გნოლის ბიოლოგიური თავისებურებები და პროდუქტიულობა

გნოლი

ზოგადი ინფორმაცია

სხვა ბევრი სამონადირეო ფრინველისაგან განსხვავებით, რომელიც ვერ ეგუება ველ-მინდვრების გადახვნას, მდელოების გათიბვას, საძოვრებზე საქონლის ძოვას, გნოლი კულტურულ ნათესებში თავს მეტად მშვენივრად გრძნობს და კარგადაც მრავლდება. აქედან გამომდინარე იზრდება მისი, როგორც სამეურნეო დანიშნულების ფრინველის მნიშვნელობა.

გნოლს მიიჩნევენ ტყისა და სტეპის ერთ-ერთ საუკეთესო ბინადრად. აღნაგობით იგი მკვრივი და მრგვალია და სხვადასხვა ფერის ბუმბულითაა შემოსილი: წითლით, ყვითლით, შავით, ღია ნაცრისფრით, ყავისფრით, წაბლისფრით. გნოლს ახასიათებს ცოცხალი და მოხერხებული მოძრაობები. იგი ოდნავ დიდია მტრედზე, მაგრამ ხორცის გამოსავლიანობა გაცილებით მეტი აქვს.

შემოდგომასა და ზამთარში მისი ხორცი ცხიმიანი და გემრიელია. ზაფხულშიც კი დედალი გნოლის ხორცი, რომელიც კვერცხდების გამო შედარებით გამხდარია, არ კარგავს ცვრიანობას, სინაზეს, სირბილეს და სასიამოვნო გემოს. გნოლი არაგადამფრენი ფრინველია და არასოდეს ტოვებს მშობლიურ მხარეს.

თანამედროვე მეფრინველეობა, განსაკუთრებით კი სამოყვარულო, მუდმივად ცდილობს გაამრავალფეროვნოს აღნიშნული დარგი ახალი სახეობების მოშენებით და ამით გაზარდოს წარმოებული ხორცის ასორტიმენტი, ამასთანავე შემდგომი სასელექციო სამუშაოებისათვის შექმნას სარეზერვო გენოფონდი. სწორედ ასეთ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება გნოლი  (ლათ. Perdix,perdix).

ბიოლოგიური თავისებურებები და პროდუქტიულობა

გნოლი არც თუ ისე დიდი ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძე 35-38 სმ-ია, მასა კი 400-500 გრამი. თუმცა გარკვეული ჯიშებისათვის მასის მაჩვენებელი ზოგჯერ აღემატება მოცემულს. მამალი დედალზე მეტს იწონის და უფრო მკვეთრი შეფერილობით ხასიათდება.

გარეგნულად გნოლი წააგავს შედარებით მცირე ზომის, მკვრივი აღნაგობის ქათამს. იგი საკმაოდ პროდუქტიული ფრინველია. მისი კვერცხმდებლობა 15-25 ცალია. დედალი დღეში ერთ კვერცხს დებს. ბოლო კვერცხის დადებისთანავე იგი კრუხობისთვის ემზადება.

დედალი გნოლი ბეჯითად ზის კვერცხებზე და არ ტოვებს მას. ინკუბაცია 24-25 დღე გრძელდება (სხვა მონაცემებით – 21 დღე). არსებობს ცნობები, რომ ინკუბაციის დასრულების შემდეგ კვერცხების 30% უვარგისია.

აღსანიშნავია, რომ შინაური ქათმის წინაპრის _ გარეული ბანკივური ქათმის (gallus gallus) კვერცხმდებლობა ძალიან დაბალია 5-8 ცალი, მაშინ როდესაც თანამედროვე შინაური ქათმის კვერცხმდებლობა საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს აღწევს და ეს ყოველივე მიზანმიმართული სელექციის შედეგია.

თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, მაშინ ამ კუთხით გნოლი, რომლის კვერცხმდებლობაც 20-25 ცალია, წარმოადგენს შესანიშნავი საწყის მასალას შემდგომი სასელექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

გნოლის კვერცხი ერთფეროვანია, მოყვითალო-მონაცრისფრო, მოყვითალო-ზეთისხილისფერი ან თიხისფერი. ნაჭუჭი პრიალაა, სუსტი ბზინვარებით. კვერცხის სიგრძე 33-39 მმ-ია, სიგანე 26-29 მმ, ხოლო მასა 12-13 გ.

ხელოვნურ პირობებში სხვადსხვა ქვეყნის სანაშენეებში მეკვერცხული პროდუქტიულობის სხვადსხვა შედეგია მიღწეული. უნგრეთში ერთწლიანი გნოლისგან საშუალოდ 40 ცალ კვერცხს ღებულობენ. საფრანგეთში, ზოგიერთი კვერცხმდებლისგან – 60 ცალს. ყოველივე ეს განპირობებულია გამოზრდისას სხვადსხვა ტექნოლოგიური პარამეტრებისა და განსხვავებული საკვები რაციონის გამოყენებით.

გნოლის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური თავისებურებაა მისი პოლიგამურობა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფრინველები გუნდურად ბინადრობენ რაოდენობით 30 ინდივიდი, ზოგჯერ 80 ინდივიდის ოდენობითაც კი. გამრავლების პერიოდის დადგომისთანავე, მარტი-აპრილის თვეში, ისინი წყვილდებიან და ასე ცალკეულ ოჯახებად ცხოვრობენ მთელი ზაფხულის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ მამალი გნოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბარტყების გამოზრდაში, ზოგჯერ კვერცხებზეც ჯდება. როდესაც გუნდი წყვილებად იშლება, ამ დროს დედლის მოსაპოვებლად ხშირია მამლებს შორის ჩხუბი. ამიტომ შინაურ პირობებში, გამრავლების სეზონზე აუცილებელია წყვილებს შეექმნათ წყნარი და მშვიდი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ ბარტყების გამოჩეკვას.

გნოლი არა მხოლოდ შესანიშნავად დარბის, არამედ კარგადაც ფრენს. დამფრთხალი გნოლი ხმაურით ფრინდება და თან მთელ გუნდს იყოლიებს. ამიტომაც აუცილებელია, რომ მოშინაურებული ფრინველის პირველი თაობა გამოიზარდოს გალიებში ან ისეთ ვოლიერებში, რომელიც ყველა მხრიდან დახურულია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფრინველის სიმშვიდის უზრუნველყოფას, რომ მან სტრესი არ მიიღოს.

ბუნებრივ პირობებში ბუდის მოვალეობას ასრულებს ჩაღრმავებული ადგილი ბალახზე, ბუჩქების ქვეშ და ა.შ., რომელსაც იგი ბუმბულით და ღინღლით ამოაფენს. პირველი ბარტყები ჩნდებიან მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში. ერთდღიანი ბარტყის წონა 8 გრამია, 10 დღიანის – 34 გრამი, 21 დღიანის – 80 გრამი, 38 დღიანის – 160 გრამი, 63 დღიანის – 300 გრამი, 119 დღიანის – 350 გრამი.

ზრდასრული ფრინველის კონდიციას გნოლი აღწევს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში. სქესობრივი სიმწიფე დგება მომდევნო წლის ზაფხულზე.

პირველ ჯერზე დედალი დებს 12-15 ცალ კვერცხს, შემდეგ 15-20 ცალს და მეტს. გნოლს ახასიათებს ორი განგური წელიწადში, ნაწილობრივი და სრული. სრული განგურის დროს მთელი ბუმბული იცვლება ახლით. იგი იწყება გამრავლების პერიოდის დასასრულს და მთავრდება შემოდგომაზე. ნაწილობრივი ანუ შეჯვარების წინა განგური, ზამთრის ბოლოსა და ადრე გაზაფხულზე შეინიშნება. იგი მოიცავს თავისა და კისრის მიდამოებს.

გნოლი მნიშვნელოვანი სამონადირეო ფრინველია აზიისა და ევროპის ბევრ სახელმწიფოში. ამიტომ მეცნიერები ატარებენ სხვადსხვა სახის კვლევებს, რათა შეიმუშაონ მისი ხელოვნური გამრავლების მეთოდები. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოებია, რომელიც მიმართულია გნოლის რიცხოვნების გაზრდისაკენ არა მარტო სამონადირეო მეურნეობებში, არამედ ზოგადად ფაუნაში.

რიგ ქვეყნებში, როგორიცაა: ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი საფრანგეთი და ა.შ. შექმნილია სპეციალური სანაშენე მეურნეობები, სადაც მეცნიერული კვლევების შედეგად შემუშავდა და დაიხვეწა ხელოვნურ პირობებში გნოლის მოვლა-შენახვის, კვებისა და მოშენების მეთოდები.

ხშირად მიმართავენ გნოლის ინტროდუციას, მაგრამ ზოგჯერ იგი ვერ ამართლებს სხვადსხვა მიზეზების გამო, ესენია: განსხვავებული ეკოლოგია, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენა, კლიმატური ცვლილებები, ახალ საბინადრო გარემოში საკვების ძნელად მოპოვების მძიმე და მკაცრი პირობები.

მიუხედავად წარუმატებელი ინტროდუციისა, მეფრინველეობის დარგის მეცნიერებმა, შეცდომების გათვალისწინებით, დააგროვეს მნიშვნელოვანი გამოცდილება გნოლის შენახვის, კვების, გამრავლების, დაავადებების პრევენციისა და პროფილაქტიკის საკითხებში.

შემუშავებულია ფრინველის ვოლიერულ-გალიური შენახვისა და ზამთრის პირობებში დროებითი შეფარების მეთოდები.

ავტორი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი,სმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე /გნოლი (რეკომენდაციები) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/

თქვენი რეკლამა