ძროხის კვება – მაკე მშრალი ფურის კვების ნორმები

ძროხა, ფური, კვება

ძროხის კვება

თანამედროვე მერძეული ჯიშის ფურებს, შეუძლიათ ლაქტაციის პერიოდში 1000 კგ-ზე მეტი რძის ფორმირება და გამოყოფა ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე, ხოლო განსაკუთრებულ უხვად მეწველ ფურებს ამავე ცოცხალ მასაზე, უნარი შესწევთ გამოყონ 3000 და მეტი კილოგრამი რძე.

ფური 6000 კგ მონაწველით (წლიურად) გამოყოფს თითქმის 15 ათას მჯ ენერგიას, 760 კგ-ზე მეტ მშრალ ნივთიერებას, მათ შორის 200-210 კგ ცილებს, 210-230 კგ რძის ცხიმს, 270-290 კგ ლაქტოზას, 35 კგ-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებებს.

ძროხის კვების ნორმები დამუშავებულია ასაკის, ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის დონის და ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნულ ნორმებში გაკონტროლებული მაჩვენებლების რიცხვი გაზრდილია 6-დან 34-მდე.

ახალ ნორმებში შეტანილია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მიმოცვლის ენერგია, მშრალი ნივთიერება, ნედლი პროტეინი, ნედლი უჯრედანა, სახამებელი, შაქრები, ნედლი ცხიმი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი, რკინა, სპილენძი, თუთია, კობალტი, მარგანეცი, იოდი, B და E ვიტამინი.

მაკე მშრალი ფურის კვება

მაკეობის პერიოდში ფურებში დიდდება ნივთიერებათა მიმოცვლის დონე,რაც დაკავშირებულია პლაცენტის და ემბრიონის განვითარებასთან. ემბრიონალური პერიოდი გრძელდება 1-დან 34 დღის ჩათვლით, ნაყოფისწინა 35-დან 60 დღის ჩათვლით და ნაყოფის 61-დან 285 დღის ჩათვლით. მშრალობის პერიოდი ფურისათვის შეადგენს 60 დღეს.

მშრალობის პერიოდს წინ უსწრებს ფურის გამოშრობა, ანუ ლაქტაციის შეწყვეტა.

გაშრობის ძირითად ხერხს მიეკუთვნება – წველის ჯერადობის შემცირება და საკვები ულუფის შეცვლა. პირველად ფური გადაყავთ ორჯერად წველაზე, შემდეგ ერთჯერადზე და შემდეგ დღეგამოშვებით წველაზე. წველის შეწყვეტის შემდეგ აკონტროლებენ სარძევე ჯირკვლების მდგომარეობას. ზამთრის ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს. ზაფხულის პერიოდში მწვანე მასას ხშირად ცვლიან უხეში საკვებით.

გაცილებით ძნელია მაღალპროდუქტიული ფურების გაშრობა, რომელთა დღიური მონაწველი ლაქტაციის ბოლოსათვის ხშირად შეადგენს 10-12 კგ-ს.

ამიტომ მათი ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს, უმცირებენ სასმელი წყლის რაოდენობას. გაშრობის შემდეგ საკვების რაოდენობას თანდათანობით ადიდებენ ნორმამდე.

მშრალობის პერიოდის პირველ დეკადაში ფურს აძლევენ საშუალოდ საზრდო ნივთიერებების 80% ნორმიდან გამომდინარე. მეორე დეკადის დასაწყისისათვის ულუფის საზრდოობა აყავთ სრულ ნორმამდე, მესამე და მეოთხე დეკადაში კვების ნორმებს ადიდებენ 20%-ით.

მოგებამდე ორი კვირით ადრე ენერგიაზე მოთხოვნილება ფურებში იზრდება, ხოლო მოთხოვნილება მოცულობიან საკვებზე მოგების მიახლოებასთან დაკავშირებით კლებულობს. ამ პერიოდში რეკომენდებულია სილოსის ნაწილი შეიცვალოს თივით და კონცენტრატით.

საშუალო ნაკვებობის ფურის ცოცხალი მასა მშრალობის პერიოდში იზრდება 10-15%-ით. არ უნდა დავუშვათ მაკე მშრალი ფურის გასუქება, რაც ხშირად ცალმხრივი კვების შედეგია, კერძოდ დიდი რაოდენობით ბუყის, ლუდის ხოტის, შაქრის ჭარხლის, ჟენჟოსა და კარტოფილის დღლაბის გამოყენებისას.

მაკე მშრალი ფურის ულუფაში 1 ენერგეტიკულ საკვებ ერთეულზე უნდა მოდიოდეს მონელებადი პროტეინი 90-100 გრამი. ნედლი უჯრედანა 200-300 გ, შაქარი 90-110, სახამებელი 100-140, ნედლი ცხიმი 30-40, სუფრის მარილი 6, კალციუმი 9-10, ფოსფორი 6 გრამი, კაროტინი 45-60 მგ,ვიტამინი D 1000 ს.ე. და ვიტამინი E 40 მგ. მაკე მშრალი ფურისათვის A ვიტამინის წყაროს წარმოადგენს ულუფაში მაღალხარისხოვანი თივის, სილოსის, სენაჟის და ბალახის ფქვილის ჩართვა.

ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა კაროტინის დეფიციტი, რომელსაც შეავსებენ კაროტინის ან A ვიტამინის პრეპარატით.

მაკე მშრალი ფურის კვების ნორმები შედგენილია ცოცხალი მასის და დაგეგმილი მონაწველის მიხედვით იხ. ცხრ.

0001მაკე მშრალი ფურის მოთხოვნილება D ვიტამინზე ხორციელდება მზეზე გამშრალი თივის, სენაჟის და ნაწილობრივ სილოსის გამოყენებით. ამ ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ულუფაში ჩართავენ დასხივებულ საფუარს ან D ვიტამინის პრეპარატს.

E ვიტამინი მნიშვნელოვანი რაოდენობით მოიპოვება ხარისხიან თივაში, სილოსში, სენაჟში, ბალახის ფქვილში და მწვანე ბალახის ნაკუწში.

ჩამოთვლილი საკვებით კვებისას, ფურის მოთხოვნილება მთლიანად კმაყოფილდება.

მაკე მშრალი ფურის საკვების სტრუქტურა ზამთრის პერიოდისათვის შეიძლება ასეთი იყოს:

თივა – 50%,
წვნიანი საკვები – 25,
კონცენტრატი – 25.

ზაფხულის პერიოდში თივა და წვნიანი საკვები შეიცვლება მწვანე საკვებით. საშუალოდ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე მაკე მშრალ ფურს შეიძლება მიეცეს 2-2,5 კგ თივა და ნამჯა. უხეშ საკვებზე დამატებით მაკე-მშრალ ფურს აძლევენ 1-1,5 კგ სენაჟს, 2-2,5 კგ სილოს, 1 კგ ძირხვენეულს. კონცენტრატი ეძლევა 1,5-2 კგ-ის რაოდენობით.

საუკეთესო კონცენტრულ საკვებად ამ პერიოდისათვის ითვლება ხორბლის ქატო, შვრიის ღერღილი, სელის და მზესუმზირის კოპტონი და შროტი. არ შეიძლება ბამბის კოპტონის და შროტის გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მომწამლავ ნივთიერებას, ჰოსიპოლს, რამაც შეიძლება აბორტი ან დასუსტებული ხბოს დაბადება გამოიწვიოს.

არ შეიძლება შარდოვანის გამოყენება, ულუფაში უნდა ჩაირთოს მხოლოდ კეთილხარისხოვანი საკვები. სამაგალითო ზამთრის ულუფა მაკე მშრალი ფურისათვის მოცემულია ცხრილში.

0003

ულუფაში მაკრო და მიკროელემენტების, ვიტამინების უკმარისობა შეიძლება შეივსოს პრემიქსებით ასეთი ინგრედიენტებით შედგენილი ულუფა შეიცავს 12,6 ენერგეტიკულ საკვებ ერთეულს ანუ 126 მჯ მიმოცვლის ენერგიას.

მაკეობის პერიოდში მერძეული ჯიშის უშობელის საშუალო სადღეღამისო წონამატი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 550-600 გ. მაკე მშრალი ფურის მოთხოვნილება ენერგიაზე შეადგენს 8-9 ენერგეტიკულ საკვებ ერთეულს, ხოლო 1 ენერგეტიკულ საკვებ ერთეულზე უნდა მოდიოდეს 100-110 გრამი მონელებადი პროტეინი.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე/კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/

თქვენი რეკლამა