ჯიშების ჩამონათვალი და ფერმის კრიტერიუმები იაფი აგროსესხისთვის

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ფერმის კრიტერიუმები, იმპორტირებული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალი და მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვის წესი.

1. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ფერმის კრიტერიუმები

იმისათვის, რომ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის ახალი შენობის ასაშენებლად ან/და არსებული შენობის აღსადგენად ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის სესხით, საჭიროა დაცულ იქნას შემდეგი პირობები:

1. ფერმის შენობა (ახლადაშენებული ან/და აღდგენილი) უნდა იტევდეს არანაკლებ:

ა) 10 სულ მეწველ და/ან გენერაციის მომცემ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს თავისი ნამატით; ბ) 50 სულ მეწველ და/ან გენერაციის მომცემ წვრილფერა რქოსან პირუტყვს თავისი ნამატით;

2. ფერმის შენობა (ახლადაშენებული ან/და აღდგენილი) უნდა იყოს კაპიტალურად გადახურული, უზრუნველყოფილი დენითა და წყლით, რძის წარმოების შემთხვევაში რძის მიღებისა და/ან პირველადი დამუშავების ტექნიკური საშუალებებით;

3. ფერმის და რძის წარმოებასთან დაკავშირებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ადგენს „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილება და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილება.

2. იმპორტირებული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალი

იმპორტირებული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა ჯიშების ჩამონათვალი გასაზღვრულია ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სსიპ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად:

კავკასიური წაბლა ჯიში – ეს ჯიში საქართველოსთან ერთად გამოიყვანეს სომხეთში, აზერბაიჯანშა და დაღესტანში, ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით უმთავრესად შვიცურ ჯიშთან. კავკასიურ წაბლა ჯიშში ხელსაყრელად არის შეხამებული ადგილობრივი ძროხის გამძლოება საქართველოს მთისა და ბარის პირობებისადმი შეგუებულობა და ცხიმრძიანობა, შვიცური ჯიშის მაღალ ცოცხალ მასასა და წველადობასთან.

ამ ჯიშის ცხოველები ფერად წაბლაა და ჰარმონიული აგებულებით გამოირჩევა. დაბადებისას დეკეულების საშუალო მასაა 28 კგ, მოზვრებისა 30 კგ. კუროების მასა 700 -750 კგ-ია, ფურების 400-450 კგ, წველადობა 4200 კგ რძე, ცხიმიანობა 3,7 %.

კავკასიური წაბლა ჯიში კომბინირებული (სარძეო-სახორცე) მიმართულებისაა. დაბადებიდანვე კარგად ნაკვები ამ ჯიშის მოზვრების დღეღამური წონა მატი ხშირად 900-1000 გ- ს აღწევს, ხოლო საშუალო ცოცხალი მასა 345 კგ-ს, ნაკლავის გამოსავალი 57-60 %, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

შვიცური ჯიში – ეს ჯიში დაახლოებით 1000 წლის წინ, შვეიცარიის მთებშია გამოყვანილი. ის სარძეო-სახორცე მიმართულებისაა და წაბლა ფერით ხასიათდება, აქვს მაგარი პროპრციული აგებულება და აკლიმატიზაციის კარგი უნარი. მაღალი პროდუქტიულობის გამო ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელბული, სადაც მისი მონაწილობით გამოყვნილია ახალი ჯიშები. კუროების ცოცხალი მასა 900 კგ, ფურისა 550 კგ, წველადობა 4600 კგ, ცხიმიანობა 3,6 %, რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დიდია.

შავჭრელი ჯიში – ამ სახელწოდების მქონე ჯიში გამოყვანილი იქნა რუსეთში, იმავე ფერის ჰოლანდიურ ძროხასთან შეჯვარების გზით. ეს ჯიში შემოყვანილი იქნა საქართველშო სადაც კარგად შეეგუა ადგილობრივ პირობებს და საკმაოდ ფართოდ გავრცელდა (ფაქტიურად ის მეორე ადგილზეა კავაკსიური წაბლას შემდეგ), მიეკუთვნება მეხორცულ ჯიშებს. დაბადებისას ხბოს წონა 35 კგ-ს აღწევს, სრულასაკოვანი კუროს მასა 880 კგ, ფურისა 550 კგ, წლიური წველადობა 5500-6000 კგ რძე, 3,6 % ცხიმის შემცველობით.

ჰოლშტეინური ჯიში – შავ-ჭრელ პირუტყვს ამერიკაში, კანადასა და რიგ სხვა ქვეყნებში ამჟამად ჰოლშტეინურს უწოდებენ. ის მიღებულია ჰოლანდიიდან შემოყვანილი პირუტყვის ხალასი მოშენებით, უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით, ეს ჯიში წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება, მიეკუთვნება მერძეულ ჯიშებს. კუროს საშუალო ცოცხალი მასა 900-1000 კგ-ს უდრის, ფურისა 680-700 კგ-ს, წლიური წველადობა 6500-7000 კგ-ს აღწევს, ცხიმიანობა არ არის დიდი და 3,7%-ს არ აღემატება.

ჯერსის ჯიში – ერთ-ერთი უძველესი ინგლისური ჯიშია, თავდაპირველად ჯიშის სიწმინდის  შენარჩუნების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლები გრძალავდნენ ამ ჯიშის საქონელის გაყვანას ქვეყნიდან. დღეისათვის გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. პროდუქტიულობა აქვს დაბალი, თუმცა ცხიმისა და ცილების რაოდენობა რძეში ძალზე მაღალია, მიეკუთვნება მერძეულ ჯიშებს.. წლიური წველადობა 4200 კგ, თუმცა ცხიმიანობა ხშირ შემთხვევაში 7%-ს აღწევს (საშუალოდ 5-6 %-ია).

სიმენტალის ჯიში – შვეიცარიაა ამ ჯიშის სამშობლო. ალპური მდელოების მცენარეული საფარის ნაირფეროვნების შედეგად ეს ჯიში არის კომბინირებული (მერძეულ-მეხორცული). კარგი წველადობის გარდა გამოირჩევა მაღალხარისხიანი ხორცით. წლიური წველადობა ზოგჯერ 9000 კგ-ს აღწევს (საშუალოდ 5000 კგ/აგროკავკასია), ცხიმიანობა 4%.

აიშირის ჯიში – შოტლანდიური წარმოშობი მერძეული მიმართულების ჯიშია. შედარებით დაბალი წონის (430-520 კგ) ფონზე წლიური წველადობა ერთი ლაქტაციის პერიოდში 4000-5000 კგ რძეს იძლევა, ცხიმიანობა 4-4,3%. ფურები კარგად იტანენ მკაცრი ზამთრის პირობებს, ცუდად ეგუებიან ცხელ კლიმატს. სახორცედ გამოზრდილი 1 წლიანი ხბოების წონა 350-450 კგ-ს აღწევს.

ველის წითელი ჯიში – მიღებულია უკრაინაში სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგად. ამ ჯიშის ძროხები ხასიათდებიან კარგად გამოხატული რძიანობის ნიშნებით (მიეკუთვნება მერძეულ ჯიშებს), საშუალოზე სუსტად განვითარებული მუსკულატურით, დიდი ამტანობით, ფერად წითელია. სრულასაკოვანი კუროს ცოცხალი მასა 800 კგ, ფურისა 520 კგ, წველადობა 4500-5000 კგ რძე, 3,7 % ცხიმინობით. ჯიშის სახორცე პროდუქტიულობა არ არის მაღალი, სუქებისას მოზვრის დღეღამური წონამატი 800-950 გ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავალი 52-55 %-ს შეადგანს. ეს ჯიშიც საკმაოდ ფართოდააა გავრცელებული საქართველოში.

ჰერეფორდის ჯიში – მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მეხორცული ჯიშია, სწრაფად მატულობს წონაში, გამოირჩევა მაღალი ხარისხის „მარმარილოს ხორცით“. ფურები მარტივად ეგუებიან კლიმატის ცვლილებებს, დიდ მანძილებზე გადაადგილებას. რძის წველადობა დაბალია, ხბოების გამოსაზრდელად საჭიროა დამატება. ზრდასრული ბუღის წონა 900-1400 კგ-მდეა, ხოლო ხბო 650-850 კგ იწონის.

იაროსლავის ჯიში – რუსეთში გამოყვანილი მერძეული ჯიშია. მეხორცული თვისებები დამაკმაყოფილებელი აქვს ამ ჯიშს, ხბოები ადრეულ ასაკში იმატებენ ცხიმს, რაც საშუალებს იძლევა საკვები ხორცის მისაღებად ადრიდანვე. ხასიათდება მაღალი წველადობით, 5000 კგ-მდე, ცხიმიანობა 4 %, გააჩნია სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი მარტივად შეგუების თვისებები.

ხოლმოგორის ჯიში – მერძეული ჯიშია, ყურადღება ექსევა წლის განმავლობაში მიღებული რძის რაოდენობასა და მის ცხიმიანობას. ჯიში გამოყვანილია რუსეთში, კარგად ეგუება მკაცრი ზამთრის პირობებს. მერძეული თვისებების გარდა კარგად ავითარებს მეხორცულ თვისებებსაც. კარგი კვების პირობებში წლიური წველადობა აღწევს 6000 კგ-ს, ხოლო მასა 550-600 კგ-ს.

ჰოლანდიური ჯიში – უძველესი და განსაკუთრებულად მაღალპროდუქტიული 33 ქვეყანაში გავრცელებული ჯიშია, არის მერძეული ჯიში. ვარაუდობენ, რომ მერძეული მიმართულების ყველა ჯიშებს გააჩნია ამ ჯიშის გენი. წლიური წველადობა 4000 კგ-ს აღემატება, ცხიმიანობა 4%. დაბადებისას ხბოების წონა 35-40 კგ-ია, ზრდასრული პირუტყვი 600 კგ-მდეა, ხოლო მოზვრები – 900 კგ-ს იწონის.

აბერდინო-ანგუსის ჯიში – კარგად გამოხატული მეხორცული თვისებებით ხასიათდება. ზრდასრული ფურის წონა 550-600 კგ, ხბოების – 850 კგ. სწრაფად მზარდი ჯიშია, 4 თვის ხბოების წონა 200 კგ-ს აღწევს. პირუტყვი გამოირჩევა ხორცის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ხორცით. გამოსავლიანობა საშუალოდ 65%-ს შეადგენს, არის შემთხვევაბი 70%-ს აღწევს. მერძევეობის თვისებები დაბალია, წლიური წველადობა არ აღემატება 1500 კგ-ს.

ანგლერული ჯიში – შექმნილია გერმანიაში. იგი მერძეული პროდუქტიული მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია, ფერად მუქი წითელი ან ალუბლისფერი, მუქი ბეწვით თავის, კისრის და კიდურების მიდამოებში. ზრდასრული ცხოველების სიმაღლე მინდაოში 127-129 სმ-ია. ფურების ცოცხალი მასა 500-550 კგ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო კუროების – 900-1000 კგ-ს შორის. ფურების მერძეული პროდუქტიულობა 5500 კგ-ს აჭარბებს. რძეში ცხიმის შემცველობა 4,64-5,1%- ს შეადგენს, ცილა – 3,7%-ს. ამ ჯიშის მოზვრებისათვის დანახასიათებელია სუქების კარგი უნარი. 18 თვის ასაკში მათი ცოცხალი მასა 450-480 კგ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავალი – 53-55%-ს. საქართველოში ამ ჯიშის კუროებს იყენებდნენ დართვით შეჯვარებაში ფურების ცხიმიანობის გასადიდებლად.

ლატვიური წაბლა – მერძეული პროდუქტიული მიმართულების ჯიშია. იგი გამოყვანილია ადგილობრივი საქონლისა და მისი ნაჯვარების ანგლერულთან, ჩრდილოეთ შლეზვინგის და წითელ დანიურ ჯიშებთან შევარებით. ლატვიური წაბლა ჯიშის პირუტყვისათვის დამახასიათებელია წითელი ფერი, ხოლო კისრის ქვედა მხარე, ყურები, კიდურები და კუდი შავი ფერისაა. სხეული გრძელი და გაწელილია, გულმკერდი ღრმა და განიერი. ფურების ცოცხალი მასა 500-550 კგ-ს ფარგლებში მერყეობს, ხოლო კუროების – 800-850 კგ-ს შორის. ფურების მონაწველი 3500-4000 კილოგრამია, ცხიმიანობა 3.9-4%. ამ ჯიშის მოზვრებს აქვს დამაკმაყოფილებელი სახორცე პროდუქტიულობა. საკლავის გამოსავლიიანობა 50%. ლატვიური წაბლა გავრცელებულია ლატვიში, ბელარუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში, შემოყვანილი იყო საქართველოშიც.

ფლექფი – ავსტრიაში და გერმანიაში სელექცირებული სიმენტალური ჯიშია. იგი მერძეულ-მეხორცული მიმართულებისაა. ახასიათებს სხვადასხვა ინტენსივობის წითელ-ჭრელი შეფერილობა. ფურების ცოცხალი მასა მერყეობს 650-850 კილოგრამს შორის, კუროების- 1100-1300 კილოგრამს შორის. ახალშობილი ხბოები იწონიან 39-40 კილოგრამს. ფურების მონაწველი შეადგენს 6.500 კილოგრამზე მეტს, 4,13% საშუალო ცხიმის და 3,49% ცილის შემცველობით. ჯიში გამოირჩევა მაღალი სახორცე პროდუქტიულობით. სასუქი ცხოველების დღიური წონამატი ინტენსიური კვების პირობებში 1200 გრამზე მეტია.

3. მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვის წესი

იმისათვის, რომ მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის სესხით, საჭიროა დაცული იქნას შემდეგი პირობები:

1. დასაშვებია მხოლოდ მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დადგენილი ჯიშების მერძეული / მეხორცული ან / და კომბინირებული (მერძეულ / მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების – შეძენა როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

2. მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნებების ჩამონათვალს განსაზღვრავს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად.

3. იმპორტირებული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შემთხვევაში, პირუტყვი უნდა იყოს ნიშანდებული და კარანტინის პერიოდში გაიაროს ყველა კანონით განსაზღვრული პროცედურა.

4. იმპორტირებული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შემდეგი აქტების თანახმად:

  • „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N420 დადგენილება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილება;
  • „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილება;
  • „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N764 დადგენილება.

5. მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტის შემთხვევაში ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საბაჟო დოკუმენტაცია.

6. ადგილობრივი სანაშენე მეურნეობიდან მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შემთხვევაში, ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს მაღალპროდუქტიული პირუტყვის წარმოშობისა და შესყიდვის დოკუმენტაცია.

7. როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

8. ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შუამავალი კომპანიების მომსახურებით, რომლებიც უზუნველყოფენ ბენეფიციარებისთვის განსაზღვრული მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტს. აღნიშნული სახით პირუტყვის შეძენის შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა იხელმძღვანელოს მე-4 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის დადგენილებების შესაბამისად.

9. როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი პირუტყვის რეალიზაცია ბენეფიციარს ეკრძალება სესხის გაცემიდან მომდევნო 36 თვის განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

თქვენი რეკლამა