ქართული ფუტკარი — ბიომრავალფეროვნების საუკეთესო ნიმუში

2022 Views Comment Off

უკანასკნელ წლებში დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის მუდმივი ზრდა და მასთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების შემცირების საშიშროება მსოფლიო მეცნიერების ერთ-ერთ თავსატეხად იქცა.

გლობალური დათბობის საფრთხე მუდმივ პრობლემას უქმნის გარკვეულ ეკოსისტემებს. განსაკუთრებით კი იმათ, რომლებიც ბუნებრივი გავრცელების საზღვარზე არიან.

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 35 ,,ცხელ წერტილს“ (Hot spots). კავკასია, სწორედ ერთი ამათგანია. გარდა ამისა, იგი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გამოყოფილ 200 გლობალურ ეკორეგიონს შორის.

საქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი მდიდარია ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით. აქ გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

ქვეყანაში, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართული ფუტკარი (Apis mellifera caucasica-Georgia), რომელიც კავკასიის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბებული რუხი ფუტკრის ჯგუფში შედის.

რუხი შეფერილობის, თვინიერი, სუსტი და საშუალო ღალის კარგად ამთვისებელი, ნაყრობისადმი ნაკლებად მიდრეკილი, სამუშაო დღის მაქსიმალურად გამოყენების უნარის მქონე ქართული ფუტკარი ჯიშის შიგნით მოიცავს მრავალ პოპულაციას, რომელთაც როგორც მსგავსი, ისე განსხვავებული თვისებები ახასიათებთ.

ნათელია, რომ ამ განსხვავებათა მიზეზები გამოწვეულია იმ გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგად, რომელშიც მათ ასწლეულების მანძილზე მოუხდათ არსებობა.

გასული საუკუნის ქართველ მეცნიერთა მონაცემებით, რომლებიც ქართული ფუტკრის პოპულაციების შესწავლით იყვნენ დაკავებული დადგენილია, ქართული ფუტკრის შემდეგი პოპულაციები: მეგრული, აფხაზური, გურული, ქართლური, იმერულ-რაჭული, ზემო სვანური და კახური.

აღნიშნული პოპულაციებიდან ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლების კომპლექსით ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ოთხი.

მეგრული პოპულაცია

მეგრული პოპულაცია — მისი გავრცელების ტრადიციული არეალია სამეგრელო, ჩხორიწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები სადაც გაბატონებულია ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა.

მცენარეებიდან გავრცელებულია ბზა, ცაცხვი და წაბლის კორომები, მდინარე ხობისწყლის ზემო წელში ფართოდ არის წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა, დამახასიათებელია ენდემური მცენარეების ფართო გავრცელება.

მეგრული პოპულაცია გამორჩეულია არამარტო ქართული ფუტკრის სხვა პოპულაციებს შორის, არამედ მსოფლიოში გავრცელებული ფუტკრის სხვა ჯიშებისგან თავისი ძირითადი ექსტერიერული მაჩვენებლით-ხორთუმის სიგრძით (7,1-7,2მმ).

გურული პოპულაცია

გურული პოპულაციის გავრცელების ტრადიციული არეალია გურია, ჩოხატაურის რაიონი (სოფელი ზემო სურები), სადაც კლიმატი სუბტროპიკულია. მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული.

მთის კალთებზე ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელი, მუხა, წაბლი, სოჭი, ჭადარი, რცხილა, თხმელა. ასევე გვხვდება: შქერი, წყავი, ბზა, მოცვი, თხილი, წიფელი. 1500- 1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები.

ტყის სარტყლის ზემოთ მდელოები და ბუჩქნარებია. გურული პოპულაცია თავისი მორფოლოგიური და ბიოლოგიურ სამეურნეო მაჩვენებლებით ძალიან ჰგავს მეგრულ პოპულაციას.

აფხაზური პოპულაცია

აფხაზური პოპულაციის გავრცელების არეალია აფხაზეთი, გუდაუთის რაიონი. ჰავა ზღვის ნოტიო, სუბტროპიკულია. მრავალფეროვანია აფხაზეთის მცენარეული სამყარო, რომელიც ითვლის 2000-მდე სახეობას, აქედან 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს.

აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური მცენარეა. გვხვდება ფიჭვი, სოჭი, ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზადა სხვ.

აღნიშნული პოპულაცია ხასიათდება დედა ფუტკრის მაღალი კვერცხმდებლობით და შედარებით უკეთესი ზამთარგამძლეობის უნარით.

ქართლური პოპულაცია

ქართლური პოპულაციის გავრცელების ტრადიციული არეალია დუშეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩამოყალიბებულია ძირითადად 3 ტიპის ჰავა: ზომიერად ნოტიო, ნოტიო და მაღალმთის ნოტიო ჰავა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური მცენარეულობა, შედარებით მცირე ფართობზე — მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები.

მდინარე არაგვის გასწვრივ-ტუგაის ტყე. გვხვდება მთის ფიჭვნარები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ასევე სუბალპური და ალპური მდელოები.

ქართლური პოპულაციის ფუტკრის ხორთუმის სიგრძე ნაკლებია სხვა პოპულაციის იგივე მაჩვენებელზე, თუმცა იგი დედა ფუტკრის სადღეღამისო კვერცხმდებლობით სხვებს აჭარბებს.

ყველა პოპულაციას აქვს მსგავსი თაფლის და ცვილის პროდუქტიულობა და შესაბამისად მათი საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 18-25 კგ და 4-5 აშენებული ფიჭის ფარგლებში. ფუტკრის ოჯახის საერთო სიძლიერე კი- 15-19-ჩარჩო ფუტკარი.

ქართული ფუტკრის ძირითადი პოპულაციების ბიოლოგიური მაჩვენებლები

როგორც ცხრილიდან ჩანს პოპულაციებს შორის ბევრი მსგავსებაა, რაც მიუთითებს მათ საერთო წარმოშობაზე, განსხვავებების მიზეზი კი მათი საარსებო გარემოა.

აღწერილი პოპულაციები საჭიროებენ გაფრთხილებას და შენარჩუნებას, რის გამოც უპირველესად თითოეული დაცული უნდა იყოს სხვა პოპულაციების და ჯიშის ფუტკრის ზეგავლენისგან.

ამისათვის საჭიროა ქვეყნის შიგნით აღკვეთილების (აღკვეთილი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი/აგროკავკასია) ჩამოყალიბება, კერძოდ მეგრული პოპულაციისთვის-ხობისწყლისა და სქურის ხეობებში, გურული პოპულაციისთვის-სოფელ ზემო სურებში, ქართლური პოპულაციისთვის სოფლების ბარისახოს, შუაფხოს და ჩარგალის ტერიტორიაზე, აფხაზური პოპულაციისთვის კი ასეთ ტერიტორიად მოიაზრება გუდაუთაში სოფლების ფსხუსა და ხაბიუს ტერიტორია (თუმცა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელზე ჯერჯერობით ხელი არ მიგვიწვდება).

გარდა ამისა, სავალდებულოა კვლავ ამოქმედდეს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის უკანონო შემოყვანა-გავრცელების აკრძალვაზე. ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ფუტკრის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ავტორები: მაია ფეიქრიშვილი, ალექსანდრე კორძახია; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი;
მარინა ბარვენაშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1285 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB