კანარის ჩიტის – ,,პატარა მკურნალის“ მოშენების საკითხისათვის

760 Views

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რითმი იმდენად მაღალია, რომ მას ერთი წუთით არ აძლევს მოდუნების საშუალებას. დღის გადატვირთული გრაფიკი, განსხვავებულ ინფორმაციათა სიჭარბე, ფსიქოემოციური დაძაბულობა, სტრესული სიტუაციები მისი ყოველდღიურობის თანხვედრია.

სამწუხაროდ, იგი სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს დედა ბუნებასთან ურთიერთობას. არადა, სწორედ ბუნებასთან ჰარმონიას ძალუძს ყოველგვარი ტკივილის განკურნება: სულიერი იქნება ეს, თუ ფიზიკური. ამის საუკეთესო დასტურია ორნიტოთერაპია ანუ ფრინველთა გალობით მკურნალობა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანი გენეტიკურადაა დაკავშირებული ფრინველების მიერ გამოცემულ ბგერებთან. მათი ხმა თავის ტვინში აღიქმება, როგორც დადებითი ემოციების გამომწვევი გამაღიზიანებელი. ხოლო თუ რა კავშირია დადებით ემოციებსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის, ყველასათვისაა ცნობილი.

ფრინველები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანზე: ზოგიერთი მათგანის გალობას სიმშვიდე მოაქვს, ზოგიერთისა – გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს, სხვების – ძილის მომგვრელია და ა. შ. თითოეული მათგანი კი ბავშვებში მუსიკალური სმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ცნობილია, რომ ბულბულის სტვენა კურნავს დეპრესიას, თავის ტკივილს, ააქტიურებს ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობას, ჭივჭავის და ჩიტბატონას გალობა ადამიანს ეხმარება ნევროზების დროს, შავი შაშვი უებარია მაღალი არტერიული წნვის შემთხვევაში. შემჩნეულია, რომ ბგერითი ვიბრაციები, რომლებსაც გამოსცემს გულწითელა, ხსნის თავის, გულისა და სახსრების ტკივილს, ღვიძლის, გულისა და კუჭის სპაზმებს.

მგალობელ ფრინველთა მოშენების თვალსაზრისით მეტად საინტერესო ობიექტს წარმოადგენს კანარის ჩიტი. ჩიტი, რომლის თანაბარრითმიანი გალობა საუკეთესოდ მოქმედებს ადამიანზე გახშირებული გულისცემისა და არითმიის დროს.

კანარის ჩიტი ევროპაში ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ესპანელმა მეზღვაურებმა კანარის კუნძულები დაიპყრეს. მან მაშინვე მიიქცია ადამიანთა ყურადღება და დაიპყრო მათი გულები, თუმცა კანარის ჩიტის მასიურად შემოყვანა ევროპაში XVI საუკუნიდან ფიქსირდება.

კანარი, ჩიტი

კანარის ჩიტი (serinus canaria) ბეღურისებრთა რიგის, მოჭიკჭიკეთა ოჯახის და კანარის კანარულ მოჭიკჭიკეთა სახეობის წარმომადგენელია. იგი ერთადერთი შინაური ფრინველია, რომელსაც შეეცვალა ხმის აპარატი და შესაბამისად-გალობა. სწორედ ამგვარმა გალობამ მოუტანა მას საყოველთაო აღიარება და სიყვარული.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჯიში-ჰარცის როლერი. საყურადღებოა, რომ კანარის ჩიტს შეუძლია გაარჩიოს ბგერათა თანამიმდევრობა, დაიმახსოვროს და გაიმეოროს ისინი, შესაბამისად თავისი გალობა სხვა ფრინველების გალობას მიამსგავსოს, ასევე თავის ნამღერში ჩართოს განსხვავებული ხმები და ბგერები.

კანარის ჩიტი მცირე ზომის ფრინველია. მას ტალღისებრი ფრენა ახასიათებს. ამ ფრინველის მოშინაურების 500 წლიანი ისტორიის განმავლობაში ადამიანმა სელექციის გზით მრავალი ფერადი, დეკორატიული და მგალობელი ჯიში გამოიყვანა.

მგალობელი და ფერადი ფორმების სიგრძე 13,5 სმ-დან 14,5 სმ-მდე მერყეობს, დეკორატიულის კი 11 სმ-დან 23 სმ-მდე. ბუმბულის შეფერილობის მიხედვით ჭარბობენ ყვითელი ინდივიდები, თუმცა გვხვდება თეთრად, წითლად, ყავისფრად, ღია ყავისფრად შეფერილებიც.

კანარის ჩიტის ორგანიზმი მეტად პლასტიკურია, კვების რეჟიმის შეცვლით შესაძლებელია მისი ბუმბულის ფერის შეცვლა.

კანარის ჩიტი ადვილად თვინიერდება, მიმნდობია, ექვემდებარება ,,აღზრდას“, შინაურ პირობებში წარმატებით მრავლდება და 7-12 წელიწადს ცოცხლობს. მისი გალობის ხარისხი და აქტიურობა, გამრავლება და სიციცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისთვის მისაღებ მოვლა-შენახვის პირობებზე.

ფრინველს ინახავენ როგორც ვოლიერებში, ასევე ხის ან მეტალისგან დამზადებულ გალიებში (35X20X30სმ). გალიებს, რომლებიც აღჭურვილია ქანდარებით, საკვებურებით, სარწყულებლებით და ფრინველის ბანაობისათვის განკუთვნილი ჭურჭლით, როგორც წესი მართკუთხედის ფორმა აქვთ. ასეთი გალიები ერთმანეთზე მარტივად თავსდება, ამასთან, ფრინველები იზოლირებული არიან და ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე მშვიდად გალობენ.

კანარის ჩიტების შეწყვილებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. იმისათვის, რომ მომშენებელმა ძლიერი შთამომავლობა მიიღოს აუცილებელია შესაწყვილებელ ფრინველთა სწორი შერჩევა ასაკის (10-12 თვიდან 4 წლამდე, მამრები დაშვებულია უფრო მეტი ასაკისაც იყვნენ), ექსტერიერული ნიშნებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. მამრი მდედრზე მსხვილი უნდა იყოს, იგი უნდა ხასიათდებოდეს ლამაზი შეფერილობით, აქტიურობითა და საინტერესო გალობით.

კანარი, ჩიტი

შთამომავლობის შეფერილობა ორივე მშობელზეა დამოკიდებული, ხოლო გალობის ხარისხი, სმენა და ნამღერის აღქმის უნარი – მამრზე.

კანარის ჩიტებს შესაწყვილებლად სპეციალურ (60X40X40სმ) გალიაში ათავსებენ, ან თავისავე გალიაში ტოვებენ. ნებისმიერ შემთხვევაში გალიაში ამაგრებენ ბუნებრივთან მიმსგავსებულ, ჯამის ფორმის თოკისაგან დაწნულ ბუდეს, რომელსაც მოგვიანებით მდედრი წინასწარ გამზადებული სხვადასხვა ,,საშენი მასალით“ ამოფენს.

მასალად გამოიყენება: 2-3სმ სიგრძის დაკუწული ბამბის ძაფები და ქსოვილი, გამომშრალი თივა, წვრილი ბუმბული, ბამბა და ა.შ. ბუდის მზადებას მდედრი 2-3 დღეს ანდომებს. ბუდის მოწყობიდან 1-2 დღის შემდეგ იგი დილის საათებში იწყებს კვერცხის დებას. მათი რაოდენობა 3-დან 7-მდე მერყეობს, თუმცა უფრო ხშირად 3-4 ცალია.

კანარის ჩიტის კვერცხი მორუხო-ცისფერია დამახასიათებელი მუქი კოპლებით. მისი მასა 1,9გ-დან 2,5გ-მდეა, ზომა კი 17X13-დან 20X15მმ-მდე. კვერცხებზე ძირითადად მდედრი ზის, იგი იშვიათად ტოვებს ბუდეს, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც ესაჭიროება საკვების ან წყლის მიღება. კვერცხებზე მჯდომ მდედრს პერიოდულად მამრიც კვებავს.

კანარის ჩიტის კვერცხის ინკუბაცია 13 დღეს გრძელდება, მე-14 დღეს იჩეკებიან იშვიათი, მაგრამ გრძელი ღინღლით დაფარული ბარტყები. გამოჩეკვიდან 3-4 სთ-ის შემდეგ მდედრი იწყებს ბარტყების კვებას. ბარტყების გამოკვებაში მამრიც აქტიურადაა ჩართული.

გამოჩეკიდან 24-28-ე დღეს ბარტყები გადაჰყავთ სხვა გალიაში, სადაც ისინი უკვე დამოუკიდებლად იკვებებიან. ,,ახალგაზრდა მამრი“ თავისი არსებობის 35-37-ე დღეს იწყებს გალობას, მისი ბგერები ღრმა, გაბმული და გრძელია. მისგან განსხვავებით, მდედრის მიერ გამოცემული ბგერები უფრო მაღალი, მოკლე და წყვეტილია.

ასაკის მატებასთან ერთად აუცილებელია მდედრისა და მამრის განცალკევება. მამრი ჟღურტულებს, რომლის დროსაც ბერავს ჩიჩახვს, მდედრი კი წივწივებს. 5-6 თვის ასაკის მამრი სუსტი, ჩამოუყალიბებელი ხმით გალობს, მისი ნამღერი უმჯობესდება 8 თვის ასაკისათვის, ხოლო საბოლოოდ, 2 წლის ასაკში ყალიბდება.

კანარი, ჩიტი

კანარის ჩიტის ხანგრძლივი და წარმატებული სელექციისათვის აუცილებელია თითოეული ფრინველის წარმოშობისა და ასაკის ცოდნა, მაგრამ გარეგნულად მსგავსი ინდივიდების ერთმანეთისაგან განსხვავება ძალზედ ძნელია. შეცდომის დაშვების თავიდან აცილების მიზნით სელექციონერები იყენებენ ფეხზე დასამაგრებელ სპეციალურ რგოლს, რომელზეც მითითებულია ყველა საჭირო მონაცემი.

კანარის ჩიტის კვებაში გამოიყენება 4 სახის საკვები, ესენია: მარცვლოვნები, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული, მწვანილი. ამ პრინციპით კვებავენ, როგორც ზრდასრულ ფრინველს ასევე ბარტყებსაც, ოღონდ ერთი განსხვავებით, ბარტყებს ბოსტნეული და მწვანილი ეძლევათ დიდი სიფრთხილით.

ამასთან ერთად არსებობს სპეციალურად კანარის ჩიტისათვის განკუთვნილი საკვები, რომელიც დაბალანსებულია ფრინველისათვის აუცილებელი ყველა საყუათო ნივთიერებით, მინერალებითა და ვიტამინებით.

დღეს კანარის ჩიტის მოშენებით ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან დაკავებული. მოყვარულები საქართველოშიც არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული საქმიანობა არაპროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს. სწორი მიდგომის შემთხვევაში ფრინველი შესაძლებელია სოლიდური შემოსავლის წყაროდაც იქცეს, რადგან გალობის ხარისხიდან გამომდინარე ცალკეულ ეგზემპლართა ფასი რამდენიმე ათეულიდან-ასეულ ლარამდე მერყეობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ კანარის ჩიტი მეტად საინტერესო ობიექტია, არამარტო გალობის, არამედ მოშენების თვალსაზრისითაც.იგი ადამიანისთვის ერთდროულად შეიძლება იყოს ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუმჯობესებელი და ბიზნეს საქმიანობადაც იქცეს.

მ. ბარვენაშვილი, მ. ფეიქრიშვილი, ლ. ჯიქია, ა. გიორგაძე
/საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.მოამბე/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB