ვიტამინოვანი და მინერალური ელემენტები ფრინველის კომბინირებულ საკვებში

ფრინველი, კომბინირებული, საკვები

ბალახის ფქვილი – ბიოლოგიურად სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებათა კარგი წყაროა. ხელოვნური შრობის შედეგად მასში თითქმის მთლიანად რჩება ნორჩ ბალახში არსებული საზრდო ნივთიერება.

ბალახის ფქვილს მთელ სავეგეტაციო პერიოდში ამზადებენ ნორჩი, კარგად შეფოთლილი ბალახის პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარიდან, ან მათი შერეული ნათესებიდან.

ამ მიზნით პარკოსნებს სრული დაკოკრების, ხოლო მარცვლოვნებს დათავთავების დასაწყისში თიბავენ. განვითარების ამ ფაზაში მეტი რაოდენობის პროტეინსა და ვიტამინებს, ნაკლები რაოდენობით უჯრედანას შეიცავს.

ასეთი ბალახის ფქვილი მარცვლეულ კონცენტრატს სჯობია ცილის სრულფასოვნებით, მინერალური ნივთიერებათა, ვიტამინებისა და სხვა ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველობით. ბალახის ფქვილი გამოდის გრანულის სახითაც, რომელიც უკეთ ინახება.

ბალახის ფქვილის ტენიანობა 8-12%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მეტად გაშრობა კაროტინის დანაკარგს ადიდებს, ხოლო ზედმეტი სინესტე კი ფქვილს აფუჭებს. იგი შეიცავს 16-23% პროტეინს, 150-300 მგ კაროტინს კილოგრამებში. ის ფრინველის კომბინირებულ საკვებში 10%-ის რაოდენობით შედის.

გარდა ბალახის ფქვილისა, ვიტამინების კარგი წყაროა სტაფილოს, ყვითელი გოგრის, წიწვის, სხვადასხვა ხემცენარის, წყალმცენარეების ხელოვნური გაშრობით მიღებული ფქვილი.

მინერალური საკვები – ფრინველისათვის მინერალური ნივთიერებათა ძირითადი წყაროა საკვები, ნაწილობრივ – წყალი. ულუფაში ნატრიუმისა და ქლორის წყარო სუფრის მარილია.

ცალკეულ შემთხვევაში კალციუმის ნაკლებობისას იყენებენ ცარცს, კირქვას, ნიჟარის ფქვილს, ტბის ლამს, აგრეთვე უფტორო საკვებ ფოსფატს, ორ და სამ კალციუმიან ფოსფატს, ძვლის ფქვილს, ცეოლიტს.

სუფრის მარილი – ფრინველის კომბინირებულ საკვებში 0,2-0,3%-ის რაოდენობით რთავენ. მეტის შეტანამ შეიძლება ფრინველის დაავადება გამოიწვიოს. 1 კგ მარილში 400 გრ. ნატრიუმი და 600 გრ ქლორია.

ცარცი – კომბინირებულ საკვებში შეაქვთ დაფქვილი არა უმეტეს 2%. შეიცავს 35-40% კალიუმს. გამოიყენება მხოლოდ საკვები ცარცი, რადგან სხვა დანიშნულების ცარცი შეიძლება მომწამვლელი გამოდგეს.

კირქვა – სათანადო გადამუშავების შემდეგ შეიძლება კომბინირებულ საკვებში გამოვიყენოთ როგორც კალციუმის კარგი წყარო. კირქვის ფხვნილი მზადდება სუფთა თეთრი ნალექისაგან, რომელიც არა ნაკლებ 25% ნახშირმჟავა კალციუმის და არა უმეტეს 1% მარილმჟავაში უხსნად ნარჩენ სილას შეიცავს.

იგი არ უნდა შეიცავდეს დარიშხანს, ხოლო ფტორს არა უმეტესს 0,2%-ისა. საკვებნარევში შეიძლება შევიდეს არა უმეტესს 2%-ისა.

მოლუსკთა ნიჟარის ფქვილი – შეიცავს 37-38% კალციუმს. ფრინველის კომბინირებულ საკვებში შედის 2%-მდე.

ძვლის ფქვილი – მიიღება ცხოველთა ძვლის სათანადო დამუშავებით. იგი 26% კალციუმს, 14% ფოსფორს, მცირე რაოდენობით ნატრიუმს, კალიუმს და თითქმის ყველა მიკროელემენტს შეიცავს. საკვებნარევში შეიძლება ჩაირთოს 1%-მდე.

ფოსფორინი – მიიღება ორგანული გამხსნელით ცხიმგაცლილი და წებოგაცლილი ძვლის დაფქვით. იგი 32-35% კალციუმსა და 14% ფოსფორს შეიცავს.

უფტორო ფოსფატი – წყალში უხსნადი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილია, რომელსაც ბუნებრივი ფოსფორიტებისა და აპატიტისგან იღებენ სათანადო გადამუშავების შემდეგ.

შედგენილობა დამოკიდებულია საწყის ნედლეულზე. ერთკალციუმიანი ფოსფატი – წყალში კარგად ხსნადი ნაცრისფერი ფხვნილია, შეიცავს 17,6% კალციუმს და 24% ფოსფორს.

ორკალციუმიანი ფოსფატი – მას ხშირად საკვებ პრეციპიტადს უწოდებენ. მასში 20% ფოსფორია, 25% კალციუმი, 0,2% ფტორი და 0,012% დარიშხანი. სამკალციუმიანი ფოსფატი – შეიცავს 32% კალციუმს, 14% ფოსფორს და 0,2%-მდე ფტორს.

ავტორები: დ. თოდუა, სმმ დოქტორი, ა. ჭკუასელი, სმმ დოქტორი, ა. ჩაგელიშვილი, სმმ დოქტორი, ნ. მაისურაძე, სმმ დოქტორი, მ. ცინცაძე, სმმ დოქტორი./კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/

თქვენი რეკლამა