ჰერეფორდული ჯიშის ძროხა – სახორცე პროდუქტიული მიმართულება

ჰერეფორდული, ძროხა

ჰერეფორდული ჯიში: არეალით და სულადობით ამ ჯიშს, სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშებს შორის, პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში.

ის გამოყვანილია ჰერეფორდის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი მუშა ტიპის ძროხის გაუმჯობესებით.

ჯიშის გამოყვანის სამუშაოები დაიწყეს XVIII საუკუნის შუა წლებში. რბილი კლიმატის გამო ცხოველებს  მთელი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, საძოვარზე ინახავდნენ, რამაც განაპირობა მისი კონსტიტუციური სიმაგრე, აგრეთვე საძოვრის ბალახის კარგად გამოყენების უნარისა და მოვლა-შენახვის პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობის თვისებების ჩამოყალიბება.

ჯიშისათვის დამახასიათებელია კომპაქტური აგებულება, თავი საშუალო სიდიდის, სახის ნაწილი მოკლე, სხეული კასრისებრი ფორმის და ჰარმონიულად განვითარებული, ფეხები დაბალი, ჩლიქები კი მაგარი.

ძირითადი ფერია შინდისფერი წითელი, ხოლო თავი, ზურგის ხაზი, ღაბაბი, გუგუბო, მუცელი და კუდის ფუნჯი, აგრეთვე კიდურები მაჯისა და სახტომ სახსრამდის თეთრად არის შეფერილი. ამასთან, თეთრი და წითელი შეფერილობის ზონები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან.

ჯიში მალმწიფადია, 1 წლის ასაკში ზოგიერთი ინდივიდი 350-400 კგ- ს იწონის. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ, კურო-მწარმოებლების- 850-1000 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს 30-35 კგ-ა.

კურო

ფურების მერძეულობა 1300-1800 კგ-ს აღწევს, მაგრამ მათ არ წველიან, ვინაიდან ხბოს ზრდიან თავისუფალი წოვების, ე.წ. “ფური-ხბო”-ს (“cow-calf”) მეთოდით.

ძროხა

ინტენსიურად კვებისას მოზარდის სადღეღამისო ნამატი 850-1000 გ-ს აღემატება, ხოლო საკლავი გამოსავალი 58 – 63%-ის ფარგლებშია.

1846 წელს დაფუძნდა სანაშენე წიგნი, რომელიც 1883 წლიდან გამოცხადდა დახურულად. ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლების სპერმა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის.

ამავე მიზნით ჰერეფორდული ჯიშის კურო-მწარმოებელი შემოყვანილი იყო საქართველოში, სიღნაღის რაიონის წნორის სახორცე მეძროხეობის საცდელ-სპეციალიზებულ კომპლექსში.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

თქვენი რეკლამა