თხის დაავადებები, მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა

თხა, მეთხევეობა, მეცხოველეობა

ადამიანმა თხა შედარებით ადრე მოიშინაურა, ვიდრე სხვა მცოხნავი ცხოველები _ ძროხა და ცხვარი. საქართველოში თხის მოშენებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ.

ქვეყანაში რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ჯიშისა და პოპულაციის თხებია გავრცელებული, რომლებიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს კარგად არის შეგუებული, რაც პროდუქტიულობის მაჩვენებლებშიც მჟღავნდება.

თხები კარგი მოვლა-შენახვის და კვების პირობებში იშვიათად ხდებიან ავად. მიუხედავად ამისა, ცხოველის მეპატრონეს (მომვლელს) უნდა შეეძლოს ავადმყოფი ცხოველებიდან გარჩევა და მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების გაწევა.

ჯანმრთელ თხას კარგი და ჯანსაღი გამოხედვა აქვს. ჯანმრთელი ცხოველის პულსი 70-80-ია წუთში, სუნთქვის სიხშირე კი — 15-20. ორგანიზმის ტემპერატურაა 39-40°C (ორგანიზმის ტემპერატურა იზომება ანალური ხვრელიდან).

გადამდები დაავადების პირველადი ნიშნებია:

  • სუნთქვის გახშირება;
  • ქოშინი;
  • პულსის 100 დარტყმამდე გაზრდა წუთში;
  • ტემპერატურის 41-42°C-მდე გაზრდა;
  • ყურების და კიდურების გაციება;
  • მადის დაქვეითება;
  • რძის გამოყოფის შემცირება.

თხის არაგადამდებ დაავადებებს განსხვავებული ნიშნები გააჩნია. ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს და აღვწერთ იმ მარტივ მეთოდებს, რითაც ფერმერული მეურნეობის ან საკარმიდამო ფერმის პირობებში ცხოველს გავუწევთ დახმარებას.

ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ვეტერინარი ექიმის გამოძახება აუცილებელია. ის გვეხმარება დიაგნოზის დროულად, სწორად დასმაში, სამკურნალო — პროფილაქტიკური ღონისძიების დაგეგმვაში და ეფექტურად გატარებაში, რომელიც შემდგომ ხელს შეუშლის დაავადების გავრცელებას.

ცურის ანთება: ვლინდება სწრაფად მშობიარობის შემდგომ პერიოდში. დაავადების მიზეზია გაციება, რომლის ხელშემწყობია თხების ორპირქარიან შენობაში შენახვა, დაბინძურებული ქვეშსაფენი, ცივი და ტენიანი (სველი) იატაკი.

ცხოველის მკურნალობისას უნდა დავიცვათ მკაცრი დიეტა, რაციონიდან მთლიანად ამოვიღოთ რძისმდენი საკვები და შევამციროთ კონცენტრატები, რომლებიც უნდა შევცვალოთ კარგი ხარისხის თივით.

მკურნალობის პერიოდში თხებს ეძლევათ საფაღარათო საშუალებები (1 სუფრის კოვზი გლაუბერის მარილი 250 მლ. წყალზე ან 100 მლ. მცენარეული ზეთი). ცურის დაზიანებულ მხარეს 3-4 საათის განმავლობაში ადებენ ცივ კომპრესს — თხიერ თიხას ძმართან ერთად (2-3 სუფრის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე), რის შემდეგაც ადებენ ნარზე დამზადებულ მცენარეულ კომპრესებს (1 სუფრის კოვზ წყალზე 2 სუფრის კოვზი ნარის ფხვნილი).

თუ ცურის შესიება დიდი ხნის მანძილზე არ ცხრება, იყენებენ ცინკის და თუთიის მზა პრეპარატებს ან იოდის მალამოს. დაავადების მეოთხე დღიდან იყენებენ დამათბობელ კომპრესებს. ქაფურის ან იხტიოლის მალამოების შეზელვით — თბილ პროცედურებს ატარებენ დღეში ორჯერ. ცხოველი ამ დროს უნდა იმყოფებოდეს თბილ შენობაში.

დაავადების გამოხატული ფორმის დროს, როდესაც არ გვაქვს ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები, ცხოველებს ვენაში უკეთებენ ნოვოკაინის 0, 25%-იან ხსნარს დოზით 1 მლ 1 კგ — ცოცხალ მასაზე.

ნაპრალები ცურზე: ვლინდება თხების ცუდი მოვლა-შენახვის და არაკვალიფიცირებული წველის დროს. ხშირად დაავადებების მიზეზი ხდება უხეში ქვეშსაფარი.

ცურის კანის დაზიანების და ნაპრალების გაჩენის შემთხვევაში ცურს ბანენ ბორის მჟავის ხსნარით (1 ჩაის კოვზი ბორის მჟავა 1 ჭიქა წყალზე).

კოლიკები: ტკივილები მუცლის არეში, რომელიც ვითარდება გაზების დაგროვებით. დაავადების პირველი სიმპტომია მადის დაქვეითება, ძლიერი ოფლიანობა და გაუვალობა.

დაავადების გაჩენისას ცხოველს ენიშნება გვირილის ნაყენის ოყნები (1 მუჭა გვირილა ერთ ბოთლ წყალზე). გარდა ამისა, ნაყენი ცხოველს ეძლევა შინაგანადაც: გვირილა — 250 გრ, ნაღველას ფესვების წანაზარდები — 10 გრ, გლაუბერის მარილი — 15 გრ, სელის თესლი — 25 გრ. ამავდროულად ცხოველის მუცელზე ახვევენ თბილ ნაჭერს ან ადებენ სათბურს.

ტიმპანია: (ფაშვის მწვავე გაბერილობა). ვითარდება ფაშვში ან ნაწლავებში დიდი რაოდენობით გაზების დაგროვების შედეგად. დაავადება ძირითადად ვლინდება საძოვარზე წლის თბილ დროს.

დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზია დიდი რაოდენობით ნამიანი ბალახის მიღება. პროცესი შედარებით სწრაფად ვითარდება, თუ ბალახეულობა შედგება პარკოსანი მცენარეებისაგან. აქედან გამომდინარე, დაავადება თავს იჩენს დილით ადრე (როდესაც ბალახი დაფარულია ცვარით) და წვიმიან ამინდში. დაავადება რთულდება, თუ ცხოველი წყალს ღებულობს უშუალოდ ნედლი ბალახის მოძოვისთანავე.

გაზების მოცილება, თუ ის დაგროვებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში, რთული არ არის. მთავარია სწრაფად მოვახდინოთ ფაშვის შეკუმშვის სტიმულირება. ზოგჯერ საკმარისია თხის გვერდებზე ცივი წყლის შესხურება.

თუ დაავადებას მასიური ხასიათი აქვს, თხის ჯოგი უნდა შევრეკოთ მდინარეში. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, თხას უტარებენ ფაშვის მასაჟს. ამისათვის ცხოველს უწევენ წინა კიდურებს და უტარებენ ფაშვის მიდამოს ინტენსიურ მასაჟს ხელის დაწოლით. ჩვეულებრივად ამ დროს ცხოველი იწყებს ბოყინს და გაზების გამოყოფას.

სხვა შემთხვევაში გაზების გამოყოფისათვის იყენებენ სპეციალურ ზონდებს და ისეთ საშუალებებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ბოყინი (პირში უდებენ ჯოხს ან დახვეულ ნაჭერს დასველებულს ნავთში და სხვა). თუ ამ საშუალებებმა შედეგი არ გამოიღო, უნდა მოხდეს ტროაკარით ფაშვის გახვრეტა. ამ ოპერაციის ჩასატარებლად უნდა მოვიწვიოთ ვეტერინარი ექიმი. თუ ფაშვის გახვრეტამაც ცხოველი არ გაათავისუფლა გაზებისაგან, ვეტერინარი ექიმი აკეთებს განაჭერს ფაშვზე და იქიდან ამოაქვს არსებული შიგთავსი.

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ცხოველებს საძოვარზე გაშვების წინ უნდა მივცეთ თივა ან ნამჯა.

წინაკუჭების ატონია: (საჭმლის მონელების დარღვევა). დაავადების წარმოშობის ძირითადი მიზეზია ცხოველთა არარაციონალური კვება. მათ შორის შეიძლება იყოს უჯრედანით მდიდარი საკვებით ხანგრძლივი კვება, კონცენტრირებული საკვების ჭარბი მიღება, მოციონის უქონლობა, დაწყურების რეჟიმის დარღვევა, დამპალი, დაობებული, გაფუჭებული საკვებით კვება და სხვა.

დაავადების მიმდინარეობისას თხებს უქვეითდებათ მადა, ნელდება საკვების პერისტალტიკა (მოძრაობა) ფაშვიდან ბადურაში, ბადურიდან წიგნარაში და ა.შ. დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობისას ადგილი აქვს ფაშვის გადავსებას და გაბერილობას. ამობოყინება ხშირად ხდება და ჰაერი ძლიერ ცუდი სუნისაა. ავადმყოფ ცხოველებში შეკრულობა ენაცვლება ფაღარათს და პირიქით.

ცხოველთა სამკურნალოდ იყენებენ მარილმჟავას (2-5გრ მარილმჟავა გახსნილი ერთ ჭიქა წყალში) და თეთრი შხამას ნაყენს (2-3 მლ ერთ ჭიქა წყალზე). კანქვეშ შეჰყავთ პოლიკარპინი დოზით 0,01-0,03 გრ. ერთ ცხოველზე. დაავადების პროფილაქტიკის მიზნით დიდ ყურადღებას აქცევენ ცხოველთა კვებას და მოვლა-შენახვის პირობებს.

კუჭ-ნაწლავის ანთება (გასტროენტერიტი): დაავადების მიზეზია ცხოველთა კვება გაფუჭებული საკვებით: დამპალი ჭარხალი ან კარტოფილი, დაობებული მარცვალი, დიდი რაოდენობით პურის ან შრატის მიღება, პათოგენური სოკოებით დაინფიცირებული და მცირე მეტალების (ტყვია, თუთია) შემცველი საკვები.

მეორადი გასტროენტერიტები ვითარდება ინფექციური დაავადებების მიმდინარეობისას. დაავადებული ცხოველები საშიმშილე ფოსოზე ხელის დაჭერისას გამოსცემენ უცნაურ ხმას, ხშირად ვითარდება ფაღარათი, ცხოველები მტკივნეულად იჭინთებიან, გამოიყოფა თხევადი, ცუდი სუნის მასა, რომელიც შეიცავს სისხლს და ლორწოს. ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს პირის ღრუს წყლულოვანი გარსების ანთებით.

მკურნალობა იწყება დიეტით. კუჭ-ნაწლავის გათავისუფლების მიზნით ცხოველს ეძლევა საფაღარათო საშუალებები (40-80 გრ. გლაუბერის მარილის 8% ხსნარი). საფაღარათო საშუალების მიცემის შემდეგ კი მადეზინფიცირებელი საშუალება— 2-8 გრ. სალოლი გვირილის ნახარშთან ერთად, ტანინი ან სხვა — მთრთილავი საშუალება 2-5 გრ.

ნაწლავების გამოსარეცხად იყენებენ თბილი წყლის ღრმა ოყნებს, რომელშიც შერეულია აქტივირებული ნახშირი. სისხლიანი ფაღარათის დროს ცხოველს ეძლევა 1%-იანი რივანოლის ან ფურაზოლიდონის 0,1%-იანი ხსნარი.

გასტროენტერიტით ცხოველის დაავადების დროს იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლურებას. ამ შემთხვევაში იყენებენ ჰიპერტონიულ ხსნარებს. იღებენ გლუკოზის 15%-იან ხსნარს და ურევენ სუფრის მარილის 1-3%-იან ხსნარში. მიღებული ნარევი შეჰყავთ ვენაში 2 მლ-ის ოდენობით.

დიარეა: დიარეით ყველაზე ხშირად ავადდება ახალშობილი ციკნები, მაგრამ იგი არც თუ ისე იშვიათად ვლინდება უფროსი ასაკის ცხოველებშიც. დაავადების მიზეზია არასრულფასოვანი კვება, კვება დასვრილი და ცივი რძით, გაციება და სხვა.

ეფექტური მკურნალობა ეფუძნება ცხოველის სადგომში სისუფთავის დაცვას და სათანადო დიეტას.

ყველაზე უბრალო და ხელმისაწვდომი საშუალებაა მუხის ქერქი. ნახარში ძირითადად გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით: დაფქვილი ქერქის ერთ სუფრის კოვზს ათავსებენ დახურულ ემალირებულ ჭურჭელში, ასხავენ 1,5 ჭიქა ადუღებულ წყალს და აყოვნებენ 30 წუთის განმავლობაში, ფილტრავენ მარლაში და აძლევენ ცხოველებს 1`4 ჭიქას რამდენჯერმე დღეში.

ციკნებს უკეთესია მიეცეს ნახარში რძესთან ერთად. გართულებული პროცესის დროს უკეთესია, თუ რძის მიცემაზე თავს შეიკავებთ. დიარეის დროს იყენებენ აგრეთვე მოცვის ნაყენს, ბროწეულის კანის და ბრინჯის ნახარშს.

ჩლიქების ანთება: დაავადებული ცხოველი იწყებს კოჭლობას, მეტწილად წევს, დაზიანებული ჩლიქი ცხელია.

დაავადებულ ცხოველს უქმნიან კარგი მოვლა-შენახვის და კვების პირობებს. ჩლიქის დაზიანებულ ნაწილს აჭრიან ზედმეტ რქოვანას და ბანენ მადეზინფიცირებელი ხსნარების გამოყენებით. დაზიანებულ ადგილზე უსვამენ იხტიოლის ან ვიშნევსკის მალამოს.

რევმატიზმი: რევმატიზმი თხებში არის ორი სახის: კუნთების და სახსრების. კუნთების რევმატიზმი ვითარდება გაციების ნიადაგზე, ცხოველების ნესტიან და ცივ შენობაში შენახვისას. დაავადებული კუნთი მკვრივდება, რის გამოც მასზე ხელის შეხებისას ცხოველი მტკივნეულად რეაგირებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია თხები გადავიყვანოთ მშრალ შენობაში და დავზილოთ ქაფურის სპირტით.

სახსრების რევმატიზმების დროს ცხოველებს უსივდებათ სახსრები, ვლინდება კოჭლობა, ქვეითდება მადა, მატულობს ორგანიზმის ტემპერატურა. სამკურნალოდ იყენებენ მალამოს შეზელვას, რომელიც შედგება 5 წილი სკიპიდარის, 5 წილი მცენარეული ზეთის და 1 წილი ნიშადურის სპირტისაგან.

ნივთიერებათა ცვლის მოშლის ან რაქიტის დროს ციკნებს 20 დღის ასაკიდან ყოველდღიურად უნდა მიეცეს მინერალური დანამატები: 5 გრ ძვლის ფქვილი ან დაფხვნილი ცარცი. 3 თვის ასაკიდან დოზებს ზრდიან 10 გრამამდე.

სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს ორგანიზმის იმუნობიოლოგიური რეაქტიულობის ამაღლებისკენ.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სასუნთქი სისტემის დაავადებები, ვატარებთ კომპლექსურ ღონისძიებებს. პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს მაკე თხის და ციკნების მოვლა-შენახვის და კვების პირობები. არ უნდა დავუშვათ ორპირი ქარები და ციკნების გაციება.

შენობაში შენარჩუნებული უნდა იყოს სათანადო მიკროკლიმატი, პირველ რიგში ნორმალური ტენიანობა და ტემპერატურა. იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით ცხოველებს ეძლევათ იმუნოგლობულინები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებების ნარევები, პრემიქსები და სხვა.

ორგანიზმის რეზისტენტობის გაძლიერების მიზნით არ უნდა დავივიწყოთ სამკურნალო მცენარეების გამოყენება, როგორიცაა ლეშურის (ჟენ-შენის), მანჯურიის არალის, ჩინური ლიმონურას და სხვათა ნაყენები (3-5 წვეთი მიღებაზე). ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ისეთი მცენარეების ნახარშები, რომლებიც შეიცავენ: გლუკოზიდებს, საპონინებს, კაროტინებს, ვიტამინებს და სხვა ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნაერთებს.

ბრუცელოზი: მეტად საშიში ბაქტერიული დაავადებაა. ავადდება ადამიანიც. თხებში ხშირია აბორტები. მამრ თხებში ადგილი აქვს სათესლეების შესიებას — ორხიტებს. ბრუცელოზზე დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით. დაავადების აღმძვრელის გადაცემა ხდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით.

დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ვეტერინარ ექიმს და ჩატარდეს სათანადო გამოკვლევა. დაავადებული ცხოველი გაყავთ ჯოგიდან და იკვლება სანიტარულ სასაკლაოზე, შენობას კი უტარდება დეზინფექციები.

თურქული: თხების და სხვა წყვილჩლიქიანი ცხოველების ვირუსული დაავადებაა. დაავადების დროს ზიანდება პირის ღრუ, ცხვირის სარკე, ჩლიქები და ცური. პირის ღრუში ვითარდება აფთები და ინტენსიური ნერწყვდენა. ჩლიქებს შორის დაზიანებები იწვევს ცხოველის კოჭლობას.

ახდენენ დაავადებული ცხოველის იზოლირებას და რძის თერმულ დამუშავებას. თურქულის სპეციფიკური მკურნალობის საშუალებები არ არის შემუშავებული, დაავადებულ ცხოველებს აძლევენ მსუბუქ საკვებს. დღეში 2-3 ჯერ ახდენენ პირის ღრუს გამორეცხვას ანტისეპტიკური ხსნარებით და აუმჯობესებენ ცხოველის სადგომის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს.

ინფექციური მასტიტი: დაავადების დროს ცურის დვრილები გადიდებული და გამკვრივებულია, ღებულობს წითელ ფერს. დაავადების დასაწყისში გამოყოფილი რძე წყლიანია, შემდგომ შეიმჩნევა სისხლის და ჩირქის მინარევი. უარესდება ცხოველის საერთო მდგომარეობა, თხა წყვეტს საკვების მიღებას, უმეტესად წევს, არ იცოხნება, ტემპერატურა მატულობს 41-420C-მდე.

ცხოველის გამოჯანმრთელების მიზნით ატარებენ ხშირ წველას (ყოველ 1-2 საათში) და ცურის ფრთხილ (ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ) მასაჟს ნოვოკაინის მალამოს გამოყენებით (ნოვოკაინი 1 გრ, ბორის მჟავა 4 გრ, ვაზელინი 20 გრ). მასაჟის შემდეგ ცხოველს კვლავ წველიან, ცურის კანზე კი უსვამენ ქაფურის მალამოს. კარგი შედეგი მიიღება ცურის მთლიანად დათბუნებით.

ნეკრობაქტერიოზი: დაავადება ვლინდება ჩლიქებს შორის რბილი ქსოვილების დაზიანებით. თავიდან იწყება შესიება, შემდეგ კი ადგილი აქვს ჩირქის გამოდინებას. ცხოველი იწყებს კოჭლობას, ჩლიქები შეხებისას მტკივნეულია. დაავადების გართულებისას ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ტუჩები.

დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები მოიცავს ცხოველის მოვლა-შენახვის და კვების პირობების გაუმჯობესებას. ცხოველს ათავსებენ მშრალ შენობაში, ბაგაზე სქლად აფენენ ნამჯას ან სხვა საფენს. დაზიანებული ჩლიქების დასამუშავებლად იყენებენ მადეზინფიცირებელ საშუალებებს. დაუშვებელია ცხოველების ძოვება ნესტიან საძოვარზე და მათი დაწყურება დაჭაობებულ ადგილებზე.

ჩლიქების სიდამპლე: ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ლპება რქოვანა. ადგილი აქვს ჩლიქის მთლიანი ზედაპირის აშრევებას. დაავადებული ცხოველი კოჭლობს, ერიდება მოძრაობას, უმეტესად წევს. ქვეითდება პროდუქტიულობა.

ინფექციური პროცესის შენელებისათვის სისტემატურად იყენებენ მადეზინფიცირებელი საშუალებების ხსნარებს.

ავადმყოფი ცხოველების გამოცალკევების შემდეგ ჯანმრთელ ცხოველებს უკეთებენ პროფილაქტიკურ აბაზანებს (კრეოლინის და სხვათა ხსნარები).

შენობას და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას ქლორამინის გამოყენებით. საძოვარი, სადაც იმყოფებოდა ავადმყოფი ცხოველი, გამოიყენება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ.

მონეზიოზი: დაავადებული ციკნები კარგავენ მადას, მოშლილია საჭმლის მონელების სისტემა. ცხოველები თანდათან ხდებიან, არიან მოდუნებული, ცხოველები კვდებიან კიდეც.

დაავადებას იწვევს ლენტისებური ჰელმინთი სიგრძით 4-5 მ, სიგანით 1,5 სმ. მათი განვითარება მიმდინარეობს წვრილ ნაწლავში. თხების დაინვაზირება ხდება საძოვარზე.

ცხოველთა სამკურნალოდ იყენებენ შაბიამანის ხსნარს. პრეპარატის მიცემის წინ ცხოველებს არ კვებავენ, წყალს კი ასმევენ დამუშავების შემდეგ. ჰელმინთებთან ბრძოლაში ეფექტურია საკვებთან ერთად შემდეგი ნარევის მიცემა: შაბიამანი და სუფრის მარილი.

დიქტიოკაულოზი: დაავადება მიმდინარეობს საერთო მოდუნებით, მადის დაქვეითებით, მშრალი ხველებით, რომელიც თანდათან ძლიერდება. ვითარდება პნევმონია, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, ვლინდება სისხლნაკლებობა. ცხოველები კვდებიან სიგამხდრით და გამოფიტვით.

დაავადების აღმძვრელია ძაფისებრი ნემატოდა, რომელიც პარაზიტობს ბრონქებში და ტრაქეაში.

ცხოველის დაინვაზირება ხდება საკვებიდან და წყლიდან. დაავადებული თხების სამკურნალოდ იყენებენ იოდის წყალხსნარს (1გრ. კრისტალური იოდი 1500 მლ გამოხდილ წყალზე) დოზებით: ზრდასრულ ცხოველს 10-12გრ, მოზარდს 5-10გრ. ხსნარი შპრიცით შეჰყავთ ტრაქეაში. ეფექტურია აგრეთვე დიტრაზინი (25%-იანი წყალხსნარი შეჰყავთ კანქვეშ, ან კუნთებში 0.1გრ. — 1 კგ ცოცხალ მასაზე). ინექციას იმეორებენ 1 დღე-ღამის შემდეგ.

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით უნდა შეიცვალოს საძოვარი და ზემოთ აღნიშნული პრეპარატები გამოვიყენოთ ერთჯერადად.

ტილიანობით ავადდებიან ძირითადად გრძელბეწვიანი ჯიშები. ტილიანობა იწვევს ძლიერ ქავილს, რომელიც აწუხებს ცხოველს. ტილები სხვა ცხოველებზე არ გადადიან. პარაზიტების მოსპობა შესაძლებელია აკარიციდული პრეპარატის ბუტოქსის გამოყენებით.

ტრიქოფიტის დროს (მუნი, ქეცი, ყუთური) ცხოველის ორგანიზმზე მოხვედრილი ტკიპები ღრღნიან და ხვრეტენ კანის რქოვან გარსს და ჭრილობებში შეჰყავთ ნერწყვი. დაზიანებულ ადგილებში იწყება ქავილი, ცხოველი მტკივნეულ ადგილებს იკბენს და იფხანს. კანი კარგავს ელასტიურობას. ძლიერდება გარქოვანება. ვითარდება ნაპრალები, ანთებითი პროცესი გადადის კანის ქვედა შრეებში, ჩნდება კვანძები, ბუშტუკები და ჩირქოვანი კერები. ქავილის დროს ბუშტუკები და კვანძები სკდება და გადმოდენილი სითხე გაშრობის შემდეგ ქმნის მოყვითალო ნაცრისფერ ქერქებს.

პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება 50%-ით წყალში გახსნილი ბუტოქსი. პრეპარატს ასევე იყენებენ რწყილების, ბუზების, ტილების, ჭიანჭველების, ტარაკნების და სხვათა საწინააღმდეგოდ. პრეპარატი ეფექტურია მისი ორჯერადი (8-10-დღიანი ინტერვალით) გამოყენებით. ერთ თხაზე საკმარისია 30ლ ხსნარი.

შენობას, რომელშიც იმყოფებოდნენ დაავადებული ცხოველები, უტარებენ დეზინფექციას კირის ხსნარით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნას აგრეთვე ნაცარტუტის ცხელი ხსნარი, რომელიც შეიძლება ადგილზე დამზადდეს.

ავტორები: თენგიზ ყურაშვილი, ვეტ.მეცნ.დოქტორი, სმმა აკადემიკოსი;
მაია კერესელიძე, ვეტ.მეცნ.დოქტორი;
მარინე წკეპლაძე, ბიოლოგიის დოქტორი

თქვენი რეკლამა