ფუტკრის რძის აღების ტექნოლოგია

ფუტრკის, რძე, მეფუტკრეობა

ამ სტატიაში მე თქვენ გიამბობთ როგორი ტექნოლოგიით ვღებულობ ფუტკრის რძეს ჩემს საფუტკრეში და რაზე უნდა გაამახვილოს მეფუტკრემ განსაკუთრებით ყურადღება მისი აღების დროს.

ფუტკრის რძის წარმოება მეფუტკრეობის ერთ-ერთი შემოსავლიანი და საინტერესო განხრაა. ამასთან, ეს მიმართულება მეფუტკრისგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, საფუტკრეში მუდმივ ყოფნას და საკმაოდ დიდ მატერიალურ და შრომით დანახარჯებს.

ამიტომ, ის მეფუტკრეები, რომლებიც აპირებენ სამრეწველო მიზნით აწარმოონ ფუტკრის რძე, კარგად უნდა დაფიქრდნენ და შეარჩიონ ადგილობრივ პირობებს მორგებული რაციონალური ტექნოლოგია.

ფუტკრის რძეზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია იმ არაჩვეულებრივი შედეგებით, რომელიც მისი გამოყენების დროს მიიღწევა. უკვე 15 წელია ვღებულობ ფუტკრის რძეს და ვეწევი მის რეკლამირებას. იგი სასწაულმოქმედი თვისებების მქონე საოცარი პროდუქტია.

ფუტკრის რძის  აღების მრავალი მეთოდი არსებობს.  ამ თავში გავამახვილებ ყურადღებას იმ ქმედებებზე, რომელზეც დამოკიდებულია აღებული ფუტკრის რძის ხარისხი და რაოდენობა.

ფუტკრის რძის  აღებაში მთავარია აღმზრდელი ოჯახების შერჩევა, მათი კონდიციამდე მიყვანა, ამ კონდიციის შენარჩუნება და მათი კვება.

ფუტკრის რძის  ასაღებად  ვიყენებ ნაწილობრივ დაობლებულ ძლიერ და ჯანმრთელ ფუტკრის ოჯახებს. რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) ფუტკრის ოჯახს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამამლე ბარტყი;
ბ) ბარტყი სულ მცირე 7-8 ჩარჩოზე;
გ) ოჯახი უკვე უნდა აშენებდეს სადედე ჯამებს, მაგრამ არ უნდა იყოს სანაყარე მდგომარეობაში.
დ) ფუტკრის ოჯახში უნდა იყოს თაფლისა და, განსაკუთრებით, ჭეოს საკმარისი მარაგი.
მინიმუმ – 6-8კგ თაფლი და 2-3 ფიჭა ჭეო.
ე) აღმზრდელი ოჯახის ყოველ ჩარჩოზე 300-350 გრამი ფუტკარი უნდა იყვეს.

ასეთ ოჯახებს არ სჭირდებათ მუდმივი შევსება ახალგაზრდა ფუტკრებით. ოჯახები, რომლებიც ცუდად აშენებს, ან მასში მცირე რაოდენობის ფუტკრის რძეს ასხამს აღმზრდელ ოჯახებად არ გამოდგებიან. ჩემი რჩევა იქნება მოვახდინოთ ასეთი ოჯახების ლიკვიდაცია.

საფუტკრეში ვიყენებ 10 და 12 ჩარჩოიან დადანის ტიპის სკებს. 10 ჩარჩოიან ტიპის სკებში ბუდეს ვყოფ ჰორიზონტალურად, ამისათვის განემანის ბადეს ვათავსებ კორპუსებს შორის. ამ დროს დედა ფუტკარი იზოლირებულია ქვედა კორპუსში. ჩანამყენებული ჩარჩო მიეცემა ზედა კორპუსში.

საფუტკრეში ყველა 12 ჩარჩოიანი სკა აღჭურვილია ვერტიკალური ფანერის ტიხარით, რომელშიც ჩასმულია განემანის ბადის ნაჭერი ზომებით 10×15 სმ. გამყოფი ფანერა სკას ყოფს ორ განყოფილებად  და ორივეს  თავისი საფრენი აქვს.

ასეთ შემთხვევაში ოჯახის სრული დაობლებისათვის საკმარისია ფანერაში ჩასმული განემანის ბადე დავფარო წინასწარ გამზადებული თუნუქის ნაჭერით.

ორივე შემთხვევაში ჩანამყენებულ ჩარჩოს ვათავსებთ უდედო განყოფილებაში ღია ბარტყიან და ჭეოიან ჩარჩოებს შორის.

ცნობილია, რომ საუკეთესო ხარისხის, ასევე დიდი რაოდენობით ფუტკრის რძის მისაღებად, ბუნებაში მცირე ღალა მაინც უნდა არსებობდეს. ფუტკრის რძის წარმოების დროს, ახალი ყვავილის მტვრისა და ნექტარის შემოტანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფუტკრის რძის წარმოების პროცესი, რომ არ შეფერხდეს, აუცილებელია ფუტკრის ოჯახების ხელოვნური კვება.

ფუტკრის რძის  წარმოების დროს ფუტკრის ოჯახების ხელოვნური კვება დასაშვებია მხოლოდ 25%-იანი თაფლის წყალხსნარით. შაქრის სიროფის მიცემა  ძიძა ფუტკრების დისტროფიას იწვევს.

უღალობის პერიოდში აღმზრდელ ოჯახებს ვაძლევ დღეში ორჯერ 250 გრ. თაფლის წყალხსნარს, რომელშიც წყლის 10% შეცვლილია ცხიმმორთმეული რძით. ამისათვის თითოეულ სკაზე დამაგრებული მაქვს ჩემი კონსტრუქციის  სპეციალური საკვებური, რომლის საშუალებითაც მარტივად შეიძლება სიროფის მიცემა. მასტიმულირებელი კვების დროს აუცილებელია დამატებითი ცილოვანი საკვების მიცემა. თუ რა იქნება ეს საკვები, დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიაზე.

ფუტკრის რძესთან დაკავშირებული სამუშაობი ტარდება სუფთა,ჰიგიენურ პირობებში. ამისათვის საფუტკრეში გამოყოფილი მაქვს სპეციალური ორი ოთახი, ერთში იღებენ ფუტკრის რძეს მეორეში კი ხდება ახლად განთავისუფლებულ სადედე ჯამებში ახალგაზრდა ფუმფლისჩანამყენება. ჩემი ჩასამყნობი ჩარჩო  შედგება 15 მმ-იანი ორი თამასისაგან დამათზე დამაგრებულია 50 პლასტმასის  სადედე ჯამი.

გამზადებულ და შეგუებულ სადედე ჯამებში  ვანამყენებ 12-18 საათიან ფუმფლს სპეციალური შპატელით, რომელიც ფუმფლს თავის რძიანად იღებს. ერთი ჩარჩოს ჩანამყენებას 3-4 წუთი ჭირდება.

ჩანამყენებულ ჩარჩოს ვდებ აღმძრდელი ოჯახის უდედო განყოფილებაში ღია ბარტყიან და ჭეოიან ჩარჩოებს შორის. ღია ბარტყიანი ჩარჩო იზიდავს ძიძა ფუტკრებს.

66-72 საათის შემდეგ სადედე ჯამებიანი ჩარჩოები, რომლებშიც რძესთან ერთად სადედე ფუმფლიც არის, გადაგვაქვს სპეციალურ ოთახში, სადაც ხდება მათი დამუშავება. სპეციალური კაუჭის საშუალებით, რომელიც მოოქროვილია ამოჰყავთ სადედე ფუმფლი, ხოლო ჯამში დარჩენილ რძეს იღებენ პრტყელი პლასტმასის შპატელით და აგროვებენ თავგადაჭრილ 20 გრამიან შპრიცში.

მიღებული ფუტკრის რძის გაფილტვრა აუცილებელია. ამისათვის რძიან თავწაჭრილ შპრიცს ჩამოვაცმევთ კაპრონის  წვრილთვლიან ბადის ნაჭერს და დგუშზე დაწოლით მასში რძეს გავატარებთ. გაფილტრულ ფუტკრის რძეს ვათავსებთ სტერილიზებულ მუქი ფერის სპეციალურ გერმეტიულად თავდახურულ ჭურჭელში ან თავდახურულ ერთჯერად შპრიცებში, რომელსაც ვანიავებთ და მაშინვე ვინახავთ მაცივარში.

ჩვენ ფუტკრის რძეს ვაგროვებთ 75-100 გრამიან მუქი ფერის მინის შუშებში, რომლებსაც თავი გერმეტიულად ეხრახნებათ. ნაკლულა  ჭურჭელი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შევავსოთ რძით შპრიცებიდან, დავახუროთ თავი გერმეტიულად და შევინახოთ მაცივარში.

ვინც დიდი რაოდენობით ფუტკრის რძის აღებას აპირებს რძის შესანახად სასურველია ქონდეს ცალკე მაცივარი. მე მაცივარში ტემპერატურის შესამოწმებლად დადგმული მაქვს წყლიანი ჭიქა თერმომეტრით და ვცდილობ, რომ მაცივარში შევინარჩუნო + 2 გრადუსი. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ფუტკრის რძის ხარისხი ძალიან არის დამოკიდებული მისი შენახვის პირობებზე.

ფუტკრის რძისგან გათავისუფლებული ჩასანამყენებელი ჩარჩოები გამოაქვთ მეორე ოთახში, სადაც მე ვანამყენებ ახალ ფუმფლს რაც შეიძლება მოკლე დროში, რომ არ ჩახმეს სადედე ჯამებში ჩარჩენილი ფუტკრის რძე. ჩანამყენებულ ჩარჩოებს ვათავსებთ აღმზრდელ ოჯახებში.

კიდევ ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ფუტკრის რძის აღებისას ყოვლად დაუშვებელია ფუტკრის ოჯახის ტკიპაზე დამუშავება და ოჯახი უნდა იყოს აუცილებლად  ჯამრთელი.

ავტორი: ი. გიგაშვილი bestbee.ge

თქვენი რეკლამა