მთაში ეკოლოგიური მეძროხეობის განვითარების ეკონომიკური ასპექტები

ეკოლოგიური, ბიო, მეძროხეობა

მაღალმთიან რეგიონებში მეძროხეობის ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების ეკონომიკური ასპექტები.

გლობალური დათბობით გამოწვეული მიკროკლიმატის ცვლილები, ინტენსიური სამრეწველო ტექნოლოგიები, გენმოდიფიცირებული თესლის, პესტიციდების, ჰერბიციდების გამოყენება მემცენარეობაში, ანტიბიოტიკების ჭარბი დოზები ცხოველების მკურნალობაში, ბუნებისა და ცხოველთა ექსპლოატაციასთან დაკავშირებული სხვა ნეგატიური ფაქტორები ქმნიან სურსათის უვნებლობის რისკებს, რომელიც უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ამიტომ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებით. ყოველწლიურად იზრდება ბიოპროდუქციის წარმოება, სწრაფად ვითარდება ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა.

IFOAM-ის მონაცემებით 2020 წლისათვის ეკოპროდუქტების ბაზარი მოსალოდნელია 65-67-დან 200-250 მლრდ. დოლარამდე გაიზარდოს.

ჩვენი ქვეყნისათვის ეკოლოგიური მეცხოველეობის, მ.შ. მეძროხეობის განვითარება ახალი მიმართულებაა. ამისათვის ბიოსექტორს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის გამოყენება არა მარტო ნატურალური, სუფთა რძის, რძის პროდუქტების და ხორცის წარმოების, არამედ დარგის ეკონომიკური წარმატების, რეგიონების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების, სოფლად მათი დამაგრების და ეკოტურიზმის განვითარების უნიშვნელოვანესი რეზერვია.

ბიოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების დიდი რესურსები არის მთის და მთისწინა რეგიონებში. მათი საერთო ტერიტორიის 40-60% ბუნებრივ სათიბ-საძოვრებს უკავია, რომელზედაც მრავალი ათეული წელიწადია ნაყოფიერების ასამაღლებლად არ გამოყენებულა მინერალური სასუქები, ჰერბიციდები და სხვა ქიმიური ნაერთები, ამიტომ აქ წარმოებული ცხოველთა საკვები ორგანულია.

მთაში სუფთაა წყალი, ნიადაგები და ეკოლოგიური პროდუქციის მისაღებად ცხოველის სხვა საარსებო გარემო, მოშენებულია ძირითადად ქართული მთის ჯიშის ძროხა და მისი ნაჯვარები, რომელებიც ფიზიოლოგიურად მორგებულები არიან მთიანი რეგიონების ჟანგბადით გაიშვიათებულ ჰაერს, მთის ციცაბო რელიეფის მქონე საძოვრებს, ზამთრის მწირ კვებას, გენეტიკურად მდგრადი და რეზისტენტული არიან მრავალი დაავადებების მიმართ.

ამ ზონაში ეკოლოგიური მეძროხეობის განვითარება მზარდი და პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც მომავალში ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს მისცემს.

მთის პირობებში მეძროხეობის ბიოწარმოების ეკონომიკური ეფექტურობის დადგენის მიზნით, გამოყენებული იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის ფერმერულ მეურნეობაში ადგილობრივი ქართული მთის ძროხაზე შესრულებული კვლევები, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა სახის რძის პროდუქტების წარმოებით დაკავებული საოჯახო ფერმერთა გამოკითხვის მასალები.

თიანეთში, რომელიც გამოცხადებულია „მწვანე განვითარების“ ზონად, შევისწავლეთ ქართული მთის ჯიშის ფურების სარძეო პროდუქტიულობა, რძის ქიმიური შედგენილობა, წარმოების ხარჯები და შემოსავლის რაოდენობა ერთ ფურზე.

ცდა შესრულებული იქნა პირუტყვის მომთაბარე შენახვის და ტრადიციული ტექნოლოგიის პირობებში. საცდელი ფურები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ დამატებითი კვების გარეშე არტანის მთის საზაფხულო საძოვრებზე, დანარჩენ დროს ისინი იყენებდნენ დაბა თიანეთის მიმდებარე საძოვრებს და დამატებით ღებულობდნენ თივას.

კომბინირებული საკვები ეძლეოდათ მხოლოდ ახალმოგებულ ფურებს ლაქტაციის პირველ თვეს. ფერმერი უხეში საკვების საჭირო რაოდენობის ნახევარს ყიდულობდა, ამის გარდა დაქირავებული ყავდა მუშახელი, ამიტომ ერთი ფურის მოვლა-შენახვაზე წელიწადში ხარჯავდა 320 ლარს, მ.შ კვებაზე – 280 ლარს.

პირველ მოგებაზე საცდელი ფურების ლაქტაციის ხანგრძლივობა შეადგენდა 187 დღეს, ერთ ფურზე მიღებული მონაწველი – 735 კილოგრამს, 4.35% ცხიმიანობით და 3.1% ცილის შემცველობით, რაც არის 54.84 კილოგრამი ცილა და ცხიმ პროდუქცია.

ზრდასრული ფურების პროდუქტიულობა ლაქტაციის 212 დღეში საშუალოდ იყო 1076 კილოგრამი რძე, შესაბამისად 4,21% ცხიმის და 3,16% ცილის შემცველობით. ცილა და ცხიმპროდუქციიის საერთო რაოდენობა შეადგენდა 79.9 კილოგრამს.

საშუალოდ ყველა ასაკის საცდელი ფურების მონაწველი იყო 890 კგ, 66.3 კგ რძის ცხიმ და ცილა პროდუქციით. აღნიშნულ ფერმაში რძის და რძის პროდუქტების წარმოების ეკონომიკური ეფექტურობა გაანგარიშებული იქნა მათი ადგილზე შესასყიდი საშუალო ფასებით, რომელიც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ძალიან მერყეობს.

გათვლებით ერთი საცდელი ფურიდან წლის მანძილზე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 623 ლარს, ხოლო მოგება ერთ სულზე იყო 303 ლარი.

ფერმერი, რომელიც საკვებს დამოუკიდებლად ამზადებს და ხარჯებს მის მხოლოდ ტრანსპორტირებაზე წევს, ამასთან დაქირავებულ შრომას არ იყენებს, ფურის მომსახურეობასა და პროდუქციის წარმოებაზე 120 ლარზე მეტს არ ხარჯავს, ამის შედეგად მისი მოგება ფურების პროდუქტიულობის ზემოთ მითითებულ დონეზე, მეტია და გათვლებით შეადგენს 501 ლარს.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ფერმერული მეურნეობები დასპეციალებულები არიან დამბალ ხაჭოს და კარაქის ან კარაქისა და მოხდილი ყველის წარმოებაზე.

ეს პროდუქტები ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიით მზადდება, მაღალი საგემოვნო თვისებებით ხასიათდებიან და ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. სავარაუდოდ ისინი ამ რეგიონის სოფლების ეკოწარმოებაში წამყვან ადგილს დაიკავებენ, რადგანაც ამ პროდუქტებიდან მიღებული ეკონომიკური ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე ნატურალური რძის წარმოებითა და რეალიაზიით.

ჩვენი გამოკვლევებით საცდელი ფურებიდან წლის მანძილზე დამზადებული იქნა 52 კგ დამბალიხაჭო და 19 კგ კარაქი, რომელთა ღირებულება შეადგენდა 1192 ლარს, მოგება ერთ ფურზე იყო 872 ლარი, ყველის და კარაქის წარმოების შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იყო შესაბამისად 725 და 405 ლარი.

ბიოწარმოებაზე გადასვლისას რძის სარეალიზაციო ფასი სულ მცირე 1,5-2 ჯერ გაიზრდება, ამის შედეგად რძის წარმოებით ერთ ფურზე მოგება მოიმატებს არანაკლებ 750 ლარამდე.

ხოლო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, დამბალი ხაჭოს ევროპულ ბაზარზე გასვლის შემთხვევაში, რომლის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მთაში ძლიერი ეკოფერმერული მეურნეობის მოწყობის მნიშვნელოვანი რესურსი იქმნება.

ავტორები: ცისანა ქილიფთარი; ერნა კალანდია; როლანდ მიტიჩაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

შრომების კრებული/წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

გამოყენებული ლიტერატურა:

გ. გოგოლი. ქართული მთის საქონლის მნიშვნელობა ქვეყნის სასურსათო პრობლემის გადაჭრაში;

გ. ბასილაძე, ც. ქილიფთარი, ე. კალანდია, რ. მიტიჩაშვილი – ეკოლოგიური მეძროხეობის განვითარების გენეტიკური რესურსები საქართველოს მთიანეთში.

თქვენი რეკლამა