მეფუტკრეობის ვებინარის კითხვა – პასუხი

2675 Views

გთავაზობთ მეფუტკრეობის ვებინარის დროს მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს და ტრენერის, სპეციალისტ დარეჯან ბალიაშვილის პასუხებს.

თუ შეგიძლიათ თეორიულად ამიხსნათ, როგორ გამოვიყვანოთ ხელოვნურად დედა?

დედების ხელოვნურად გამოყვანის ორი ხერხი არსებობს: ფუმფლის გადატანის გარეშე და ფუმფლის გადატანით. პირველის შემთხვევაში არსებობს შემდეგი მეთოდი: მილერის, ალეის და ცანდერის მეთოდი. მეორის შემთხვევაში პრატ-დულიტლის მეთოდი.

როგორ ვებრძოლოთ დაავადება ამერიკულ სიდამპლეს საწყის სტადიაზე და  რა პრეპარატებს გვირჩევთ?

ამერიკულ სიდამპლეს საწყის სტადიაზე უნდა ვებრძოლოთ ანტიბიოტიკებით: ბიოვეტი,  ვესტა, შევაფრქვიოთ  დაზიანებულ ოჯახს 10 გრ. ოდენობით.

აქტიური ღალიანობა როდის არის?

აქტიური ღალიანობა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს არის. კერძოდ, როდესაც გარემოში უხვად ყვავილობს ნექრის მომცემი მცენარეები.

რა არის დამშევით ან სიცივით გამოწვეული ფუტკრის დაღუპვის ნიშნები?

შიმშილით დახოცვის შემთხვევაში ფიჭის უჯრედებში ფუტკარი თავით არის შემძვრალი. სიცივის შემთხვევაში ფუტკარი მცირე რაოდენობით არის სხვადასხვა ჩარჩოზე პატარ-პატარა ჯგუფად გაფანტული და მკვდარი.

საბოლებელში რომელი ბოლის გამოყენებაა უკეთესი?

საბოლებელში უკეთესია ხის ბოლი. კარგად იწვის: ბურბუშელა, ფუტურო ხე, ხის სოკო, სიმინდის ნაქუჩი და ა.შ.

რას გვეტყვით ტროპილელაპსოზის შესახებ… ჩემს ერთ სკაში აღმოვაჩინე და ნიმუშებიც შენახული მაქვს.

ეს არის ინვაზიური დაავადება, აღმძვრელი ბინადრობს ბარტყზე იქ იკვებება და ვითარდება. ზრდასრული ფუტკრის კუტიკულას ვერ აზიანებს და მასზე ვერ ცოცხლობს, როგორც კი ბარტყი თავდება, ტკიპი ფუტკარზე ვერ იზამთრებს და ისიც იღუპება.

როდის არის აპიმაქსის მიცემა რეკომენდებული?

აპიმაქსი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზაფხულზე სიროფთან ერთად, პროფილაქტიკის მიზნით.

მოქმედებს თუ არა ვაროკომი თაფლზე?

არ არის სათანადო გამოკვლევები ჩატარებული.

ხელოვნურად გაყოფის ყველაზე სასურველი დრო რომელი თვეა?

ხელოვნურად გაყოფისთვის საუკეთესო დროა აპრილი, მაისი.

6 ჩარჩოზე გაშლილი ფუტკარი როგორ ოჯახად ითვლება, გაზაფხულის დასაწყისში?

ექვსი ჩარჩო ფუტკარი გაზაფხულზე ითვლება საშუალო კონდიციის სიძლიერის ოჯახად.

კარგი ღალიანობის პერიოდში დედამ რამდენ ჩარჩოზე უნდა დადოს კვერცხი?

კარგი ღალიანობის პირობებში დედა დღე-ღამეში დებს 1500 დან 2000 მდე კვერცხს.

ოჯახის ბალიშებით დათბუნება აუცილებელია?

ზედმეტი დათბუნება ნორმალური სიძლიერის ოჯახისთვის სავალდებულო არ არის, დათბუნება სჭირდება სუსტ ოჯახს.

როგორ  შევაჩეროთ ნაყრიანობა. ბუდეს ვაფართოვებ, სადედეებს ვშლი, მაგრამ გაზაფხულზე მაინც ყველა სკა გარბის…

როგორც კი ოჯახი მოძლიერდება შეგიძლიათ გააკეთოთ განაყოფი ან გააფართო-ვოთ ბუდე და დაადგათ საკუჭნაო, სანამ ფუტკრის ოჯახში ნაყრიანობის ინსტიქტი ამუშავდება, როდესაც სადედეების ჩამოშენებას იწყებს მისი გამოყვანა სანაყრე მდგომარეობიდან რთულია.

სად შევამოწმოთ ფუტკრის რძე ლაბორატორიულად?

ფუტკრის რძის შემოწმებისთვის მიმართეთ ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ორგანიზაციებს.

სკის ზედა საფრენის დამატებას თუ გვირჩევთ?

კორპუსის  შემთხვევაში სასურველია.

ზოგი მეფუტკრე სკას ზემოდან ცელოფანს აფენს, რამდენად გამართლებულია? და ზემოდან პენოპლასტის ფირფიტა რომ დავადოთ რამე შედეგი ექნება? სკის ტემპერატურას ინარჩუნებს?

უმჯობესია იხმაროთ უხეში მატერიის საფარი ტილო.

სტარტოვიტი ხომ არ ცვეთს ფუტკარს?

გარკვეულწილად მოქმედებს დედაზე. გაძლიერებული კვერცხმდებლობის გამო დედა შედარებით ადრეულ ასაკში გამოდის მწყობრიდან.

სტარტოვიტის მიცემა შეიძლება თიმოლთან ერთად?

სტარტოვიტთან ერთად სიროფში არაფრის შერევა არ შეიძლება.

სტარტოვიტის გამოყენებისას, თაფლის ქიმიური ანალიზის დროს, რაიმე კვალი არ რჩება? თუ ბუნებრივ ნარევს მიეკუთვნება?

სტარტოვიტი წარმოადგენს ევროპულ პრეპერატს რომელიც აკმაყოფილებს სტარდარტის მოთხოვნებს, მის  შემადგენლობაში შედის კობალტის ქლორიდი, დინატრი ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი.

რამდენად ეფექტურია ეკოსტოპი ვაროატოზის წინააღმდეგ?

ეკოსტოპი გათვალისწინებულია ინსტრუქციით როგორც ვაროატოზისა და აკარაპიდოზის ერთობლივი სამკურნალო-პროფილაქტიკული საშუალება, საკმაოდ ეფექტური პრეპარატია ორივე დაავადებაზე.

ბაივაროლი, ეკოსტოპი ან ვაროსტოპი ბარტყის ზრდა -განვითარებას ხომ არ უშლის ხე ?

არანაირად არ უშლის.

ვაროას ტკიპის დასაჭერად სამამლე ფიჭებს იყენებენო და შეკვეთით როგორ ავაშენებინოთ, როგორ ხდება?

ჩარჩოში ჩააკრავენ ხელოვნურ ფიჭას სანახევროდ, ან აშენებულ ფიჭას შუაში ამოჭრიან, სადაც ფუტკარი ააშენებს სამამლე უჯრედებს. ბარტყის გადაბეჭვდის შემდეგ ამოიჭრება ფიჭა და უნდა გადაიდნოს.

შემოვიდა ფლუვალიდეზის ფირფიტები ვაროატოზის და აკარაპიდოზის პროფილაქტიკისთვის.  არის თუ არა აპრობირებული?

აპრობილებულია.

გვესაუბრეთ აკვაფლოზე…

რუსული პრეპარატია, მომქმედი ნივთიერებაა ფლუვალინატი.

ვაროსტოპი შეჩვევას ხომ არ იწვევს?

ჯერჯერობით არ ფიქსირდება.

ბივაროლი ეფექტურია?

ბივაროლიც ისევე როგორც აკვა-ფლო წარმოადგენს ფლუვალინატს.

წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება ვაროსტოპის გამოყენება?

ვაროსტოპის გამოყენება შეიძლება ორჯერადად.

საფუტკრეში ნაყარის დროს როგორ მივხვდეთ რომელი სკიდან არის გამოსული ნაყარი?

დააკვირდით საფრენს, ხომ არ არის გამოღრღნილი? რომელ სკასთან ირევა და რომელი სკიდან გამოდის დიდი რაოდენობით ფუტკარი.

რამდენი უნდა იყოს  გაზაფხულზე გარემო ტემპერატურა  ვაროსტოპის გამოყენებისას?

დაახლოებით 15-16 გრადუსი.

არსებობს თუ არა ისეთი ხეზე დასამაგრებელი, რომ ნაყარზე გამოოსული ფუტკარი მიიზიდოს?

არსებობს სპეციალური ნაყრის მისაზიდი საშუალებები.

გაზაფხულზე ეკოსტოპი ჯობია თუ ვაროსტოპი?

ვინაიდან  ხშირია აკარაპიდოზის შემთხვევები უკეთესია გამოვიყენოთ ეკოსტოპი, რომელიც ორივე დაავადების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებას წარმოადგენს.

ზოგი სკა ძალიან აგრესიულია და როგორ მოვიქცეთ?

შეცვალეთ აგრესიულ ოჯახებში დედა. გასინჯვისას იმუშავეთ კარგად გაღვივებული საბოლებლით, ძლიერი კვამლით.

ნაყრის დასახვევ მალამოზე გვესაუბრეთ….

ნაყრის მისაზიდი მალამოებია: შარლმაბელის მალამო, აპიროი და სხვა.

ლაბორატორია სად მდებარეობს?

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ლაბორატორია მდებარეობს ვაშლიჯვარში გოძიაშვილის ქუჩა №65.

თუ არის ახალი დაავადებები და როგორ ვებრძოლოთ?

ახალი დაავადება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ერთმა მეფუტკრემ აღნიშა თავის საფუტკრეში ტროპილელაფსოზის შემთხვევა. დავინტერესდი ამ ზარით და დავაზუსტებთ ამ  შემთხვევას.

რომელი პრეპარატები იკრძალება?

იკრძალება: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი); ნიტროფურანები; მეტრონიდაზოლი; ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდების ნარჩენი ნივთიერებები.

ვებინარის კითხვა-პასუხი მოგვაწოდა „მომავლის ფერმერმა“.

114Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB