მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი, სიმპტომები და მკურნალობა

პიროპლაზმოზი, ძროხა, ხარი

პიროპლაზმოზი (Piroplasmosis, ნაბარევი, ციება, დასიცხვა, ტკიპარა) არის საძოვრული, (სეზონური) დაავადება. ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი აფეთქება გამოწვეულია გამოზამთრებული ლარვებით.

დაავადება ცხოველებში მიმდინარეობს მწვავე ფორმით. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოზარდ ცხოველებში დაავადება მსუბუქი ფორმით ან ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

დაავადების აღმძვრელია Piroplasma bigeminum, რომელიც ლოკალიზობს დაავადებული ცხოველის სისხლში, კონკრეტულად კი ერითროციტებში.

პარაზიტებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვანაირი ფორმა: მრგვალი, რგოლისებური, ამებისებრი და სხვა, თუმცა უმეტესად დამახასიათებელია წყვილი მსხლის მსგავსი ფორმა (ხურჯინის ფორმის მსგავსი), რომლებიც მახვილი ბოლოებით არიან შეერთებულნი და შეერთების ადგილას ჰქმნიან მახვილ კუთხეს.

როგორც აღვნიშნეთ, პიროპლაზმების ლოკალიზაციის კონკრეტული ადგილი ერიტროციტებია, კერძოდ, ერითროციტების ცენტრი. მათი ზომა რადიუსში, აჭარბებს ერითროციტის ზომას.

პიროპლაზმოზის გადამტანები შეიძლება იყვნენ შემდეგი სახეობის ტკიპები: Boophilus calcaratus, Rhipicephalus bursa, Haemaphysalis punctata თუმცა, მათგან პიროპლაზმოზის გადამტანის როლს, ძირითადად მაინც Boophilus calcaratus ასრულებს. ისინი არიან უპიგმენტო (და აქედან გამომდინარე უფერო), პარაზიტები.

დღეღამეში, ერთი დაავადებული ტკიპი, წარმოშობს ათიათასობით შთამომავალს, რომლებიც, შესაბამისად, იწყებენ ცხოველქმედებას, გამოყოფენ ტოქსინებს და მთლიანად ირღვევა შინაგანი ცხოველის ორგანოების ფუნქციონირება (თირკმლები, ღვიძლი, ელენთა, გული,ფილტვები).

ეს ყველაფერი გამოვლინდება კლინიკურ ნიშნებში: ტემპერატურა მაღლა იწევს 41-43 გრადუსამდე, ბოლოს კი 37 გრადუსზე ჩამოდის. მაღალი ტემპერატურის გამო, წინა კუჭებიდან ხდება სითხის გაწოვა, შესაბამისად, წიგნარის შრეებში რჩება მშრალი საკვები მასა და ვითარდება წინა კუჭების ატონია.

დასაწყისში შეიძლება განვითარდეს ფაღარათი. ლორწოვანი გარსები უფერულია, შემდეგ კი იძენენ ყვითელ ფერს. ცხოველი მოდუნებულია, გარე გაღიზიანებებზე არ რეაგირებს, არ ძოვს. მძიმე ფორმის დროს ვითარდება სხეულის კანკალი, პულსი ხშირდება. მეწველ ცხოველებში მცირდება რძის გამოყოფა, რომელიც შემდეგ შეიძლება საერთოდ შეწყდეს.

მკურნალობის არარსებობის პირობებში, მოსალოდნელია 90%-იანი ლეტალობა. ტკიპი ცოცხლად შობს პარაზიტებს, რომლებიც ლოკალიზდებიან ერითროციტში. მათი რაოდენობა თითოეულ ერითროციტში, შეიძლება იყოს ერთიდან ოთხ ცალამდე. მოხვდებიან რა ერითროციტში, იწყებენ კვებას მასში არსებული ჰემოგლობინით. შემდეგ გადადიან სხვა, დაუზიანებელ ერითროციტებზე და ა.შ. თავიანთი არსებობის (ცხოველქმედების) დროს, გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტოქსინებს, ახდენენ ერითროციტების ჰემოლიზს (დაშლას), რაც, ცხადია, ძალიან ცუდად აისახება ცხოველის ჯანმრთელობაზე.

განადგურებული (დაშლილი) ერითროციტები, რომლებშიც აღარ არის ჰემოგლობინი, მკვდარი და უფუნქციო ხდება. ასეთი ერითროციტები გადადიან ელენთაში, რომელიც მათთვის ერთგვარ ,,სასაფლაოდ“ იქცევა. სამაგიეროდ კი იწყება ახალი ერითროციტების წარმოქმნა. საბოლოოდ, ელენთა ვეღარ ასწრებს მკვდარი და განადგურებული ერითროციტების ფილტრაციას და ისინი ავტომატურად გადადიან თირკმლებში, შემდეგ შარდის ბუშტში და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად, რომელიც წითელი ფერისაა და სისხლიან შარდად მოიხსენიება. სინჯარაში ასეთი შარდის დაყოვნების შემდეგ, იგი ფერს არ იცვლის, არ დაილექება, რადგან მასში ჰემოგლობინი თანაბრადაა გახსნილი.

დაავადების სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 8-დან 24 დღემდე. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, 400-410-მდე და შეიძლება უფრო მეტიც. მკვეთრად გამოხატულია ცხოველის დათრგუნვა, მადა ქვეითდება, ცხოველი არ იცოხნის, პულსი ხშირდება 110-120-მდე წუთში.

ტემპერატურის აწევიდან მეორე დღეს გამოვლინდება ჰემოგლობინურია, პარალელურად ვითარდება აციდოზი, ჰიპოგლიკემია, ჰიპოპროტეინემია. ლორწოვანი გარსები ანემიურია, რაც შემდეგ სიყვითლეში გადადის, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ერითროციტებიდან გამოსული ჰემოგლობინი, ნაწილობრივ გამოიყოფა შარდთან ერთად, ნაწილი კი ვერ ასწრებს გამოსვლას, თირკმლებში რჩება, სადაც იქცევა მღებავ ნივთიერებად და ვითარდება საერთო სიყვითლე.

დაავადების დასაწყისში ნაწლავთა პერისტალტიკა გაძლიერებულია, რაც იწვევს ფაღარათს, შემდეგ კი თანდათანობით სუსტდება და ვითარდება ატონია. მეწველ ცხოველებში მცირდება, ან საერთოდ წყდება რძის გამოყოფა.

პათანატომიური გაკვეთით, ცხოველის ლორწოვანი გარსები ანემიური და გაყვითლებულია. ყვითელია კანქვეშა ქსოვილებიც. ღვიძლი და ელენთა გადიდებული, დარბილებული და თიხისფერია. თირკმლები გადიდებულია და მათზე აღინიშნება სისხლჩაქცევები. გული მოცულობაში გადიდებულია, ხოლო თავად გულის კუნთი, უფერული და მოდუნებულია, აქცს დიდი რაოდენობის სისხლჩაქცევები. სეროზულ გარსებზეც აღინიშნება სისხლჩაქცევები.

დიაგნოზი ისმება კომპლექსური გამოკვლევის საფუძველზე. ყურადღება ექცევა ეპიზოოტიურ მდგომარეობას, სეზონურობას, კლინიკურ ნიშნებს; აუცილებელია სისხლის ნაცხის გამოკვლევა. დიფერენციული დიაგნოზი აუცილებელია, რათა გამოირიცხოს ლეპტოსპიროზი და მსხ. პირუტყვის ჰემატურია.

მკურნალობა

ცხოველი უნდა მოთავსდეს კარგად ვენტილირებულ შენობაში, მიეცეს ადვილად გადასამუშავებელი საკვები (მწვანე ბალახი, ან წვნიანი ძირხვენა კულტურები). კარგი და გამოცდილი პრეპარატებია: ,,აზიდინი“ ,,ბერენილი“. ასევე კარგ ეფექტს იძლევა ,,ტრიპაფლავინი“ ან ,,ფლავაკრიდინი“ 1%-იანი გაზავებით, დოზით 0,004-0,004 კგ. ცოცხალ წონაზე. ,,პიროციდი“, ,,ფატრიბალი“.

ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები, დღეისათვის ბევრია და ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით. აქვთ თითქმის ერთი და იგივე სახის მოქმედების სპექტრი: სწრაფად რეაგირებენ და ხელს უწყობენ პარაზიტების განდევნას სისხლძარღვებიდან. მოქმედების ეფექტური მექანიზმის წყალობით, ისინი მოქმედებენ იმ პარაზიტების წინააღმდეგ, რომლებზეც არ მოქმედებს სხვა პრეპარატები.

გარდა ამისა, იყენებენ სიმპტომატური მკურნალობის საშუალებებს: საგულე პრეპარატებს, გამხსნელ საშუალებებს (ატონიის დროს). კარგია მივცეთ რძე, ან რძის შრატი, დღეში სამჯერ 1,5-2,0 ლიტრის ოდენობით.

პროფილაქტიკა

რადგან პიროპლაზმიდიების გავრცელებაში უმთავრესი როლი ენიჭება გადამტანებს (ტკიპებს), პროფილაქტიკური ღონისძიებანი მიმართული უნდა იყოს ტკიპების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია სათანადო ღონისძიებების გატარება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომებში. აუცილებელია შენობის კედლების ჭრილების ამოვსება, შენობის კედლების ირგვლივ მცენარეული საფარის განადგურება, შენობის იატაკის, კედლების და ჭერის დეზაკარიზაცია ადრე გაზაფხულზე (იმაგოს თავდასხმის პერიოდში) და ზაფხულში –ივლის-აგვისტოში, როცა გარემოში ჩნდებიან ლარვები და ნიმფები.

რაც შეეხება უკვე დატკიპიანებულ ცხოველებს, ტკიპების განადგურება მათ სხეულზე ხდება სხვადასხვა ექტოპარაზიტოციდული საშუალებებით, რომელთა მოძიება შესაძლებელია ვეტერინარულ აფთიაქებში. პრაქტიკაში, სხვადასხვა ფეხსახსრიანების გასანადგურებლად, გამოიყენება სხვადასხვა სახის ასეთი პრეპარატები. ცხოველები, აკარაციდული საშუალებებით, მათზე ტკიპების თავდასხმამდე უნდა დამუშავდეს. ერთი და იგივე პრეპარატი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ლარვებზე, ნიმფებსა და იმაგო ფორმებზე.

დამუშავების შემდეგ, აუცილებელია დათვალიერდეს ცხოველი და გაირკვეს, რამდენად ეფექტურად იმოქმედა ამა თუ იმ პრეპარატმა. თუ ცხოველის სხეულზე ლარვები, ნიმფები და იმაგო ფორმები არ აღმოჩნდა, გვექნება საფუძველი, ვიმსჯელოთ პრეპარატის ეფექტიანობაზე.

აკარიციდების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ცხოველებში შეიძლება განვითარდეს ტოქსიკოზი. გარემოს მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ცხოველის კანიდან ზოგიერთი პრეპარატის ინტენსიურ შეწოვას, ამიტომ, არაა რეკომენდებული ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით სამ თვემდე ასაკის მოზარდეულის და მოგებამდე ერთი თვით ადრე, მაკე ცხოველის დამუშავება. ასევე, აუცილებელია, რომ ეს ღონისძიება განხორციელდეს დღის გრილ პერიოდში.

აკარიციდული ნივთიერებებით ცხოველთა დამუშავება ხდება შესხურების, ან მათი გაბანების მეთოდით, სპეციალურ აბაზანებში. აბაზანა შეიძლება იყოს აგურის, ქვის ან რკინაბეტონის კაპიტალური ნაგებობა, აშენებული სპეციალური, სტანდარტული პროექტის მიხედვით, რომელთან ახლოს აუცილებლად უნდა იყოს ჭა, გამოყენებული ხსნარებისთვის. დაუშვებელია ასეთი აბაზანების სიახლოვე სასმელი, ან სარწყავი წყლის სათავესთან.

ინსექტო-აკარიციდული პრეპარატების მოქმედების მექანიზმები სხვადასხვა სახისაა: ერთნი აზიანებენ მწერებისა და ტკიპების ქიტინოვან საფარველს (კონტაქტური მოქმედება), მეორენი ცვლიან მათი ნერვული სისტემის, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას, მაგრამ, უფრო ხშირად, მოქმედებენ მათი მეტაბოლიზმის ცალკეულ რგოლებზე არღვევენ რა მათ.

ბუნებრივ პირობებში, ენდოგლობულარული პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები არ არსებობს ტკიპების გარეშე, რის გამოც, ეს დაავადებები მიეკუთვნებიან ტრანსმისიულ დაავადებათა ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იწვევენ დაავადების ერთეულ შემთხვევებს, ძლიერი დატკიპიანების შემთხვევებში, შეუძლიათ გამოიწვიონ ცხოველის სიკვდილი.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყება, ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება. დაგვიანებული დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება კი უკვე აღარ იძლევა სასურველ ეფექტს და აუცილებელი ხდება ცხოველების იძულებითი დაკვლა. ამასთან, იძულებით დაკლული ცხოველის ტანხორცი, მოყვითალო შეფერილობის გამო, ხშირად ექვემდებარება გამოწუნებას, რითაც იზრდება ეკონომიკური ზარალი.

ავტორი: ამირან კოჩალაძე /ცხოველთა ინვაზიური დაავადებები/.

თქვენი რეკლამა