სხვადასხვა სახეობის ფრინველის კვერცხის ინკუბაციის რეჟიმი

ინკუბაცია

ინკუბატორი

ინკუბატორი  არის დანადგარი/მოწყობილობა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული ტემპერატურულ-ტენიანობის და ჰაერის მიმოცვლის რეჟიმის პირობებში კვერცხიდან ხდება წიწილის/ჭუკის/ჭუჭულის გამოჩეკვა.

საინკუბაციო კვერცხის გადარჩევა

საინკუბაციოდ არ ვარგა არასწორი ფორმის, წაგრძელებული ან მოკლე კვერცხი. ასევე დაუშვებელია დეფექტიანი ნაჭუჭის მქონე (ფარული ბზარი, წანაზარდები, უსწორმასწორო, ხაოიანი), სახეობისათვის დამახასიათებელი პატარა ან დიდი ზომის, აგრეთვე დიდხანს შენახული კვერცხი.

ეს უკანასკნელი ადვილად გასარჩევია ნაჭუჭზე მოცისფრო, მომწვანო ან მოვარდისფრო ლაქებით და მიუთითებს დაშლის პროცესის დაწყებაზე. საინკუბაციო კვერცხი უნდა იყოს სწორი ფორმის.

მეკვერცხული ქათმის საინკუბაციო კვერცხის პარამეტრები

მეკვერცხული ქათმის საინკუბაციო კვერცხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს: მასა- მინიმალური 52 გრამი, საჰაერო საკნის დიამეტრი- 1,8 სმ, ყვითრში ვიტამინ “A”- ს შემცველობა 6 მკ/1 გ-ში, კაროტინოიდების შემცველობა-18 მკგ/1 გ-ში, განაყოფიერების %- 95 და გამოჩეკვის %- 90.

ინკუბაციის რეჟიმი

საინკუბაიო კარადაში ქათმის კვერცხის ჩალაგებისას ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +37,60C. ტენიანობას ადგენენ ფსიხრომეტრის “სველი” და “მშრალი” თერმომეტრების მაჩვენებლებით. ზემოთაღნიშნული ტემპერატურისას “სველი” თერმომეტრი უნდა უჩვენებდეს +29,00C-ს, რაც შეესაბამება 60% ფარდობით ტენიანობას.

საინკუბაციო კარადაში ჩალაგებისას სხვა სახეობის ფრინველების კვერცხის ინკუბაციის რეჟიმის პარამეტრები მოცემულია ცხრილში №1

ქათმის კვერცხის გამოჩეკვისას “მშრალი” თერმომეტრი უნდა უჩვენებდეს +37,20ჩ-ს, ხოლო “სველი”-+34,0…+35,00C-ს. ეს ნიშნავს, რომ ინკუბატორში იქნება 80-90% ფარდობითი ტენიანობა.

ინკუბაციის ნებისმიერ ეტაპზე ოპტიმალურზე დაბალი ტემპერატურა ანელებს ჩანასახის ზრდას და განვითარებას, ის ცუდად იყენებენ ცილას, რის შედეგად ბევრი ემბრიონი იღუპება უშუალოდ გამოჩეკის წინ.

ცხრილი №1. სხვადასხვა სახეობის ფრინველის კვერცხის ინკუბაციის რეჟიმი

ინკუბაცია

კვერცხის გაციება იწვევს გამოჩეკის პერიოდის გახანგრძლივებას და გამოჩეკილი მოზარდის ხარისხის გაუარესებას.

მაღალი ფარდობითი ტენიანობა აფერხებს ჩანასახის ზრდა-განვითარებას, და იწვევს კვერცხში მშრალი ნივთიერების ზედმეტად დაგროვებას; თავის მხრივ დაბალი ტენიანობა კვერცხის შიგთავსიდან წყლის ჭარბად ამოშრობას იწვევს, ნაჭუჭშიგა გარსი შრება, ის კარგავს ჰაერის გატარების უნარს და ჩანასახი უჰაერობით იღუპება.

ინკუბატორში ნახშირორჟანგის 0,4-0,6% კონცენტრაციისას ჩანასახი ნორმალურად ვითარდება, 1%- მდე გაზრდისას- მცირდება გამოჩეკის ხვედრითი წილი, ხოლო 1,2-2% კონცენტრაციისას ჩანასახი მასობრივად იღუპება.

ინკუბაციის რეჟიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია კვერცხის გადაბრუნება. ბუნებრივი ინკუბაციისას ფრინველი ფეხების მოძრაობით პერიოდულად აბრუნებს კვერცხს. ინკუბატორში, სპეციალური მექანიზმების დახმარებით კვერცხი დღე-ღამის მანძილზე, ვიდრე გამოსაჩეკ კარადაში გადატანამდე ვერტიკალური ღერძიდან 450-ით 24- ჯერ ბრუნდება.

წყლის ფრინველების კვერცხის ინკუბაციისას მიმართავენ კომბინირებულ გაგრილებას: ჯერ ჰაერზე, 20-30 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი სუსტი კონცენტრაციის (მოვარდისფრო ელფერის) კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარის დასხურებით.

საინკუბაციო კარადიდან გამოსაჩეკ კარადაში თაროები უნდა გადავიტანოთ კვერცხის გამოტეხვამდე, რაც თავიდან აგვაცილებს ემბრიონის დაინფიცირებას.

თანამედროვე ინკუბატორებში ტემპერატურულ-ტენიანობისა და ჰაერცვლის რეჟიმი, აგრეთვე კვერცხის გადაბრუნების სიხშირე რეგულირდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით (ასეთი პროგრამაა მაგალითად “ნავიგატორი”).

ინკუბაციის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა:

  • ქათამი 20-21 დღე;
  • იხვი 26-28 დღე;
  • ინდაური 28 დღე;
  • ბატი 28-31 დღე;
  • ციცარი 28 დღე;
  • მწყერი 17-22 დღე.

/აგროკავკასია/

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

თქვენი რეკლამა