ძროხის სასუქი მოზარდის გამოზრდა – სუქება

ძროხის, ხბო, გამოზრდა

სანაშენესაგან განსხვავებით ძროხის სასუქი მოზარდის (ხბოს)საკვები ულუფა უნდა შედგეს იმდაგვარად, რომ მოგვცეს მისი გენოტიპით განსაზღვრული წონამატის მაქსიმუმი.

საქმე ის არის, რომ გამოზრდისას რაც უფრო მაღალია ზრდის სისწრაფე, მით უფრო ნაკლებია ცოცხალი მასის ყოველ კილოგრამ ნამატზე დახარჯული საკვების რაოდენობა და სხვა მატერიალური დანახარჯები, აგრეთვე საგრძნობლად მოკლდება ხორცის წარმოების ტექნოლოგიური ციკლი, უმჯობესდება დაკვლის პროდუქტების (ხორცის, საკვები და ტექნიკური სუბპროდუქტების) ხარისხი და გამოსავალი.

გასასუქებელი მოზარდი შეიძლება შევიძინოთ სხვადასხვა ასაკში. სრული ტექნოლოგიური ციკლის სასუქი მეურნეობები მოზარდს იძენენ 15-25 დღის ასაკიდან.

ასეთ მეურნეობებში წარმოების ტექნოლოგიური ციკლი იყოფა სამ პერიოდად:

I – რძით კვების, რომელიც გრძელდება ხბოს შემოყვანის დღიდან 6 თვემდე;
II – რძის კვების შემდგომი (მოსამზადებელი)- 6 თვიდან 9-10 თვის ასაკამდე;
III – სუქების, 9-10 თვიდან სუქების დამთავრებამდე. ჩვეულებრივ მოზარდის სუქებას აგრძელებენ 16-18 თვის ასაკამდე.

პირველი პერიოდი მოიცავს ორ ფაზას:

I ფაზა გრძელდება შემოყვანის დღიდან 1 თვემდე და ითვალისწინებს ხბოს ნატურალური რძით და/ან რძის შემცვლელით კვებას და მცენარეული საკვების მიღების შეჩვევას.

II ფაზა გრძელდება 1 თვიდან 5,5-6 თვის ასაკამდე.

საწყის ეტაპზე ხბოს აჩვევენ თივის, მწვანე ბალახის, მარცვლის ღერღილისა ან/და კომბინირებული საკვების ჭამას, 2,5 თვის ასაკიდან თანდათანობით უწყვეტავენ რძის შემცვლელის მიცემას, ხოლო 3-3,5 თვისათვის ის მთლიანად გადაჰყავთ მცენარეულ საკვებზე.

სქესის, ასაკის და ცოცხალი მასის მიხედვით გადარჩეულ მოზარდს ინახავენ ჯგუფურად გალიაში 10-15 სულის ოდენობით.

6 თვის ასაკამდე მოზარდისათვის მაგარ იატაკიან ბოსელში/სასუქ მოედანზე 1 სულზე უნდა მოდიოდეს – 2,1-2,2 მ2 იატაკის ფართი და 0,3-0,35 მ კვების ფრონტი, მოსამზადებელ პერიოდში (6-დან 9-10 თვის ასაკამდე) 3-3,5 მ2 და 0,4-0,5 მ, 10 თვეზე უხნესი ცხოველების სუქებისას კი 4- 4,5 მ2 და 06-0,7 მ, შესაბამისად; დაუშვებელია ერთი გალიიდან მეორეში მოზარდის გადაყვანა.

პირველი პერიოდის მოზარდის კვებისას საკვებურებში მუდმივად უნდა იყოს მარცვლეულის ნარევის ღერღილი ან სპეციალური (ხბოს) კომბინირებული საკვები, აგრეთვე კარგი ხარისხის თივა, ან დაჭრილი მწვანე ბალახი.

რძის შემცვლელს ხბოს აძლევენ ინდივიდუალური ვედროთი, დღეში ორჯერ, ყოველ კვებაზე 2-3 კგ- ის რაოდენობით (გამომდინარე კვების სქემიდან). ასაკის ზრდასთან ერთად ხბო ეჩვევა მცენარეული საკვების ჭამას და, ამის შესაბამისად, ულუფაში რძის რაოდენობას თანდათანობით ამცირებენ.

ულუფის ყუათიანობა უნდა შეირჩეს იმდაგვარად, რომ საშუალო სიდიდის ჯიშების მოზარდის ცოცხალი მასის დღეღამურმა ნამატმა არა ნაკლებ 630-650 გ. შეადგინოს; ასეთი გეგმით გამოზრდისას პერიოდის ბოლოსათვის ხბოს ცოცხალი მასა 145-155 კგ-ს მიაღწევს.

მეორე პერიოდში მოზარდს კვებავენ ისეთი დონის ულუფებით, რომ უზრუნველყონ 650-700 გ და უფრო მაღალი დღეღამური ნამატის მიღება. ულუფა, ძირითადად, უნდა შედგებოდეს უხეში და წვნიანი საკვებისაგან; კონცენტრირებული საკვების ხვედრითმა წილმა ულუფის ყუათიანობის 25% მაინც უნდა შეადგინოს.

ძროხა, ხბო, სუქება

მეორე პერიოდის მოზარდის ულუფაში დასაშვებია ყველა სახის საკვების ჩართვა, მათ შორის: მწვანე ბალახის, თივის, ნამჯის, ჩალის, მარცვლეულის, კოპტონის, ქატოს, კომბინირებული საკვების, ბადაგის, ჟენჟოს და ა.შ.

მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოზარდის კუჭ-ნაწლავის სისტემის ფიზიოლოგიური შესაძლებლობას, ანუ რა მოცულობის საკვების მიღება შეუძლია კონკრეტული ასაკის ან ცოცხალი მასის მოზარდს: დამამთავრებელი სუქებისას ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური რაოდენობით საკვებით (ანუ რამდენსაც შეჭამს).

საძოვარზე შენახვისას აუცილებელია დამატებით, კონცენტრირებული საკვების მიცემა. საქმე ის არის, რომ კონცენტრირებული საკვების ულუფაში ჩართვა უზრუნველყოფს მოზარის უფრო სწრაფად განვითარებას და ის უფრო ადრეულ ასაკში აღწევს დასაკლავი კონდიციებს.

ჩვენში სასუქად უპირატესად იძენენ რძის პერიოდის შემდგომი ასაკის, ანუ 6 თვეზე უხნეს მოზარდს. შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი განვითარების ჰარმონიულობას და ცოცხალი მასას. ეს უკანასკნელი ახლოს უნდა იყოს კონკრეტული ჯიშის სტანდარტულ მაჩვენებელთან.

შემოყვანიდან პირველი 2-3 თვე მოზარდი უნდა შეეჩვიოს ახალ გარემოს და იმ საკვებ ულუფას, რომლითაც ნავარაუდევია მისი კვება დამამთავრებელი სუქებისას.

ძროხის უმეტესი ჯიშების ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, როგორც წესი, 16-18 თვის ასაკის მიღწევის შემდეგ მოზარდის ზრდის ინტენსივობა საგრძნობლად კლებულობს; გარდა ამისა, ცხოველის დიდი ცოცხალი მასის გამო ერთეულ წონამატზე იზრდება საკვების დანახარჯები.

ამის გათვალისწინებით, უფრო დიდ ასაკობრივ პერიოდში სუქება შეიძლება არარენტაბელური გამოდგეს. აქედან გამომდინარე, სუქების დამთავრების პერიოდი (ასაკი, ცოცხალი მასა) უნდა განისაზღვროს გაწეული დანახარჯებისა და მიღებული ცოცხალი მასის ნამატის მონაცემების შეჯერების საფუძველზე. ეს კი შესაძლებელია საკვების დანახარჯებისა და ცხოველის ცოცხალი მასის ზრდის ყოველთვიურად კონტროლის პირობებში.

ზრდასრული, წუნდებული პირუტყვის სუქება

ძირითადი კონტიგენტი წარმოდგენილია გამოწუნებული ფურებით. როგორც წესი სუქება გრძელდება 60-90 დღე, რა დროსაც შესაძლებელია 45-75 კგ საერთო წონამატის მიღება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზრდასრული პირუტყვიდან ცოცხალი მასის ნამატს, ძირითადად, ვღებულობთ ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვების ხარჯზე, რაც მეტი რაოდენობით საკვების დანახარჯებს მოითხოვს.

ამის გამო მიზანშეწონილია იაფი საკვების გამოყენება და წონამატის საკვების დანახარჯებთან შესაბამისობის სისტემატიური კონტროლი. ზრდასრული პირუტყვის გასუქება აუმჯობესებს მის საკლავ პროდუქტიულობას და ხორცის ხარისხს, რაც ზრდის ასეთი ცხოველების საბაზრო ღირებულებას.

იალაღობა

საძოვარზე სუქების უპირატესობა მდგომარეობს მის სიიაფეში. საქმე ის არის, რომ იალაღობისას ვიყენებთ მთის ბუნებრივი საძოვრების პრაქტიკულად მუქთა საკვებს. ამასთან, არ არის საჭირო ცხოველებისათვის რაიმე ძვირადღირებული სადგომის მოწყობა, აგრეთვე საწარმოო პროცესებზე შრომისა და სხვა მატერიალური დანახარჯების გაწევა.

იალაღობის პერიოდი საკმაოდ შეზღუდულია. გამომდინარე მთის კლიმატური პირობებიდან, ის შეიძლება გაგრძელდეს 4-4,5 თვე, როგორც წესი, მაისის ბოლოდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. ამ პერიოდის მანძილზე, საძოვრების ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში საშუალოდ ერთი სულის ცოცხალი მასის საერთო ნამატმა 75-85 კგ შეიძლება შეადგინოს.

იალაღობის ეფექტურობა დამოკიდებულია სასუქი ჯგუფების სწორად დაკომპლექტებაზე, აგრეთვე ბარიდან მთაში და პირუკუ პირუტყვის გადარეკვის სწორად ორგანიზებაზე.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

თქვენი რეკლამა