ციცარი და მისი პროდუქტიულობა

ციცარი

ციცარი და მისი კვერცხი

ციცარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველია. შინაური ციცარი წარმოიშვა გარეული ჩვეულებრივი ციცრისაგან (Numida mellagris galleata). დღეისათვის გარეული სახით ბინადრობს მადაგასკარზე.

მისი სამშობლო დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაა, თუმცა თავს შესანიშნავად გრძნობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ანტიკურ პერიოდში იგი აფრიკიდან ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში მოხვდა. XV-XVI საუკუნეში პორტუგალიელმა მოგზაურებმა ციცარი დასავლეთ აფრიკიდან ხელმეორედ შემოიყვანეს ევროპაში.

ციცარს განსაკუთრებულად აფასებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ის აქტიურად იკვებება ე.წ. ირმის ტკიპით, რომელიც გაზონებზე ჩნდება ივნისისა და აგვისტოს თვეებში. გარდა ამისა, ფერმერები მას ხშირად უშვებენ კარტოფილის ნათესებში, სადაც ის ანადგურებს კოლორადოს ხოჭოს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ციცარი უფრო მეტადაა გავრცელებული ვიდრე ჩვეულებრივი ქათამი. ეს განპირობებულია მისი ხორცისა და კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებითა და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით.

გაყიდვაში ციცრის კვერცხი იშვიათადაა და ამ დროს იგი ბევრად ძვირი ღირს ვიდრე ქათმის. ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით ციცრის კვერცხი ფორმით უფრო ფართე და მოკლეა. მისი მასა საშუალოდ 40-45 გრამია, შეხებისას ცოტაოდენ ხორკლიანია, თუმცა ზოგჯერ მთლიანად გლუვი ზედაპირის მქონეც გვხვდება. მაგარი და მკვრივი ნაჭუჭი იცავს მას სალმონელოზისა და სხვა ბაქტერიების შეჭრისაგან.

კვერცხი საუკეთესო დიეტურ პროდუქტად ითვლება. მას შესანიშნავი ჰიპოალერგიული თვისებები გააჩნია და ქოლესტერინსაც ძალიან მცირე ოდენობით შეიცავს.

კვერცხის შემადგენლობაში შედის მრავალი საკვები ნივთიერება და დიდი ოდენობით ცილა; ასევე ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სხვადასხვა ვიტამინები: PP, D, B და E; მიკრო და მაკროელემენტები როგორიცაა რკინა, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი. ამინომჟავებიდან აღსანიშნავია ცისტინი, გლუტამინი, ლიზინი, ასპარაგინი და მეთიონინი. ყვითრი მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობისაა და მდიდარია A ვიტამინითა და კაროტინოიდებით. 100 გრამი კვერცხის კალორიულობა 43 კკალ-აა.

ციცრის კვერცხი გამოიყენება ანემიის მკურნალობისას, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემიის დროს. იგი ძლიერ უმსუბუქებს მდგომარეობას კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებს. მისი მიღება რეკომენდებულია ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემების დროსაც.

ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შემცველობის გამო, ციცრის კვერცხი სასარგებლოა ორსული ქალებისა და ჩვილბავშვიანი დედებისათვის. მისი მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ალერგიულები არიან სხვა სახეობის კვერცხის მიმართ. აქედან გამომდინარე ციცრის კვერცხის გამოყენება დასაშვებია ბავშვთა კვებაშიც.

ყურადსაღებია, რომ თავისი კვებითი თვისებებით მნიშვნელოვანია არა მარტო კვერცხის შიგთავსი, არამედ წარმატებით გამოიყენება მისი ნაჭუჭიც. იგი შეიცავს კალციუმს, მდიდარია ფოსფორით, რკინით, თუთიით და კაჟით. თუმცა გასათვალისწინებელია, ისიც რომ ნაჭუჭის სასარგებლო თვისებები დიდადაა დამოკიდებული ციცრის მოვლა-შენახვასა და სრულფასოვან კვებაზე.

ციცრის კვერცხმა გამოყენება ჰპოვა კოსმეტოლოგიაშიც. მას იყენებენ სხვადსხვა სახის ნიღბების დასამზადებლად, რომელიც შესანიშნავად წმინდავს სახის კანის ფორებს და წარმატებით ებრძვის კანის ცხიმიან ბზინვარებას.

შინაური ციცრის ჯიშებია: ნაცრისფერი, ზაგორსკული თეთრმკერდა, ციმბირული თეთრი, კრემისფერი, ცისფერი, ვოლგური თეთრი, ლურჯი იასამანი, თეთრი, ყვითელი. გარეული ციცრის სახეობებია: სვავისებრი (Numida melagris coronata), ინდაურისებრი, ხუჭუჭა, ქოჩორა (Numidia melagris crista), ფუნჯიანი (Numidia melagris ptilorhyncta) ჩვეულებრივი ციცარი (Numida melagris galeata).

პროდუქტიულობა

ციცარი მიეკუთვნება მეხორცეული მიმართულების სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა რიცხვს. მისი პროდუქტიულობა ქათამთან შედარებით დაბალია, მაგრამ ხორცისა და კვერცხის ხარისხი და საგემოვნო თვისებები, გაცილებით მაღალი.

ზრდასრული ციცრის ცოცხალი მასა საშუალოდ 1,5 კგ-დან (მამლის) 1,8 კგ-მდეა (დედლის). სხვა შინაური ფრინველისაგან განსხვავებით, დედალი ციცარი მასით უფრო მეტია, ვიდრე მამალი. ერთდღიანი ციცრის მასა 27-28 გრამია, სამთვიანის 1,0-დან 1,3 კგ-მდე, ანუ ამ პერიოდისათვის მისი მასა 35-40-ჯერ იზრდება.

სანაშენე სეზონზე (აპრილიდან სექტემბრამდე) სხვადასხვა პოპულაციისა და ჯიშური ჯგუფის ციცარი 60-120 ცალ კვერცხს დებს. ციცრის კვერცხი მსხლისებრი ფორმისაა, ღია-ყავისფერი შეფერილობით, ნაჭუჭი დაფარულია პატარა წინწკლებით და წერტილებით.

კვერცხის მასა მერყეობს 38 გ-დან 50 გ-მდე. მასში მშრალი ნივთიერებებისა და ცილის შემცველობა პრაქტიკულად იგივეა, როგორც დიდი ზომის ქათმის კვერცხში. A ვიტამინის რაოდენობა 1,5-ჯერ, ხოლო კაროტინოიდების კი 3-ჯერ მეტია.

ციცრის კვერცხის ნაჭუჭი 1,5-ჯერ სქელია და 3-ჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე ქათმისა. ნაჭუჭქვეშა აპკიც უფრო სქელი აქვს. მკვრივი ნაჭუჭის გამო ციცრის კვერცხის შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში _ ნახევარ წლამდე და უფრო მეტიც, ბლაგვი ბოლოთი ზემოთ. მისი ტრანსპორტირება დასაშვებია საკმაოდ დიდ მანძილზე ნებისმიერი სახის სატრანპორტო საშუალებით.

ციცრის ტანხორცი ბევრად უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე ქათმის. ამის ძირითადი მიზეზი მისი თხელი კანია, რომელშიც კუნთები კარგად ილანდება. თავის მხრივ კუნთები შეიცავენ კუნთის ჰემოგლობინს (მიოგლობინს), რომელიც ხორცს უფრო ინტენსიურ შეფერილობას აძლევს, კანს კი პიგმენტურობას მატებს. მოხარშვისას ციცრის კანი და ხორცი თეთრდება.

აღსანიშნავია, რომ ციცრის ძვალი ქათმის ძვალთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია, ხოლო მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულების მქონე მკერდის კუნთები (თეთრი ხორცი),უფრო დიდი. ციცრის ხორცი მკვრივია, მცირედ ცხიმიანი, მშრალი ნივთიერება მასში 5-7%-ით მეტია ვიდრე ქათმისაში, შესაბამისად ნაკლებია წყლის შემცველობა. კარგად მომზადებული ციცრის ხორცი თავისი საგემოვნო თვისებებით მოგვაგონებს გარეული ფრინველის (კაკაბი, ხოხობი) ხორცს. მსოფლიო ბაზარზე ციცრის ხორცის ფასი 1,5-3,0- ჯერ მეტია ქათმის ხორცთან შედარებით.

ბოლო წლების კვლევებმა ციცრის ხორცის კიდევ ერთი თავისებურება გამოავლინა. კერძოდ, შეუცვლადი ამინომჟავების შემცველობით, როგორიცაა: ჰისტიდინი, ტრეონინი, ვალინი, მეთიონინი, იზოლეიცინი, ფენილალანინი და მათი ურთიერთფარდობით, ასევე სხვა ბიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, იგი შინაურ ფრინველებს შორის საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა მიჩნეული.

ციცრის მკერდის კუნთებში ამინომჟავების შემცველობა 95,3%-ია, მაშინ როდესაც ბროილერის წიწილის მკერდის კუნთებში 81,8 %. გარდა ამისა, ციცრის ხორცი წიწილისას, ხორცში შეუცვლადი ამინომჟავების წილითაც აღემატება, რომელიც მასში შესაბამისად _ 52,3%-ია, 46,8 %-ის წინააღმდეგ. რაც შეეხება ცვლად ამინომჟავებს, ციცრის ხორცში გვხვდება: ასპარაგინი, სერინი, გლიცინი, ალანინი, თიროზინი, ცისტინი და გლუტამინის მჟავა.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, გაეროს სასურსათო კომისიის (FAO) მიერ ციცრის კვერცხი და ხორცი შეტანილია იმ პროდუქტთა ჩამონათვალში, რომლებიც ადამიანისათვის კეთილსაიმედო საკვებად ითვლება.

შემდგენელი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე. /ციცარი – ბილოგიური თავისებურებები, ჯიშები, მოვლა-შენახვა, კვერცხის ინკუბაცია, კვება, დაავადებები/

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

იხილეთ აგრეთვე: ციცარი – სადედე გუნდის და ბროილერის კომბინირებული კვება

თქვენი რეკლამა