ფრინველის კვება-ზეთსახდელი მრეწველობის ანარჩენები-კოპტონი და შროტი

2036 Views Comment Off

მეფრინველეობაში ყველაზე მეტად ზეთსახდელი მრეწველობის მიერ ანარჩენის სახით მიღებული ძვირფასი ცილოვანი საკვები კოპტონი და შროტი გამოიყენება. კოპტონი მიიღება ზეთოვანთა მარცვლისაგან, ზეთის გამოცლისას დაწნეხის წესით. მიღებული პროდუქტი კოპტონი ბრტყელ, ოვალურ ან მრგვალი ფორმის მკვრივად შეკრულ მასას წარმოადგენს, რომელშიც 3-დან 8%-მდე ცხიმია.

შროტი კი მიიღება მარცვლიდან ზეთის ცხიმის გამხსნელებით გამოცლისას და ფხვიერი (ფაშარი) ფორმის პროდუქტია, რომელშიც 0,6-1,5% ცხიმი შედის, 13-18% უჯრედანა. კოპტონში კი 1-6-ჯერ ნაკლები უჯრედანაა. ამ საკვებში ნედლი პროტეინის შემცველობა ცვალებადობს 20-50%-ის ფარგლებში, ნედლი ცხიმისა 1-10%, ნედლი ნაცრისა 6-8%.

ეს ანარჩენები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, მაგრამ ღარიბია კალციუმით.

გამოსავალი ნედლეულის მიხედვით კოპტონი და შროტი შეიძლება იყოს მზესუმზირის, სოიოს, სელის, ბამბის, მიწის თხილის, კანაფის და სხვა. მეფრინველეობაში ყველაზე მეტად გამოიყენება მზესუმზირის, სოიოს, მიწის თხილისა და ბამბის თესლის შროტი და კოპტონი.

მზესუმზირის კოპტონი და შროტი

მზესუმზირის კოპტონი და შროტი-ცილის კარგი წყაროა. კოპტონი შეიცავს 40-45%, ხოლო შროტი 45% ნედლ პროტეინს, შესაბამისად 8-3,5% ნედლ ცხიმს, უჯრედანას 14-15%, ნაცარს 6,5%.

მზესუმზირის კოპტონი მარცვლის წინასწარი დამუშავების მიხედვით შეიძლება იყოს მცირე ჩენჩოიანი და ჩვეულებრივი. ის მაგარია, დიდხანს ინახება და ძნელად ობდება, ხოლო შროტი – ფხვიერია, ღერღილისებრი, ჰიგროსკოპიული და დიდხანს არ ინახება.

მზესუმზირის კოპტონის პროტეინის ხსნადობა წყალში და მარილხსნარში 30%-ია. 1 კგ პროდუქტში 13,6 გ ლიზინია, 4,7 გტრიპტოფანი, 6 გ მეთიონინი, 7 გ ცისტინი, მდიდარია ფოსფორით. ლიზინის მაღალი შემცველობის გამო კარგი კომპონენტია სიმინდის შემცველი კომბინირებული საკვებისათვის.

შროტის საგემოვნო თვისებები გაცილებით დაბალია, ვიდრე კოპტონისა, ამიტომ იგი ცხოველის მიერ ცუდად იჭმევა.

მზესუმზირის კოპტონი და შროტი კარგად მოქმედებს ფრინველის კვერცხმდებლობაზე და მოზარდეულის განვითარებაზე, მაგრამ მასში უჯრედანის მაღალი შემცველობის გამო ბროილერისა და მაღალპროდუქტიული ფრინველის ულუფაში მისი დიდი რაოდენობით ჩართვა იზღუდება.

მზესუმზირის კოპტონი ერთერთი საუკეთესო კომპონენტია მერძეული ფურის კომბინირებული საკვებისათვის, ხოლო შროტი ცხიმის დაბალი შემცველობის გამო არ ითვლება ისეთ რძის წარმომქმნელ პროდუქტად, როგორც კოპტონია, ამიტომ იგი უმჯობესია გამოიყენებოდეს ღორისათვის განკუთვნილი კომბინირებული საკვების ცილოვან კომპონენტად.

სოიოს შროტი

სოიოს შროტი — ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ის შეიცავს 40-45% ნედლ პროტეინს, 0,5-1,5% ცხიმს. მისი ცილა შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, წყალში და მარილხსნარში ხსნადია 45-50%. მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით 1 გ შროტში 27-28 გ ლიზინი, 4 გ ტრიპტოფანი, 4-5 გ მეთიონინი, 7 გ ცისტინი.

ლიზინის მაღალი შემცველობის გამო ის შესანიშნავი კომპონენტია ისეთ კომბინირებულ საკვებში, რომელშიც მეტი წილი სიმინდზე მოდის და სხვა მარცვალი შეზღუდულია. სოიოს შროტი მართალია ცილის მაღალი შემცველობის გამო მისი კვებითი ღირებულება მაღალია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ამავე დროს შეიცავს ზოგიერთ ტოქსიკურ და ანტისაზრდოობად ნივთიერებას.

მაგალითად, ის შეიცავს ტრიფსინის ინჰიბიტორს, რაც აქვეითებს პეპტიდების მონელებას და ამცირებს ცილის ღირებულებას. ინჰიბიტორი შეიძლება გაუვნებლდეს გაცხელებით, მაგრამ თავის მხრივ ეს იწვევს ლიზინისა და არგინინის ათვისების დაქვეითებას. ამიტომ სოიოს შროტის ხარისხი დიდადაა დამოკიდებული მისი დამზადების ტექნოლოგიაზე. სწორად დამზადებული სოიოს შროტი ძვირფასი ცილოვანი საკვებია.

დამუშავების მიხედვით იგი ორი სახისაა:
1) ჩვეულებრივი,
2) ტოსტირებული.

ჩვეულებრივ შროტში ანტისაზრდოობადი ნივთიერებები ინაქტივირებულია მხოლოდ ნაწილობრივ, რის გამოც მისი კვებითი ღირებულება დაბალია, ამიტომ აუცილებელია მისი დამატებით თბური დამუშავება. ტოსტირებული შროტი კი ძვირფასი კომპონენტია ყველა სახეობის, საწარმოო ჯგუფის ცხოველისა და ფრინველის კომბინირებული
საკვებისათვის.

ამიტომ თუ სოიოს ტოსტირებული შროტი შეზღუდული რაოდენობითაა, მაშინ უმჯობესია ის გამოვიყენოთ მხოლოდ გოჭისა და ფრინველის კომბინირებულ საკვებში.

ბამბის შროტი

ბამბის შროტი — მზადდება გარსგაცლილი თესლისაგან. მას ორ ხარისხად ყოფენ საზრდო ნივთიერებათა შემცველობის მიხედვით. I და II ხარისხის შროტში შესაბამისად შედის 44-36% პროტეინი, 14-25% ნედლი უჯრედანა.

ბამბის შროტის პროტეინის ხსნადობა 50%-ია. ის შეიცავს კარგი ხარისხის ცილას, მაგრამ ღარიბია ლიზინით, ცისტინით, მეთიონინით. ბამბის თესლი კი შეიცავს მღებავ ნივთიერებას ალკალოიდ-ჰოსიპოლს 0,03-0,2%, რომელსაც ტოქსიკური უნარი აქვს. ამიტომ თავისუფალი ჰოსიპოლის შემცველობა შროტში არ უნდა აღემატებოდეს 0,02%-ს.

ფრინველისათვის თვით მისი მცირე დოზაც კი (0,016%) მომწამვლელია, ამიტომ ქათმის ულუფაში, სადაც 5-10%-ზე მეტი ბამბის კოპტონი ან შროტია, კვერცხის გული მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას ღებულობს, ცილა კი მოვარდისფროს. მისი თერმული დამუშავება მკვეთრად ამცირებს ჰოსიპოლის მავნე გავლენას, მაგრამ იწვევს ცილის დენატურაციას და აქვეითებს მის კვებით ღირებულებას.

სელის შროტი

სელის შროტი — სხვა შროტისაგან განსხვავდება მაგარი ძნელად ფშვნადი ნატეხების შემცველობით, რომელიც ძირითადად პექტინოვანი ნივთიერებებისაგან შედგება. ამ შროტს კარგად ჭამს ყველა ცხოველი. მასში 36% პროტეინია, 2,5% ცხიმი და 10%-მდე უჯრედანა. პროტეინი კარგად ხსნადია (ხსნადობა 50-55%). 1 კგ სელის შროტში 12-13 გ ლიზინია, 5-7 გ ტრიპტოფანი, 4-5 გ მეთიონინი, 6-8 გ ცისტინი.

სხვადასხვა სახეობისა და საწარმოო ჯგუფის ცხოველთა კომბინირებულ საკვებში შემდეგი რაოდენობის სელის შროტს რთავენ: გოჭის 2 თვემდე 5%, ღორის 8-10%, ძროხის 15-20%, ფრინველის მოზარდეულის 6-8%, ზრდასრული ფრინველისათვის 10-12%.

სელის კოპტონი 

სელის კოპტონი — წყალში დასველებისას წარმოქმნის ლორწოს, პექტინოვანი ნივთიერებების შემცველობის გამო. ამით აიხსნება სელის კოპტონის დიეტური თვისებები, განსაკუთრებით სასურველია მისი შეტანა მოზარდეულისათვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებში, მაგრამ ზოგჯერ სელის კოპტონი შეიცავს ისეთი რაოდენობის (300 მგ/კგ-ში) ციანმჟავას, რაც საშიშია ცხოველის სიცოცხლისათვის. ამიტომ სელის კოპტონი უნდა შემოწმდეს ციანმჟავას შემცველობაზე მისი გამოყენების წინ.

არაქისის (მიწის თხილი) კოპტონი და შროტი

არაქისის (მიწის თხილი) კოპტონი და შროტი — მიწის თხილის, მიწისქვეშა ნაყოფის გადამუშავების ანარჩენია. ის შეიცავს მცირე რაოდენობით უჯრედანას. შეიცავს 25-30% ნედლ პროტეინს, 35-40% ცხიმს. ცხიმის ექსტრაგირებით გამოცლის შემდეგ შროტში მშრალი ნივთიერებების თითქმის ნახევარი პროტეინია. ამით აიხსნება მისი მაღალი მონელებადობა.

არაქისის შროტი მოტკბო გემოსია. მას ყველა ცხოველი კარგად ჭამს. არაქისის ზეთს ძირითადად გარსგაცლილი მარცვლისაგან ხდიან. შროტის ხარისხი დამოკიდებულია მარცვლის ხარისხსა და ზეთის გამოცლის მეთოდზე.

ზოგიერთი ხარისხის არაქისის შროტი ტოქსიკურად მოქმედებს მოზარდეულზე, განსაკუთრებით მოქმედებს ინდაურის ჭუკსა და იხვის ჭუჭულზე. ასეთი შროტის მავნე გავლენა გამოწვეულია ობით, რომელიც გამოიმუშავებს ე.წ. «აფლატოქსინს» — მას კონცეროგენული მოქმედება ახასიათებს და ძლიერ აღიზიანებს ღვიძლს.

ფოსფატიდ-ცილოვანი კონცენტრატი

ფოსფატიდ-ცილოვანი კონცენტრატი — ფოსფატიდი მიიღება ზეთოვანი მარცვლისაგან ცხიმის გამოცლისას და ახალი ზეთის ნალექია.

მასში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქოლინი (B1 ვიტამინი), რომელიც ამინომჟავების სინთეზში მონაწილეობს და არეგულირებს ცხიმოვან მიმოცვლას. კომბინირებულ საკვებში შეტანისას მას შეურევენ დაფხვნილ შროტს 1:2; 1:3; 1:4 შეფარდებით და მიიღება ფოსფატიდ-ცილოვანი კონცენტრატი, რომელიც კვერცხმდებელი და მოზარდეულის
კომბინირებულ საკვებში შეიძლება ჩაირთოს 2,7-5,4%, ხოლო 20 დღემდე ასაკის წიწილის ულუფაში 1,8-3,6%-ს რაოდენობით.

ავტორთა ჯგუფი: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი,
ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB