დედა ფუტკრების მიერ კვერცხდების დაწყება

888 Views

ჯერ კიდევ ზამთარში, ფუტკრის პირველ გამოფრენამდე ერთი თვით, თვე-ნახევრით ადრე, დედა ფუტკარი იწყებს კვერცხის დებას და ფუტკრებიც ემზადებიან მომავალი თაობის აღსაზრდელად.

თავდაპირველად დედების მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა განისაზღვრება 20-30 ცალით დღე-ღამეში, პირველ თვეს დადებს არა უმეტეს 1000 ცალისა.

ჰაერის ტემპერატურის მომატებისა და თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის გაზრდასთან ერთად იზრდება კვერცხების რაოდენობაც და ბოლოს აღწევს 1500-ს და მეტს დღე-ღამეში.

იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად იზრდება დედა ფუტკრის ნაყოფიერება, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ 1500 ცალი კვერცხის საერთო წონა აღემატება თვით დედა ფუტკრის წონას.

ბარტყს ბუდეში უჭირავს ის ნაწილი, რომელშიც შედარებით ადვილად ახერხებს საჭირო ტემპერატურის (34-350C) დაცვას;

რაც უფრო ძლიერია გამოზამთრებული ოჯახი, დედა ფუტკარს მით უფრო მეტად შეუძლია განავითაროს კვერცხის დება.

თბილი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 12-150C-მდე მიაღწევს, ფუტკრები იწყებენ სკიდან გამოფრენას და კუჭის გასუფთავებას.

ამ პერიოდიდან დედა ფუტკრის კვერცხისმდებლობა საგრძნობლად იზრდება და სკაში ჩნდებიან ახალგაზრდა ფუტკრები. მათ გამოჩეკვასთან ერთად იხოცებიან ძველი გამოზამთრებული მუშა ფუტკრები და ფუტკრის პირველი გამოფრენიდან დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ ფუტკრის ოჯახის შემადგენლობა განახლდება ე.ი. ძველი მუშა ფუტკრები მთლიანად შეიცვლებიან ახალგაზრდა მუშა ფუტკრებით.

ამის შემდეგ იწყება ფუტკრის ოჯახის შემადგენლობის რაოდენობრივი ზრდა. მართალია, მუშა ფუტკრის ნაწილი იკარგება და იღუპება, მაგრამ ყოველდღიურად გამოჩეკილი ფუტკრის რაოდენობა აღემატება ამ დანაკარგებს.

ფუტკრის ოჯახის სიძლიერე ყოველდღიურად მატულობს და მათი გაძლიერება დამოკიდებულია, როგორც გარე პირობებზე, ასევე, თვით სკაში შექმნილ მდგომარეობაზე.

ბუნებაში ღალის შეწყვეტა, ბუდეში საკვების ნაკლებობა, ცუდი დათბუნვა და სხვ. უარყოფით გავლენას ახდენს ბარტყის აღზრდაზე.

ასეთ პირობებში დედა ფუტკარი კვერცხს დებს არათანაბრად, პერიოდულად და არასწორად, მაშასადამე მომავალი თაობაც იჩეკება არათანაბრად და ნახტომისებურად — ერთ დღეს მეტი ფუტკარი გამოიჩეკება, მეორე დღეს — ცოტა და ა.შ.

ფუტკრის ოჯახების თანაბრად გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ძლიერი ოჯახი მეტ საკვებს შეაგროვებს და უკეთესად უზრუნველყოფს თავის თავს ზამთრისათვის, ვიდრე სუსტი ოჯახი.

ძლიერი ოჯახები უკეთესად იზამთრებენ, უკეთესად იცავენ თავს მტრებისაგან, მეტ წინააღმდეგობას უწევენ სხვადასხვა ავადმყოფობებს და სხვ.

ძლიერი ოჯახები ერთნაირი პირობების დროს აგროვებენ მეტი რაოდენობის სასაქონლო პროდუქციას, ვიდრე სუსტები.

გაზაფხულის მეორე ნახევარში დედა ფუტკარი განაყოფიერებულ კვერცხებთან ერთად იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადებას, რომლებისგანაც გამოიჩეკებიან მამალი ფუტკრები.

როლანდ ზირაქიშვილი
წყარო: ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობა და სანაშენე საქმიანობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2165 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB