თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენი – მეცხენეობა საქართველოში

ცხენი, ქართული

მეცხოველეობა საქართველოს სახალხო მეურნეობის უძველესი და ტრადიციული დარგია. შემთხვევით არ არის, რომ არ არსებობს ჩვენში შინაური პირუტყვისა და ფრინველის არცერთი სახეობა, რომლის ადგილობრივი ჯიში არ იყოს შექმნილი საუკუნეთა მანძილზე ხალხური სელექციის შედეგად.

საქართველოში მეცხენეობის განვითარება განპირობებული იყო, უპირველეს ყოვლისა, მთიან პირობებში ცხოვრებით, ხშირი ომებით ქვეყნის შიგნით და გარეშე მტრებთან და მშვიდობიან პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით.

ქართული სამეფო კარის საპატიო წევრთა შორის მეჯინიბეთუხუცესიც იყო.

დღევანდელ დღემდე, ჯიშთა სახესხვაობებიდან ორი ჯიშია შემორჩენილი: ესენია თუშური და მეგრული ცხენები. მათ გარდა, საქართველოში ჯავახური ჯიშური ჯგუფიც ჩამოყალიბდა.

თუშური ცხენი

თუშური ცხენი წარმოადგენს კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ჯიშს, რომელიც მოშენებულია საქართველოს მთიანი ზონის ბუნებრივ კლიმატურ პირობებში ხალხური სელექციის შედეგად.

თუშური ცხენი წარმოიშვა ძველი ქართული ცხენის ჯიშისგან, რომელსაც საქართველოში I-III საუკუნეებში აშენებდნენ. მას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული აქვს ძვირფასი ნიშან-თვისებები; ხასიათდება კარგი ამტანიანობით, სიმამაცით, კარგი ორიენტაციით, ტემპერატურული ცვლილებებისადმი შემგუებლობით, მსუბუქი ნაბიჯებით. ყველა ეს თვისება აუცილებებლია მთაში მოძრაობისთვის.

ეს ჯიში, ძირითადად, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. თუშურ ცხენს აქვს საჯდომ- სასაპალნე დანიშნულება. მეცხოველეობაში განსაკუთრებით მოსახერხებელია მომთაბარე მწყემსებისთვის, რომლებსაც პრობლემები ექმნებათ გზებზე.

თუშურს ცხენს ინახავენ ჯოგური მეთოდით, მთის საძოვრებზე. ზაფხულის საძოვრებზე ის სწრაფად სუქდება და კრეფს ენერგიას, ბრწყინვალე ადაპტაციით გამოირჩევა უღელტეხილებისა და ხეობებისადმი. ამ ჯიშს პატარა მოძრავი ტანი აქვს.

გარეგნული მაჩვენებლები და კონსტიტუცია: მოკლე მსუბუქი თავი, სწორი პროფილი, კარგად განვითარებული მკერდი, საშუალო ზომის თვალები, დაცქვეტილი ყურები, მოკლე კისერი, საშუალო ზომის მინდაო, სწორი ზურგი და ამოზნექილი წელი, მოკლე და დახრილი გავა, მომრგვალებული ნეკნები, საშუალო სიმაღლის კიდურები, ჩლიქები პატარა და მუქი ფერის.

ცხენი ხასიათდება მაღალი ტემპერამენტით. ის არის გვიანმწიფადი – 5-6 წლის ასაკში ითვლება ზრდადასრულებულად; 3 წლის ასაკიდან გამოიყენება მსუბუქ სამუშაოზე.

ფაშატები ხასიათდებიან მაღალი პროდუქტიულობით. მათ აქვთ კარგად განვითარებული ჩორთი და ჭენების სტილი.

თუშური ცხენი შრომისუნარიანი და სწრაფია. ორწლიანები 1000 მ მანძილს ფარავენ 1,32 წთ- ში, სამწლიანები – 1,27 წთ-ში. ის, ძირითადად, არის წაბლა, ლურჯა, ასევე გვხვდება მოწითალო და ყორანა. თუშური ცხენის მოშენების მეთოდია ხალასი (წმინდასისხლიანი) მოშენაბა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ჯიშები დიდად განსხვავდებიან სხვა კულტურული ჯიშებისგან. ადგილობრივი ცხენის გენოფონდის მახასიათებლები ხალხური სელექციის საუნუკოვანი მიღწევების შედეგია.

გასული 20 წლის განმავლობაში, არაფერი გაკეთებულა ცხენთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისა და დაცვისათვის, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ კატასტროფულ შედეგებამდე.

მატერიალური ტექნიკური ბაზა და სანაშენე ცხენების სულადობა თითქმის განადგურებულია. საკვები ბაზა მწირია; ასევე, ფაქტობრივად განადგურებულია ხელოვნური განაყოფიერების ქსელი. ცხენთა შეჯვარება ქაოსური ხასიათისაა, ყოველგვარ კონტროლს მოკლებული.

მეგრული ცხენი

უძველესი მეგრული ცხენი გამოყვანილია ხალხური სელექციის შედეგად დასავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში, ძირითადად, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ჯიშმა საუკუნეების განმავლობაში ნაკლები ცვლილებები განიცადა. მეგრულ ცხენს აქვს ადგილობრივი მნიშვნელობა.

კოლხეთის ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეგრული ცხენის ჩამოყალიბებაში.

ეს ჯიში, ძირითადად, საჯდომ-სასაპალნეა. ის, როგორც შესაბმელი ცხენი, ხშირად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენება. ხასიათდება მთის პირობებში მაღალი ადაპტაციით.

გვიანმწიფადია და ზრდადასრულებულად ითვლება 5-6 წლის ასაკში. 3 წლის ასაკიდან შესაძლებელია მისი გამოიყენება მსუბუქ სამუშაოებზე. ის ძლიერ ამტანი ცხენია; თანაბრად მუშაობს ჭაობებშიც და მთაშიც.

ზაფხულის საძოვრებზე ის სწრაფად სუქდება და კრეფს ენერგიას, ხასიათდება მაგარი კიდურებით, დამახასიათებელი დგომით; თუშურ ცხენთან შედარებით, აქვს მოკლე და ოთკუთხედი ტანი.

დამახასიათებელი ნიშნები: საშუალო ზომის თავი, პატარა და დაცქვეტილი ყურები, დიდი თვალები, საშუალო ზომის მინდაო, სწორი ზურგი და წელი, მოკლე და ოვალური გავა, კარგად განვითარებული სახსრები კიდურებზე და მაგარი ჩლიქები.

მეგრული ცხენი, ძირითადად, გვხვდება წაბლა და მუქი წაბლა, რომელიც ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მაცხოვრებლებში. აგრეთვე გვხვდება ლურჯა და ყორანა. მას იშვიათად ახასიათებს ნიშნები თავსა და კიდურებზე. ეს ჯიში ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით.

ჯავახური ცხენი

ჯავახური ცხენს საფუძვლად დაედო რუსეთიდან გადმოსახლებული „დუხაბორთა” მიერ შემოყვანილი ტვირთმზიდავი ყირიმის და დონურ ფაშატების რუსულ საჯაგავ ცხენთან ნაჯვარი შესაბმელი ცხენი.

ჯავახური ცხენის ჩამოყალიბება დაიწყო 1841-1845 წლებში. ნაჯვარი სულადობა იყო საშუალო სიმაღლის, ძვალმსხვილი, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემით, ძლიერი და ამტანი.

ეს ცხენები გამოიყენებოდა მოგზაურობისათვის და გამწევ ძალად. მიუხედავად დადებითი თვისებებისა, შემოყვანილი ცხოველები ვერ აკმაყოფილებდნენ მკაცრ, ადგილობრივ კლიმატურ და ბუნებრივ პირობებს, რისთვისაც 1938 წლიდან გეგმიურად დაიწყო ნაჯვარ ცხოველთა გაუმჯობესება, რისთვისაც გამოყენებული იყო ბრაბანსონის, პერშერონის, არდენის და სხვა ევროპული კულტურული ჯიშის ულაყები.

მრავალწლიანი სელექციური მუშაობის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჯავახური ჯიშური ჯგუფი, რომელიც ხასიათდება მაღალი ადაპტაციის უნარით მკაცრ ბუნებრივ პირობებთან.

ჯავახური საჯაგავ ცხენში გამოიყოფა სამი კონსტიტუციური ტიპი: მძიმე, საშუალო და მსუბუქი.

ჯავახური შესაბმელი ცხენი თვინიერი და გარეგნულად ლამაზია, ხასიათდება მსუბუქი ნაბიჯით, კარგი ჩორთით, ენერგიული ტემპერამენტით და მძიმე სამუშაოს ამტანიანობით. მას ახასიათებს მაგარი კონსტიტუცია.

ძირითადად არის ქურანა, ყორანა, ლურჯა და სხვა. სულადობის უმეტესობას აქვს თავისებური დამახასიათებელი ნიშნები თავზე და კიდურებზე. დღეისათვის, ჯავახური ცხენი შესწავლასა და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს.

„ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: ცხენის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები და რეცეპტები

თქვენი რეკლამა