დემარის ნაყრობის საწინააღმდეგო მეთოდი

ნაყრობის, მეფუტკრეობა, მეთოდი

ცნობილი ამერიკელი მეფუტკრის დემარის, ნაყრობის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება ყველა სკაში შეიძლება, სადაც ერთიდაიგივე ზომის ჩარჩოებს მაგალითად ორკორპუსიან დადანში ან მრავალკორპუსიანში იყენებენ.

მეთოდის მთავარი არსი მდგომარეობს ბუდის გაფართოებაში, რომლის დროსაც დედა ფუტკარს ეძლევა კვერცხისდების საშუალება, იმავდროულად სკაში ისპობა ჩახუთულობა და ფუტკრებით გადატვირთვა.

1892 წელს, ამერიკის მეფუტკრეობის ჟურნალში გამოქვეყნებული იყო დემარის მეთოდის პირველი ვარიანტი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: ოჯახიდან რომელშიც ერთი კორპუსის ყველა ჩარჩო უკვე შევსებულია ფუტკრით, იღებენ ყველა ბარტყიან ჩარჩოს ფუტკრით, ერთის გარდა და გადააქვთ ზედა კორპუსში. ქვედა კორპუსში ტოვებენ ერთ ღიაბარტყიან ჩარჩოს თავისი დედით. კორპუსებს ავსებენ მშრალი ფიჭით და ასაშენებელი ჩარჩოებით. კორპუსებს შორის ათავსებენ გენემანის ცხრილს, რათა დედა ფუტკარი ზევით არ ავიდეს.

1894 წელს დემარიმ გაამარტივა თავისი მეთოდი, თუ წინა შემთხვევაში დედის მონახვა აუცილებელი იყო, ეხლა ყველა ბარტყიანი ჩარჩო ჩაიფერთხება ქვედა კორპუსში, რის შემდეგაც ისინი გადააქვთ ახალ კორპუსში, იმავდროულად ამ კორპუსს ავსებენ მშრალი და ასაშენებელი ფიჭებით. ქვევით ჩაფერთხილ ფუტკრებში აღმოჩნდება დედა, იქვე ტოვებენ კიდის უბარტყო ჩარჩოებს და უმატებენ მშრალ და ასაშენებელ ფიჭებს. კორპუსებს შორის თავსდება გენემანის ცხრილი.

1895 წელს დემარიმ თავისი მეთოდი კიდევ უფრო სრულყო ეხლა მისი წინადადებით ყველა გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩო იფერთხება და ზედა კორპუსში გადადის, ქვევით კი ღიაბარტყიანი ჩარჩოები რჩება დედასთან ერთად. ორივე კორპუსს ემატება მშრალი ასაშენებელი ფიჭები. კორპუსებს შორის თავსდება გენემანის ბადე (ცხრილი). ზედა კორპუსიდან მამალი ფუტკრების გამოსასვლელად იღება საფრენი ზედა კორპუსში.

ასეთი სახით დემარის მეთოდს 100 წელზე მეტია იყენებენ მთელი მსოფლიოს მეფუტკრეები, მას თავისი სიმარტივის და თითქმის 100% ნაყრობის საწინააღმდეგო შედეგის გამო დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

დემარის მეთოდი ასეთივე სახით არის მოცემული რუტების “მეფუტკრეობის ენციკლოპედიაში”. ძლიერ ოჯახს, რომელმაც უკვე გაავსო კორპუსი, ამასთან გააჩნია ბევრი ბარტყი და ფუტკარი, ადგამენ მეორე კორპუსს, რომელშიც მოთავსებულია მშრალი ფიჭა და ასაშენებელი ჩარჩოები, ხოლო ცენტრში გადატანილია გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები ძირითადი კორპუსიდან. კორპუსებს შორის ათავსებენ გენემანის ცხრილს.

დედას და ღიაბარტყიან ჩარჩოებს ტოვებენ ქვედა კორპუსში, რომელსაც ასევე ავსებენ მშრალი და ასაშენებელი ფიჭებით. ორი კვირის შემდეგ ზედა კორპუსში მთელი ბარტყი გამოდის, უჯრედები ივსება თაფლით, ხოლო ქვედა კორპუსში კი ყველა სტადიის ბარტყი გვყავს.

ასეთი სახით ან მცირე მოდიფიკაციით ეს უნიკალური მეთოდი დამკვიდრდა არა მარტო ამერიკის, არამედ სხვა ქვეყნების მეფუტკრეობაშიც, ყველგან, სადაც მრავალკორპუსიანი, ორკორპუსიანი ან ერთნაირჩარჩოებიანი სკები აქვთ.

მე თვითონ ამ მეთოდს 1972 წლიდან ვიყენებ ჩემს საფუტკრეში, როგორც ნაყრიანობის საწინააღმდეგოდ და ოჯახების მუშა მდგომარეობის შესანარჩუნებლად ასევე უძლიერესი ოჯახების მისაღებადაც. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გენემანის გამყოფს საერთოდ არ ვხმარობდი, (არა იმიტომ რომ საჭირო არ იყო, არამედ იმის გამო რომ არ მქონდა), შედეგი მაინც კარგი იყო.

რადგან საქართველოს მეფუტკრეების უმრავლესობას გამყოფი ბადეები არ გააჩნია ამიტომ ამ მეთოდის ჩემეულ ინტერპრეტაციას (გამყოფი ბადეების გარეშე) შემოგთავაზებთ, 12 ჩარჩოიანი დადანის სკებისთვის.

ოჯახს რომელშიც 11 ჩარჩო, ფუტკარს სრულად აქვს დაფარული (12 ჩარჩომდე არ ვავსებ, რადგან შემდეგ სკაში ჩარჩოების მანიპულირება ძნელდება), გვერდით დავუდგამ თავისსავე გადმობრუნებულ თავსახურს რომელზედაც ვდგამ ცარიელ კორპუსსან ორ ერთმანეთზე შედგმულ საკუჭნაოს. ამ კორპუსში ვათავსებ ორ ან სამ ჩარჩოს მშრალი ფიჭით და ორ ჩარჩოს ასაშენებელს.

პირველი ჩარჩო კორპუსის კედელთან იდგმება მშრალი ფიჭა, შემდეგ ბუდიდან გადმომაქვს ორი უმეტესად გადაბეჭდილ ბარტყიანი ჩარჩო, შემდეგ ვათავსებ ასაშენებელ ან მშრალ ფიჭიან ჩარჩოს იმისდამიხედვით, თუ როგორია ამინდი და მომავალი ღალა, შემდეგ ისევ ბუდიდან ამოღებულ ორ გადაბეჭდილბარტყიან ჩარჩოს, შემდეგ ასაშენებელ ან მშრალფიჭიანს, ოჯახის სიძლიერის და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მოსალოდნელი ღალის გათვალისწინებით.

შემდეგ ისევ ორი გადაბეჭდილბარტყიანი, (თუ ასეთი კიდევ დარჩა) ჩარჩო და საბოლოოდ მშრალფიჭიანი ჩარჩო. ახალი ჩამატებული და ძველი ბარტყიანი ჩარჩოები მიყვებიან ერთმანეთს მონაცვლეობით 1+2+1+2 . . . ძირითად კორპუსში, რომელიც ქვევით რჩება ვტოვებ კიდის ჩარჩოებს და ყველა ღიაბარტყიან ჩარჩოს.

ოჯახის სიძლიერის გათვალისწინებით, მათ შეიძლება შუაში ჩაემატოს ერთი ან ორი ასაშენებელი ან მშრალ ფიჭიანი ჩარჩო, დანარჩენი ორი ან სამი ასაშენებელი და მშრალი ფიჭა ედგმება ბუდეში მყოფ კიდის ჩარჩოს გვერდით.

ამის შემდეგ ყველა ჩარჩო მიიწევა სკის კორპუსის ერთი გვერდისკენ და თავზე ედგმება მეორე კორპუსი, რომელშიც ჩარჩოები ასევე ერთი გვერდისკენ არის მიწეული. ცხადია, კორპუსები ისე უნდა დაედგას ერთმანეთს, რომ ჩარჩოები ერთმანეთის თავზე აღმოჩნდნენ.

ოჯახი ასეთ მდგომარეობაში რჩება 10-14 დღის განმავლობაში შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა ყვავის და როგორი ღალაა მოსალოდნელი, ამასთან, არის თუ არა კორპუსების ადგილების შენაცვლების შესაძლებლობა, შემდეგნაირად ვიქცევით, თუ კორპუსების მონაცვლების შესაძლებლობას იძლევა სკის კონსტრუქცია.

რუსული სკები ამის შესაძლებლობას იძლევა, ეგრეთწოდებული ქართული ტიპის სკებზე კი მონაცვლეობა არ გამოდის, 10-14 დღის შემდეგ ქვედა კორპუსში აღმოჩნდება გადაბეჭდილი ბარტყი, ხოლო ზედა კორპუსში ღია და ახალგადაბეჭდილი.

1. თუ სკის კონსტრუქცია კორპუსების ადგილების მონაცვლეობის შესაძლებლობას იძლევა. კორპუსებს ადგილებს ვუცვლით და ვავსებთ ორივეს ბოლომდე მშრალი და ასაშენებელი ფიჭებით.

2. თუ კორპუსების მონაცვლეობის შესაძლებლობას სკის კონსტრუქცია არ იძლევა. ვავსებთ ორივე კორპუსს მშრალი და ასაშენებელი ფიჭებით, თუ არის დრო და შესაძლებლობა უმჯობესია ქვედა კორპუსში გადავიტანოთ ღიაბარტყიანი ჩარჩოები.

ორივე შემთხვევაში 10-14 დღე შეიძლება ფუტკრის ოჯახს თავი დავანებოთ. შემდგომ, როგორც ამას მოითხოვს კონკრეტული სიტუაცია, ან ახალი კორპუსი დავადგათ ან უკვე თაფლით სავსე ჩარჩოები ამოვაკლოთ და ასაშენებელი ან მშრალი ფიჭით შევავსოთ ან ვაცადოთ თაფლს ბოლომდე დამწიფება და მთელი კორპუსი მოვხადოთ.

ორივე შემთხვევაში ვცდილობ, რომ ქვედა კორპუსის ცენტრში ორი ან სამი ასაშენებელი ჩარჩო ჩავდო ორი ან თითო ბარტყიანი ჩარჩოს ინტერვალით. ღალის ბოლოს სწორედ ეს ასაშენებელი ჩარჩოები იქნებიან ბარტყით დაკავებული. სხვა ძველ ჩარჩოებზე უმეტესად თაფლი და ჭეო მოიყრის თავს.

თუ ძირითად ღალამდე კიდევ შორს არის (10-14 დღეა დარჩენილი) კორპუსებს კიდევ ერთხელ ვუცვლი ადგილს და ქვედა კორპუსიდან ახალ კორპუსში გადამაქვს 3 გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩო, მათ ადგილას ვათავსებ 3 ასაშენებელ ჩარჩოს თითო ბარტყიანის მონაცვლეობით, ხოლო ახალ კორპუსს ვავსებ უმეტესწილად მშრალი ფიჭით 1-2 ასაშენებლის დამატებით და ვადგამ მესამე კორპუსად ზემოდან.

ასეთივე წესით შეიძლება 8 ან 10 ჩარჩოიანი სკების გადაორკორპუსება, მთავარი პრინციპი ყველგან ერთია: გადაბეჭდილი ბარტყი ზევით, ღია ბარტყიანი ჩარჩოები ქვევით. ბოლო ცვლილება უნდა მოხდეს ძირითადი ღალის წინ.

ავტორი: თეიმურაზ ღოღობერიძე

თქვენი რეკლამა