ფუტკრის ოჯახის გამრავლება ბუნებრივ პირობებში და ხელოვნურად

1748 Views

ფუტკრის გამრავლების თავისებურებანი ნაყრობისწინა და შემდგომ პერიოდებში, ბუნებრივი ნაყრობის მიზეზები და უარყოფითი მხარეები, აღმკვეთი ღონისძიებები, გამრავლება ხელოვნურად და მისი ხერხები: ფიჭიანი და უფიჭო ნაყრების შედგენა და ტექნიკა, ოჯახის გაყოფა.

ფუტკრის ოჯახის გამრავლება, თუ არ ჩავთვლით მისი შემადგენელი სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების ზრდის თავისებურებებს ემბრიონულ პერიოდში, ბუნებაში არსებულ კანონზომიერებებს ემორჩილება: ზამთრობის ბოლოს – ადრე გაზაფხულზე იწყებს რაოდენობრივ მატებას.

ძველი, მოზამთრე თაობის ნაცვლად ჩნდება ახალი, რომელიც ზრდის გარკვეულ ეტაპზე აღწევს მაქსიმუმს და შედეგად წარმოიშობა ახალი ოჯახის ფორმა ნაყარი, რომელიც ტოვებს ძველ ოჯახს (საცხოვრებელს), გადადის ახალ ადგილზე და იწყებს დამოუკიდებლად არსებობას.

ბუნებასთან შეგუების ინსტიქტიდან გამომდინარე, ნაყარი გამოიყოფა იმ ვარაუდით, რომ მცენარეთა ვეგეტაციის დარჩენილ პერიოდში მოასწროს აუცილებელი საარსებო საკვების შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იღუპება.

ნაყრობის გაჩენის ხელშემწყობ  ფაქტორებს მიეკუთვნება:

→ ფუტკრის ყოლა შეზღუდული მოცულობის სკაში, სადაც ოჯახი სრულად ვერ ვითარდება;

→ მზის გულზე დადგმულ სკებში, სადაც ფუტკარი ვერ ახერხებს ბუდის ვენტილაციას და მიკროკლიმატის შენარჩუნებას.

ფუტკრის ოჯახის განვითარება ნაყრობის წინა პერიოდში პერიოდში

ამ დროს ოჯახში მიმდინარეობს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: ახალი ფუტკრის გაჩენა და ძველი, მოზამთრე თაობის კლება ბუნებრივი სიკვდილის გზით.

დედა ფუტკრის შეზღუდული კვერცხდების პირობებში 1 ზამთარგამოვლილი მუშა ფუტკარი უვლის 1,5 ემბრიონს, რომლის ინტენსიური კლების შემთხვევაში ოჯახში ფუტკრის რაოდენობა მცირდება 10%-ით და ზოგჯერ უფრო მეტად.

თანდათანობით ძველსა და ახალ თაობებს შორის იქმნება რაოდენობრივი თანაფარდობა, რასაც მოსდევს ახალი თაობის სწრაფი რიცხობრივი ზრდა. ამ პროცესისათვის ხელშემწყობი ფაქტორებია: სითბოს მატება ატმოსფერულ ჰაერში და ახალი საკვების (ნექტარი და ყვავილის მტვერი) მოტანის შესაძლებლობა.

საქართველოს ბარის ზონაში (კოლხეთის დაბლობი, ალაზნის ველი, გარდაბნის ზონა) ფუტკრის ოჯახის განვითარების მაქსიმუმი მაისის დასაწყისს ემთხვევა, როცა ერთი ძიძა ფუტკრის წილად 3-4 ემბრიონი მოდის.

რაც უფრო მატულობს ზრდასრული ფუტკრის რაოდენობა, მით შეფარდება ზრდასრულ და ემბრიონულ თაობებს შორის კლებულობს ზრდასრულის სასარგებლოდ: ოჯახში ჩნდება ახალი თაობა, რომელიც შეზღუდული ღალიანობის პირობებში ოჯახში დაუსაქმებელია.

მუშა ფუტკრის ასეთი ჯგუფის  მნიშვნელოვანი  რაოდენობით გაჩენის დროს დედა ფუტკარს აიძულებენ, კვერცხდება დაიწყოს ფიჭებზე არსებულ სადედე უჯრედებში. როგორც კი ასეთი უჯრედები გადაიბეჭდება, ოჯახი იწყებს ნაყრობისათვის მზადებას.

ნაყრობის ინსტინქტის გაჩენა და მიმდინარეობა

ნაყრობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ ბუდეში ბარტყის სიმცირის გამო ფუტკრის ახალგაზრდა თაობას არ შეუძლია, განახორციელოს თავისი პოტენციური შესაძლებლობა (რძის წარმოქმნისა და ბარტყზე მისი დახარჯვის უნარი).

ნაყრობისწინა პერიოდში მზვერავი ფუტკრების ჯგუფი ეძებს ახალ საცხოვრებელს, შეარჩევს მას, ამზადებს და იცავს მას სხვა ნაყრების შეჭრისაგან, დედა ფუტკარს აიძულებს, მკვეთრად შეამციროს კვერცხდება საკვების შეზღუდული რაოდენობის მიწოდებით.

ნაყრის გამოსვლა სკიდან ხდება დღის I ნახევარში, მონაყრე გუნდი გამოსვლის შემდეგ ეკიდება ახლომდებარე საგნებზე (ხის ტოტები  და სხვ.) რამდენიმე საათის განმავლობაში.

გამოკვლევებით დადგინდა (von Frisch, 1967; Lindauer,1951,1955; Seeley,1977), რომ მზვერავი ფუტკრები ნაყრის დასაბინავებელ ადგილს აფასებენ სხვადასხვა კუთხით (საკმარისი სივრცე განვითარებისა და ბუდის ვენტილაციისათვის; სივრცის ზედმეტობა, რომელიც გააძნელებს ზამთრობას, მიკროკლიმატის დაცვის თვალსაზრისით).

აღნიშნულის გამო ბუნებრივი ნაყრის მიერ დაკავებული საცხოვრებლის სივრცე 20-100 ლ-ს შეადგენს, საშუალოდ 40 ლ-ს, რაც ლანგსტროტის სკის ერთ კორპუსს ეტოლება. ამის შემდეგ იგი აიყრება და გადადის ახალ საცხოვრებელში.

ნაყრის დასაჭერად გამოიყენეთ სანაყრე ყუთი, კიბე (თუ ხეზეა ჩამოკიდებული), თოკი, წინასწარ გაამზადეთ სკა მის დასაბინავებლად და ჩააწყეთ ჩარჩოები აშენებული და ხელოვნური ფიჭით (მონაცვლეობით), სასურველია აგრეთვე 1-2 ჩარჩოს ჩადგმა ბარტყიანი და თაფლჭეოიანი ფიჭებით.

ბუნებრივი ნაყრის მოვლა და გამოყენება

ნაყრის თავისებურება იმაშია, რომ ძირითადად ახალგაზრდა ფუტკრისაგან შედგება, რომელსაც ენერგიის ძირითადი ნაწილი დაუხარჯავი დარჩა ძველ სკაში დროებითი უმოქმედობის გამო.

ახალ სკაში ჩასახლების შემდეგ თუ მეფუტკრე დროულად მოამარაგებს ხელოვნური ფიჭით, ფუტკარი გაძლიერებით აშენებს მას და აგროვებს ნექტარს, რისი შესაძლებლობაც არ უნდა დაიკარგოს. სხვა დანარჩენ საკითხებში ფუტკრის მოვლა ისეთივეა, რაც ჩვეულებრივი ოჯახებისათვისაა დამახასიათებელი.

ბუნებრივი ნაყრობის არასასურველი მხარეები

საფუტკრის რაოდენობრივი ზრდა ბუნებრივი ნაყრობის მეშვეობით დამახასიათებელია ექსტენსიური მეფუტკრეობისათვის და თან ახლავს რიგი ორგანიზაციული თუ ბიოლოგიური ხასიათის უარყოფითი მოვლენებისა:

→ ბუნებრივი ნაყრის გამოსვლა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ამ მოვლენის პროგნოზირების ზოგიერთი მეთოდი, რთულია და ბევრად ზრდის მეფუტკრის შრომას. მის გარეშე გამოსული ნაყარი შეიძლება დაიღუპოს, ან დაიკარგოს, რაც საბოლოოდ საფუტკრის პროდუქტიულობაზე აისახება;

→ პირველი ნაყრის გამოსვლის შემდეგ ოჯახში რჩება სადედეები, რომელთა ასაკი გაურკვეველია (ხნიერი ბარტყიდან გამოსული დედა ფუტკარი ხარისხით უარესია). გგარდა ამისა, პირველ ნაყარს შეიძლება მეორე მოჰყვეს, როგორც წესი, ხარისხით და რაოდენობრივად სუსტი, ე.ი. პოტენციურად დაბალპროდუქტიული. ეს ასუსტებს ძირითად ოჯახს;

→ ნაყარი შეიძლება გამოვიდეს დაბალპროდუქტიული ოჯახიდან, რაც აგრეთვე ართულებს საფუტკრეში სანაშენე საქმის წარმართვას _ სასელექციო სამუშაოების შესრულებას;

→ ნაყრობის პროცესში ოჯახი იყოფა არათანაბრად: ნაყარში თავს იყრის ახალგაზრდა თაობა, ძირითად ოჯახში რჩება ხნიერი ფუტკარი, რაც ამ უკანასკნელიდან პროდუქციის მიღებას საფრთხეს უქმნის, ხოლო ძირითად ოჯახში გამოსული ახალგაზრდა დედის განაყოფიერების პროცესში მოსალოდნელია მისი დაკარგვა (შემთხვევით სხვა სკაში შეფრენა,  ან დაღუპვა მტაცებლის მიერ),  რაც შეიძლება დასრულდეს ოჯახის დაობლებით ან ცრუდედიანობით.

ბუნებრივი ნაყრობის თავიდან აცილების ხერხები

ბუნებრივი ნაყრობის თავიდან აცილება, ან მისი გაჩენის შესაძლებლობის შესუსტება შეიძლება საფუტკრეში ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხების გამოყენებით:

→ ფუტკრის ოჯახს შეიძლება წაერთვას ბარტყიანი ფიჭები ზედ მსხდომი ახალგაზრდა ფუტკრით, გადაიდგას ახალ სკაში და მიეცეს განაყოფიერებული დედა ფუტკარი, ან ხელოვნურად მიღებული მწიფე სადედე;

→ ახალგაზრდა, კარგი კვერცხმდებელი დედა ფუტკრებით (არა უმეტეს 2 წლისა) საფუტკრის დაკომპლექტება ხელს უშლის ნაყრობას;

→ ოჯახში ფუტკრის მასის ზრდის კვალად მისი ბუდე უნდა გაფართოვდეს როგორც აშენებული, ისე ხელოვნური ფიჭებით, რაც ფუტკარს საშუალებას მისცემს, დასაქმდეს ფიჭის შენებით, საკვების მიტანით, სკაში მისი განთავსებით და ბარტყის გამოზრდით;

→ სკაში თუ გაჩნდა სანაყრე სადედეები, შეიძლება ოჯახი ხელოვნურად გაიყოს, ერთ-ერთში დარჩეს ძველი დედა, ხოლო მეორეს მიეცეს კარგად განვითარებული, ძველ სკაში არსებული სანაყრე სადედე;

→ ფუტკრის ოჯახს უნდა შეექმნას სკის ვენტილირების საშუალება, რაც ნაწილობრივ შეასუსტებს ნაყრის გამოსვლის საფრთხეს და გააუმჯობესებს ნექტრის დამწიფების პირობებს, ამასთან ერთად საფუტკრეში გაშენებული ნარგაობა იცავს სკებს ცხელ ამინდში გადახურებისაგან;

→ ნაყრობის საწინააღმდეგო რადიკალურ საშუალებად გამოიყენეთ საფუტკრეში სანაშენე მუშაობის სწორად წარმართვა – არამონაყრე, მაღალპროდუქტიული ოჯახებიდან დედა ფუტკრების ხელოვნურად გამოზრდა და ამით საფუტკრის სადედე სულადობის შეცვლა. ასეთ ხერხს მიმართავენ მეფუტკრეობის განვითარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების პრაქტიკოსები.

→ სკაში ბარტყიანი ბუდის გარშემო თაფლიანი ფიჭების ზღუდე არ უნდა შეიქმნას, ბუდე რეგულარულად უნდა ფართოვდებოდეს კარგად აშენებული, ღია ფერის ფიჭებით. ამავე მიზანს ემსახურება მეორე კორპუსის დადგმა და იქ თაფლიანი ფიჭების ატანა;

→ მონაყრე ოჯახში სადედეების მოშლა ნაყრობის საწინააღმდეგოდ გამოდგება მხოლოდ ნაყრობისათვის მზადების დასაწყისში. შემდგომში ეს ღონისძიება უკვე დაწყებულ ნაყრობას ვერ აღკვეთს.

ფუტკრის ოჯახების გამრავლება (მატება) ხელოვნურად

ფუტკრის ოჯახების ხელოვნურად გამრავლება საშუალებას მოგცემთ, საფუტკრის მატება მოხდეს დაგეგმილ ვადებში, გაიზარდოს ოჯახების პროდუქტიულობა და შემცირდეს შრომითი დანახარჯები ფუტკრის მოვლაზე.

ყველაზე ხშირად ოჯახების გამრავლება ხდება ნაყრების შედგენით, უფრო იშვიათად _ მათი შუაზე გაყოფით, თანაბარ ნაწილებად.

თავის მხრივ ნაყრები შეიძლება იყოს ინდივიდუალური (1 ნაყარი ერთი ოჯახიდან), ან ნაკრები (რამდენიმე ოჯახიდან შედგენილი), აგრეთვე ფიჭიანი (ნაყარი შედგება ჩარჩოიანი ფიჭებიდან იქ არსებული ფუტკრით, ბარტყით და საკვების მარაგით) და უფიჭო  (ნაყარი წარმოდგენილია მხოლოდ მუშა ფუტკრით).

ნებისმიერ შემთხვევაში შედგენილ ნაყარს აძლევენ დედა ფუტკარს (განაყოფიერებულს ან გაუნაყოფიერებელს), ან მწიფე სადედეს.

ნაყრის შედგენა

ეს უნდა მოხდეს მთავარი ღალის დაწყებამდე 3-4 კვირით ადრე და იმის გათვალისწინებით, ნაყარი დარჩება საფუტკრეში, თუ მისი რეალიზაციაა განზრახული.

კარგ ამინდში ნაყრის შესადგენად  წინასწარ დადგით სკა, ჩადეთ ერთი ჩარჩო აშენებული ან ხელოვნური ფიჭით და გამყოფი ტიხარი, აგრეთვე სათბუნებელი მასალა (საფარი ტილო და ბალიში), მოძებნეთ ძველ სკაში დედა ფუტკარი მისი დროებითი იზოლირებით  და ახალ სკაში აქედან გადაიტანეთ 3 ჩარჩო მასზე მსხდომი ფუტკრით, რომელთაგან ორი მწიფე ბარტყით არის დაკავებული, ერთი საკვებით არის შევსებული.

რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მოღალე ფუტკარი ნაყრიდან ძირითად სკაში დაბრუნდება, ნაყარს მიეცით სადედე გალია დედა ფუტკრით, ორ მეზობლად ჩადგმულ ჩარჩოებს შორის, თაფლიან უჯრედებთან დედის კონტაქტის შესაძლებლობით, ან მწიფე სადედე.

ერთი დღის შემდეგ გალიის ქვედა ძელაკს აღებენ  და მას გადაფარავენ ხელოვნური ფიჭის ფურცლით, კიდევ ერთი დღის შემდეგ შეამოწმებენ, ფიჭის გაღრღნის შემდეგ დედა ფუტკარი მიღებულია თუ არა.  საჭიროების შემთხვევაში დედა ფუტკარს განმეორებით აძლევენ.

მწიფე სადედის მიცემის შემთხვევაში, თუ ფუტკარი მას მიიღებს, სადედის ქვედა ბოლო წესისამებრ არის გახსნილი, ხოლო გვერდიდან გახვრეტა იმას მოწმობს, რომ იგი მოკლეს.

პირველ შემთხვევაში დედის მიღების შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში დედის გამოჩეკისა და განაყოფიერების შემდეგ ნაყარს გააძლიერებენ ძირითადი ოჯახიდან ბარტყიანი ფიჭებით (1-2), აგრეთვე პერიოდულად დამატებით აძლევენ 50%-იან შაქრის სიროფს კვერცხდების გასაძლიერებლად. შემდგომში ნაყრის მოვლა ხდება საფუტკრეში არსებული ტექნოლოგიის  მიხედვით.

ნაკრები ნაყრის შედგენა მაშინ ხდება, როცა საფუტკრის ოჯახების კონდიცია საკმარისი არ არის ინდივიდუალური ნაყრების შესადგენად. ნაკრები ნაყარი შეიძლება შედგეს უფრო ძლიერი და შესაბამისად მთავარი ღალის დაწყებიდან 2-3 კვირით ადრე, რაც ძირითადი ოჯახების გაძლიერებისათვის არის სასურველი. ნაყარს შედგენის შემდეგ ზემოაღწერილი წესით აძლევენ დედა ფუტკარს ან მწიფე სადედეს.

ამანათნაყრის შედგენა გათვალის წინებულია გასაყიდი ნაყრისათვის, რომელსაც ათავსებენ ფანერის ყუთში ზომებით (მმ) სიგრძე-475, სიგანე-200, სიმაღლე-390 (ოთხჩარჩოიანი). ყუთს აქვს მავთულბადიანი სავენტილაციო ჭრილი, საფრენი და შიგა მხარეზე ჩარჩოების 4 გამყოფი, ტრანსპორტირების დროს მათი მდგრადობისათვის.

თუ ამანათნაყარი დგება ექვს ჩარჩოზე, მაშინ ყუთის ზომებია 475x290x390მმ. ბარტყიანი ფიჭები ბუდის შუაგულში იდება, საკვების რაოდენობა წესისამებრ 4 კგ უნდა იყოს. სასურველია, ტრანსპორტირება მაქსიმალურად ხანმოკლე იყოს, ადგილზე ფუტკრის გადასხმა სკაში მოხდეს ამანათნაყრის მიტანისა და 1 საათის განმავლობაში ფუტკრის დამშვიდების შემდეგ.

უფიჭო ამანათნაყარს ადგენენ ბარტყის ინფექციური დაავადებების გავრცელების შეზღუდვისათვის, აგრეთვე ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად (ნაყრის მასა ყუთიანად 3-ჯერ ნაკლებია ფიჭიანთან შედარებით).

იგი გათვალისწინებულია იმ შემთხვევისათვის, როცა ნაყრის მიმღებს სკების გარდა აქვს საჭირო რაოდენობის აშენებული ფიჭები ნაყრების დასაბინავებლად. ყუთის გვერდის კედლები ფანერისაა, ჭერი და ძირი 20 მმ-იანი ფიცრისაგან კეთდება, გვერდის ერთი კედელი მავთულბადით არის წარმოდგენილი, ჭერში გაკეთებულია ხვრელები საკვებურის დასადგმელად და სადედე გალიისათვის.

საკვებურად იყენებენ ლითონის ქილას, რომელსაც უკეთებენ 2 ნახვრეტს, თითოეულს 0,8 მმ ზომით და გადაყირავებულს დგამენ ჭრილში. მინის ქილის გამოყენების შემთხვევაში კაპრონის სახურავში აკეთებენ ანალოგიურ ჭრილებს. საკვებად იყენებენ შაქრის სიროფს 66-67 მას.%-ით. სანაყრე ყუთის ზომებია 230x150x430მმ, საკვების მასა-1,4 კგ, რაც საკმარისია 10 დღის განმავლობაში საარსებოდ.

ფუტკრის ოჯახის შუაზე გაყოფა

შესასრულებლად ეს ხერხი რამდენადმე უფრო რთულია ნაყრის შედგენასთან შედარებით, მაგრამ იმით არის უკეთესი, რომ ახლადშექმნილ ოჯახებში დაცულია სქესობრივ – ასაკობრივი ჯგუფების ურთიერთშეფარდება, ფუტკრის ორივე ოჯახი თანაბარი ტემპით ვითარდება და 1 თვის შემდეგ მათ სრულფასოვანი ოჯახები უნდა შექმნან,

ამასთან ამ ხერხს აქვს თავისი ნაკლიც: სხვადასხვა ასაკის ფუტკრები ნაკლები ხალისით ღებულობენ ახალ დედას, რის დასაძლევადაც გამოყენებულ უნდა იყოს მაღალნაყოფიერი დედა ფუტკარი შედეგიანი მიცემისათვის საჭირო სიფრთხილის დაცვით.

სამუშაოს შესრულება შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება:

ძირითადი ოჯახის სკა გვერდზე გადადგით ძველი ადგილიდან იმავე მანძილზე, საწინააღმდეგო მხარეს დადგით მეორე სკა, რომელიც ძველი სკის ანალოგიური იქნება ფერით და ზომებით, დაიწყეთ ოჯახის გაყოფა ბარტყის, საკვებისა და ჩარჩოების იდენტურობის დაცვით. დედა ფუტკარი ძველ ოჯახში დატოვეთ, ახალს მიეცით სხვა დედა, სასურველია, განაყოფიერებული. ორივე ოჯახს მიუმატეთ 2-3 ჩარჩო აშენებული და ხელოვნური ფიჭით.

თუ ერთ სკაში ფუტკარი უფრო მეტი რაოდენობით შედის, მას ძველი ადგილიდან უფრო დააშორებენ, რომ ღალიდან დაბრუნებული ფუტკარი ორივე სკაში თანაბრად განაწილდეს. ოჯახებს კარგად დაათბუნებენ და განვითარებისათვის ხელშემწყობ პირობებს უქმნიან.

დედაზე დაფრენა

თუ მეფუტკრემ შენიშნა, რომ ოჯახი სანაყრედ ემზადება, ამ ხერხს შემდეგნაირად გამოიყენებს: კარგ ამინდში ძირითადი ოჯახიდან ახალ სკაში გადააქვს 3-4 ჩარჩო სხვადასხვა ასაკის ბარტყით და ფუტკრით, აქვე გადაჰყავს ძველი დედა, ბარტყის ორივე მხარეს განათავსებს 5-6 ჩარჩოს აშენებული და ხელოვნური ფიჭით და 2 თაფლიან ჩარჩოს.

ახალ სკას ძველის ადგილზე ტოვებენ, ძველი გადააქვს სხვა ადგილზე. შედეგად მოღალე ფუტკარი ახალ სკაში ხვდება, ძველ ოჯახს აძლევენ ახალ დედა ფუტკარს ან მწიფე სადედეს, მასში აღარ დარჩება მოღალე ფუტკარი. პირველი 3 დღის განმავლობაში მას აძლევენ წყალს ფიჭაში ჩასხმით, სასურველია თხელი სიროფის მიცემაც. ჴორივე სკაში ნაყრობის ნიშნები ქრება.

გიორგი მაძღარაშვილი /მეფუტკრეობა/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB