ჯენტერის ჩარჩო — დედა ფუტკრების და ფუტკრის სადედე რძის მიღება

1796 Views

მაღალპროდუქტიული დედა ფუტკრების და ფუტკრის სადედე რძის მიღება ჯენტერის ჩარჩოს საშუალებით.

საფუტკრეში მაღალპროდუქტიული დედა ფუტკრების გამოყვანა დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს, ამის გამო ბევრი მეფუტკრე უარსაც კი ამბობს მათ გამოყვანაზე.

ჯენტერის ჩარჩოს საშუალებითაც საკმაოდ რთულია დედა ფუტკრების მიღება, თუმცა თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, გაგიიოლდებათ საქმე და დედა ფუტკრები თქვენს საფუტკრეში გეყოლებათ მაშინ როდესაც თქვენ ამას გადაწყვეტთ.

იმისათვის რომ ჯენტერის ჩარჩოს საშუალებით გამოიყვანოთ დედა ფუტკრები, საჭიროა ჯენტერის ჩარჩოს კომპლექტი და ფუტკრის აღმზრდელი ოჯახი.

ჯენტერი

1. ჯენტერის ჩარჩოს კომპლექტი

ჯენტერის ჩარჩო ეს არის სამუშე უჯრედებიანი ფიჭის პატარა მონაკვეთი, რომელიც დამზადებულია პოლიეთილენისგან, იგი წინა მხრიდან იზოლირებულია დედა ფუტკრისათვის განემანის ბადით, ისე რომ მასში მოთავსებული დედა ფუტკარი ვერ გასცდება ჩარჩოს საზღვრებს.

ჯენტერის ჩარჩოს უკანა მხარეს ხდება უჯრედის ფსკერების (Insert cells) ჩამაგრება, რომლებიც ასრულებენ ჩარჩოზე არსებული სამუშე უჯრედების ფსკერის ფუნქციას.

ჯენტერის ჩარჩოზე დედა ფუტკრის იზოლირების შემდეგ, ის ჩადებს კვერცხს მასზე არსებულ სამუშე უჯრედებში. თუ გჭირდებათ კვერცხის გადატანა ამ შემთხვევაში მოხსნით უჯრედის ფსკერებს იმ უჯრედებს, რომლებშიც კვერცხი დევს, თუ ბარტყის გადატანა გსურთ, დაელოდებით იმ დროს როდესაც კვერცხი ბარტყად იქცევა, შემდეგ მოხსნით და მიაერთებთუფსკერო სადედე ჯამებზე(Queen cell). მას შემდეგ რაც უფსკერო სადედე ჯამებს და უჯრედის ფსკერებს შეაერთებთ, წარმოიქმნება სადედე ჯამები, რომლებშიც დედა ფუტკრის ზრდადაუსრულებელი ინდივიდი (ბარტყი ან კვერცხი) იქნება მოთავსებული. აღნიშნულ უჯრედებს მოათავსებთ თამასაზე და მიცემთ აღმზრდელ ოჯახს.

უჯრედის ფსკერების შეერთება უფსკერო სადედე ჯამებთან, მათი თამასებზე მოთავსება და აღმზრდელი ოჯახისთვის მისაცემად გამზადება უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. მას შემდეგ რაც მოათავსებთ სადედე ჯამებსთამასებზე, დაუყოვნებლივ აძლევთ აღმზრდელ ოჯახებს, რათა სადედე ჯამებში არსებული ბარტყი ან კვერცხი არ გაცივდეს ან არ გადახურდეს.

ფუტკრის აღმზრდელი ოჯახის მოსამზადებლად, ფუტკრის ოჯახებიდან იღებთ თავგადაბეჭდილ 5 სამუშებარტყიან ჩარჩოს ზედმსხდომი ფუტკრებით, დედა ფუტკრის გარეშე და დგამთ ცარიელ სკაში, რომელსაც შემდგომ განათავსებთ თქვენს საფუტკრეში. ასე შედგენილ ოჯახს აღმზრდელი ოჯახი ეწოდება. აღმზრდელ ოჯახს შედგენიდან 9 დღის მანძილზე ყოველ მეორე დღეს ვნახულობთ და არსებულ სადედეებს ვაცლით. მე-9 დღეს ამ ოჯახში არცერთი სადედე არ იქნება, ასევე არ იქნება ღია ბარტყი, ამ მოქმედებებით ჩვენ მათ ვართმევთ შესაძლებლობას გამოიყვანონ დედა ფუტკარი ჩარჩოებზე არსებული ბარტყიდან.

თუ გარემოში მთავარი ღალიანობაა კვება საჭირო არ არის, თუ უღალობაა ამ შემთხვევაში უნდა მიაწოდოთ საკვები. ფუტკრის აღმზრდელ ოჯახს შექმნიდან მე-9 დღეს ვაძლევთ 2-3 ჭეოიან და თაფლიან ჩარჩოს და მათ შორის ვათავსებთ თამასებს, რომლებზეც ჯენტერის ჩარჩოს მეშვეობით მიღებული სადედე ჯამებია მოთავსებული შიგ არსებული ბარტყით ან კვერცხით. აღმზრდელ ოჯახში სადედე ჯამებთან ახლოს არსებულ თაფლიან ჩარჩოზე თავგადაბეჭდილ თაფლიან უჯრედებს თავი მოხსენით, რათა ფუტკრებმა ადვილად აიღონ თაფლი და გამოიყენონ აღსაზრდელი სადედე ბარტყის გამოსაკვებად.

ცნობილია, რომ აღმზრდელი ფუტკრის ოჯახი აღსაზრდელ სადედე ბარტყს ან კვერცხს იშვიათად ღებულობს იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოში უღალობაა, ამიტომ საჭიროა შეუქმნათ მას ღალიანობის პირობები, კვებოთ უხვად. მაგ, დღეში 300-400 გრამი თაფლისა და წყლის ნაზავით, კონცენტრაციით 1 ლიტრი თაფლი 1,5 ლიტრ წყალში განზავებული.

კვება უნდა დაიწყოს აღმზრდელი ოჯახის შექმნიდან მე-5 დღეს და გაგრძელდეს სადედეების გადაბეჭდვამდე, შემდეგ კი დღეგამოშვებით დედა ფუტკრების მიღებამდე. მაღალპროდუქტიული დედა ფუტკრების მისაღებად ასევე საჭიროა აღმზრდელ ოჯახს უხვად ქონდეს ჭეოს მარაგი.

აღმზრდელი ოჯახის შექმნიდან მე-9 დღეს უნდა მოხდეს აღმზრდელი ოჯახისათვის ბარტყის ან კვერცხის სადედე ჯამებით მიწოდება, რათა თავიდან აიცილოთ ფუტკრის დაბერება და ცრუ დედების გაჩენა. საჭიროა ჯენტერის ჩარჩო დროულად ჩადგათ ფუტკრის იმ ოჯახში, რომელშიც მაღალხარისხიანი დედა ფუტკარი გყავთ და დაამწყვდიოთ მასზე იმის გათვალისწინებით, რომ იგი მის ჩაკვერცხვას მოანდომებს 1 დღეს, ხოლო კვერცხი ბარტყად იქცევა მისი დადებიდან 3 დღის შემდეგ, თქვენ კი აღმზრდელი ოჯახის შექმნიდან მე-9 დღეს სადედე ჯამებით ბარტყი ან კვერცხი უნდა მიაწოდოთ აღმზრდელ ოჯახს. დედა ფუტკრის მისაღებად გადასატანი ბარტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. თუ კვერცხის გადატანა გსურთ, მაშინ დედაფუტკარს ვათავსებთ ჯენტერის ჩარჩოზე აღმზრდელი ოჯახის შექმნიდან მე-7 დღეს, ხოლო თუ ბარტყის მე-6 დღეს.

ცნობილია, რომ ფუტკრის აღმზრდელი ოჯახი აღსაზრდელად ბარტყს უფრო ადვილად იღებს ვიდრე კვერცხს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჯენტერის ჩარჩოზე დედა ფუტკარი კვერცხს იშვიათად დებს უღალობის პერიოდში, ამიტომ იმ ოჯახსაც რომელშიც დედა ფუტკრის მიერ ჯენტერის ჩარჩოს ჩაკვერცხვა გვინდა, უნდა შევუქმნათ ღალიანობის პირობები, ვკვებოთ უხვად დღეში 300-400 გრამი თაფლისა და წყლის ან შაქრისა და წყლის ნაზავით, კონცენტრაციით 1 ლიტრი თაფლი 1,5 ლიტრ წყალში ან 1 კგ შაქარი 0,7 ლიტრ წყალში განზავებული. კვება უნდა დაიწყოს მანამდე 2 კვირით ადრე, სანამ ჯენტერის ჩარჩოზე დედაფუტკარს დავამწყვდევდეთ

კვერცხის მდგომარეობიდან მე-16 დღეს სადედეებიდან გამოვლიან დედა ფუტკრები, ამიტომ საჭიროა მე-13 ან მე-14 დღეს სადედეები ამოვიღოთ აღმზრდელი ოჯახიდან და მივაწოდოთ იმ ოჯახებს, რომლებსაც დედა ფუტკარი ესაჭიროებათ დამცავი ზამბარებით ან წამოვაცვათ მათზე სადედე გალიები და დაველოდოთ დედა ფუტკრების გამოსვლას.

ჯენტერი

2. სადედეებზე წამოცმული გალიები, მოთავსებულია თამასებზე.

ჯენტერის ჩარჩოს საშუალებით 1 აღმზრდელი ოჯახისაგან შეგვიძლია მივიღოთ 18-25 მაღალპროდუქტიული დედა ფუტკარი.

ჯენტერის ჩარჩოს მეშვეობით სადედე რძის მიღება

ამ შემთხვევაში ფუტკრის აღმზრდელ ოჯახს ვაწოდებთ 12 საათამდე ბარტყს, ფუტკრები დაიწყებენ მის გამოკვებას, ცნობილია რომ 2-4 დღის ასაკის ბარტყს ყველაზე მეტი სადედე რძე აქვს მარაგის სახით სადედე ჯამში, ამიტომ ამ პერიოდში აღმზრდელ ოჯახს ვაცლით თამასებს ზედ არსებული სადედე ჯამებით და ბარტყით.

სადედე ჯამებიდან ამოგვყავს ბარტყი, ვიღებთ შიგ არსებულ სადედე რძეს და ვაგროვებთ. დაუშვებელია 3-4 დღეზე ხნიერი ასაკის ბარტის ამოყვანა უჯრედიდან და უჯრედში არსებული მასის აღება, რადგან ამ ასაკში იგი გამოყოფს ექსკრემენტებს. სადედე რძე ინახება -5+2 გრადუს-ცელსიუსზე.

აღმზრდელი ოჯახიდან რძის აღების შემდეგ იმავე დღეს ისევ ვაძლევთ აღმზრდელ ოჯახს 12 საათამდე ასაკის ბარტს და ვიმეორებთ ასე 2-3 კვირა. შემდეგ აღმზრდელ ოჯახს ამ ფუნქციას ვართმევთ, რადგან ფუტკარს რძის გამოყოფის უნარი უქვეითდება და შესაძლოა გაჩდნენ ცრუ დედები.

თუ ბუნებაში მთავარი ღალიანობა არ გვაქვს კვება საჭიროა იგივე დოზებითა და გრაფიკით, როგორც დედა ფუტკრების მიღების შემთხვევაში აღმზრდელ ოჯახს ვკვებავდით ყოველდღიურად, 300-400 გრამი საკვები რძის აღების პერიოდში. ასევე საჭიროა იმ ფუტკრის ოჯახის ღალიანობის პირობების შექმნა, რომელშიც დედა ფუტკარი კვერცხავს ჯენტერის ჩარჩოს, კვება იწყება ჯენტერის ჩარჩოს ჩაკვერცხვამდე 2 კვირით ადრე, 300-400 გრამი საკვები ყოველდღიურად.

ჯენტერის ჩარჩოს მეშვეობით სადედე რძის მიღებისას, უფრო იოლია განსაზღვროთ ბარტყის ასაკი. ცნობილია რომ ფუტკრის ინდივიდი კვერცხის მდგომარეობაში 3 დღეა, შემდეგ ბარტყის მდგომარეობაში გადადის. ზოგადად ფუტკრის ბუდეში არსებული ბარტყის ასაკის განსაზღვრა რთულია, ხოლო როდესაც ჯენტერის ჩარჩოზე დედა ფუტკარს ვამწყვდევთ, შემდეგ ადვილად ვგებულობთ ბარტყის ასაკს, რადგან ვიცით როდის ჩაიკვერცხა იგი.

გარდა ამისა თქვენ თავს აარიდებთ ბარტყის ფირთხით გადატანით გამოწვეულ უსიამოვნებას, ამ დროს ბევრი ბარტყი იხოცება, ზოგიც ზიანდება, ცივდება და ასე შემდეგ. ამ მეთოდის საშუალებით დაზოგავთ დროს და ენერგიას და აუცილებლად მიიღებთ სარგებელს.

ავტორი: დავით ჩადუნელი

სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ავტორისეულია, რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს რომელიმე მათგანს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB