ძროხის საზაფხულო-საბანაკო (საძოვრული) შენახვა

1710 Views

სამხრეთ საქართველოში ხშირად იყენებენ საზაფხულო-საბანაკო (საძოვრულ) შენახვას. საზაფხულო-საბანაკო შენახვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ბანაკის მოწყობაა.

ბანაკებისთვის გამოყოფილი ადგილი მაღლობი უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს წვიმის წყლების გვერდებზე ჩადინებას. ბანაკი უნდა იყოს ტრანსპორტისათვის ადვილად მისადგომი; აუცილებელია კარგი ხარისხისა და დიდი რაოდენობით სასმელი წყლის არსებობა ბანაკში.

აგებული უნდა იქნეს სხვადასხვა ნაგებობანი, რომელიც დაეხმარება მომვლელ პერსონალს და საჭირო სამეურნეო პროცესებს. მათ მიეკუთვნება ღია და დახურული ნაგებობები, ფარდული წველისა და კვებისათვის, სახბორე, საწყობი კონცენტრული საკვებისა და ინვენტარისათვის. მომსახურე პერსონალის შენობები, ნაკელსაცავი.

ბანაკში აგებული შენობა სასურველია იყოს მარტივი, ადვილად იშლებოდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდეს მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა.

ძროხისათვის საზაფხულო ბანაკებში აშენებენ ღია შესარეკ ფარდულს დახურულს სამი მხრიდან, რომლის მიზანია დაიცვას ცხოველები უამინდობისაგან, მზისაგან და მწერებისაგან.

ფარდულებში კეთდება სადგომები და უბრალო საკვებურები. იატაკი სასურველია იყოს ხის, მაგრამ დასაშვებია აგრეთვე იყოს დატკეპნილიც. მშენებლობისთვის სასურველია ადგილობრივი იაფი საშენი მასალის გამოყენება.

საძოვრები მომთაბარეობის პირობებში დიდ მანძილზეა დაშორებული დასახლებული პუნქტებისაგან, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადასარეკ გზებს და გადარეკვის ტექნიკის ორგანიზაციას. საქონლის გადარეკვა სწარმოებს დადგენილ ტრასაზე, რომელიც კეთილსაიმედო უნდა იყოს ვეტერინარული თვალსაზრისით. მოძრაობა ტრასაზე გარკვეული გრაფიკით ხდება, ვეტერინარი ექიმების თანხლებით.

გადასარეკ ტრასას წინასწარ ამოწმებენ, წესრიგში მოყავთ, აწყობენ გასაჩერებელ ადგილებს ცხოველებისათვის და შენობებს მომვლელი და გამცილებელი პერსონალისათვის; ასეთი ადგილები ეწყობა ერთი დღის გადარეკვის სიშორეზე; ეწყობა აგრეთვე ცხოველების გამოსაკვები და დასაწყურვებელი ადგილები: ვეტერინარულ-სანიტარული პუნქტები და საკარანტინო მოედნები.

გადასარეკი ტრასა უნდა გადიოდეს ისეთ ადგილებში, სადაც ცხოველების გადარეკვის პროცესში ექნებათ საკვების მიღების (ძოვების) საშუალება.

გადარეკვა ადგილმდებარეობის, რელიეფისა და კლიმატური პირობების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 8-12 კმ-ს. დღეში, რა დროსაც ცხოველებს ეძლევათ შესვენება. 2-3 საათს. ტრასაზე მოძრაობის შემდეგ 1-1,5 სააათი, ერთი დღე-ღამის გადარეკვის შემდეგ 10-12 საათი და 15 დღის გადარეკვის შემდეგ 2-3 დღე.

გადარეკვისას ცხვარი უნდა დავაწყურვოთ დღეში ერთხელ; მსხვილი რქოსანი პირუტყვი და ცხენი 2-3 ჯერ. გზაში დასუსტებული ცხოველები დამატებით უნდა გამოვკვებოთ ან კონცენტრატებით, ან სხვა საკვებით.

ცხოველთა თავშესაფარის პარალელურად საჭიროა გაკეთდეს იზოლატორი, საკარანტინო პუნქტი, გასაბანებელი აბაზანა.

სავარგულები ნაწილდება ცხოველის სახის შესაბამისად: ცხვრებისათვის გამოიყენება ავშნიანი და მლაშობი საძოვრები, ცხენებისათვის და ძროხისათვის მარცვლოვნებით მდიდარი საძოვრები.

საძოვრული შენახვის უარყოფითი მხარეები

საძოვრული შენახვის უარყოფით მხარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ: მავნე, შხამიანი და აგრეთვე სოკოებით დაავადებული მცენარეების შეჭმის შესაძლებლობა, დაბალ, ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებში ჭიებით დაავადების საშიშროება; ტკიპებით, ბუზებით, კოღოებით, ბუზანკალებით შეწუხება, რაც ხშირად დაკავშირებულია ცხოველების დაავადებებთან; ტრამვული დაზიანების შესაძლებლობანი და ა.შ.

ყველა ეს უარყოფითი მხარე ადვილად ასაცილებელია და ამიტომ მათი მნიშვნელობა არც ისე დიდია, რომ შეეძლოთ საძოვრებზე ცხოველთა შენახვის შეზღუდვა.

საძოვრის ტერიტორიის ვეტერინარულ-სანიტარული მომზადება

საძოვრის ტერიტორიის ვეტერინარულ-სანიტარული მომზადებისას ყველა ნაკვეთი, სადაც მოხდა ცხოველთა დასნეულება ჯილეხით (ციმბირული წყლულით), უნდა შემოიფარგლოს და გამოითიშოს საძოვრად გამოყენებისათვის.

მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს საძოვრის ტერიტორიის ის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული იყო ემფიზემატოზური კარბუნკულით და სხვა მწვავე ინფექციით ცხოველთა დაავადების შემთხვევები. ამ საძოვრებზე ცხოველთა შეშვება შეიძლება მხოლოდ შესატყვისი აცრების ჩატარების შემდეგ.

დაბლობი და დაჭაობებული მიწები, რომლებიც დაინვაზებულია ჰელმინთებით, უნდა შემოისაზღვროს და საძოვრად გამოყენებული არ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი თვე. სისხლპარაზიტული დაავადებების და მათი გადამტანი ტკიპების გავრცელების ადგილები უნდა გამოითიშოს საბალახო ტერიტორიიდან.

წესრიგში უნდა იქნას მოყვანილი ცხოველთა ძველი და ახალი სამარხები. ისინი იზოლირებულნი უნდა იყვნენ სხვა ტერიტორიებიდან.

საძოვრის მოწყობა

ცხოველთა საძოვრული შენახვის სწორი ორგანიზაციისათვის საჭიროა მთელი რიგი აგროტექნიკური, ზოოტექნიკური, ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებების გატარება.

უპირველეს ყოვლისა, საძოვრის ტერიტორიის სწორი ორგანიზაცია და მისი სწორი გამოყენება გულისხმობს, რომ საძოვრები მოყვანილი იქნან კულტურულ მდგომარეობაში, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს მივიღოთ უკეთესი კვებითი ღირებულების და მოსავლიანობით უხვი საკვები.

ძირითადი წესები ბუნებრივი საძოვრებისა და მდელოების გაუმჯობესებისა მდგომარეობს: 1) ნიადაგის ტენიანობის რეჟიმის რეგულირება, დაჭაობებული და ტენიანი საძოვრების დაშრობა ან, პირიქით, მორწყვისა და თოვლშეკავების გაუმჯობესება; 2) ჯაგნარის, ბუჩქნარისა და წვრილფოთლოვანი ტყის მოწესრიგება (განადგურება); 3) ქვებისაგან და ფიჩხისაგან განთავისუფლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ დაბლობ საძოვრებზე ცხოველები (განსაკუთრებით ცხვრები) ადვილად ავადდებიან ჰელმინთოზებით. გარდა ამისა საძოვრის ტენიან ტერიტორიაზე კარგად ხარობს შხამიანი ბალახები და ბუჩქოვანი მცენარეები, რომელშიც თავს აფარებენ სხვადასხვა სახეობის ტკიპები, ინფექციური და ინფაზიური დაავადებების გადამტანები.

საძოვრის სარეველებისაგან გაწმენდას ხელს უწყობს აგრეთვე იმ ბალახების გათიბვაც, რომელიც რჩება ცხოველების ძოვების შემდეგ. ასეთი სამუშაოები ცხოველთა მეპატრონეებმა უნდა ჩაატარონ ერთობლივად და საჭიროების მიხედვით.

განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება ძოვების ორგანიზაციას. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ უსისტემო ძოვებისას, მკვეთრად უარესდება საძოვრის ხარისხი. საძოვრის დიდ ფართობზე ხანგრძლივად უკონტროლოდ გაშვებისას თანდათან მცირდება და ქრება ყუათიანი, მაღალი კვებითი ღირებულების ბალახები, მის ადგილს იკავებს უვარგისი და მავნე ბალახები და პირიქით, ცხოველთა ძოვების სწორი ორგანიზაციით, ნაკვეთმორიგეობის შემოღებით და საძოვრის სათანადო მოვლით ქრება მავნე და სარეველა ბალახები და იზრდება სასურველი მცენარეების ნაირსახეობა.

საძოვრის მომზადების პარალელურად მზადდება დასაწყურვებელი ადგილები. ახდენენ ძველი ჭების შეკეთებას და, საჭიროების შემთხვევაში თხრიან ახალს. წესრიგში მოყავთ მდინარეების და ტბორების მისადგომები, აღრმავებენ პატარა წყალსატევებს მდინარეებთან, ტბებთან და ტბორებთან დაწყურვების ადგილზე, რომ ცხოველმა ადვილად დალიოს წყალი, ისე, რომ შიგ არ ჩადგეს. საჭიროების დროს ეწყობა წყლის მექანიკური მიწოდება. დგამენ წყლის სასმელ ვარცლებს. დასაწყურვებელი ადგილები გაპიროვნებული უნდა იქნეს ცალკეულ ნახირზე.

საძოვრების ტერიტორიის ორგანიზაციის დროს დამუშავებული უნდა იქნეს აგრეთვე საქონლის გადასარეკი გზების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველების (ფარის, ჯოგის) მოხერხებულ გადასვლას ერთი ადგილიდან მეორეზე და ამავე დროს დააკმაყოფილებს ვეტერინარიულ-სანიტარულ მოთხოვნილებებს. გზის სიგანე დამოკიდებულია ჯოგის ან ფარის სიდიდეზე.

აუცილებელია, რომ გზებზე ცხოველები სივიწროვეს არ გრძნობდნენ, ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს ცხოველებზე მეთვალყურეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩარევა.

ნ. ბერენიკაშვილი, ქ. კანდელაკი, ზ. რევიშვილი, თ. ყურაშვილი დ. ცომაია  /ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროექტი/ ქეა საერთაშორისო კავკასიაში/.

იხილეთ აგრეთვე: საძოვრები – კულტურული საძოვრის მოწყობა და გამოყენება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB