ფურის მომზადება მოგებისათვის და ჯანმრთელი ხბოს მიღება

ფური, ძროხა, ხბო

მოგებისათვის ფურების მომზადების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი დროული გაშრობა. გაშრობიდან მოგებამდე პერიოდს, როდესაც ფური აღარ იწველება მშრალობის პერიოდი ეწოდება.

მშრალობის პერიოდი ნორმალურად 45-60 დღე გრძელდება, მაგრამ ერთნაყოლი ან დაბალი ნაკვებობის ფურებისათვის 10-15 დღით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს.

მოგებამდე, ფურების გაშრობა საჭიროა სარძეო ჯირკვლის დაზიანებული ქსოვილების აღსადგენედ და გასაახლებლად, ცხოველის ორგანიზმში საზრდო ნივთიერებების მარაგის შესაქმნელად და დედის ორგანიზმში ჩანასახის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ფური არ უნდა მოიწველოს მოგებამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ბოლო თვეებში დიდი რაოდენობით რძე გამოუმუშავდება.

ფური, რომელიც მოგებამდე 2-3 თვით ადრე დღეში 3-4 კგ რძეს იწველება, შეიძლება გავაშროთ წველის უცაბედი შეწყვეტით. უფრო პროდუქტიულ ფურებს აშრობენ თანდათანობით.

ცხოველის გაშრობას იწყებენ ულუფიდან წვნიანი და კონცენტრირებული საკვების გამოთიშვით; წველადობის რიცხვის შემცირებით და ერთჯერად წველაზე გადაყვანით, შემდეგ ორ დღეში ერთხელ, სამ დღეში ერთხელ წველით და ა.შ. მანამ სულ არ მოხდება რძის მოცემის შეწყვეტა.

წველის ჯერადობის შემცირების დროს საჭირო არ არის ფურის სრულად ჩამოწველა, პირიქით, რძის ნაწილი სასურველია დატოვებული იქნას ცურში გამოუწველავი.

თუ ფურის მშრალობის პერიოდი დაემთხვა ზაფხულის პერიოდს, მაშინ ძოვების პერიოდს ამცირებენ ნახევრამდე, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ცხოველს საერთოდ არ უშვებენ საძოვარზე და ტოვებენ ბოსელში.

ჩვეულებრივ ფურის გაშრობას ესაჭიროება 7-10 დღე და გაშრობიდან 2-3 დღის შემდეგ იგი ისევ გადაყავთ ნორმალურ კვებაზე.

ფურის პროდუქტიულობა მომავალ ლაქტაციაზე განისაზღვრება იმით, თუ როგორ იკვებება იგი მშრალობის პერიოდში. საჭიროა გვახსოვდეს, რომ მოგებისათვის ფურს უნდა ჰქონდეს საშუალო და არა სასუქი ნაკვებობა.

ზაფხულში, მშრალი ფურისათვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს საძოვრის ბალახი, ზამთარში – კარგი ხარისხის თივა და კონცენტრატი. ამ დროს ცხოველს კვებავენ და არწყულებენ დღეში 3-ჯერ.

წყალი აუცილებელია იყოს შენობის ტემპერატურის. როგორც ძალზე ცივმა, ისე ცხელმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს აბორტი. ფურს წყალს ალევინებენ კონცენტრირებული საკვების მიცემამდე. წვნიანი საკვები უშუალოდ მოგების წინ ფურს აღარ ეძლევა.

მაკე ფურები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, უნდა სარგებლობდნენ აქტიური მოციონით.

მაკეობის ბოლო პერიოდში ცხოველი გადაყვანილი უნდა იქნას მშრალ, სუფთა, ქარისაგან არა გამჭოლ ადგილას. ზამთარში, გაცივების თავიდან აცილების და სისუფთავის დაცვის მიზნით, იატაკი უნდა იყოს მშრალი, უხვად მოყრილი ნამჯის ქვეშსაფენით. ამასთან სადგომში გარემოს ტემპერატურა 150C-ზე დაბალი არ უნდა იყოს.

მოგებისათვის უშობლების მოსამზადებლად მოთხოვნები ისეთივეა, როგორიც ფურებისათვის, იმ მარტივი განსხვავებით, რომ დეკეულებს ესაჭიროებათ მოვლის დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ, მაკეობის მე-4-5 თვიდან დაწყებული დეკეულებს უნდა ჩაუტარდეს ცურის მასაჟი. ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, მოფერებით.

თუ ცხოველი იმყოფება თბილ შენობაში, შეიძლება მას ჩამოვბანოთ ცური თბილი წყლით ან გავწმინდოთ ცხელ (45-500C) წყალში დასველებული პირსახოცით.

მოგებამდე 1 თვით ადრე უშობლების მასაჟი უნდა შეწყდეს. სწორად ჩატარებული მასაჟით ცურში იზრდება რძის წარმომქმნელი ჯირკვლოვანი ქსოვილის ხვედრითი წილი, რის შედეგადაც მონაწველი მომავალ ლაქტაციაზე 15-20%-ით და მეტად მატულობს.

მოსალოდნელი მოგების თარიღს ადგენენ მაკეობის კალენდარის (ძროხის მაკეობის კალენდარი) მეშვეობით. მაგალითად, თუ ფური განაყოფიერებული იქნა 1 იანვარს, მაშინ მოსალოდნელი მოგება იქნება 7 ოქტომბერს, ხოლო თუ 7 თებერვალს განაყოფიერდა, ფური მოიგებს 13 ნოემბერს.

მოგებამდე 2-3 კვირით ადრე ფურს ცური უდიდდება, დაბლა ეშვება მუცელი, რამოდენიმე დღით ადრე, უშუპდება გარეთა სასქესო ორგანოები, რამოდენიმე საათით ადრე კი კერტებში ჩამოდის რძე, საშოდან გამოიყოფა ლორწო, ფური მოუსვენრობს, იყურება უკან.

უშუალოდ მოგების წინ ფურის სხეულის უკანა ნაწილს ჩამობანენ 1 %-იანი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით ან კრეოლინით და ამშრალებენ სუფთა ტილოთი. ფურის გარშემო უხვად ყრიან მშრალ ნამჯას.

მოგება ზრდასრულ ფურებში, როგორც წესი, ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, არც თუ იშვიათად, ადგილი აქვს გართულებულ მშობიარობას, რაც ძირითადად გამოწვეულია ნაყოფის არასწორი მდებარეობით, ცხოველის ცუდი კვებით, გაცივებით. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.

ხბო მიღებული უნდა იქნას სუფთა ნამჯაზე. დაბადებისთანავე მას სუფთა პირსახოცით ლორწოსაგან უნდა გამოეწმინდოს ნესტოები და პირი, მიეცეს ჩასუნთქვის საშუალება. საჭიროების შემთხვევაში ხბოს უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა წინა კიდურების მოხრა-გაშლით და გულმკერდზე ხელის ნაზი მასაჟით.

თუ დაბადებულ ხბოს ჭიპლარი თავისით არ მოწყდა, მას აჭრიან დეზინფიცირებული მაკრატლით მუცლიდან 10-12 სმ-ის მოშორებით, გამოდენიან მისგან რამოდენიმე წვეთ სისხლს, შემდეგ დაამუშავებენ იოდის ხსნარით და გადანასკვავენ. ფურს მიუშვებენ ხბოსთან გასალოკად. ამ დროს დედის ხაოიანი ენის ზედაპირი აცილებს რა ლორწოს, იმავდროულად ახდენს ხბოს კანის და კუნთების მასაჟს, რითაც ძლიერდება ახალშობილის სისხლის მიმოქცევა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, ხბოს დაბადებისას ძალზე საშიშია არა სიცივე, არამედ ნესტი და გამჭოლი ჰაერი. ამიტომ, თუ შენობა, სადაც ხბოს მიღება მოხდა, არ შეესაბამება მოთხოვნებს, იგი გადაყავთ სხვა უკეთესი პირობების მქონე მყუდრო, თბილ და მშრალ ოთახში.

პირველ დღეებში, ხსენით და რძით კვების პერიოდში, სასურველია ხბოები მოთავსებული იქნას ინდივიდუალურ გალიებში.

მოგების შემდეგ ფურს აუცილებლად უნდა მიეცეს დასალევად თბილი წყალი ვედროდან, რომელსაც უმატებენ 100-150 გ სუფრის მარილს. ეს ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და მომყოლის დროულად მოგდებას. იმავე მიზნით შეიძლება დაემატოს წყალს 3-5 ლ სანაყოფე სითხე. მომყოლი და დასვრილი ნამჯა სადგომიდან გააქვთ და წვავენ.

მოგებიდან 1 საათის შემდეგ, როცა ფური დაისვენებს, სხეულის უკანა ნაწილს, სასქესო ორგანოებს, ცურს და კუდს ჩამობანენ თბილი საპნიანი წყლით, დაუფენენ სუფთა მშრალ ნამჯას, ჩამოწველიან და ხბოს კვებავენ ხსენით. (უმჯობესია რეზინის საწოვრების გამოყენება).

პირველი 1.5-2 კვირის განმავლობაში ფურს წველიან არა ნაკლებ 3-4-ჯერ დღეში და ამდენჯერვე კვებავენ. მშობიარობის შემდგომ პერიოდში სასარგებლოა ფურს ნებაზე მიეცეს კარგი ხარისხის თივა. სრულ ულუფაზე იგი გადაყავთ 10-15 დღის შემდეგ.

ავტორები: დ.ბასილაძე, ც.ქილიფთარი, მ.კობახიძე, ფურის სარძეო პროდუქტიულობის გადიდების გზები ფერმერულ მეურნეობებში.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის მაკეობის კალენდარი

თქვენი რეკლამა