ციცარი – სადედე გუნდის და ბროილერის კვების ნორმები

ციცარი, ციცრები, მეფრინველეობა

ციცარი (Numididae) – ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა. შინაური ციცარი წარმოშობილია ჩვეულებრივი ციცრისგან (Numida meleagris), რომელიც დასავლეთ აფრიკაში ბინადრობს. შინაურ ციცარს აქვს გრძელი, ოვალური და ერთობ დეკორატიული სხეული, იყენებენ უმთავრესად სახორცედ.

მოზრდილი მამლის მასაა დაახლოებით 2 კგ, დედლისა 1,8 კგ. კვერცხმდებლობა – 70-120 კვერცხი წელიწადში. კვერცხი იწონის 42-45 გრამს. ციცარი სამრეწველო მნიშვნელობის ფრინველია.

სადედე გუნდის კვება

კვერცხმდებელი ციცრის კვების ნორმები გამომდინარეობს შენახვის სისტემიდან, კვების ტიპიდან და საფრინველეში მიკროკლიმატის პარამეტრებიდან.

ციცრის კვებისას იყენებენ კვების როგორც მშრალ, ტენიან, ასევე კომბინირებულ ტიპს. ციცრის კვების ულუფა უნდა შეესაბამებოდეს მის ჯიშურ თავისებურებებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, რომ ციცარს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა (39,9), მის ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა.

ახასიათებს აგრეთვე სეზონური კვერცხმდებლობა, ყოველივე ეს განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს იმ საკვებს, რომელიც ციცრის კვებაში გამოიყენება. თუმცა პრაქტიკულად ციცრის საკვებად ყველა ის საკვები საშუალებები გამოიყენება, რაც მეკვერცხული მიმართულების ქათმისათვის არის გათვალისწინებული.

ციცრის მშრალი კვების დროს მას ეძლევა მხოლოდ მშრალი, ფხვიერი ან გრანულირებული კომბინირებული საკვები, რომელიც უნდა იყოს სრულფასოვანი ან ითვალისწინებდეს მარცვალთან ერთად გამოყენებას. ტენიანი საკვებით კვებისას კი ციცრის საკვებად გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტების ნარჩენები, როგორიცაა სტაფილო, კომბოსტოს ნაკუწი, მოხარშული დაქუცმაცებული კარტოფილი, ჭინჭრის, სამყურას, ესპარცეტის და სოიოს ფოთლები.

საკარმიდამო მეურნეობაში ციცარი შეიძლება ვკვებოთ მწერებით, ჭიაყელებით, ბაყაყით და ა. შ.

ციცრის ტენიანი საკვებით კვებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ტენიანი საკვების დაბალი ყუათიანობის გამო, ის უნდა მივცეთ ერთ ფრთაზე 20-30 გრამის რაოდენობით დღე-ღამის განმავლობაში.

სადედე გუნდის ულუფის პროტეინოვანი ნაწილი წარმოდგენილი უნდა იყოს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილით. ცხოველური პროტეინი მაღალხარისხოვანი უნდა იყოს და ულუფის მთელი პროტეინის 30-36%-ს უნდა შეადგენდეს. მისი გამოყენების მიზანია ულუფის დაბალანსება შეუცვლელი ამინომჟავებით – ლიზინი, მეთიონინი, ცისტინი. გარდა ამისა, სადედე გუნდის კვების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ამინომჟავურვიტამინოვან, ისე მინერალურ საზრდოობას.

ციცრის სადედე გუნდის კომბინირებული საკვების საორიენტაციო სტრუქტურა მოცემულია ცხრილში #1.

cicari_srul_kveba_72341

ხოლო ძირითად საზრდო ნივთიერებათა შემცველობა კომბინირებულ საკვებში მოცემულია ცხრილში #2.

cicari_srul_kveba_72342

ჩვეულებრივი ზრდასრული ციცრის კვების დღიური ნორმა შეადგენს 120 გრამს.
10 ცალი კვერცხის წარმოებაზე იხარჯება 3,1-3,2 კგ საკვები.

ციცარი-ბროილერის კვება 

ციცარი-ბროილერის კვება რეკომენდირებულია 2 ფაზად.

პირველი ფაზა ითვალისწინებს 1-45 დღის ასაკამდე კვებას, ხოლო მეორე ფაზა 46 დღიდან გამოზრდის დამთავრებამდე. პირველი ფაზის კომბინირებულ საკვებში ყოველი 100 გრამი უნდა შეიცავდეს 22-24% ნედლ პროტეინს, არა ნაკლებ 290 კკალ (1,2 მჯ) სამიმოცვლო ენერგიას.

კომბინირებული საკვების ასეთი ულუფით გამოყენების შემთხვევაში ციცარიბროილერის წონა 80 დღის ასაკში აღწევს 1,200-1,300 კგ ცოცხალ მასას. შენარჩუნება 96-98%-ია, საკვების დანახარჯი 1 კგ ცოცხალი მასის მისაღებად 2,4-3,3 კგ-ია. ციცარ-ბროილერს პირველი 6-8 დღის განმავლობაში კვებავენ ყოველ 2 საათში ერთხელ, შემდეგ კვებას ახანგრძლივებენ 3 საათამდე. 30 დღის ასაკიდან გადაყავთ დღეში 4-ჯერად კვებაზე.

ციცარი-ბროილერის სამაგალითო ულუფა მოცემულია ცხრილში #4

cicari_srul_kveba_72344

ციცარი-ბროილერის ცოცხალი მასისა და დღიური საკვების დანახარჯების საორიენტაციო მაჩვენებლები ასაკის მიხედვით მოცემულია ცხრილში #5.

cicari_srul_kveba_72345
ციცარ-ბროილერს კლავენ 60-70 დღის ასაკში. დაკვლამდე 3-6 დღით ადრე ულუფიდან გამოთიშავენ თევზის ფქვილს, რათა ხორცს არ ჰქონდეს თევზის გემო. 12 საათით ადრე უწყდებათ საკვების მიცემა. ეს განპირობებულია იმით, რომ განთავისუფლდეს კუჭნაწლავი საჭმლის ნარჩენებისაგან.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

იხილეთ აგრეთვე: ხოხბის კვება

თქვენი რეკლამა