ცხოველთა სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები

რა უნდა იცოდეს ბიზნესოპერატორმა და რა ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო – სასაკლაო.

ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის – სასაკლაოების არსებობა.

საქართველოს მასშტაბით 90-მდე ცხოველთა სასაკლაო მოქმედებს, რომლებშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი ხორცით უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია წარმოების მთლიანი ჯაჭვის – ფერმიდან სუფრამდე -კონტროლი.

სამომხმარებლო ბაზარზე მიკვლევადი და უვნებელი ხორცის მოხვედრის ძირითადი წინაპირობა ცხოველის სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკვლაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული ცხოველების რაოდენობამ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 25 პროცენტით მოიმატა. (2015 წელს ვეტერინარული ზედმხედველობით 216 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, 2014 წელს კი, 150 ათასი)

სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები

ხორცის რეალიზაციის მიზნით ცხოველების დაკვლა დაშვებულია მხოლოდ სასაკლაოებზე, ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ.

ცხოველთა სასაკლაო დაშორებული უნდა იყოს დასახლებული პუნქტიდან, კომუნალური და სამრეწველო ნაგებობებიდან. მშენებლობისთვის უნდა შეირჩეს მშრალი, ოდნავ დაქანებული ადგილი წვიმის წყლის გადინებისათვის.

ნაკვეთის შერჩევისას, გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურისა (გზები) და კომუნიკაციების (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, საკანალიზაციო

სისტემა) არსებობა.

სასაკლაოს ტერიტორია, პირობითად, იყოფა ერთმანეთისაგან იზოლირებულ 3 ზონად:

1. ცხოველის (ფრინველის) მისაღები ბაზა და ცალკე სადგომი დაავადებაზე საეჭვო ცხოველებისთვის (ფრინველებისთვის);

2. საწარმოო ნაგებობა;

3. ადმინისტრაციული ზონა.

საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და იზოლირებული, რათა გამოირიცხოს დასაკლავი ცხოველის კონტაქტი სხვა ცხოველებთან.

საწარმოს დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი იზოლირებული უნდა იყოს ტყავის დასამარილებელი განყოფილების, ნაწლავებისა და სუბპროდუქტების სათავსების, მაცივრისა და ლაბორატორიისაგან.

ჰიგიენური პირობები დაკვლის პროცესის დროს

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის”, „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 იანვრის N173 და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის” შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N 90 დადგენილებების მოთხოვნათა შესაბამისად.

• სასაკლაოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიკვლევადობა სასურსათო ჯაჭვის შესახებ;

• ცხოველთა სასაკლაოს ტერიტორია და შენობა მოეწყოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული სურსათის დაბინძურების ყველა პოტენციური წყარო;

• შენობა აღიჭურვოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით; ადეკვატური განათებით; ეფექტიანი სადრენაჟე სისტემით; ადვილად საწმენდი, წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე იატაკით, კედლებით და ჭერით; სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური ზედაპირებით;

• არ განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები სურსათის წარმოების დროს (მცირე სარემონტო სამუშაოების გარდა);

• უზრუნველყოფილ იქნეს სურსათის სათანადო ტემპერატურული პირობების შენარჩუნებისა და მონიტორინგისათვის საჭირო ადეკვატური მოწყობილობები ან/და ღონისძიებები;

• დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეები (საწარმოო ხაზები) მოეწყოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. თუ ცხოველის დაკვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურა ტარდება ერთსა და იმავე სასაკლაოში, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ პროცედურების დროში ან სივრცეში განცალკევება;

• წარმოება/გადამუშავებისათვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი ხარისხის სასმელი წყალი;

• საქმიანობასთან დაკავშირებულ იარაღებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ცხელი წყლით (არანაკლებ 820C) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალებით;

• გამოყენებული უნდა იყოს ისეთი შესაფუთი ან დასაფასოებელი მასალა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

• ნარჩენების გატანა მოხდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს სურსათის დაბინძურება;

• საწარმოს დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე, სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები ისე უნდა განთავსდეს, რომ არ შეეხოს შესაფუთ მასალასა და სურსათს;

• აღირიცხოს დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველი ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო – სასაკლაო პროცედურა თარიღისა და დროის მითითებით;

• უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტირების საშუალებების, კონტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის ჰიგიენა, სურსათისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება და მონიტორინგი;

• სურსათის წარმოება/გადამუშავებაში მონაწილე პერსონალმა დაიცვას სისუფთავე, შეიმოსოს შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმლით;

• უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებული პერსონალის შესაბამისი სწავლება ან/და ინსტრუქტაჟი სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით;

• დაინერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა;

• დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ, განხორციელდეს ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდება.

დაკვლის ტექნოლოგიური ციკლი

ცხოველთა დაკვლის დროს, ტექნოლოგიური ციკლი უნდა აეწყოს იმგვარად, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს სასაკლაოს უსუფთაო ნაწილიდან სუფთა ნაწილის მიმართულებით.

უსუფთაო ნაწილში შედის:

1. ცხოველთა მისაღები

2. ცხოველთა სადგომი

3. ცხოველთა გათიშვა, გაბრუება

4. დაკვლა

5. სისხლგართმევა

6. გატყავება (გაფუფქვა, გატრუსვა)

7. გამოშიგვნა

სუფთა ნაწილში შედის:

1. ტანხორცის ჰიგიენა

2. ხორცის ინსპექტირება (ვეტსანიტარიული

ექსპერტიზა)

3. აწონვა

4. გაგრილება

5. დანაწევრება

6. გადამუშავება

7. შეფუთვა

8. შენახვა

9. ექსპედიცია

სურსათის ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა