ფუტკრის გამრავლება

ფუტკრის, გამრავლება

დედა ფუტკარი დებს განაყოფიერებულ კვერცხებს, რომლებიდანაც ვითარდებიან  მუშა ფუტკრები და შედარებით დიდ უჯრედებში გაუნაყოფიერებულ კვერცხებს, რომლებიდანაც ვითარდებიან მამალი ფუტკრები.

კვერცხის დადებიდან მესამე დღეს იჩეკებიან მატლები, რომელთა გამოკვებით და მოვლით მუშა ფუტკარია დაკავებული.

ერთ კვირაში, ინტენსიური კვების შედეგად მატლი იკავებს მთელ უჯრედს და იწყებს კუპრის შექმნას. პირველ კვირაში იქმნება მომავალი ფუტკრის სახე; ვითარდება მუშა ფუტკარი, რომელსაც ფუტკრის რძის გარდა კვებავენ თაფლით და ჭეოთი ან, მხოლოდ ფუტკრის რძით განსაკუთრებული კვების შედეგად – დედა ფუტკარი.

კუპრის ფორმირების დაწყებიდან ფუტკრები იწყებენ უჯრედის გადაბეჭდვას ცვილის თხელი ფენით და შემდგომი განვითარება 10 დღის განმავლობაში გრძელდება გადაბეჭდილ უჯრედში.

ახალგაზრდა ფუტკარი გამოჩეკისთანავე იწყებს მუშაობას. თავიდან სკის შიგნით უვლის მატლებს, ხოლო მერე იწყებს ნექტრის შეგროვებას.

ფუტკრის განვითარებისათვის მხოლოდ კარგი კვება არ კმარა, საჭიროა სათანადო ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა. ცივ ამინდში ფუტკრები არ გამოდიან სკიდან და თავისი სხეულის ტემპერატურით ათბობენ მატლებს. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მატლის მუტაცია და დაიბადებიან უფრთო ფუტკრები, ამიტომ ფუტკრებს ცხელ ამინდში შეაქვთ სკაში წყალი და ფრთების ქნევით ანიავებენ სკას. განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 35°—36°С.

გამოჩეკისთანავე მუშა ფუტკრები სკაში იწყებენ უჯრედების გასუფთავებას, ათბობენ და კვებავენ მატლებს. შემდგომში მათი ფუნქცია იცვლება და ისინი მუშაობენ ცვილისაგან უჯრედების მშენებლობაზე. ამავდროულად ისინი ასუფთავებენ და იცავენ სკას. მხოლოდ ამ ეტაპების გავლის მერე, მუშა ფუტკარი იწყებს ნექტრის შეგროვებას, ხოლო სკაში სამუშაოებს ასრულებენ ახალი თაობები.

როდესაც ფუტკრის ოჯახი გამრავლდება ისე, რომ სკაში სივიწროვეს იგრძნობს, ფუტკრები იწყებენ მზადებას ოჯახის გასაყოფად – ამზადებენ სადედე ჯამებს, საიდანაც მომავალში ახალი დედა გამოიჩეკება. ფუტკრების გარკვეული რაოდენობა, ძველ დედასთან ერთად (ნაყარი) გამოდის სკიდან, გროვდება სკასთან ახლოს, ხის ტოტზე და შემდეგ, წინასწარ მოძებნილ ადგილას სახლდება. ეს უკვე დამოუკიდებელი ოჯახია.

შესაძლოა ძველ ოჯახს რამოდენიმე ნაყარი გამოეყოს, რადგან სადედე ჯამები, როგორც წესი – ბევრია და ყოველ გამოჩეკილ დედას შეუძლია გაიყვანოს პატარა ნაყარი.

სკაში დარჩენილი ფუტკრები და ახლად გამოჩეკილი დედა, აგრძელებენ ცხოვრებას, ხოლო დარჩენილ სადედეებს ფუტკრები ანადგურებენ, რადგან ოჯახს არ უნდა ჰყავდეს ერთ დედაზე მეტი.

წყარო:: bee.ge

იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის ოჯახის გამრავლება ბუნებრივ პირობებში და ხელოვნურად

თქვენი რეკლამა