკრე უნდა განთავსდეს დაბინძურების ადგილიდან 3კმ მანძილზე, ნექტრისა და ყვავილის მტვრის შესაბამის წყაროსთან _ ტყეების ან იმ კულტურების მახლობლად, სადაც ქიმიურ საშუალებებს პრაქტიკულად არ იყენებენ, რომ არ მოხდეს მეფუტკრეობის პროდუქტების დაბინძურება ან ფუტკრის ოჯახების დაავადება. საფუტკრიდან იგივე მანძილზე შეიძლება მოეწყოს მსგავსი ტიპის სხვა მეურნეობა. საუკეთესო შემთხვევაში ბიოსაფუტკრის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს ველური, ბუნებრივ გარემო.

დასაშვებია ისეთი კონვერსიული მეურნეობის არსებობა, რომელიც დაბინძურების დაბალი რისკით ხასიათდება. აღნიშნულ რადიუსში იკრძალება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიების არსებობა, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს დაბინძურების კერებს და შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებებს, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და სხვ.

სამწუხაროდ, როგორც წესი, პრაქტიკოსი-მეფუტკრეები ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ხშირ შემთხვევაში საფუტკრეებს დასახლებულ პუნქტებში, სამრეწველო საწარმოებისა და საავტომობილო გზებთან ახლოს აწყობენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის პროდუქტების ეკოლოგიურ პარამეტრებზე.

ბიოსაფუტკრეში ფუტკრის პროდუქტების აღების დროს დაუშვებელია: ფუტკრების განადგურება ფიჭებში, თაფლის გამოწურვა ბარტყის შემცველი ფიჭიდან, ფუტკრის დასაფრთხობად ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენება. პროდუქტების მიღება უნდა ხდებოდეს დაბალ ტემპერატურაზე.

საქართველოს ზოგიერთი რეგიონის, განსაკუთრებით ქართული ფუტკრის (AApis mellifera caucasica-Georgia), პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური, აფხაზური) გავრცელების ტრადიციულ არეალში, ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე, დიდი ძალისხმევის გარეშე, მოეწყოს ბიოსაფუტკრეები, სადაც შესაძლებელი იქნება ეკოპროდუქტების წარმოება.

ამას ხელს უწყობს ის, რომ დასახლებული პუნქტებიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მაღალ მთაში არ გვხვდება ტექნოგენური დამაბინძურებლები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული მცენარეები. ერთადერთი რასაც ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს, ესაა ფუტკრის დაავადებების გაჩენის შემთხვევაში, მათი ბიოპრეპარატებით მკურნალობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ადგილები ბევრგან გვხვდება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ სამეგრელოს რეგიონი, სადაც ძირითადად გავრეცელებულია ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა ტიპის კვლევებმა გვიჩვენა, რომ სამეგრელოში მრავლადაა ბუნებრივად იზოლირებული ადგილები, სადაც დიდი წარმატებითაა შესაძლებელი ბიოსაფუტკრეების შექმნა. ასეთია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში: მდინარე ხობისწყლის ხეობაში _ ლუგელას, შელეთის, ლეუკუნეს და მისი მიმდებარე უბნები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: სქურის და მაგანას ხეობები.

აღნიშნული გეოლანდშაფტების ეკოლოგიური მდგომარეობა საიმედოა. თუმცა ვთვლით, რომ სასურველია სათანადო სამსახურების მიერ ჩატარდეს დამატებითი კვლევები ამ ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით.

ეს ადგილები ნორმით დაშვებულზე ბევრად მეტ მანძილზეა დაშორებული საცხოვრებელი ადგილებიდან და მდიდარია ისეთი თაფლოვანი მცენარეებით, როგორიცაა: წაბლი, ცაცხვი, აკაცია, ბზა, მაყვალი, ჟოლო, მინდვრის თაფლოვნები და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეფუტკრეების მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში აქ, შესაძლებელია საუკეთესო ბიომეურნეობების ჩამოყალიბება და ადგილწარმოშობის მიხედვით გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქციის წარმოება.

იგივე შიძლება ითქვას ქართლური და გურული პოპულაციების ტრადიციული გავრცელების არეალებზე, რომლებიც მოიცავენ შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს ბარისახოს, შუაფხოს, ჩარგალს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებს, ასევე საყურადღებოა საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ფუტკრის ოჯახი იძლევა საშუალოდ 18-25 კგ თაფლს, ცვილს 4-5 აშენებული ფიჭის ფარგლებში, 15-20 კგ ყვავილის მტვერს, 80-100 გ დინდგელს, 2გ შხამს, 250-300გ რძეს, მაშინ საშუალო სიდიდის ბიოსაფუტკრის მოწყობის შემთხვევაში, ეკოლოგიურად სუფთა თაფლპროდუქტების წარმოება შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეფუტკრის შემოსავალი ბიოსაფუტკრეში წარმოებული პროდუქციიდან გაცილებით გადააჭარბებს რიგითი საფუტკრიდან მიღებულს. ამდენად მეფუტკრის მოტივაცია აწარმოოს ეკოპროდუქტები, გაიზრდება.

დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთიანეთში შეიძლება წარმატებით განხორციელდეს ბიოსაფუტკრეების დანერგვა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლპროდუქტების წარმოება, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ თაფლსა და ფუტკრის სხვა პროდუქტებს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

მ. ფეიქრიშვილი, მ. ბარვენაშვილი, ა.კორძახია, ბ. დავითაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. /საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია/.

თქვენი რეკლამა