A ავიტამინოზი ფრინველებში – სიმპტომები, მკურნალობა

ავიტამინოზი, ფრინველი

დაავადება A-ავიტამინოზი აღმოცენდება ორგანიზმში A ვიტამინის უკმარისობის შედეგად. ყველაზე მეტი გავრცელება, აღინიშნება ყველა სახეობის ფრინველის მოზარდეულებს შორის.

ეტიოლოგია და პათოგენოზი

მარაგის სახით ფრინველში A ვიტამინი ძირითადად გროვდება ღვიძლში და თანდათანობით იხარჯება 3-4 კვირის განმავლობაში. A ვიტამინის უკმარისობის დროს ორგანიზმში ირღვევა ცილოვანი, ცხიმოვანი, ფოსფორისა და სხვა სახის ცვლის რეგულაცია. არასრულფასოვანი კვერცხიდან ავადმყოფი წიწილები იჩეკება.

დაავადების სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. პირველ დღეებში აღინიშნება მადის დაქვეითება, მოდუნებულობა, სისუსტე, ზრდის შეჩერება, ბუმბულის აბურძგვნილობა. შემდეგში მკაფიოდ ვლინდება საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის მოშლა.

ცალკეულ ფრინველში, ხშირად ქათმის ჯიშისაში აღინიშნება თვალების დაზიანება: ცრემლდენა, კონიუქტივის შემსივნება, მესამე ქუთუთოს შეშუპება, ხაჭოსებრი ექსუდატის დაგროვება თვალის ნაპრალში, თვალებქვეშა სინუსების შემსივნება და მტკივნეულობა, იშვიათად რქოვანას დარბილება და დაწყლულება.

ქათმებსა და ინდაურებში ენასა და ხორცზე შეიძლება ვნახოთ მოთეთრო მოყვითალო ნადები, რომელიც ადვილად სცილდება.

ავადმყოფი კვერცხმდებელი ფრინველი მკვეთრად ამცირებს ან სრულიად წყვეტს კვერცხის დებას. ასეთი ფრინველის კვერცხის გული შეიცავს ცოტა A ვიტამინსა და კაროტინოიდებს; კვერცხის გული სუსტად არის შეფერილი და უფრო მოძრავია.

მკვეთრად გამოსახული ავიტამინოზის დროს მეურნეობაში შეიძლება გამოიყოს ქათმები ავადმყოფი ყვითრისმიერი პერიტონიტით და გაძნელებული კვერცხდებით.

პათანატომიური ცვლილებები 

აღინიშნება კანისა და შინაგანი ორგანოების ატროფია, ღვიძლის დისტროფია, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის ლორწოვანის ანთება, ზოგჯერ კეროვანი პნევმონია.

საყლაპავი მილის ლორწოვანზე ხშირად ნახულობენ ფეტვის მარცვლისოდენა კვანძებს, რომლებიც წარმოიშვებიან მოწყვეტილი კერატინიზებული ეპითელიუმით ლორწოვანი ჯირკვლების სადინარების დაცობის შედეგად.

თირკმელებში აღნიშნავენ მილაკების დეგენერაციულ გადაგვარებას, შარდსაწვეთებში – შარდმჟავას მარილების დაგროვებას.

დიაგნოზი

დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის პათანატომიური გაკვეთის და A ვიტამინისა და კაროტინის შემცველობაზე საკვები ულუფის ანალიზის საფუძველზე. დიაგნოზის დასმაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს A ვიტამინისა და კაროტინის შემცველობაზე ღვიძლისა და კვერცხის გულის ბიოქიმიურ გამოკვლევას.

ფრინველის ჯანსაღმოზარდეულში სრულფასოვანი კვების დროს სეზონისა და ასაკის მიხედვით 1 გ ღვიძლი შეიცავს არანაკლებ 36-60 მკგ A ვიტამინს, ნორმალური ქათმის კვერცხის გულის 1 გ – დაახლოებით 8 მკგ A ვიტამინს და 20 მკგ კაროტინოიდს.

დიფერენციულ დიაგნოზში საჭიროა ზედა სასუნთქი გზებისა და თვალის ინფექციური დაავადებები.

მკურნალობა

ფრინველი საჭიროა შეუწყვეტლივ უზრუნველყოფილ იქნეს A ვიტამინით ან კაროტინით, განსაკუთრებით კი მოზარდეული ან კვერცხისმდები ფრინველი.

კაროტინის ძირითად წყაროდ ითვლება სტაფილო, გოგრა, სილოსი, თივის ფქვილი, ბალახი; A ვიტამინით მდიდარია რძის პროდუქტები, ღვიძლი, თევზის ქონი.

ერთ ფრინველს დღეღამეში კაროტინი ესაჭიროება (მკგ-ობით): წიწილას 10 დღემდე ასაკში – 50-150; იხვის ჭუჭულს – 500, ბატის ჭუჭულს – 500 – 1000, ჭუკს – 500-1500, ქათამს – 2000 – 3000, იხვს – 4500 – 7000, ბატს – 8000 – 10 000, ინდაურს – 8500 – 11000.

თუ ფრინველს არ აქვს თავისუფალი გასეირნების შესაძლებლობა, მაშინ კაროტინზე მოთხოვნილება უნდა დაიფაროს უმთავრესად სტაფილოთი, თივის ფქვილით, (ულუფის მაწივრობის – 5-8 პროცენტი). თუ ვიტამინური საკვები არ არის, იყენებენ თევზის ქონს და A ვიტამინის კონცენტრანტს.

ავტორი: ამირან კოჩალიძე

თქვენი რეკლამა