ინდაურის და ჭუკის სრულფასოვანი კვების პრაქტიკული სახელმძღვანელო

3209 Views Comment Off

ინდაური ტიპიური მეხორცული ფრინველია და ზრდის განსაკუთრებული ინტენსიურობით გამოირჩევა, ინდაურს დიდი მოთხოვნილება აქვს ცხოველური წარმოშობის პროტეინზე, ვიტამინებზე, განსაკუთრებით A, E ვიტამინებზე. მას უნარი აქვს კარგად გამოიყენოს მწვანე საკვები და ორგანიზმში დააგროვოს ცხიმი.

საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნილების სიდიდე დამოკიდებულია ინდაურის ჯიშურ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე, პროდუქტიულობის დონეზე, ასაკზე, შენახვის ტექნოლოგიაზე, ულუფის ძირითად კომპონენტთა შემადგენლობასა და ხარისხზე.

კვერცხმდებელი ინდაურისათვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებში რეკომენდებულია საზრდო ნივთიერებათა ასეთი შემცველობა — მიმოცვლის ენერგია 1,13-1,17  მჯ, ნედლი პროტეინი 16-17%, ნედლი უჯრედანა 5-6%, ნედლი ცხიმი 3,5-4,3%.

ნედლიცხიმის რაოდენობა თუ ინდაურის მოშენება ხდება მეხორცული მიმართულებით შეიძლება გაიზარდოს 5-6% მდე. ამ დროს ინდაურის ხორცი უფრო ნაზი და წვნიანი ხდება.

სანაშენე ინდაურის კომბინირებულ საკვებში B და E ვიტამინების უზრუნველსაყოფად, სასურველია შედიოდეს ახალი მარცვალი, მეტი რაოდენობით ხორბალი და სიმინდი, ნაკლები ქერი. ცხოველური საკვებიდან უმჯობესია თევზის ფქვილი და რძის პროდუქტები.

კომბინირებულ საკვებში რთავენ ჰიდროლიზურ საფუარს და ბალახის ფქვილს კომბინირებული საკვები 16-17% პროტეინს უნდა შეიცავდეს და დაბალანსებული უნდა იყოს ამინომჟავებით, პროტეინის 20-25% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს. მისი ნაკლებობისას შეიძლება გამოვიყენოთ ტოსტირებული სოიოს შროტი, ლიზინის, მეთიონინის და სხვა ამინომჟავათა პრეპარატები.

ინდაური მგრძნობიარეა მინერალური ნივთიერებების მიმართ. კალციუმის წყარო მის ულუფაში კირქვა, ნიჟარა და ცარცია. ყველა მინერალური საკვები ინდაურს სრულფასოვან კომბინირებულ საკვებში ეძლევა.

ზაფხულში გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს (28º-ზე ზევით) დღეში დამატებით ფრთაზე ეძლევა 3-4 გ ნიჟარა, რომელიც ან კომბინირებულ საკვებს ეყრება ზევიდან ან ცალკე საკვებურიდან ეძლევა.

სუფრის მარილის ნორმაზე დაბლა მიცემა იწვევს კვერცხდების შემცირებას, ხოლო სიჭარბე კი მოწამვლას.

ინდაურის საკვებში რთავენ 5-10% ბალახის ფქვილს, რომლის ერთი კილოგრამი 200-250 მგ კაროტინულია. ასეთი ფქვილი არა მარტო კაროტინის არამედ E და B ჯგუფის ვიტამინების კარგი წყაროა. B ჯგუფის ვიტამინების კარგი წყაროა საკვები საფუარი, რომელიც თუ ულტრაიისფერი სხივებით დასხივდა, D ვიტამინსაც შეიცავს. საფუარს ულუფაში რთავენ 5-6%-ის რაოდენობით.

ეს ამ ვიტამინებზე მოთხოვნილების 25%-ს ფარავს. სხვა ფრინველებთან შედარებით ინდაურის მოთხოვნილება ვიტამინებზე განსაკუთრებით მაღალია. ამიტომ საკვებნარევი თუნდაც მაღალხარისხოვანი კომპონენტებით იყოს დაბალანსებული, ვიტამინებზე მოთხოვნილებას დაახლოებით 50%-ით აკმაყოფილებს. ამიტომ სრულად დასაკმაყოფილებლად კომბინირებულ საკვებში, ვიტამინების შემცვლელი პრემიქსი შეაქვთ, სადაც რეკომენდებულია ვიტამინების მაღალი დოზა: E ვიტამინისა 33 გ/ტ, B2 — 22 გ/ტ, B5 -44 გ/ტ.

არასპეციალიზირებულ მეურნეობებსა და მცირე მეინდაურეობის ფერმებში შეიძლება გამოყენებული იყოს კვების კომბინირებული ტიპი. ამ დროს იყენებენ პურეულისა და პარკოსანთა მარცვლის ღერღილს, ბალახის ფქვილისა და მინერალური საკვებისაგან შედგენილ არასრულფასოვან საკვებნარევს.

ამასთან საკვების ნორმის ნახევარს აძლევენ მშრალად, მეორე ნახევარს კი შეურევენ საკუთარი წარმოების ცილოვანვიტამინოვან, ნახშირწყლოვან და წვნიან საკვებს, როგორიცაა მოხდილი რძე, შრატი, მოხარშული ხორცის ნარჩენები, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი, თალგამი, სტაფილო, სილოსი, მარცვლოვანთა და პარკოსანთა ნორჩი ბალახი, კვების ამ ტიპის დროს ძნელია ულუფა დაბალანსდეს მალიმიტირებელი საზრდო ნივთიერებებით, მაგრამ შესაძლოა მივიღოთ დამაკმაყოფილებელი შედეგი.

ამისათვის კი უნდა გავითვალისწინოთ ინდაურის მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე იხ. ცხრილი

aSakvebis_Damzadeba_Da_Shenaxva

მამალი ინდაურის ულუფაში შემავალი პროტეინი მაღალხარისხოვანი, ამინომჟავებით უნდა იყოს დაბალანსებული ამასთან მისი 30% ცხოველური წარმოშობისა უნდა იყოს. მწარმოებელი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებს მაშინ, როცა კომბინირებული საკვების ცხოველური ცილა თევზის ფქვილითა და მშრალი მოხდილი რძითაა წარმოდგენილი.

სპერმაპროდუქციის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს კალციუმისა და ფოსფორის მაღალი შემცველობა, ამიტომ მწარმოებელს არ უნდა ეძლეოდეს კვერცხმდებელი ინდაურის კომბინირებული საკვები.

სპერმაპროდუქციის ხარისხზე დადებითად მოქმედებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი დონე. 1 ტ კომბინირებულ საკვებზე ამატებენ 20-25 მილ. ი.ე. A ვიტამინს, 2-2,5  მილ. ი.ე. D და 30-40გ E ვიტამინს. სპერმაპროდუქციის ხარისხზე მოქმედებს ლინოლის მჟავა, რომელიც მოზარდეულის ულუფაში 1,2-1,4%, ხოლო ზრდასრული მამრის ულუფაში 1,5% უნდა შედიოდეს.

მისი ნაკლებობა იწვევს სათესლის განუვითარებლობას, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის შემცირებას, განაყოფიერების უნარის დაქვეითებას და მწარმოებლის მწყობრიდან ნაადრევ გამოსვლას.

ინდაურებს ძალიან უყვართ ნიგოზი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ცხიმს. ინდაურის წიგოებით კვების შემთხვევაში მიიღება მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ხორცი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ინდაურს საკვები და წყალი ეძლევა ნებაზე. ინდაური დღეში საშუალოდ ღებულობს 260-500 გ კომბინირებულ საკვებს.

წლის დროის მიხედვით ინდაურის სამაგალითო ულუფა მოცემულია ცხრილში

aSakvebis_Damzadeba_Da_Ind_0002

ინდაურის ჭუკი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წიწილა, ამიტომ მის ულუფაში მეტი პროტეინი და ვიტამინები უნდა შედიოდეს. ამას გარდა ინდაურის ხორცი ქათმისაგან განსხვავებით არგინინის, ლიზინის, ტრიპტოფანის და იზოლეიცინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რის გამოც ულუფაც ამ ამინომჟავებს მეტი რაოდენობით უნდა შეიცავდეს.

ჭუკისათვის განკუთვნილი კომბინირებული საკვების კვებადობა და ცალკეულ საზრდო ნივთიერებათა შემცველობა განპირობებულია მისი დანიშნულებით, (სანაშენე, სახორცე), ასაკით, ჯიშით, კროსით.

შესაბამისად არსებობს ცალკეული ასაკობრივი პერიოდისა და მისი ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავებული კვებადობის მქონე ულუფით კვების სხვადასხვა ვარიანტი. სანაშენე დედალს 120 დღემდე, ხოლო მამალს 150 დღემდე ისეთივე ულუფით ზრდიან, როგორც სახორცე ჭუკს. ამის შემდეგ კი იყენებენ სარემონტო მოზარდისათვის განკუთვნილ საკვებს.

სუქების პერიოდში (61-120 დღე) იმის გამო, რომ ჭუკის კუნთოვანი ქსოვილის ზრდა ნელდება, ულუფაში პროტეინის დონე მცირდება (22%-მდე), მიმოცვლის ენერგია კი იზრდება (1,19 მჯ-მდე). მამლის გასასუქებლად კი (121-დან 150 დღემდე) 1,22 მჯ-მდე. სუქების დროს ჭუკის ულუფაში რთავენ 4-5% პირველი ხარისხის ცხიმს, რაც აუმჯობესებს ტანხორცის სასაქონლო ელფერს. ჭუკის საკვები უნდა დაბალანსდეს ამინომჟავებით.

ინდაურის ჭუკის საკვებად გამოიყენება ახალი საკვები, რომლის მჟავიანობა 3-4º-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ინდაურის ჭუკის მხედველობა მხოლოდ 5-6 დღის შემდეგაა ნორმალური, ამიტომ რეკომენდებულია საკვებური მთლიანად გაივსოს საკვებით, რომ მოზარდეული თვალი ადვილად ხვდებოდეს. თუ მოზარდეული შენობაში იზრდება მადის გასაუმჯობესებლად საკვებნარევს ზემოდან დღეში 1-2-ჯერ წვრილად დაჭრილი მწვანე ბალახი მოეყაროს იმ რაოდენობით, რომ 1-2 საათის განმავლობაში შეჭამოს. სეირანული შენახვის დროს მწვანე საკვების დამატება საკვებურში საჭირო არ არის.

aSakvebis_Damzadeba_Da_Ind_0003

ჭუკის საკვებად იყენებენ მოხარშულ კვერცხს, თვითნამჟავ რძეს, ხაჭოს.  ინდაურის ჭუკის კვების სრულფასოვნება შეიძლება შემოწმდეს სკინტლის კონსისტენციით და ფერით. ჯანმრთელი მოზარდეულისა და ინდაურის სკინტლი მკვრივია, მოშავო, შარდმჟავას მცირეოდენი თეთრი ნადებით.

სკინტლის ცომისებური კონსისტენცია და ყვითელი ფერი მიუთითებს ულუფაში ნახშირწყლების სიჭარბეზე, შარდმჟავას დიდი რაოდენობა, თხიერება და ლორწოვანი მოწითალო ზოლები — კომბინირებულ საკვებში, ცხოველური პროტეინის სიჭარბეს, თხიერი მომწვანო შეფერილობის სკინტლი ფრინველის დაავადების ან არაკვებითი ხასიათის მიზეზით გამოწვეული კუჭნაწლავის მოშლილობას.

ავტორთა ჯგუფი: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი,
ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB