ფუტკრის მომზადება დასაზამთრებლად და დათბუნება

3973 Views

ფუტკრის კარგი გამოზამთრებისთვის, ბუდეში იმდენ ჩარჩოს სტოვებენ რამდენსაც ფუტკარი ფარავს.

დასაზამთრებლად ბუდის მოსაწყობად სკიდან იღებენ მცირე თაფლიან ჩარჩოებს, რომლებსაც ინახავენ გაზაფხულზე გამოსაყენებლად, ხოლო საკვების უკმარისობის შემთხვევაში ჩადგამენ ზაფხულში ბუდიდან ამოღებულ და სათადარიგოდ შენახულ თაფლით სავსე ფიჭებს.

მცირე თაფლიანი ფიჭების ბუდეში დატოვება არ შეიძლება, რადგან მასზე არსებული თაფლის ათვისების შემდეგ, ცივი ამინდების პირობებში, ფუტკარს მეზობლად მდებარე თაფლიან ფიჭაზე გადასვლა არ შეუძლია.

ბუდის შუაში არ უნდა დავტოვოთ ისეთი ჩარჩო, რომელზედაც ჩასხმული გადაბეჭდილი თაფლის ქვეშ არსებული ცარიელი უჯრედებიდან ბარტყი არ გამოჩეკილა.

ბუდის ორივე მხარეზე თაფლით სავსე ჩარჩოები უნდა განლაგდეს, ბუდის ცენტრისაკენ ჩარჩოებში კი ფიჭის ზედა ნახევარზე ჩასხმული თაფლიანი ფიჭები, რომლის ქვეშაც ფუტკარი გუნდის შესაკრავად სპეციალურად ინახავს ცარიელ უჯრედებს, ისე რომ გუნდის ზედა წვერო ეხებოდეს გადაბეჭდილ თაფლიან უჯრედებს.

ფუტკარი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ისეთი ჩარჩოებით, რომელზედაც იქნება როგორც ჭეო, ისე თაფლი, მაგრამ ღია ჭეოთი მთლიანად გავსებული ფიჭის ბუდეში დატოვება დაუშვებელია, რადგან მას ფუტკარი ვერ დაფარავს და ობი გაუჩნდება, არ შეიძლება ასევე ჭეოთი მთლიანად გადავსებული ფიჭის ჩადგმა ბუდის ცენტრშიც, სადაც იგი გამოიწვევს გუნდის გაყოფას და იმ მხარეზე, სადაც დედა არ მოხვდება, ფუტკრის დაღუპვას.

მღრღნელების, ხვლიკების და სხვა მავნებლების სკაში შეღწევადობისაგან დასაცავად, სკას უკეთებენ თუნუქის საფრენს, რომელზეც ამოჭრილია 6-7 მმ სიფართის საძრომი.

დასათბუნებელად ტიხარსა და სკის კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში საფარ ტილოზე სახურავის ქვეშ ათავსებენ ბალიშებს, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბამბა, სართავი, საფეიქრო წარმოების ნარჩენები, ხავსი, აგრეთვე ჩალა, ბურბუშელა, მშრალი ფოთლები, ნახერხი და სხვა.

საფარ ტილოზე დასათბუნებელი მასალის მოსათავსებლად, ქარებისაგან სკის სახურავის გადაგდების და სკაში მღრღნელების შეღწევადობის თავიდან ასაცილებლად, კორპუსს მჭიდროდ ადგამენ საკუჭნაოს ნახევარი სიმაღლის ფიცრისაგან კორპუსის ზომებზე შეკრულ კარკასს — საბალიშეს (რომელშიაც თავსდება ბალიში), რომელზეც კარგად ჩამოეცმება სახურავი.

დათბუნების დროს საფარ ტილოზე ბალიშის ქვეშ აფენენ 2-3 ფენა გაზეთის ფურცლებს ბუდეში სითბოს შესანარჩუნებლად და ტენის ასათვისებლად.

თუ ფუტკრის ოჯახები სუსტია და ფუტკარი 3-5 ჩარჩოზეა ორივე გვერდიდან ათბუნებენ, სკებს დგამენ ისე, რომ დილის მზის სხივებმა ბუდის წინა კედელი გაათბოს.

თუ საფუტკრეში გვყავს სათადარიგო დედები, ისინი უნდა შევინახოთ ჰორიზონტალურ, წოლელა სკებში, ერთმანეთისგან გამყოფი ტიხრებით და ცალ-ცალკე საფრენებით, რომლებიც ერთმანეთს კარგად გაათბობენ, ხოლო უფუტკროდ დარჩენილი თავისუფალ სივრცეს საგულდაგულოდ ათბუნებენ.

წყარო: მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.
იხილეთ აგრეთვე: მზადება ფუტკრის გამოსაზამთრებლად-საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1257 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB