შაროლე – ძროხის ჯიში საფრანგეთიდან

ძროხა, მეცხოველეობა

შაროლე გამოყვანილია საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში, შაროლეს პროვინციაში.

დიდტანიანობასთან ერთად გამოირჩევა ზრდის მაღალი ენერგიით, მაგრამ გვიანმწიფადია. კარგად იყენებს ბუნებრივ საძოვრებს.

თავის სამშობლოში ფურების ცოცხალი მასა 700-800, კუროების 1000-1400 კგ-ს აღწევს. ახალშობილი ხბოს მასა 40-45 კგ-ა.

ზრდის პოტენციით აღემატება ბრიტანულ სახორცე ჯიშებს, მაგრამ ნაკლავის გამოსავლითა და ხორცის ხარისხით ჩამოუვარდება მათ.

8 თვის ასაკში ასხლეტილი მოზარდის ცოცხალი მასა შეადგენს 200-220 კგ-ს. მოზვრების საშაულო დღეღამური წონამატი ინტენსიურად სუქებისას 1200 გ- ა, საკლავი გამოსავალი კი 55-56%.

ნაკლოვანი მხარეებიდან აღნიშნავენ გართულებული მშობიარობის მაღალ სიხშირეს, რაც დაკავშირებულია ახალშობილი ხბოს ფართოშუბლიანობასთან და დიდი მასასთან.

გარდა ამისა შეიმჩნევა უხეში ძვლოვანი სისტემა და მსხვილბოჭკოვანი კუნთოვანი ქსოვილი.

ცხოველებში საკმაოდ ხშირად გვხვდება “დოპელენდარიზმი”, ანუ სხეულის უკანა მესამედის კუნთების ჰიპერტროფია (გაორმაგება).

შაროლეს ჯიშს აშენებენ მსოფლიოს 5 კონტინენტზე. ფართოდ გამოიყენება სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებაში.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური წაბლას ჯიშის ძროხა

თქვენი რეკლამა