მტრედი – უხსოვარი დროიდან მოშინაურებული ფრინველი

1543 Views

შინაური მტრედის უძველეს წინაპრად ითვლება გარეული შავ-მოიისფერო მტრედი. იგი მოიშინაურეს ჩვ. წ. აღ.-მდე 3000-3500 წლის წინ ძველ ეგვიპტეში.

უხსოვარი დროიდან მტრედებს აშენებდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები. მათ ინახავდნენ გამომწვარი თიხისაგან აშენებულ მრგვალი ფორმის სამტრედეებში. ასეთი ტიპის სამტრედეებს დღესაც შეხვდებით ეგვიპტეში.

მას შემდეგ ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში მტრედის მრავალი ჯიში გამოიყვანა. გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე მიღებულია ისეთი ჯიშები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან არამარტო სხეულის ფორმითა და გარეგნული ნიშან-თვისებების მრავალფეროვნებით, არამედ დანიშნულებითაც.

ამჟამად ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ მტრედის რამდენი ჯიშია გავრცელებული მთელს მსოფლიოში, არ არსებობს, მაგრამ მიახლოებით ცნობილია მათი 800-ზე მეტი ჯიში, რომლებიც იყოფიან სამ ჯგუფად: საფოსტო, დეკორატიული და სახორცე მიმართულების მტრედები.

მტრედი

მტრედისებრთა რიგში გაერთიანებულია ცხრა გვარი. ესენია: 1. კბილისებურ ნისკარტიანი მტრედი; 2. აბისინიური მტრედი; 3. მტრედი ვიახირი; 4. ჩვეულებრივი ანუ მინდვრის მტრედი; 5. მოხეტიალე მტრედი; 6. ჩვეულებრივი გვრიტი; 7. ქოჩრიანი მტრედი; 8. გრიფისმაგვარი მტრედი და 9. გვირგვინოსანი მტრედი.

მტრედი ძირითადად გავრცელებულია კონტინენტურ, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. იგი საშუალო ზომის ფრინველია. ყველაზე დიდი ზომისაა გვირგვინოსანი მტრედი, რომლის სხეულის სიგრძე საშუალოდ 80 სმ-მდეა. შეფერილობა მრავალფეროვანია. ამ სახეობის ფრინველის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვნობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ავსტრალია და მიმდებარე კუნძულები.

ძირითადად გავრცელებულნი არიან ფოთლოვან ტყეებში, ღია ველებზე და კულტურულ ლანდშაფტებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, ბუჩქებში, კლდის ნაპრალებში, ადამიანის სიახლოვეს შენობებში და იშვიათად მიწაზე. მონოგამიური ფრინველია.

მტრედი

კვერცხდება ახასიათებს წელიწადში 4-5-ჯერ. ერთ ჯერზე დებს 2, იშვიათად 1 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა მტრედის სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულია — 14 დღიდან 30 დღემდე. ახალგამოჩეკილი მოზარდი ბუდეს ტოვებს 14-დან 25 დღეზე.

მტრედები ბინადრობენ გუნდებად. კვერცხზე მორიგეობით ზიან მდედრი და მამრი. პირველ დღეებში მშობლები თავიანთ მოზარდებს კვებავენ ე.წ. „ჩიტის რძით”, რომელსაც მტრედი გამოყოფს ჩიჩახვის სპეციალური ეპითელიებიდან. მტრედები ძირითადად იკვებებიან სხვადასხვა თესლებით და ნაყოფებით. ისინი იყენებენ ბევრ წყალს და სუფთა წყლის საძებნელად მას შეუძლია დაფაროს საკმაოდ დიდი მანძილი. მტრედის ხორცი გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით, მაგრამ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.

მტრედი

საფოსტო მტრედი გამოყვანილია მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, როდესაც გადარჩევა წარმოებდა ამ ფრინველის ორიენტაციის უნარის შესაძლებლობების მიხედვით. ამჟამად მტრედის ფოსტამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა, მაგრამ იყო პერიოდები (უძველეს ხანაში, მეორე მსოფლიო ომის დროს), როდესაც მას უდიდესი ფუნქცია გააჩნდა. დღესდღეობით კი საფოსტო მტრედებს აშენებენ მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. მათი ფრენის სიჩქარე აღემატება 60 კმ`სთ-ს. ფრენის სიშორე ცალმხრივად 100—150 კმ-ია. ყოფილა შემთხვევები, რომ დაუფარავთ 1000 კმ.

დეკორატიული მტრედები ფასობენ ორიგინალური გარეგნობით, ბუმბულის მრავალგვარი შეფერილობით (ბღენძიები, კაპუცინები, კოსმაჩები და სხვ.), ან თავისებური ფრენის მანერით (ტურმანები, თოლიები და სხვ.). ყველა ამ ჯიშს გააჩნია სამოყვარულო დანიშნულება.

მტრედი

სახორცე ჯიშის მტრედებს (კარნო, კინგი, რომაული და სხვ) აშენებენ ხორცის წარმოების მიზნით. ისინი საკმაოდ დიდი ზომისანი არიან (900 გ). გამოირჩევიან მაღალნაყოფიერებით და მალმწიფადობით. ერთი წყვილი მეხორცული მიმართულების მტრედისაგან წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ 14 ფრთა მოზარდი. თითოეული მათგანი ერთი თვის ასაკში მიაღწევს 600—700 გ-ს. ახალმიღებულ სახორცე მოზარდს სუქებაზე აყენებენ 10—15 დღით. ყველაზე უფრო ხელსაყრელია სუქებაზე დაყენებული 25-დღიანი მოზარდის რეალიზაცია. ამ ასაკის მტრედის ხორცი არის ნაზი, თეთრი და გამოირჩევა კუნთოვანი ქსოვილის წვრილბოჭკოვანი სტრუქტურით. ხორცი შეიცავს 12,8% პროტეინს, 14,5% ცხიმს, ნაცარი 1,2%-ია და წყალი 62,5%. მათი დაკვლისა და გაპუტვის ტაქნოლოგია იგივეა, როგორც ქათმის შემთხვევაში.

ავტორი: კობა ნაცვალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ეგზოტიკური ფრინველები – მტრედი, თუთიყუში, იადონი, ფარშავანგი

63Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB