ძროხის ჯერსული ჯიში – ძირითადი მახასიათებლები

ძროხა, ჯიში, ჯერსი

ძროხის ჯერსიული (ჯერსის, ჯერსული) ჯიში გამოყვანილია ინგლისში, ჯერსის კუნძულზე.

ამ ჯიშის ცხოველთა ფერი ღია თაფლადან მუქ წაბლამდე ცვალებადობს, დამახასიათებელია სხეულის წინა ნაწილის მუქი შეფერილობა, ხოლო კუროებს ფეხები, თავი და კისერი ხშირად უფრო მუქი აქვთ, ვიდრე ფურებს.

გვხვდება თეთრი ნიშნები ფეხებსა და მუცლის არეში, ზურგის ხაზს კი ჩვეულებრივ, მუქი ზოლი გადასდევს. ცხვირის სარკე მუქია, ხოლო მის ირგვლივ ბალანს ღია შეფერვა ახასიათებს.

ტანად ამ ჯიშის ცხოველი პატარაა, ფურის სიმაღლე მინდაოში 120-122 სმ-ს უდრის.

დამახასიათებელია მსუბუქი თავი ჩაზნექილი პროფილით და რქამოკლე ტიპის მიმანიშნებელი ამობურცული თვალბუდეებით, თხელი კისერი, კანის ხშირი ნაოჭებით, წაგრძელებული ტანი, დიდმოცულობიანი მუცელი, თხელი კანი სუსტად განვითარებული კუნთებით, მსუბუქი ტიპის ძვლოვანი აღნაგობა და ნაზი კონსტიტუციის სხვა ნიშნები. ცური დიდი, განიერი და ჯამისებური ფორმისაა. სარძეო ვენები კარგად განვითარებული.

ძროხა, ჯერსი, ჯიში

სრულასაკოვანი ფურის ცოცხალი მასა 360-400 კგ-ს უდრის (უმაღლესი 520 კგ-ს), ხბოს მასა დაბადებისას 18-22 კგ-ს, რაც დედის მასის 5,0-5,5 %-ს არ აღემატება.

ასეთი წვრილნაყოფიანობა ჯიშის განმასხვავებელი თვისებაა, რომელიც აადვილებს ხბოს მოგებას სხვა ჯიშების მცირე ასაკის დეკეულებთან და ისეთ პატარა ფურებთან შეჯვარებისას, როგორიც ქართული მთის პირუტყვია.

ჯერსიული ჯიშის ძვირფასი თვისებაა ადრეულობა. ხბო სწრაფად იზრდება და ვითარდება, დეკეული ადრე მაკდება და უკვე 23-24 თვის ასაკში იგებს, ე.ი. ჩვეულებრივზე 4-6 თვით ადრე.

საშუალო წლიური წველადობა 4200 კგ. რძეში ცხიმი 6,2 %, ცილა 4,4 %.

ძროხა, ჯერსი, ჯიში

შეჯვარების შედეგები ადასტურებენ, რომ მაღალი ცხიმიანობის შთამომავლობისათვის მყარად გადაცემის უნარი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის სხვა ცხოველებთან შესაჯვარებლად.

ჯერსის ჯიშის შეჯვარებამ ქართული მთის საქონელთან საუკეთესო შედეგი მოგვცა. აქედან გამომდინარე ჯერსული ჯიშის და მეგრული წითელი ჯიშის საქონლის შეჯვარება მეტად პერსპექტიული ჩანს.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში „ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ტექნოლოგიები“

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი და არ აქვს კავშირი ყიდვა-გაყიდვასთან.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის ქართული ენდემური-აბორიგენული ჯიშები

თქვენი რეკლამა