ძროხის ქართული ენდემური-აბორიგენული ჯიშები

ძროხა, ჯიშები, ქართული

ქართული მთის ძროხა

ქართული მთის ძროხა კავკასიის ენდემია. ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ ჩვ.წ. აღ-მდე IV საუკუნეში აღწერილი ძროხის უშუალო შთამომავალია, რომელიც მიუხედავად „პატარა ტანის“-ა „ბევრ რძეს“ იძლეოდა.

ამ ძროხაში განასხვავებენ ფშავ-ხევსურულ, ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მერძეულია ფშავ-ხევსურული ჯილაგი.

მსოფლიოში ცნობილი 17 ჯუჯა ტანის ძროხის ჯიშებიდან ქართული მთის ძროხას მე-15 ადგილი უკავია.

ზრდასრული ფურის სიმაღლე მინდაოში 98-102 სმ-ა, ცოცხალი მასა კი 180-230 კგ. კურო-მწარმოებლის ცოცხალი მასა 280-300 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს- 11-15 კგ-ა.

ფერით არაერთგვაროვანია: 51% შავია, 24% წითელი ან ჩალისფერი, 15% შავჭრელი, 8% წითელჭრელი და 2% ვეჟანი.

ექსტერიერით ცხოველები უახლოვდებიან მერძეულ ტიპს: თავი პატარა და მსუბუქი; ტანი ზომიერად გრძელი, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, გულმკერდი საშუალო სიღრმისა და სიგანის, მუცელი მოცულობიანი; კანი თხელი და ელასტიური, კიდურები მოკლე, ჩლიქები მაგარი, ცური უპირატესად ჯირკვლოვანი და მომრგვალებული ფორმის.

გამოირჩევა მაგარი კონსტიტუციით და ამტანობით. მას შეუძლია მთის ციცაბო, 350- მდე დაქანებულ საძოვარზე საკვების მოპოვება.

მწირი კვებისას ფურის საშუალო მონაწველი 800-900 კგ რძეა, 4,2% ცხიმით. ნორმირებული კვების და გაუმჯობესებული მოვლა-შენახვის პირობებში სხვებზე უფრო პროდუქტიული ფურების საშუალო 305-დღიური მონაწველი იყო 2530 კგ რძე 4,67% ცხიმით, ხოლო ყველაზე დიდი მონაწველით გამოირჩეოდა ფური „გუტა“ # 236, რომელმაც IV ლაქტაციაზე მოიწველა 4111 კგ რძე 4,96% ცხიმით.

ასეთი მაღალი პროდუქტიულობა არ არის ერთეული შემთხვევა: მაგალითად, ფურმა „ლელა“ # 494-მა V ლაქტაციაზე მოიწველა 3126 კგ რძე 5,61% ცხიმით.

ჯიში გამოირჩევა სუქების კარგი უნარით და ხორცის მაღალი საგემოვნო თვისებებით. ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამურმა ნამატმა 671 გ, ხოლო საკლავმა გამოსავალმა 51,2% შეადგინა.

ხორცი შეიცავს 64% წყალს, 19,8% ცილებს, 15,3% ცხიმებს და 0,9% მინერალურ მარილებს.

ამან განაპირობა ფერმერებში ამ ჯიშის პოპულარობა და განიხილება როგორც მაღალმთიანი რეგიონების კურორტებისა და დასასვენებელი სახლების ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „ნატურალური“ რძით და ხორცით მომარაგების ერთადერთ წყაროდ.

კურო-მწარმოებელი

მეგრული წითელი ჯიში

გამოყვანილია მეგრელი მეჯოგეების მიერ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ადგილობრივი პატარა ტანიანი ძროხის ხალასად მოშენებით და მკაცრი გადარჩევისა და შერჩევის პირობებში.

სხვებთან შედარებით უკეთეს შედეგს მიაღწიეს ძმებმა კვარაცხელიებმა, რომელთა გვარით საკმაოდ ხშირად მოიხსენიება ეს ჯიში.

მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენახვამ და მიზანმიმართულმა სასელექციო მუშაობამ ხელი შეუწყო მაგარი კონსტიტუციის ცხოველების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მათი ადაპტაციის დიაპაზონის გაფართოებას და ჯანმრთელობის გაკაჟებას.

ცხოველები თანაბრად კარგად ეგუებიან მთის ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვარზე შენახვას და ადვილად იტანენ შორ მანძილებზე გადარეკვას.

ზამთარში ისინი მადიანად შეექცევიან კოლხეთის დაჭაობებული საძოვრების უხეშ ბალახნარს, მათ შორის ”ხაიას” (ჩარეს ელატა ბელლარდი), რომელსაც ძროხის კულტურული ჯიშები არ ჭამენ.

ცხოველების სხეული პროპორციული აგებულებისაა; ძვლეული წვრილი და მაგარი, კუნთოვანი სისტემა კი ზომიერად განვითარებული აქვთ.

სრულასაკოვანი ფურების სიმაღლე მინდაოში 112,4 სმ, ტანის ირიბი სიგრძე (ჯოხით) 133,5 სმ, გულმკერდის სიღრმე კი 61,6 სმ-ა. ჯიშისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ინტენსივობის წითელი შეფერილობა, რქები და ჩლიქები კი თაფლისფერი აქვს.

კონსტიტუციურად ცხოველები უფრო სარძეო ტიპისაკენ იხრებიან. ამასთან, მათ ახასიათებს კარგი სამუშაო თვისებები, გამძლეობა, ღონე, ჩქარი მოძრაობა და გაწევის უნარი. ცდებში დამტკიცებულია, რომ მეგრული წითელი ჯიშის ხარების გაწევის უნარმა ცოცხალი მასის 57%, მაშინ როდესაც შვიცურ ჯიშში მხოლოდ 46% შეადგინა.

ფურების საშუალო ცოცხალი მასა 270-280 კგ (მაქსიმალური 358), კუროების 350-420 კგ, ახალშობილი ხბოს კი 15-17 კგ-ა.

საძოვრული კვებისას ფურების მონაწველი 1400-1900 კგ რძეა 4,3-4,4% ცხიმის შემცველობით.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის სანაშენე ფერმაში I და III ლაქტაციის ფურები იწველიდნენ 1800 და 2440 კგ რძეს, შესაბამისად.

მთაში იალაღობისას საძოვრულ საკვებზე დამატებით 1 კგ კომბინირებული საკვების მიცემისას ლაქტაციის 305 დღიური მონაწველი გაიზარდა და შეადგინა 3017 კგ რძე, 4,33% ცხიმით.

ჯიშის რეკორდი მონაწველის მიხედვით ეკუთვნის ფურ ”თორია” #0861- ს, რომლისაგანაც მიღებულია 4315 კგ რძე, 4,28% ცხიმით.

ჯიში ხასიათდება დამაკმაყოფილებელი ზრდის უნარით და კარგი საკლავი პროდუქტიულობით. დაბადებიდან ზომიერად ინტენსიური კვებისას 18 თვის ასაკის მოზვრები იწონიდნენ 289,2 კგ-ს, მათი დაკვლით მიღებულია 144,4 კგ მასის ტანხორცი, ხოლო ნაკლავის გამოსავალმა 53% შეადგინა.

1996-1999 წლებში სამეგრელო-გურიის რაიონების ექსპედიციური შესწავლისას ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებში ხალასჯიშიანი ცხოველების სულადობამ შეადგინა 10,6 ათასი სული.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

თქვენი რეკლამა