წიწილა ბროილერის კვება

ბროილერი

ბროილერს უწოდებენ 5-6 კვირის ასაკის ჰიბრიდულ სახორცე წიწილას, რომელსაც გააჩნია სწრაფი ზრდისა და საკვების კარგი ანაზღაურების უნარი, იძლევა ნაზ და ცვრიან ხორცს, მკერდის ძვლის რბილი ხრტილებით.

ორი თვის ასაკში მისი სხეულის მასა 40-60-ჯერ დიდდება. 100 კგ კომბინირებული საკვებით შეიძლება 44-45 კგ ბროილერის ცოცხალი მასა მივიღოთ.

სადღეისოდ ბროილერის 1 კგ ცოცხალი მასის მისაღებად იხარჯება 3 კგ კომბინირებული საკვები, რომელსაც დანახარჯების სტრუქტურაში 72% უკავია.

წიწილა-ბროილერს კვებავენ, სრულფასოვანი კომბინირებული საკვებით, რომელიც დაბალანსებულია ენერგეტიკული, პროტეინოვანი, მინერალური და ვიტამინოვანი საზრდოობით (იხ. ცხრილი).

ბროილერის კვება რეკომენდებულია ორ პერიოდად: სასტარტო (1-4 კვირა) და საფინიშო (5-7 კვირა). სასტარტო კომბინირებული საკვების 100 გრამში უნდა შედიოდეს 22-23% ნედლი პროტეინი, ხოლო საფინიშო 20-21%. ნედლი პროტეინის 20-25% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს.

გამოზრდის პირველ პერიოდში ცხოველური პროტეინი წარმოდგენილი უნდა იყოს მშრალი მოხდილი რძით (1-2%) და თევზის ფქვილით (2-7%, ხოლო მეორეში – თევზის 4% და ძვალხორცის 3% ფქვილით.

კვების ტექნოლოგიური ციკლი ითვალისწინებს კომბინირებული საკვების ორ სახეობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი კომპონენტები ცხრილი.

წიწილა-ბროილერის სრულფასოვანი კომბინირებული საკვები რეცეპტი

წიწილა, კვება

ძირითად ნარევს ემატება სპეციალური პრემიქსები 1%-ის რაოდენობით. თავის მხრივ პრემიქსებს ამზადებენ A, D, E, K, B, B2, B3, B4, B5, B6, Bc, B12, C ვიტამინების პრეპარატებისა და მიკროელემენტების: მარგანეცის, რკინის, სპილენძის, თუთიის, იოდის მარილებისაგან. მათში რთავენ ანტიოქსიდანტებს, ანტიბიოტიკებს და კოკციდიოსტატიკებს.

ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი შეაქვთ პრემიქსის ძირითად შემავსებელში (წმინდა ხორბლის ქატოში) და თანაბრად შეურევენ მას.

ულუფაში ენერგიის ნაკლებობისას მას უმატებენ 3-4% საკვებ ცხიმს. სიმინდის უქონლობისას ლინოლის მჟავის კომპენსაციის მიზნით იყენებენ მცენარეულ ზეთს ან ფოსფატიდს (3-5%). ვიტამინზე ბროილერის მოთხოვნილება ცვალებადობს გარემო პირობებისა და კომბინირებული საკვების ხარისხის მიხედვით.

მაგალითად ნეიმანის მიხედვით თუ კომბინირებული საკვების მჟავიანობა 3-4º-ია მაშინ ტონაზე 10 გ E ვიტამინი ემატება, ხოლო თუ მჟავიანობა 5-6º-ია მაშინ 15 გ. უჯრედანის ოპტიმალური დონე ულუფაში 3-4%-ია, მაქსიმალური 5%.

მინერალურ ნივთიერებათა მიმოცვლის გაუმჯობესების, ენერგიისა და პროტეინის გამოყენების ამაღლებისათვის ბროილერის ულუფაში აუცილებელია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა კომპლექსის შეტანა.

კომბინირებული საკვების ბუნებრივ კომპონენტებში შედის ამ ნივთიერებებზე მოთხოვნილების დაახლოებით ნახევარი, დანარჩენის კომპენსირება ხდება ვიტამინების და მიკროელემენტების პრეპარატების ჩართვით.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე  /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

იხილეთ: ბროილერის გამოზრდის პრაქტიკული სახელმძღვანელო

თქვენი რეკლამა