მეძროხეობა-ძროხის აქტუალური ჯიშები და მათი დახასიათება

3156 Views

მეძროხეობა ერთ – ერთი წამყვანი დარგია მსოფლიოში, იგი იძლევა მთელს მსოფლიოში მოხმარებული რძის და რძის პროდუქტების 84,5%–ს. ძროხის ჯიშები პროდუქტიულობის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად:

1. მერძეული;
2. მეხორცული;
3. კომბინირებული (მერძეულ – მეხორცული, მეხორცულ – მერძეული და მერძეულ – მეხორცული – მუშა.)

სარძეო ჯიშებიდან შეგვიძლია გამოვყოთ  4 ჯგუფი:

1. შავჭრელი;
2. წითელი;
3. წითელ – ჭრელი;
4. ჯერსულ – გერნსიული ჯიშები.

შავჭრელი ჯიშის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია ჰოლშტინური ჯიში. იგი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მთელს მსოფლიოში.

ჰოლშტინური ჯიში-სათავეს იღებს ჰოლანდიის დასავლეთის ზღის სანაპირო ზოლიდან ამ ჯგუფში შედის ერთმანეთის მონათესავე რამოდენიმე შავ – ჭრელი შეფერილობის ჯიში, რომლებიც იწოდებიან მოშენების ქვეყნების სახელის მიხედვით. მაგალითად: გერმანული შავჭრელი, ჰოლანდიური, რუსული და სხვა.

ჰოლანდიური ფურების ცოცხალი წონა 600 – 700 კგ–ს შეადგენს, ხოლო კუროების კი 950 – 1100 კგ–ს. გარეგანი აგებულებით იგი ტიპიური სარძეო მიმართულების ცხოველია, წინა ნაწილი უფრო წვრილი, ხოლო უკანა ნაწილი უფრო ფართე შედარებით წვრილი ძვლებით, ბალანი მოკლე, კანი თხელი, ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, კერტები ცილინდრული ფორმის, საშუალოდ მონაწველი 8000 – 10 000 კგ რძეში ცხიმი 3,6 ცილა 3,1 % –ია.

სტეპის წითელი ჯიში-იგი ჩამოყალიბებულია XIX საუკუნის ბოლოს უკრაინის სამხრეთ სტეპის რაიონებში, მკაცრი და შედარებით მწირი კვების პირობებში. მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა 200 წლოვანი სელექციის ნაყოფია და ეს მიჩნეულია ჯიშის ღირსებად. სტეპის წითელი ექსტერიერით ე.ი. გარეგანი შეხედულებებით მკვეთრად გამორჩეული მერძეული ტიპისაა. ზრდასრული ფურების წონა 450 – 520 კგ – ია, კუროების 750 – 800 კგ. მონაწველი 3000 – 4000 კგ 3,6% 3,8 % ცხიმი, 3,3 % ცილაა.

ჯერსული ჯიში-გამოყვანილია კუნძულ ჯერსიზე ნორმანდიული და ბრეტანული ძროხის ხალასად მოშენების გზით. კულტურულ სარძეო ჯიშებს შორის ყველაზე პატარა ტანისაა ფურის წონა 360 – 450, კუროებისა 650 – 850 კგ– ია.მალმწიფებადია 1 წლის ასაკში შეიძლება დეკეულის დაგრილება. ამ ჯიშის საქონელს ეკუთვნის რძეში საშუალო ცხიმიანობის რეკორდი 8,89 %. ამ ჯიშის ფურების საშუალო მონაწველი 4500 – 5000 კგ–ია, ცხიმიანობა 4,95 % –ია, რეკორდისტი ფურების წველადობა 12 ათას კგ –ს აღწევს.

შვიცური ჯიში – იგი კომბინირებული მიმართულებისაა ერთ –ერთი უძველესი ჯიშია მთელს მსოფლიოში. 5 კონტინენტის 100 0ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში 1864 წელს არის შემოყვანილი დმანისში. ამ ჯიშის პირუტყვისათვის დამახასიათებელი პროპორციული აგებულების სხეული, ზომიერად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, მაგარი ძვლოვანი სისტემა, მოცულობიანი ჯამისებური, აბაზანასებური ფორმის ცური, გამოყვანილი სარძეო ვენები და სარძეო ჭა. ფურის ცოცხალი მასა 500 – 600 კგ –ია კუროსი კი 800 – 1100 კგ–ია. სუქებისას მოზარდის წონამატი დღე – ღამეში 900 – 1050 გრამია. საკლავის გამოსავლიანობა 55 – 58%–ია. საშუალო მონაწველი 4500 – 5000 კგ –ია, 3,8 – 4,5 % ცხიმი.

კავკასიური წაბლა – იგი გამოყვანილია ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოში შვიცის ჯიშის ადგილობრივ წაბლა და მთის საქონლის შეჯვარებით. ქართული პოპულაციის ცხოველები ექსტერიერით უფრო კომპაქტური აგებულებისანი არიან, ვიდრე შვიცური ჯიში.

საქართველოში კავკასიური წაბლას გამოყვანაში შვიცის ჯიშის გამოყენების შესახებ ცნობილია, რომ გერმანელმა მემამულემ ა. კუჩენბახმა დმანისში მიწა შეიძინა და ჩამოიყვანა შვიცის ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო, მოუწყვია ფერმა, მაგრამ საქონელმა ავადმყოფობა დაიწყო და იძულებული გახდა დაეწყო ადგილობრივი ჯიშის საქონლის შეჯვარება. შემდეგ მიღებული თაობების შეჯვარება გაგრძელდა მონათესავე ჯიშებთან კოსტრომულ და ლებედინოურთან.

ნაჯვარ თაობებთან ინტენსიური მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 50 –იან წლებში, ჯიშად აღიარებული იქნა 1960 წელს. მასში ოპტიმალურადაა შერწყმული შეჯვარებაში გამოყენებული ჯიშების ნიშან – თვისებები. შვიციდან მან მემკვიდრეობით მიიღო დიდი ცოცხალი მასა და მერძეულობა ქართული მთის საქონლიდან რძის მაღალი ცხიმიანობა და გარემოს შეგუების კარგი უნარი.

ფურების მასა 3701 – 430 კგ. კუროსი 570 – 670 კგ. საშ მონაწველი 2800 კგ – ია.3,7 % ცხიმით. მოზარდი ხასიათდება ზრდის საკმაოდ მაღალი უნარითა და სახორცე პროდუქტიულობით, ინტენსიური კვების 15 თვის ასაკში მოზვრების ცოცხალი მასა 455 კგ გამოსავლიანობა ნაკლავის 59%–ია.

სახორცე ჯიშები: ჰერეფორდული, აბერდინ– ანგუსური, გალოვეი, შოთჰორნი, შაროლე, მარკიჯანული. ზებუსნაირი ჯიშებია სანტა– გერტრუდა, ბრაფორდი, ბიპმასტერი. ამ ჯიშებს ზებუსნაირად კისერზე აქვს გამოზნექილი კუნთოვანი კუზი.

ჰერეფორდული ჯიში-გავრცელების არეალით და სულადობით სახორცე პროდუქტიულობის მიმართულების ჯიშებს შორის მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ის გამოყვანილია ინგლისში ჰერეფორდის საგრაფოში, ადგილიბრივი მუშა ტიპის ძროხის გაუმჯობესებით.

ჯიშის გამოყვანა დაუწყიათ მე–18 საუკუნეში. რბილი კლიმატის გამო ცხოველებს ღია ცის ქვეშ ინახავდნენ, რამაც განაპირობა მისი კონსტიტუციური (სხეულის გარეგანი აგებულება) სიმაგრე, ასევე საძოვრის გამოყენების კარგი უნარი მოვლა– შენახვის პირობებისადმი ნაკლები მოთხოვნის თვისებების ჩამოყალიბება.

ზრდასრილი ფურების ცოცხალი მასა 500–600კგ–ი, კუროების 850–1000კგ ხბოების გამოზრდის ე.წ ფურ–ხბოს თავისუფალი წოვების მეთოდით აწარმოებენ. ინტენსიური კვებისას მოზარდის წონამატი დღე–ღამეში 850–1000გრ–ია. ხორცის გამოსავლიანობა კი 58–63%–ია. ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლების სპერმა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის.

გასული საუკუნის 70–იანი წლებში საქართველოში იყო შემოყვანილი დედოფლის წყაროში (სიღნაღს რა–ნი) წნორის სახორცე მეძროხეობის საცდელ სპეციალიზირებულ კომპლექსში სადაც შეჯვარების შემდეგ მიღებული იყო პირველი თაობა გაზრდილი წონამატითა და საკლავი პროდუქტიულობით.

აბერდინ ანგუსური ჯიში– იგი გამოყვანიოლია შოტლანდიაში გრილი და ნესტიანი კლიმატის გორაკ– ბორცვიან ადგილას. ჯიში ხასიათდება სხეულის ჰარმონიული აგებულებით, სხეული დაფარული აქვს ფუმფულა კუნთოვანი ქსოვილით, შავი ფერისაა და დამახასიათებელი დომინანტური ურქოობის ნიშან–თვისება განმტკიცებული ჯიშში. იგი მალმწიფადია 14–16 თვის ასაკში ამთავრებს ინტენსიურ ზრდას კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. ფურის ცოცხალი მასა 450– 500 კგ–ია, კუროსი 750–850 კგ–ი.

ახალშობილი ხბოს წონა 25–30 კგ–ი. ფურის მერძეულობა საკმარისია ხბოს გამოზრდისათვის წოვებით. 8–თვის ასაკში ასხლეტისა 170–190 კგ–ია. წონამატი 900–950 გრ–ია. ნაკლავის გამოსავლიანობა 60– 65%–ია. ხორცი აქვს მარმარილოსებური აგებულების. ეს ჯიში გამოიყენება სამრეწველო შეჯვარებაში(გამოწუნებულ მერძეულ ფურებს ხორცის წარმოებისათვის უჯვარებენ რათა მიიღონ გამოსაზრდელი თაობა სუქებისათვის.

ადგილობრივ აბორიგენული ჯიში-ქართული მთის ძროხა.

ქართული ძროხის ჯიში-ეს ჯიში ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ ჩვ.წ.აღრიცხვამდე მე– IV საუკუნეში აღწერილი ძროხის უშუალო შთამომავალია, რომელიც მიუხედავად პატარა ტანისა ბევრ რძეს იძლეოდა. ქართული მთის ძროხა კავკასიის ენდემია, მასში განასხვავებენ ფშავ – ხევსურულ,ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს.მათ შორის ყველაზე მერძეულია ფშავ – ხევსურული ჯილაგი.

მსოფლიოში ცნობილი 17 ჯუჯა ტანის ძროხის ჯიშებიდან ქართული მთის ძროხა ცოცხალი მასით აღემატება მხოლოდ ორს. ზრდასრული ფურის ცოცხალი მასა 180 – 230 კგ, კუროსი 280 – 300 კგ ხოლო ახალშობილი ხბოს 11 – 15 კგ–ია. ფერით არაერთგვაროვანია, იყენებს მაღალმთიან და დაქანებული ფერდობების საძოვრებს, მწირი კვებისას 900 კგ–ია მონაწველი 4,2 % ცხიმით. გაუმჯობესებული კვებისას 2500 კგ–ი. არის ცალკეული შემთხვევები როდესაც აღრიცხულია ინდივიდები 4000 კგ –ი მონაწველითა და 4,96 % ცხიმით, ასევე 3200კგ რძე 5,61 % ცხიმით.

ქართული მთის წითელი ჯიშის საქონელი გამოირჩევა კარგი სუქების უნარით. ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური წონამატი 650გრ შეადგენს. საკლავის გამოსავლიანობა 51,2% შეადგინა. მეგრული წითელი ჯიშის საქონელი გამოყვანილია ადგილობრივი პატარა ტანიანი ძროხის ხალასად მოშენების მკაცრი გადარჩევისა და შერჩევის გზით.

ამ ჯიშის ცხოველები კარგად ეგუებიან მთის ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრებზე მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენასვას და ადვილად იტანს შორს მანძილზე გადარეკვას. შენახვის პირობებმა და სასელექციო მუშაობამ ხელი შეუწყო მაგარი კონსტიტუციის ჩამოყალიბებას. ზამთარში ისინი მადიანად შეექცევიან კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრების უხეშ ბალახნარს ,,ხაიას“ რომლებსაც ძროხის სხვა კულტურული ჯიშები არ ჭამენ. ცხოველების სხეული პროპორციული აგებულებისაა.

ის ფერად წითელია, კონსტიტუციურად მერძეული ტიპისკენ იხრებიან, მათ კარგი სამუშაო თვისებები გააჩნიათ ღონე და სისწრაფე. ცდებით დადასტურდა მეგრული წითელიუ ჯიშის ხარების გაწევის უნარიანობა ცოცხალი მასის 57 % შეადგენს, მაშინ როცა შვიცის ჯიშის ხარებისა 46%–ია. ფურების სას. ცოცხალი მასა 270 – 280 კგ –ია (მაქსიმალური 358 კგ) კუროების 350 – 420 .ახალშობილებისა15 –17 კგ.

საძოვრული კვებისას ფურის მონაწველი შეადგენს 1400 – 1900კგ, 4,3 %– 4,4 %ცხიმით. ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში I და III ლაქტაციის ფურები იწველებოდნენ1800 – 2400 კგ რძეს. მათ შესაბამისად იალაღობისას 1 კგ კომბინირებულ საკვების დამატებისას 305 დღეში მონაწველმა შეადგინა 3017 კგ 4,33% ცხიმით. უმაღლესი მონაწველია 4315კგ–ი რძე 4,28% ცხიმით. მოზარდი ხასიათდება კარგი ზრდის უნარით. ინტენსიური კვებისას 18–თვის ასაკში მოზვრების წონა 289,2 კგ–ს აღწევს , ნაკლავის გამოსავლიანობა 53%–ს.

როგორც ვხედავთ მსოფლიოში და საქართველოშიც თითქმის ყველა ჯიშის გამოყვანას ახდენენ ადგილობრივი ჯიშების შერჩევა–გადარჩევისა და შეჯვარებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია ჩვენში არსებული ადგილობრივი ჯიშების კარგი კვების და მოვლა – პატრონობის გაუმჯობესებით, თან მაღალპროდუქტიული ჯიშის ბუღა მწარმოებლით, ხელოვნური განაყოფიერების გზით სულ რაღაც 2 – 3 წელიწადში შესაძლებელია 3000 კგ რძის მომცემი ძროხა ჰყავდეს სოფელში მაცხოვრებელ ადამიანს, ეს კი ის რაოდენობაა ( საშუალოდ 10 კგ დღეში 300 დღიანი ლაქტაციის პერიოდში) რომელიც საკმარისია ოჯახისათვის და უმრავლეს შემთხვევაში აწარმოოს რძისა და ხორცის ჭარბი რაოდენობა.

agrosc.ge სტილი დაცულია
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB