D ავიტამინოზი ფრინველებში – სიმპტომები, დიაგნოზი, მკურნალობა

ავიტამინოზი, ფრინველებში, მეფრინველეობა

D-ავიტამინოზი ფრინველში ხასიათდება კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევით. მოზრდილ ფრინველში ეს დარღვევა გამოისახება ძვლებისა და კვერცხის ნაჭუჭის დეკალცინაციით.

მოზარდეულში D-ავიტამინოზის დროს ვითარდება რაქიტი. ფრინველის მოზარდეულის რაქიტი ფართოდაა გავრცელებული და იწვევს რა დიდ სიკვდილიანობას, მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიური ზარალი.

ეტიოლოგია და პათოგენოზი

მეურნეობაში რაქიტის მასობრივი გავრცელების მიზეზები შეიძლება იყოს D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის მარილების არასაკმარისი მოხვედრა საკვებთან, აგრეთვე ფრინველის სუსტი ულტრაიისფერიდასხივება. ფრინველის ორგანიზმში D ვიტამინი უმთავრესად გროვდება ზურგისა და კუდუსუნის ჯირკვალში.

ამ ვიტამინის უკმარობის დროს ხდება ძვლის ქსოვილის არასწორი განვითარება: ძვლების დეფორმაცია და დარბილება, ეპიფიზების გამსხვილება, ძვლოვანი ხარიხების სტრუქტურის დარღვევა, მყესებისა და სახსრების პათოლოგია. მოზარდეულის რაქიტი ყველაზე უფრო ავთვისებიანად მიმდინარეობს ერთდროულად D ვიტამინისა და კალციუმის და ფოსფორის მარილების დეფიციტის დროს.

სიმპტომები

რაქიტით სწრაფად ავადდება წყლის ფრინველის მოზარდეული, რომელსაც წიწილებთან შედარებით ახასიათებთ ზრდის უფრო მაღალი ენერგია. ავადმყოფობა იხვებში და ბატებში ხშირად ღებულობს ავთვისებიან მიმდინარეობას დიდი სიკვდილიანობით, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულის პერიოდში.

მათში აღნიშნავენ ზოგად სისუსტეს, მოდუნებულობას, ცუდ მადას, ბუმბულის ზრდის შეჩერებას, მუცლის შებერილობას, ფაღარათს, შემდეგში ძვლების დეფორმაციასა და დარბილებას; ფრინველს არ შეუძლია სიარული. თავის ქალა და მენჯის ძვლები თითის დაჭერით იღუნება. ყბები რეზინივით ელასტიურია. დაავადების სიმპტომების სრული განვითარების დროს ჭუჭულები გართხმული წვანან და ასეთ მდგომარეობაში კვდებიან.

წიწილებში და ჭუკებში რაქიტი როგორც წესი ნელა ქრონიკულად მიმდინარეობს, დაავადება ვლინდება ისეთივე სიმპტომებით, როგორც ბატის ჭუჭულებში, მაგრამ უფრო ნელა. უფრო მოგვიანო სტადიებში აღმოცენდება კოჭლობა, კიდურების კანკალი, კრუნჩხვები, მსხვილდება ნეკნების სახსრები (რაქიტული კრიალოსანი), არაპროპორციულად ვითარდება თავი.

მიტოვებულ შემთხვევაში წიწილები და ჭუკები კვდებიან გამჭლევების ან გართულებისგან.კვერცხმდებლებში D-ავიტამინოზის დროს აღინიშნება ოსტეომალაციის სიპმტომები: კვერცხი რბილი და მყიფე ნაჭუჭით, კოჭლობა, ძვლების მტკივნეულობა და მტვრევადობა; გამოიყოფა ავადმყოფები ყვითრისმიერი პერიტონიტით.

პათანატომიური ცვლილებები

აღნიშნავენ ძვლების სირბილეს, გამრუდებას და ფორიანობას, ეპიფიზების გამსხვილებას, სახსრების ხრტილოვან ჩაზრდას, ხერხემლის გამრუდებას.

დიაგნოზი

დიაგნოზი ემყარება კლინიკურ სურათს, პათანატომიურ გაკვეთას და კვებისა და შენახვის პირობების ანალიზს. რაქიტის ადრეული ფორმების გამოსავლენად საუკეთსო მეთოდად ითვლება რენტგენოლოგიური კონტროლი ძვლის ზრდაზე და ძვლების ბიოქიმიური გამოკვლევა კალციუმისა და ფოსფორის შემცველობაზე. დიფერენციულ დიგანოზში უნდა გამოითიშოს პეროზისი, უროვოს ავადმყოფობა და ლეიკოზი.

მკურნალობა

თავისუფალ-სეირანული შენახვის დროს ფრინველის მოთხოვნილება D ვიტამინზე მთლიანად იფარება მზის ულტრაიისფერი სხივების ხარჯზე, რომელიც განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინის წარმოქმნას მწვანე საკვების პროვიტამინიდან.

გალიაში შენახვისა და მზის სხივების უკმარისობის დროს პროფილაქტიკა ხორციელდება სამი მიმართულებით: D ვიტამინით მდიდარი საკვების ან სპეციალური პრეპარატების მიმატება ფრინველის ულუფაში; კალციუმზე და ფოსფორზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ულტრაიისფერი დასხივება.

ფრინველის მოთხოვნილება D ვიტამინზე მერყეობს ფართო ფარგლებში წლის დროის, გეოგრაფიული მდებარეობის, კვერცხის დების ინტენსივობის, ფრინველის შენახვის ხასიათის მიხედვით და სხვა.

ჩრდილოეთ რაიონებში გალიური შენახვის დროს და ინტენსიური კვერცხის დების პერიოდში D ვიტამინის ნორმები უნდა იყოს მაქსიმალური: საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს, რომ D2 ვიტამინის ანტირაქიტული მოქმედება ფრინველის ორგანიზმზე გამოსახულია დაახლოებით 30-ჯერ სუსტად, ვიდრე D2 ვიტამინისა.

საშუალო სადღეღამისო მოთხოვნილება D3 ვიტამინზე ერთ ფრთა ფრინველზე შეადგენს (მკგ-ობით); წიწილისათვის 10 დღის ასაკამდე – 0,05 – 0,1, ჭუკისათვის – 0,2 – 0,5, იხვის ჭუჭულისათვის – 0,5, ბატის ჭუჭულისათვის – 0,7 – 1,5, ქათმისათვის – 2-4; ინდაურისათვის – 3-5, იხვისათვის – 4-7, ბატისათვის – 5-10.

აღწერილი დაავადების პროფილაქტიკისათვის ფართოდ იყენებენ თევზის ქონს და D2 და D3 ვიტამინების კონცენტრატებს. თევზის ქონს აჭმევენ ფქვილოვან საკვებთან ნარევში შემდეგი ანგარიშით: მოზრდილ ქათამს – 1 გ დღე-ღამეში, წიწილას – 0,5 – 1 გ 100 გ კონცენტრირებულ საკვებზე. თევზის ქონის სადღეღამისო ნორმა ინდაურისა და წყლის ფრინველებისათვის1,5 – 2 ჯერ მაღალია, ვიდრე ქათმისათვის. D2 ვიტამინის კონცენტრატს მოზრდილ ფრინველს აძლევენ 2-4 წვეთს ერთ ფრთაზე დღე-ღამეში. მოზარდეულს 1-2 წვეთს 1 კგ საკვებზე.

კალციუმისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ ითვლება ტრიკალციფოსფატი, რომელსაც პროფილაქტიკური მიზნით მოზრდილ ფრინველს უნიშნავენ 1,5 – 2,5 გ 100 გ მშრალ საკვებ ნარევზე, მოზარდეულს – 1 – 1,5 გ; კარგ შედეგებს იძლევა ცარცის, თაბაშირის, ხორცისა და ძვლის ფქვილის ხმარება.

რაქიტის პროფილაქტიკისა და კვერცხმდებლობის გადადების მიზნით ფრინველს ასხივებენ ულტრაიისფერი სხივებით.

ავადმყოფი ფრინველის მკურნალობა ყველაზე უფრო ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაში. ავადმყოფ მოზარდეულს აცალკევებენ ნათელ ვრცელ შენობაში და უნიშნავენ გასეირნებას; ულუფა უნდა იყოს სრულფასოვანი ვიტამინურ-მინერალური შედგენილობის მხრივ.

თევზის ქონს და D ვიტამინის კონცენტრატებს ავადმყოფ ფრინველს უნიშნავენ დოზირებით, რომელიც პროფილაქტიკურს აღემატება არა უმეტეს 2-3-ჯერ D ჰიპერვიტამინოზის თავიდან ასაცილებლად. კარგ ანტირაქტიულ მოქმედებას იჩენს თევზის ქონის ან D ვიტამინის კონცენტრატების კუნთებში შეყვანა. მისი დოზები პროფილაქტიკურზე 2-ჯერ მეტია.

ავტორი: ამირან კოჩალიძე

*შენიშვნა: დეკალცინაცია – პათოლოგიური პროცესის შედეგად კალციუმის მარილების გამოდევნა ორგანიზმიდან.

თქვენი რეკლამა