პოპულაცია – ქართული ჩალისფერი ქათამი

2572 Views

საზოგადო სახელი: ქათამი, ლათინური დასახელება: Gallus domesticus, პოპულაცია: ქართული ჩალისფერი ქათამი.

წარმოშობა

უმეტესად გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.

საქართველოში ამ პოპულაციის მოშენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და იმავდროულად, მისი წარმოშობა დღემდე უცნობია.

მოკლე აღწერა

საკვერცხე-სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, მეხორცულისკენ უფრო იხრება.

ტანად საშუალო ზომისაა, თავი, ასევე, საშუალო სიდიდის, სახე ოდნავ შებუსული, ნისკარტი ყვითელი, ბიბილო მარტივი (ფოთლისებრი), ღაბაბი და საყურეები წითელი, გულმკერდი განიერი, ზურგი შედარებით მოკლე, ფეხები შეუბუმბლავი და დაფარულია ყვითელი ფერის ქერცლით, კანი პიგმენტირებულია ყვითლად.

ბუმბულის შეფერილობა სხვადასხვა ინდივიდებში ჩალისფერიდან ღია წითლამდე (უფრო სტაფილოსფერამდე) ცვალებადობს, დედლებთან შედარებით მამლები რამდენადმე უფრო მუქი ფერისანი არიან. როგორც წესი, საფარში თეთრი ფერის, ხოლო ბოლოებზე მათ არ აქვთ შერეული შავი ფერის ბუმბული.

1 წლის დედლების საშუალო ცოცხალი მასაა 1,8-2,0 კგ, ხოლო მამლებისა 2,5-2,8 კგ; ზრდასრულების კი 2,4-2,7 და 3,0-3,4 კგ.

მოზარდი კვერცხის დებას იწყებს 6-7 თვის ასაკიდან. საშუალო წლიური კვერცხმდებლობა შეადგენს 135-145 ცალს. კვერცხის საშუალო მასა კვერცხმდებლობის შუა პერიოდში 53-56 გრ-ია, ხოლო ბოლოს- 58-61 გრ.

კვერცხი ხასიათდება მაღალი საინკუბაციო თვისებებით: ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკვის % შეადგენს 85-88-ს.

წიწილები სწრაფად იზრდებიან და ხასიათდებიან კარგი შებუმბვლით. მოზარდი დასაკლავ ცოცხალ მასას აღწევს 2,5-3,5 თვის ასაკში.

ხორცი კარგი გემოსია. ისევე როგორც სხვა ადგილობრივი პოპულაციები, ჩალისფერი ქათმის ერთ-ერთი ძირითადი ღირსება არის ცვალებადი გარემოსადმი შეგუების უნარი, მაღალი ცხოველმყოფელობა და ნაკლები მომთხოვნელობა.

ამასთან ერთად, ცალკეულ ცდებში დადგენილია ადგილობრივი ქათმების გადიდებული რეზისტენტობა ისეთი ინფექციური დაავადებებისადმი, როგორიცაა ჭირი, პულუროზი და მარეკი.

დღევანდელი მდგომარეობა

ჩალისფერი ქათმის რიცხოვნობა დადგენილი არ არის, ვინაიდან პირად მეურნეობებში ადგილობრივი ქათმების სხვა პოპულაციებთან ერთად აშენებენ.

გარეგნული ნიშნებით და აგებულების ტიპით ძლიერ ჩამოჰგავს აშშ-ში გამოყვანილ როდ-აილანდის ჯიშს.

qaTami_rodailend_4449023262222202923547

წყაროები: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. Р. Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

146Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB