ველის წითელი ჯიშის ძროხა

ძროხა, მეცხოველეობა

ძროხის ველის (სტეპის) წითელი ჯიში ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეებში უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონების მკაცრი კლიმატის და შედარებით მწირი კვების პირობებში.

ჯიშის წარმოშობა დაკავშირებულია ჰოლანდიელ-გერმანელი მენონისტების უკრაინაში ჩამოსახლებასთან, რომლებმაც თან ჩამოიყვანეს წითელ-ჭრელი ოსტფრიზული და წითელი ფერის ანგელნური ჯიშის ძროხა.

შემოყვანილი ცხოველები ვერ შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, რის გამო დაიწყეს მათი შეჯვარება ნაცარა უკრაინული ჯიშის, აგრეთვე ველიკორუსულ ძროხასთან.

შემდგომ ეტაპზე, სხვადასხვა გენერაციის ნაჯვარების „თავისში“ მოშენებით მოხდა ამ ჯიშის ფორმირება („თავისში“ მოშენება – ანუ როდესაც ნაჯვარ მდედრებს ვაწყვილებთ იმავე კომბინაციის ნაჯვარ მამრებთან.).

თავიდან მას კოლონისტურს, მოგვიანებით კი გერმანულ წითელ ჯიშს ეძახდნენ, 1941 წელს კი ჯიშს შეუცვალეს სახელი და უწოდეს სტეპის წითელი.

მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა ორასწლოვანი სელექციის ნაყოფია და მიჩნეულია ჯიშის ძირითად ღირსებად, ხოლო ნაკლად ითვლება შედარებით სუსტად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, აგრეთვე სხვა კულტურულ სარძეო ჯიშებთან შედარებით ნაკლები ცოცხალი მასა და მონაწველი.

ჯიში გავრცელებულია უკრაინის და რუსეთის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შემოყვანილი იყო საქართველოში.

ექსტერიერით ჯიში მკვეთრად გამოხატული მერძეული ტიპისაა: ოდნავ წაგრძელებული ხმელი თავი, გრძელი კისერი შესამჩნევად დანაოჭებული კანით; მინდაო ვიწრო და ოდნავ მაღალი; ზურგისა და წელის ხაზი სწორი; გულმკერდი საშუალო სიღრმის და შედარებით ვიწრო; ღაბაბი სუსტად განვითარებული; გავა შედარებით მოკლე და დაქანებული, ცალკეულ შემთხვევაში კი სახურავისებრი.

ცხოველების უმეტესობას კიდურების დგომა სწორია, ჩლიქები კი მაგარი.

ტყავი თხელი და ელასტიურია, დაფარულია შედარებით მოკლე და ხშირი ბალნით; ცური საშუალო ან დიდი ზომის და ჯირკვლოვანი, უმეტესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული, კერტები გრძელი ან საშუალო სიგრძის და უმეტესად ცილინდრული ფორმის; სარძეო ჭა და სარძეო ვენები კარგად არის გამოხატული.

ზრდასრული ფურების სიმაღლე მინდაოში 128-130 სმ, ხოლო კუროების 138-141 სმ-ა. მათი ცოცხალი მასა, შესაბამისად, 450-520 და 750-800 კგ-ს შეადგენს, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ს.

სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით ჯიშის სტანდარტი I, II და III ლაქტაციაზე, შესაბამისად 2900, 3300 და 3700 კგ რძეა, 3,7 % ცხიმითა და 3,3% ცილით.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის ჰოლშტინური ჯიში

თქვენი რეკლამა