სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში

სანაშენე, საქმიანობა, მეფუტკრეობაში

სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში ეკონომიკურად ყველაზე უფრო ეფექტური და მცირედანახარჯიანი გზაა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების გაზრდისა.

ისეთი მარტივი მეთოდიც კი, როგორიც არის საფუტკრეში ფუტკრის ოჯახების მასობრივი გადარჩევა, ერთ-ორ წელიწადში იძლევა პროდუქციის 20-40%-იან მატებას.

ყველა ფუტკრის ოჯახი რომ ერთნაირად პროდუქტიული არ არის, ამას ერთი საუკუნის წინაც კარგად ხედავდა ცნობილი ქართველი მეფუტკრე აპოლონ წულაძე, რომლის წიგნიდან ერთ ციტატას მოვიყვან: „გეჯებში, როფებში, ბუკებსა და სხვაგვარ უჩარჩო სკებში ფუტკრის შეძენის დროს, სასურველია შემძენმა, ყურადღება მიაქციოს ფიჭის ნაშენობას; ასეთ სკებში ნაშენობა სამგვარია და თითოეულ მათგანს ხალხი თავისებურ სახელს ეძახის.

ხალხის რწმენით ნაშენს თავისებურებას აძლევენ ოჯახის ფუტკრები. ამიტომ ამბობენ: ამა თუ იმ ოჯახის ფუტკრები მეკვერეა, ესა და ეს _ მეშოლტეა (კახეთში მეშოთე) და ესა და ეს ქილიფთარიაო.

მეკვერე ფუტკარი, ხალხის რწმენით მეთაფლეა, ნაყარს ნაკლებად უშვებს და ფუტკარიც შედარებით თვინიერი, მშვიდია. სკებში ფიჭების განლაგება, ნაშენობა გარდიგარდმო არის ჩაწყობილი კვერებივით.

მეშოლტე, ანუ მეშოთე ფიჭების განლაგება სიგრძეზე არის შოლტივით ან შოთივით გარაზმული; ასეთი ოჯახი საშუალოდ ითვლება, თაფლსაც იძლევა და ნაყარსაც.

ქილიფთარი. ქილიფთარის ნაშენობა არეულდარეულია; ზოგი ფიჭა კვერივითაა, ზოგი შოლტივით. ქილიფთარი მეთაფლე არაა, სამაგიეროდ ადრეულ და კარგ ნაყარს იძლევა“.

უჩარჩო სკაში ჩასახლებული ფუტკრის მიერ აშენებული ფიჭების კუთხის სიდიდე დედამიწის მაგნიტურ ძალწირებთან, გარკვეულ ცნობას იძლევა ოჯახის ნაყარობისკენ მიდრეკილებაზე (რ. შოვენი, 1954); ასევე შეიძლება ოჯახების თაფლპროდუქტიულობის დადგენა (რ. შოვენი, 1949). უფრო პროდუქტიულები ის ოჯახები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მეტი ცილების შემცველი ფეხგუნდები მოჰქონდათ. ყოველივე ზემონათქვამი გვიდასტურებს, რომ ერთსა და იმავე საფუტკრეში მყოფი ფუტკრის ოჯახები ერთნაირი არ არის თავისი ხასიათით და პროდუქტიულობით.

ყველა მეფუტკრე ვალდებულია, კარგად დააკვირდეს საფუტკრეში მყოფ ფუტკრის ოჯახებს და მხოლოდ დადებითი ნიშან-თვისების მქონე ოჯახებიდან გაამრავლოს. მოკლედ ჩამოვთვალოთ მეფუტკრისათვის საინტერესო ნიშან-თვისებები: თვინიერება, დედა ფუტკრის საშუალო დღეღამური კვერცმდებლობა, ბარტყის კარგი აღზრდის უნარი, ახალ დაბადებული ფუტკრის წონა, ხორთუმის და ფრთების სიგრძე, ზამთარგამძლეობა, ოჯახის საერთო სიძლიერე, ნაყარობისკენ მიდრეკილება, დაავადების მიმართ გამძლეობა, ადგილობრივი ღალის გამოყენების უნარი, თაფლპროდუქტიულობა, ყვავილის მტვრის შეგროვების უნარი, დედა ფუტკრის აღსაზრდელი რძის პროდუქტიულობა, დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხების საშუალო წონა და ა.შ

ცხადია, ყველა მეფუტკრეს ვერ დაავალებ კვერცხის წონისა და მუშა ფუტკრის ფრთის სიგრძის განსაზღვრას, მაგრამ თვინიერების, მაღალი კვერცხმდებლობის, თაფლპროდუქტიულობის განსაზღვრა ყველას შეუძლია. ამიტომ საფუტკრეში ყოველთვის უნდა შევარჩიოთ დადებითი ნიშან-თვისებების მატარებელი ფუტკრის ოჯახები და მხოლოდ მათგან ჩამოვაყალიბოთ ახალი განაყოფები.

მოვიყვან მიზანმიმართული სელექციის ორ მაგალითს: ფინეთში იტალიური ფუტკრის apis mellifera ligustica-ს შერჩევით (სელექციით) მიაღწიეს იმას, რომ ეს სამხრეთული ჯიში 6- თვიან ზამთარს უძლებს; ასევე ჰონკონგსა და იაპონიაში დედა ფუტკრის რძის პროდუცირებაზე სელექციით მიაღწიეს დედა ფუტკრის რძის გამოსავლიანობის ზრდას 2-3 გრ-იდან 20-30 გრამამდე. ჩვენთან თაფლპროდუქტიულობაზე სელექციით შესაძლებელია საერთო მაჩვენებლის 20-40%-ით გაზრდა, რაც, დამეთანხმებით, მცირე მატერიალური და შრომითი დანახარჯებით ხდება.

მეორე გზა საფუტკრეში ფუტკრის ხარისხის შეცვლისა არის ახალი დედა ფუტკრების შეძენა გამოცდილ მეფუტკრეებთან, და ამ დედებით სუსტ ოჯახებში დედა ფუტკრის შეცვლა. შესაძლებელია, ახლად შეძენილი განაყოფიერებული დედა ფუტკრები ახალი ოჯახების შესაქმნელადაც ვიხმაროთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასეთი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ საფუტკრის ნაწილში, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ერთმანეთს შევადაროთ ადგილობრივი საფუტკრის კარგი ოჯახები და შეძენილი დედა ფუტკრის მიერ შექმნილი ოჯახები.

ცხადია, ასეთი შედარება მხოლოდ შემდეგ წელს არის შესაძლებელი, ამასთან ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შესადარებელ ოჯახებს ერთნაირი საწყისი პირობები ჰქონდეთ. როდესაც დავრწმუნდებით რომელიმე ხაზის უპირატესობაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ხაზის რეკორდული ოჯახებიდან ავიღოთ სანაშენე მასალა ახალი დედა ფუტკრების გამოსაყვანად.

ელკანას კონსულტანტი მეფუტკრეობის დარგში – ვატო ღოღობერიძე

თქვენი რეკლამა