მეფუტკრის გამოცდილება-ზოგადი ინფორმაცია ფუტკრის მოშენებისთვის

2722 Views Comment Off

ფუტკრის მოშენება-საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, თუმცა მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას და გულისხმიერ დამოკიდებულებას. ამ საქმის განსახორციელებლად სასურველი იქნება გვყავდეს ვინმე მეგობარი — მეფუტკრე რჩევა დარიგებისთვის, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისთვის. 

სასურველია ფუტკრის ოჯახი შევიძინოთ ადრე გაზაფხულზე (თებერვალი, მარტი). ამ პერიოდში შეიძლება ფუტკრის მასა ყველა ჩარჩოზე არ იყოს გასული, ამ პერიოდში ფუტკარი ინტენსიურად მრავლდება და შესამოწმებლად ადვილია.

ვამოწმებთ: სკას (ფუტკრის ბინა), ჩარჩოებს (ფერი, ასაკი და სხვა), თაფლისა და ჭეოს მარაგს, დედა ფუტკრის ასაკს (ჯანმრთელობას , მოძრაობას), ბარტყის მდგომარეობას, აგრეთვე ხომ არ შეინიშნება რამე დაავადება.

ვიყიდეთ ფუტკარი

ეხლა საჭიროა მისი გადმოყვანა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. ერთი შეხედვით ადვილია ეს საქმე, მაგრამ აქაც არის გასათვალისწინებელი შემდეგი გარემოებები: 

1) სკა უნდა იყოს კარგი ფუტკარი რომ არ გამოვიდეს გადმოყვანის დროს.

2) სკას უნდა ჩაუკეტოთ ღამით საფრენი რადგან ყველა ფუტკარი იყოს შიგნით.

3) გავითვალისწინოთ ტემპერატურა და ვენტილაცია, რადგან არ ჩაგვეხუთოს ფუტკარი ტრანსპორტირებისას.

4) არ შეიძლება ფუტკრის ოჯახის გადაადგილება მოკლე მანძილზე, რადგან მუშა ფუტკარი დაბრუნდება ძველ ადგილას და სკა დაცარიელდება (5 კმ და მეტი).

5) როცა სკას სახლში მოვიტანთ არ დაგვავიწყდეს საფრენის გახსნა ანუ დაველოდებით გათენებას.

ფუტკარში შემდგომი მუშაობისთვის დაგვჭირდება და აუცილებლად უნდა შევიძინოთ:

1. საბოლებელი
2. პირბადე
3. ასტამი
4. ფიჭის ასათლელი დანა
5. სათადარიგო სკები
6. თაფლის საწური
7. ხელოვნური ფიჭები და სხვა

გახსოვდეთ! ნუ ითხოვთ ინვენტარს მეზობელი საფუტკრიდან.

სკა დავსვათ ისეთ ადგილას სადაც ქარი არ ხვდება, სასურველია საფრენი აღმოსავლეთით ქონდეს დილის მზის პირველი სხივი საფრენზე დაეცემა. შუადღეზე კი სასურველია ის ხის ჩრდილში მოექცეს და ზედმეტმა ტემპერატურამ არ შეაწუხოს.

ეხლა ისმის კითხვა!? შეიძლება ერთი ოჯახიდან შეიქმნას რამდენიმე ოჯახისაგან შემდგარი პატარა მეურნეობა მაგ. 50 ოჯახი და უფრო მეტი? რა თქმა უნდა კი. როცა გამრავლებაზე ვფიქრობთ დროებით უნდა დავივიწყოთ თაფლი და მუშაობა წავრმართოთ მხოლოდ გამრავლებისათვის.

არსებობს ფუტკრის გამრავლების ბუნებრივი და ხელოვნური გამრავლება

ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვადგება ხელოვნური გამრავლება. ამ მეთოდის რამოდენიმე გზა არსებობს. ავირჩიოთ ყველაზე პრაქტიკული. ეს გახლავთ ფუტკრის ოჯახის თანაბრად შუაზე გაყოფა. ამისათვის სასურველია სკა დავდგათ 3-4 მეტრის სიგრძის, ხის ან რკინის შპალერზე შუა ადგილას ისე, რომ საბოლოოდ მასზე ოთხი ოჯახი ფუტკარი დაეტიოს. სკებს შორის დაშორება სასურველია 1 მეტრი, სიმაღლე 50 სმ.

როდესაც ფუტკარი კარგად გამრავლდება სკაში და მთლიანად დაფარავს ჩარჩოებს, ვიღებთ მეორე სკას იმავე ფერის ან, ან ორ სკას სხვა მაგრამ ერთნაირი ფერის და მასში გადაგვყავს თანაბრად ამ სკის ფუტკარი, ისე რომ თანაბრად გადანაწილდეს ორივეში გადაბეჭდილი და გადაუბეჭდავი ღია ბარტყს ჩარჩოები. ცხადია დედა გადაყვება ერთ-ერთში.

რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ორ სკაში ვაკვირდებით მუშა ფუტკრების მოძრაობას იმ სკაში რომელშიც მეტი მუშა ფუტკარი შედის ვწევთ გვერძე მანამ სანამ არ გათანაბრდება ფუტკრის მოძრაობა. უფრო გვიან კი შებინდებისას ვაკვირდებით სკის საფრენს. იმ სკაში, რომელშიც დედა არ არის, ფუტკრები გამოდიან საფრენის ირგვლივ, მოძრაობენ მოუსვენრად, ეძებენ დედას. ამ სკა მოვნიშნავთ და მესამე დღეს ვაძლევთ დედას გალიით ან სადედე სპირალით.

ამგვარად, ერთი ოჯახიდან მივიღეთ ორი ოჯახი. ამ სკებს ერთმანეთს თანდათან დავაშორებთ ისე, რომ მანძილი იყოს მათ შორის 2 მეტრი. კარგი ღალიანობის პერიოდში შესაძლებელია ამ ოჯახებმა სკის ბუდე მთლიანად შეავსოს ე.ი თორმეტივე ჩარჩო დაიფაროს ფუტკრით.

შემდეგ იწყება გაყოფის მეორე ეტაპი. ეხლა უკვე ორ სკას ვყოფთ იმავე მეთოდით როგორც პირველად გავაკეთეთ. თუ გვაქვს საშუალება ეხლა უკვე ოთხ სკას წავიყვანთ სამთაბაროთ, სადაც კარგი ღალაა, ან დავტოვებთ ადგილზე და მას შეუქმნით კვებისა და მოვლის შესაბამის პირობებს.

თუ ერთი 12 ჩაჩოიანი სკიდან მიივიღეთ ოთხი 9 ან 10 ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახი, თაფლითა და ჭეოთი უზრუნველყოფილი, ეს უკვე იქნება მომავალი წლისათვის გასაყოფი ფუტკარი.

ამრიგად ერთი ოჯახისაგან სავსებით შესაძლებელია 3-4 წელიწადში მივიღოთ 50 ოჯახისაგან შემდგარი პატარა მეურნეობა. მე აქ კიდევ უნდა შეგახსენოთ, ამ პერიოდში თაფლი დავივიწყოთ. პირიქით შეიძლება ფუტკარს დაჭირდეს საკვების დამატება განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, როდესაც იგი იწყებს ინტენსიურ გამრავლებას. გამრავლება საკვებზე დიდად არის დამოკიდებული, ცდებით დადგენილია რომ, საშუალო სიძლიერის ფუტკრის ოჯახი წლიდან-წლამდე ბარტყის გამოკვებისათვის როგორც ენერგეტიკულ მასალას, ხარჯავს 40 კილოგრამზე მეტ თაფლს, ასევე 20-25 კგ ყვავილის მტვერს.

ფუტკარი მთელი წლის განმავლობაში არის ინტენსიური მოძრაობის პირობებში. ასევე მეფუტკრეს ფუტკართან აქვს საქმე მთელი წლის განმავლობაში.

1. საგაზაფხულო სამუშაოები
2. საშემოდგომო სამუშაოები
3. დასაზამთრებლად საჭირო სამუშაოები.

საქართველოს პირობებში ფუტკარი ოჯახის განახლებას იწყებს დეკემბრის ბოლოდან ე.ი დედა იწყებს კვერცხისდებას.

თბილ, მზიან ამინდში მუშა ფუტკარი გარეთ გამოდის კუჭის გასაწმენდად, აგრეთვე სკაში შეაქვს წყალი ბარტყის საკვების დასამზადებლად. პირველი გამომღერის დროს მეფუტკრე საფუტკრეში უნდა იყოს და აკვირდებოდეს თითეულ სკას გარეგანი დათვალიერებით და მოსმენით ვადგენთ: ხომ არ არის უდედო სკა, ხომ არ არის შიმშილი რომელიმე სკაში და სხვა.

გარდა ამისა საგაზაფხულო სამუშაოებში შედის ფუტკრის სკის მდგომარეობის შეფასება, მისი გასუფთავება და სხვა. ყველაზე შრომატევადი საქმე მეფუტკრეს სკაში აქვს მთავარი ღალიანობის დროს. ამ დროს მომარაგებული უნდა გვქონდეს ჩარჩო, სანთელი და სხვა. როდესაც ფუტკარი დიდი რაოდენობის ნექტარს მოიტანს ფუტკარს უვითარდება სპეციალურ ჯირკვლებში სანთლის გამომუშავება. იწყება ახალი სანთლით ფიჭის შენება. ამ დროს ხდება ჩარჩოების გათეთრება ახალი სანთლით საჭიროა ფუტკარს ავაშენებინოთ ახალი ჩარჩოები და გავაფართოვოდ, რომ არ მივცეთ მას საშუალება იგრძნოს სივიწროვე.

გარდა ამისა ახალი ფიჭა ახალისებს ფუტკარს. სასურველია 4-6 მდე ახალი ჩარჩო შეიცვალოს სკაში. ეს ბევრ დაავადებებსაც აგვაცილებს. როდესაც სკა კარგად გაძლიერედება, თუ მისი გამრავლება არ გვსურს საჭიროა მასზე დაიდგას საკუჭნაო ან ბუდის მეორე განყოფილება.

როდესაც თაფლიან ჩარჩოებს გადაბეჭდავს ფუტკარი, საჭიროა მისი დროული დაწურვა და განახლება რომ ხელი არ შეეშალოს ფუტკარს.

თუ ფუტკარმა ბუნებრივი ნაყარი გაუშვა სწიროა მისი ახალ სკაში მოთავსება და მას უნდა მივცეთ იმდენი ჩარჩო ასაშენებლად, რა სიძლიერისაც არის ნაყარი, რაც წონით იზომება. ზოგჯერ მისი დაჭერა სირთუელეებთან არის დაკავშირებული, რადგან ახალი ფუტკრის ოჯახი ხის სხვადასხვა სიმაღლეზე მიაყრის და ელოდება მზვერავი ფუტკრის სიგნალს წასასვლელად.

პრაქტიკულად გამოვიმუშავე ნაყარის ჩამოყვანის ყველაზე ადვილი და პტრაქტიკული მეთოდი რომელიც ბევრმა მეფუტკრეებმა მოიწონეს. ამისათვის ავიღოთ გრძელი (სასურველი ბამბუკის ჯოხი). ამოვიღოთ სკიდან მშრალი ან უმჯობესია ბარტყიანი ჩარჩო. ფუტკრის გარეშე კარგად დავამაგროთ ჯოხის წვერზე მავთულით და მივადოთ ნაყარს, რამდენიმე წუთში დედა გადავა მასზე და შემდეგ მთლიანად ფუტკარი. ნახევარი საათის შემდეგ ამ ჩარჩოს მთლიანად ვდებთ ახალ სკაში, ფუტკარი განაწილდება ჩარჩოებზე და ფრთების განსაკუთრებული მოძრაობით გვამცნობს რომ საქმე კარგადაა და იწყებენ მუშაობას.

საგაზაფხულო მუშაობაში შედის აგრეთვე ძველი დედების შეცვლა ახლით.

ამისათვის მე ვურჩევ მეფუტკრეებს გამოიყენონ სადედეების მიცემა სპირალით: სპირალში ვათავსებთ მომწიფებულ სადედეს საიდანაც 1-2 დღეში უნდა გამოვიდეს ახალი დედა. სპირალში ძველი დედა და მუშა ფუტკარი სადედეს ვერ აზიანებს, ხოლო ახალი დედა კი ბრძოლაში ამარცხებს ძველს და რჩება სკაში. ამ პროცესის შესრულება ადვილია, რადგან არ არის საჭირო სკაში დედის ძებნა და მისი ამოყვანა. თუ 50 ოჯახს ამისათვის დაჭირდება 1-2 დღე სპირალით დედებს ამავე სკებში მივცემთ ერთ საათში — ნახეთ დროში რამდენს ვიგებთ.

საშემოდგომო სამუშაოებში შედის:

1. ძველი ჩარჩოების გადადნობა
2. ფუტკრის ოჯახების შემოწმება, დედების მდგომარეობა.
3. დაავადებების ნიშნები (იხილეთ ამავე საიტზე დაავადებები).
4, საკვები მარაგის მდგომარეობა.
5. სკების მდგომარეობა და სხვა.

საქართველოში განსაკუთრებით სუბტროპიკული კლიმატის პირობებში სკის შეფუთვა, საფრენის დაპატარავება და სხვა არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება ამ ჩარევით ხელოვნურად შევქმნათ სინესტე და ფუტკარი დავღუპოთ. დათბილვა როგორც ასეთი დაჭირდება სუსტი ფუტკრის ოჯახს ისიც ადრე გაზაფხულზე როდესაც იწყება გამრავლება და ფუტკარი სწევს ტემპერატურას მაღლა.

მეფუტკრე დაინტერესებული უნდა იყოს საფუტკრეში რაც შეიძლება ძლიერი ოჯახი ყავდეს. ეს საჭიროა როგორც პროდუქტის რაოდენობის გაზრდისათვის, ასევე ზოგიერთი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ საჭირო ხდება როგორც ადრე გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე სუსტი ოჯახების შეერთება.

ფუტკრის ოჯახების შეერთების დროს გამოიყენეთ ქაღალდი, შესაძლებელია გაზეთი, რომელიც ტიხარის მსგავსად ორ სხვადასხვა ოჯახის ფუტკრებს შორის თავსდება. ამ დროს ფუტკრები ერთმანეთს თავს არ ესხმიან, იწყებენ გაზეთის დამუშავებას ნაფლეთებად და გარეთ გამოაქვთ.

გარდა ამისა გაზაფხულზე ფუტკრის პირველი გამღერის დროს თუ შევნიშნეთ რომ მასში დედა ფუტკარი არ არის, მას უნდა მივცეთ სათადარიგო დედა გალიის საშუალებით. გალიას ვტოვებთ 1-2 დღეს. ეს საჭიროა რადგან დაობლებული ფუტკრის ოჯახი ხშირად დედა ფუტკარს არ ღებულობს და კლავს.

ამიტომ საჭიროა გაზაფხულზე შევქმნათ ნუკლეუსი 4 ჩარჩოზე, რომელშიც ვანაყოფიერებთ დედა ფუტკარს და შევინახავთ. ერთ სტანდარტულ სკაში შეიძლება ტიხარის საშუალებით შევინახოთ ოთხი ნუკლეუსი (პატარა ოთხი დედით), რომელსაც სხვადასხვა მხარეს ოთხი საფრენი ექნება. თუ არ დაგვჭირდება გაზაფხულზე დედები შეიძლება მისი გაერთიანება (ტიხარის მოშლა) და გვეყოლება ერთი ძლიერი ოჯახი.

ფუტკარში მუშაობის დროს თუ დაგვეუფლა შიში პირველი დანესტვრის დროს საჭიროა ნებისყოფა გამოვიჩინოთ და ფუტკარი სხვას არ გადავცეთ მოსავლელად. მიმაჩნია რომ მეფუტკრე არ უნდა იყოს კარჩაკეტილი, ის უნდა ამხანაგობდეს მეფუტკრეებთან, შეკითხვებს არ უნდა მოერიდოს — სწავლა ცხოვრების მანძილზე ყოველთვის საჭიროა

რადგან უკვე შევქმენით პატარა მეურნეობა მაგ. 50 ოჯახი ფუტკრისაგან შემდგარ ეხლა შეიძლება ვიფიქროთ ფუტკრის პროდუქტებზე, რადგან ამოვიღით ის დანახარჯები რაც დაგვჭირდა ამ საქმის შესასრულებლად 3-4 წლის განმავლობაში.

ავიღოთ საშუალო მონაცემები (საშუალო ღალიანობის პირობებში) 50 ოჯახი ფუტკრისგან საშუალოდ შეიძლება მივიღოთ 1 ტონა თაფლი, 5 კგ რძე, 100 კგ. ყვავილის მტვერი, დინდგელი 10 კგ. (გარდა ამისა შეიძლება ავიღოთ შხამი, გამოვიყვანოთ დედები, და პაკეტები სარეალიზაციოდ). თუ მხოლოდ ამ ოთხ პროდუქტს გადავიყვანთ ფულად ერთეულებში, საშუალოდ მივიღებთ წელიწადში 26 ათას ლარს დანახარჯები მეურნეობას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ დარგი მაინც მომგებიანია.

გია ანთაძე
antadze.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB