კავკასიური წაბლას ჯიშის ძროხა

429 Views Comment Off

კავკასიური წაბლას ჯიში გამოყვანილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით, უმთავრესად შვიცურ ჯიშთან.

საქართველოში შვიცური ჯიშის გამოყენებას დასაბამი მისცა 1863 წელს დასავლეთ ევროპიდან ჩამოსახლებულმა მემამულემ ალ. კუჩენბახმა, რომელმაც მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისიდან 115 კმ მანძილზე, დმანისის მახლობლად, ზღვის დონიდან 1300-1600მ სიმაღლეზე აირჩია მიწის ნაკვეთი 2400ჰა ფართობით, შვეიცარული ტიპის ფერმის მოსაწყობად, რისთვისაც მთავრობისგან 21000 მან. უპროცენტო სესხი მიიღო.

კუჩენბახმა შეიძინა მცირეკავკასიური და ქართული მთის ჯიშის ძროხები, ხოლო 1864 წელს შვეიცარიიდან ჩამოიყვანა შვიცური ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო. ეს იყო კულტურული ევროპული ჯიშის პირუტყვის პირველი შემოყვანა ამიერკავკასიაში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

შვიცური ჯიშის ხალასად მოშენებასთან ერთად, კუჩენბახმა დაიწყო ადგილობრივ შეძენილი ფურების შეჯვარება ამ ჯიშის კუროებთან. მათ ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი, ვიდრე მეზობლების პირუტყვს, მაგრამ გარემოსთან შეუგუებლობის გამო, განსაკუთრებით კი ციმბირის წყლულით დაავადების და ჭირის ეპიზოოტიის შედეგად, შვიცური ხალასჯიშიანი ცხოველები მთლიანად, ხოლო მათი ნაჯვარები ნაწილობრივ გაწყდა.

1872 წლიდან კუჩენბახი ამ ჯიშს ხალასად აღარ ამრავლებდა, მაგრამ შეჯვარებას აგრძელებდა და ამისათვის შვიცური კუროები შემოჰყავდა. ამ გზით შეიქმნა 600 სულამდე ნაჯვარ ცხოველთა ნახირი. ა. თამამშევის ცნობით, ფურების საშუალო წლიური წველადობა 1850 კგ-ს აღწევდა, ცოცხალი მასა – 328-492 კგ-ს და რძის სავარაუდო ცხიმიანობა (პროდუქტების გამოსავლიანობის მიხედვით) – 3,8-4,7%-ს, მეზობელ მეურნეობებში კი ფურებისაგან საშუალოდ 400-600 კგ-ზე მეტ რძეს ვერ წველიდნენ.

კუჩენბანმა თავისი მაგალითით, ხელი შეუწყო ჯიშიანი პირუტყვის გავრცელებას; გარდა ამისა, მისი ფერმიდან გაყვანილ ნაჯვარ კუროებს მოსაზღვრე რაიონების შორეულ სოფლებშიც კი იყენებდნენ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდნენ ახალი მსხვილი ფერმერები, რომლებსაც კუჩენბახის მიბაძვით შემოჰყავდათ შვიცური ან სიმენტალური პირუტყვი.

ამგვარად, შვიცური ჯიშის ნაჯვარი და ხალასჯიშიანი ცხოველების საუკეთესო სულადობამ ბაშკიჩეთის სანაშენე საბჭოთა მეურნეობაში მოიყარა თავი, მაგრამ, პირუტყვის პროდუქტიულობის დონე ნელა იზრდებოდა არადამაკმაყოფილებელი კვების გამო. 1941 წელს ფურების საშუალო წლიური წველადობა 2225 კგ რძეს უდრიდა 3,8-3,9% ცხიმიანობით, ხოლო ფურების საშუალო ცოცხალი მასა 440-480 კგ-ს აღწევდა. იქ გამოზრდილი კუროები მიჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივ პირუტყვთან შესაჯვარებლად. საქართველოში ნაჯვარი პირუტყვის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგროვდა, მოეწყო სანაშენე ფერმები.

საქართველოში ახალი ჯიშური ჯგუფის გამოყვანისას წამყვან სანაშენე ბირთვს წარმოადგენდა ბაშკიჩეთის სანაშენე მეურნეობის პირუტყვი. შეირჩა, აგრეთვე, დმანისის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის რაიონების 12 სანაშენე ფერმა, სადაც ჯიშის გამოყვანაზე მუშაობა მოეწყო.

1950 წელს ჩამოყალიბდა შვიცური ჯიშის ცხოველთა დმანისის ჯიშსაშენი, რომელიც, საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეთოდური ხელმძღვანელობით, ახალი ჯიშის გამოყვანასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებდა. სამუშაოების ფარგლები თანდათან გაფართოვდა და ის საქართველოს სხვა რაიონებშიც გაიშალა.

მსგავსი მუშაობა დაწყებული იყო, აგრეთვე, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. მოხდა ყველა ამ სამუშაოთა გაერთიანება, რამაც გააფართოვა მუშაობის არეალი. გაზარდა სულადობა და მისი შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობა.

მოეწყო სელექციური მიღწევების ურთიერთგაზიარება და კუროების გაცვლა, რამაც ხელი შეუწყო დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურის კონსოლიდაციასა და ჯიშის თვისებების დახვეწას. ყოველივე ამან დააჩქარა ახალი ჯიშის აღიარება, რაც კომისიური შემოწმების შემდეგ, 1960 წელს მოხდა. ახალ ჯიშს „კავკასიური წაბლა“ ეწოდა.

ამ ჯიშის სრულასაკოვანი წლიური წველადობა 4000კგ რძეს აღწევს, 3,8% ცხიმიანობით და ცოცხალი მასა 499 კგ-ს. პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებლები მიღწეულია ლორეს სანაშენე მეურნეობაში, რომელშიც ბაშკიჩეთის სამომშენებლოსთან ახლოს, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სხვადასხვა ფერმებში საშუალო წველადობა 2400-2800 კგ-ს აღწევდა, რძის ცხიმიანობა 3,8-4,0%-ს და ცოცხალი მასა 420-460კგ-ს შეადგენდა.

ახალი ჯიში კარგად იყო შეგუებული ადგილობრივ გარემოს; საქართველოს მეურნეობებისათვის დამახასიათებელი მწირი კვების დროს ის სხვებზე მეტ პროდუქციას იძლეოდა. ხოლო პირობების გაუმჯობესების შედეგად იმდენად ადიდებდა პროდუქტიულობას, რომ ჯობნიდა მისი მოშენების ზონაში შეყვანილ სხვა ჯიშებს.

იგი სწრაფად მომრავლდა და მალე საქართველოში წამყვანი ადგილი მოიპოვა. რესპუბლიკის სახელმწიფო და კოლექტიურ მეურნეობათა ფერმებში 1990 წელს კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვის სულადობა 171000-ს შეადგენდა, მათ შორის ფური 69,4 ათას სულს, ანუ საერთო რაოდენობის 38%-ზე მეტს.

ახალი ჯიშის პირუტყვი უფრო მეტად თავმოყრილი იყო დმანისის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, სადაც მისი სულადობა ძროხის საერთო როდენობის 75-95%-ს შეადგენდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ ჯიშს განეკუთვნებოდა 1,1 მლნ სული პირუტყვი, მათ შორის 330 ათასი ფური, რაც ბევრი ცნობილი ჯიშის სულადობაზე მეტია.

ამ ჯიშის ცხოველებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ინტენსივობის წაბლა ფერი, ძირითადად მუქი წაბლა და ღია შეფერილობის ბალანი ცხვირის სარკის ირგვლივ, ყურების შიგნითა მხარეს და ზურგის ხაზზე, კისრიდან კუდის ძირამდე. ცხვირის სარკე, რქის ბოლოები და ჩლიქები ტყვიისფერია. ზოგჯერ ცურის არეში თეთრი ლაქები აღენიშნება.

ძროხა

*ცხრილში მოცემული მონაცემები მოძველებულია/აგროკავკასია/.

ამჟამად კავკასიური წაბლა ჯიშის სრულყოფას ყველაზე მეტად აბრკოლებს პირუტყვის ცუდი კვება და მოვლა-შენახვა. ფაქტიურად მთლიანადაა ჩამოშლილი სანაშენე მუშაობა. ამიტომაც შეუძლებელია ამ ჯიშის შემდგომი სრულყოფა.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში „ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ტექნოლოგიები“

ავტორები: ნ. ბერენიკაშვილი; ქ. კანდელაკი; ზ. რევიშვილი; თ. ყურაშვილი; დ. ცომაია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3290 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB