მეფუტკრის კალენდარი — დასავლეთ საქართველო

2455 Views Comment Off

თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგიური რუკა.

თაფლის წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაოების კალენდარი შედგენილია დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობებისათვის.

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების განვითარებისა და ღალიანობის ვადებზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის აღსანიშნავია  კლიმატურ პირობები, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ადგილის მდებარეობაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე და ა.შ).

ცნობილია, რომ დაბლობსა და მთას შორის ფუტკრის ოჯახების განვითარებაში დაახლოებით 2-3 კვირიანი სხვაობა შეინიშნება. თუმცა მეფუტკრის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების კალენდარული ვადები  მაინც პირობითია და მეფუტკრისგან  ფუტკრის ოჯახებსა და ბუნებაზე მუდმივ დაკვირვებასა და ანალიზს მოითხოვს.

წარმოდგენლი გეგმა მეფუტკრისთვის ვერ იქნება ზუსტი გზამკვლევი, თუმცა ის ამომწურავად აღწერს საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოებისა და ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიური თავისებურებების საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს.

იანვარი

ფუტკრის ოჯახი ზამთრის მოსვენების (გუნდი) მდგომარეობაშია, საკვებს ნაკლებად მოიხმარს. გარემო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ძირითადად -10 – +130C  შორის მერყეობს. თბილ დღეებში შესაძლოა ფუტკრის ოჯახმა გამოფრენა გააკეთოს და ნაწლავები ფეკალური მასისგან გაინთავისუფლოს, რაც დადებით მოვლენად მიიჩნევა.

იანვარში  ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • ყურადღებაა მისაქცევი ფუტკრის ოჯახის ხმაურზე, თუ ფუტკარი სკის კედლებზე მიკაკუნებისას უცბად ახმაურდება და უცბად წყნარდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ზამთრობა მიმდინარეობს კარგად, თუ მოგვესმა გაგრძელებული ხმაური ეს მიანიშნებს იმას რომ ოჯახს რაღაც აწუხებს;
  • ყურადღებაა მისაქცევი ფუტკრის ოჯახში მღრნელების შეჭრაზე;
  • თუ საკვების ნაკლებობაა ოჯახებში აუცილებელია საკვების მიწოდება კანდის სახით…
  • მეფუტკრე ამ პერიოდში უნდა დააკვირდეს ხომ არაა რომელიმე სკაში ნოზემატოზის ნიშნები თუ შეინიშნება მსგავსი რამ მაშინ უნდა ვუმკურნალოთ ფუტკარს, მოვახდინოთ ჩარჩოებისა და სკის შეცვლა, დეზინფექცია და ფუტკარს მივაწოდოთ სიროპი მასში გახსნილი პრეპარატით (ნოზესტატი, ფუმაგილინი, სულფადიმეზინი, ნოზემატოლი, მწარე წიწაკის ნაყენი და ა.შ.).

თებერვალი

ამ თვეში ჩვენთან ბუნებაში იწყება ცვლილებები(გაზაფხულის მოახლოება) და ეს თვე აღსანიშნავია ხშირი გარემოს ტემპერატურული მერყეობით, ფუტკრები ამ თვეში ძალიან მგრძნობიარე ხდებიან გარემოს ტემპერატურული რყევების მიმართ, ოჯახი თითქოს იღვიძებს, გრძნობს გაზაფხულის მოახლოებას,  დედა იწყებს კვერცხდებას(თუ დაწყებული არ აქვს უკვე…), ფუტკარი ზრდის საკვების მოხმარებას, სჭირდება მეტი ჟანგბადი და საკვები ოჯახს. გამოჩნდება პირველი ყვავილები, ყველა მეფუტკრე ვალდებულია გაუმჯობესოს თაფლოვნების ბაზა საფუტკრის ირგვლივ სხვადასხვა თაფლოვანი მცენარეების დარგვით.

მეფუტკრეს მიერ თებერვალში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები:

  • საფუტკრეს ათვალიერებს ყოველ კვირაში ერთხელ ამინდის შესაბამისად;
  • საჭიროებისას აწვდის ფუტკარს დამატებით საკვებს კანდის სახით ან სიროპით;
  • ამოწმებს სკის ვენტილაციას, ასუფთავებს საფრენებს;
  • სასურველია ოჯახებს მივაწოდოთ ზღვის მარილი ან კობალტი სიროპში გარეული;
  • აკვირდება ოჯახებს ხომ არაა ნოზემატოზის შემთხვევები, გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობს და ახდენს ჩარჩოების შეცვლა-დეზინფექციას;
  • აგრძელებს ბრძოლას მღრნელების წინააღმდეგ.

მარტი

მაღალმთიანეთში თოვლი იწყებს დნობას, დაბლობში ტემპერატურა გამოირჩევა დიდი მერყეობით, დღისით ტემპერატურა მაღლა იწევს, ღამით კი ეცემა.

ამ დროს გადაზამთრებული ფუტკრების უმრავლესობა ცვდება და კვდება,სკაში რჩება შემოდგომის ბარტყობის ფუტკარი და ახალი სეზონის  ბარტყობის ფუტკარი,  ფუტკრის ოჯახების უმრავლესობას ბარტყი ყავთ, სკაში მოქმედება საგრძნობლად აქტიურდება, ყვავილობას იწყებს ზოგიერთი მცენარეები(მაგ:  ტირიფი, შინდი…), ხდება საგაზაფხულო გამოფრენა და ფუტკარი ეზიდება  ყვავილის მტვერს.

მარტში  ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • აუცილებელია მოხდეს თითოეული სკის შემოწმება — როგორ გადაიტანა ზამთარი ოჯახებმა, ხომ არ შეიმჩნევა საკვების სინაკლებე, აუცილებლობის შემთხვევაში საკვების მიცემა სიროპის სახით ან გამაღიზიანებელი კვების დაწყება;
  • ვაკვირდებით ხომ არაა რომელიმე ოჯახში დედის პრობლემა, თუ პრობლემაა სათადარიგო დედას მივუსვამთ, ან ვცდილობთ გამოყვანას მამალი ბარტყის არსებობის შემთხვევაში;
  • ვაკვირდებით ხომ არაა ვაროატოზის შემთხვევები (მამალი ბარტყის გადახსნა და ა.შ.), ვახდენთ სკის დამუშავებას ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით; (ფლუვალინატის და ეთეროვანი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებით)
  • ვიწყებთ ყველა ოჯახის ცილოვანი საკვებით მომარაგებას;
  • სიროპის მიცემით ვააქტიურებთ ფუტკრის ოჯახებს და ძლიერი ოჯახები იწყებენ ცვილის გამოყოფას, ვაკვირდებით გარემოს ტემპერატურის პროგნოზს და თუ ყინვები არაა მოსალოდნელი ნელ-ნელა ვიწყებთ ბუდის გაფართოებას ასაშენებელი ფიჭების ჩამატებით, (თავიდან ერთი ცალი ასაშენებლით და ოჯახის სიძლიერისადა მიხედვით ნელ-ნელა ვზრდით ასაშენებლების რაოდენობას).

აპრილი

დღისით საკმაოდ თბილა, მაგრამ ღამით ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ტემპერატურის ვარდნა, ამ თვეში მასობრივად იწყებს ყვავილოვანი მცენარეები აყვავებას, ამ დროს ფუტკრის ოჯახში მთლიანად შეცვლილია შარშანდელი მოზამთრე ფუტკრის  თაობა ახალი თაობით, ფუტკარი აქტიურად აშენებს ფიჭებს, აგროვებს ნექტარს და ყვავილის მტვერს.

აპრილის ბოლოს კოლხეთის დაბლობზე ბოლო წლებია აკაცია იწყებს ადრე ყვავილობას და სასურველია ამ პერიოდს ფუტკრის ოჯახები ძლიერად შეხვდნენ, არ შეიქმნას სანაყრე მდგომარეობა, რომლის კონტროლი შეგვიძლია ბუდის გაფართოებით.

აპრილში  ჩასატარებელია შემდეგი სამუშო:

  • ამ დროს აუცილებელია ზედმეტი ჩარჩოების მოშორება ან ბუდის განზე გადადება (უვარგისი, შავი, დეფორმირებული ჩარჩოების ამოტანა და ცვილად გადადნობა);
  • ყურადღების მიქცევა ამინდის პროგნოზზე რომ ღამით ტემპერატურის ვარდნისას არ მოხდეს მატლის, ფუმფლის წაყინვა (მოვახდინოთ დათბუნება);
  • ოჯახების შემოწმება დედების კვერცხმდებლობაზე, უვარგისი დედების დროულად შეცვლა უკეთესი დედებით;
  • ყურადღების მიქცევა ვაროატოზზე, ასკოფეროზზე და აკარაპიტოზზე, გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პრეპარატებით დამუშავება;
  • ბუდის გაფართოება ახალი ასაშენებელი ფიჭების ჩამატებით ამინდის შესაბამისად.

მაისი

თბილი ამინდებია როგორც დღისით ასევე ღამით, ამ დროს ჩვენთან ხდება მთავრი ღალის მომცემი მცენარეების აყვავილება, ფუტკარს უჩნდება მიდრეკილება ყრისადმი, ოჯახებში სწრაფად მატულობს  მუშა ფუტკრების რაოდენობა.

მაისში  ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • რეგულარულად ყოველ 3-5 დღეში აუცილებელი ხდება ოჯახებში ჩახედვა და ბუდის გაფართოება, მეორე კორპუსისა თუ საკუჭნაოების დადგმა;
  • უნდა მოვახდინოთ ნაყრიანობის მიმართ მიდრეკილი ოჯახების გადართვა თაფლის შეგროვებაზე, ნაყრიანობის აცილებით ვზრდით ოჯახების თაფლპროდუქტიულობას, რაც უნდა მოხდეს ბუდის გაფართოებით ახალი ასაშენებელი ფიჭების დამატებით, ჰანიმენეს ბადის დახმარებით და ა.შ.;
  • ამ დროს დაუშვებელია (თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა) რაიმე პრეპარატის გამოყენება საფუტკრეში რათა არ მოხდეს თაფლის დანაგვიანება ქიმიური ნივთიერებებით;
  • ვიწყებთ მზადებას თაფლის დაწურვისათვის.

ივნისი

სითბოა, მცენარეები აქტიური ყვავილობის ფაზაშია,  ფუტკარი მთლიანად გადართულია ნექტრის შეგროვებაზე, მეფუტკრე ემზადება თაფლის დაწურვისათვის და მთა-ბარობისათვის.

ივნისში  ჩასატარებელი სამუშაო:

  • აუცილებელია 3-5 დღეში ოჯახების შემოწმება;
  • ყოველდღიური დაკვირვება ნექტრის შემოტანაზე საკონტროლო სკის მეშვეობით;
  • გადაბეჭდილი ჩარჩოების ამოტანა და დაწურვა;
  • დაწურვის შემდგომ ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატით ფუტკრის ოჯახების დამუშავება (ფლუვინატის, ეთეროვანი ზეთების შემცველი პრეპარატებით);
  • ღალის დამთავრების შემდეგ ძველი დედების შეცვლა ახალი დედებით;
  • მთა-ბარობისათვის ფუტკრის ოჯახების მომზადება;
  • ახალი ოჯახების შექმნა ხელოვნური გაყოფის გზით;
  • დედების გამოყვანა და ა.შ.

ივლისი

ბარში კოლხეთის დაბლობზე ყვავილობას იწყებს ძიძო და სხვა მინდვრის ყვავილები, მთაში კი წაბლის შემდეგ ცაცხვი და ალპური ყვავილები. უკვე თაკარა სიცხეებიც აჭერს და ფუტკარს უჭირს +33 გრადუს ცელსიუსით ზევით ნექტარზე მუშაობა.

ივლისში ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • მთაში ყურადღებას ვაქცევთ ფუტკრის მუშაობას ღალაზე, საკონტროლო სკის მეშვეობით;
  • ვემზადებით დაწურვისათვის;
  • ვაკვირდებით ოჯახებს სხვადასხვა დაავადებებზე (ამერიკული და ევროპული სიდამპლე) და საჭიროების შემთხვევაში ვმკურნალობთ;
  • ვემზადებით დაწურვის შემდგომ ფუტკრის ოჯახების ბარში ტრანსპორტირებისათვის;
  • ფიჭებს ვასუფთავებინებთ(ვამშრალებინებთ) ფუტკარს;
  • ვამცირებთ ბუდეს.

აგვისტო

გამოირჩევა ცხელი ამინდებით, ღალიანობა ძალიან შემცირებულია, ამ დროს სიცხეების გამო ფუტკარი გარეთ საფრენებს ეკიდება და ჩარჩოები რჩება მეთვალყურეობის გარეშე რასაც კარგად იყენებს სანთლის ჩრჩილის პეპელა და ცდილობს კვერცხების დადებას ფიჭებში, რომლიდანაც გამოჩეკილი მატლები ანადგურებენ ფიჭას, სუსტი ოჯახები ან ახალ შექმნილი ნუკლეუსები ვერ ერევიან და გაქცევით შველიან თავს, მეფუტკრესგან დიდი ყურადღებაა საჭირო რომ ჩრჩილი არ მოერიოს საფუტკრეს ან არ გავრცელდეს ქურდობა.

ამ დროისათვის ფუტკრის ოჯახები სუსტდება, დედა ამცირებს კვერცხდებას, მაისს-ივნისში დაბადებული ფუტკრები ცვდებიან და იღუპებიან, ივლისში დაბადებული ფუტკრები ზამთრამდე ვერ გაძლებენ, ოჯახი ზამთარს მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში დაბადებული ფუტკრების ხარჯზე გადაიტანს, რომლებსაც გაზაფხულზე გამოსული ბარტყი შეცვლით უკვე, მეფუტკრე უნდა მოემზადოს ამ პერიოდისათვის ოჯახების გასაძლიერებლად და კოლხეთის დაბლობზე ოქროწკეპლას ყვავილობისათვის.

აგვისტოში  ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები:

  • ვეწევით მზადებას შემოდგომის ოქროწკეპლას ყვავილობისათვის;
  • ვიწყებთ გამაღიზიანებელ კვებას რომ ფუტკარმა მარაგი საზამთროდ შეავსოს და დედამ კვერცხდებას მოუმატოს;
  • ვათვალიერებთ ოჯახებს რომ არ გამოგვეპაროს ჩრჩილის მავნე ქმედება;
  • კონტროლს ვახდენთ დაავადებების გავრცელებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში ფუტკარს ვამუშავებთ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებით;
  • მშრალ ფიჭებს ვინახავთ ჩრჩილისათვის მიუწვდომლად ან ვამუშავებთ ჩრჩილის მატლების საწინააღმდეგო პრეპარატებით;
  • გამოწუნებულ ფიჭებს გადავადნობთ ცვილად;
  • ამ დროს ძალიან საშიშია ქურდობა ცალკე უნდა გადავიყვანოთ სუსტი ოჯახები და შევამციროთ საფრენები.

სექტემბერი

ოქროწკეპლა 20 სექტემრისათვის აყვავდება, შემოდგომაა  –  სოფლებში ხალხი ემზადება ჭირნახულის ასაღებად, ღამით საკმაოდ გრილა, ფუტკარი ეზიდება ხილის ტკბილ წვენს, ყვავილობას იწყებს სურო და ფუტკარი ტყიან ადგილებში სუროზე გადაერთვება, ფუტკარი გრძნობს ზამთრის მოახლოებას და თაფლი გადააქვს ზამთრისათვის სკის ჩარჩოების ზედა ნაწილში, პროპოლისით ავსებს ხვრელებს და საფრენების ნაწილს.

სექტემბერში ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • სანამ ოქროწკეპლა აყვავდება ვახდენთ ოჯახების გამაღიზიანებელ კვებას და ზამთრისათვის მარაგების შევსებას;
  • ოქროწკეპლას ყვავილობისას თუ ტემპერატურა არ დავარდა და წვიმებმა არ შეგვიშალა ხელი შეიძლება კიდევ ვიფიქროთ 1-2 ჩარჩოს აშენებაზე და ვეცადოთ რომ დედამ ეს ჩარჩოები კვერცხით შეავსოს, ორი ჩარჩო გამოსული ბარტყი კი ნებისმიერი ფუტკრის ოჯახისათვის დიდი ფუფუნებაა;
  • ვემზადებით ფუტკრის ოჯახების დაზამთრებისათვის.

ოქტომბერი

უკვე ცივა, ოქროწკეპლა ყვავილობას აგრძელებს,  ცივი წვიმებია, არაა გამორიცხული თვის ბოლოსათვის წამოთოვოს კიდეც, ხეებს ფოთლები ცვივა. ფუტკარს გუნდი შექმნილი აქვს, როგორც კი დათბება გუნდი იშლება და თბილ ამინდებში ფუტკარი გარეთ დაფრინავს რომ გაზარდოს ზამთრის საკვების  მარაგი თუნდაც მცირედით, რაც უფრო გვიან შეიკვრება გუნდი მით უფრო უკეთესად გადაიტანენ ზამთარს.

ოქტომბერში ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • აუცილებელია ამ დროს სკიდან ამოვიტანოთ ზედმეტი ჩარჩოები, საკვებად დავუტოვოთ თაფლის მარაგი 8-12 კგ 6-8 ჩარჩოზე ფუტკარზე;
  • დავწუროთ ოქროწკეპლას თაფლი სანამ დაკრისტალებულა;
  • უბარტყობის პერიოდში დავამუშავოთ ფუტკრის ოჯახები ვაროატოზზე; (ფლუვინატის, ამიტრაზას ან თიმოლის შემცველი პრეპარატებით);
  • შევამჭიდროვოთ ბუდე;
  • შევამციროთ საფრენები;
  • მივიღოთ ღონისძიებები მღრნელების წინააღმდეგ;
  • სუსტი ოჯახები გავაერთიანოთ;
  • გავამზადოთ ფუტკარი დაზამთრებისათვის და მოვაწყოთ სავენტილაციო ხვრელები ისე რომ სკაში ნესტი არ დაგროვდეს ზამთრის განმავლობაში.

ნოემბერი

ტემპერატურა დაბალია მაგრამ კოლხეთის დაბლობზე სუბტროპიკულ ზონაში დროდადრო დათბება ხოლმე და ფუტკრის ნაწილი როგორც კი გარემოს ტემპერატურა +13 გრადუსს ცელსიუსით გადასცდება მაშინვე გარეთ გამოფრინდება და ცდილობს იპოვოს აქა-იქ შემორჩენილი ოქროწკეპლას ყვავილი, ფუტკარი გუნდშია.

ნოემბერში  ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • ყურადღებაა მისაქცევი მღრნელებზე;
  • დრო და დრო თბილ ამინდში გადავხსნათ თავი სკებს და შევამოწმოთ ნესტი ხომ არ დაგროვდა სკაში.

დეკემბერი

ცივა მაგრამ ისევ სუბტროპიკული ჰავის გამო დრო და დრო დღისით დათბება, ამ დროს კოლხეთის დაბლობზე აყვავდება იაპონური მუშმულა, რომელიც პროვოცირებას უკეთებს ფუტკარს და თბილ დეკემბრის დღეებში ფუტკარი მუშაობს ამ ყვავილზე, ეზიდება ნექტარს და ჭეოს…, ვფიქრობ ეს არც ისე ცუდია ვინაიდან ფუტკრი ნაწილი გამოფრენის დროს ითავისუფლებს შიგთავსს  ფეკალიებისაგან, მაგრამ ფუტკრის რაღაც ნაწილს მაინც უსტრებს სუსხიანი ქარი და  ნაწილი იღუპება, ასევე ხდება ფუტკრის ცვეთა.

დეკემბერში  ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • ვაკვირდებით სკებს მღრნელებზე;
  • ვამოწმებთ ვენტილაციას.

საქმიანობის ცხრილი

მეფუტკრე

შემდგენელი: აქვსენტი პაპავა
აგვისტო 2017 წ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB