ბოცვრის კვება (რეკომენდაციები)

2839 Views

შესავალი

ბოცვრების ძირითად საკვებს წარმოადგენს მწვანე და წვნიანი მცენარეულობა, უხეში და კონცენტრირებული საკვები (მარცვალნარევი ან კომბინირებული საკვები). ისინი შეიცავენ ცხოველისთვის სასარგებლო ყველა საყუათო ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს.

გარდა მცენარეულისა, ბოცვრის საკვებად გამოიყენება ცხოველური წარმოშობის საკვები (თევზის ქონი, მოხდილი რძე, შრატი, ან დო, აგრეთვე ძვლის ფქვილი), საზოგადოებრივი კვების ანარჩენები და სხვადასხვა დანამატები (ცარცი, სუფრის მარილი). ამ უკანასკნელის ულუფაში ჩართვის მიზანია მინერალური ნივთიერებების დანაკლისის შევსება.

ზოგიერთი მებოცვრე ბოცვერს წყალს არ აძლევს, რაც არ არის სწორი. სითხის უკმარისობისას ცხოველი საკვებს ცუდად მოინელებს, კარგავს მადას, უარესდება საერთო მდგომარეობა.

წყლის დღიური რაოდენობა დამოკიდებულია ულუფაში შემავალი საკვების სახეზე. ზაფხულობით, როდესაც ბოცვერი იღებს დიდი რაოდენობით მწვანე და წვნიან საკვებს, წყალზე მოთხოვნილება რამდენადმე მცირდება, მაგრამ მას მაინც უნდა ჰქონდეს ნებაზე წყლის დალევის საშუალება.

წყლისადმი განსაკუთრებულად მომთხოვნია მაწოვარი დედა, რომელიც რძესთან ერთად დიდი რაოდენობის სითხეს გამოყოფს; წყლის უკმარისობა დედების მიერ ბაჭიების შეჭმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.

წყლისადმი დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდეულსაც. ზოგადად კი, ბოცვრები უწყლოობას უფრო ძნელად იტანენ, ვიდრე შიმშილს.

საკვები და მისი შემზადება

მწვანე საკვები — ბალახი და ხის ფოთლებიანი ყლორტების ულუფაში ჩართვა აუცილებელია ბოცვრებისათვის, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

ასეთი მიდგომისას, შესაძლებელი ხდება კონცენტრატების ხვედრითი წუილის ორჯერ შემცირება და, შესაბამისად, პროდუქციის გაიაფება.

ბოცვრების საკვებად იყენებენ არა მარტო ნათეს, არამედ მინდვრის ბალახებსაც; ბოცვრები ასევე კარგად ჭამენ ისეთ ბალახებს, როგორიცაა: ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, ჭინჭარი, სამყურა და სხვ.

ცერცველა და სხვა პარკოსანი ბალახები ულუფაში შეაქვთ თანდათანობით, რაც თავიდან გვაცილებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს. უმჯობესია მათი ულუფაში მარცვლოვანებთან შერევა.

არ არის კარგი ბოცვრების დიდი ხნის მანძილზე ერთი და იგივე ბალახით კვება, მაგალითად, შემჩნეულია, რომ ბაჭიების მხოლოდ ბაბუაწვერათი კვების შემთხვევაში აღინიშნება მათი ზრდაში ჩამორჩენა.

ბოცვრები მადიანად ჭამენ სტაფილოს და ჭარხლის ფოთლებს, კომბოსტოს, ნიახურს, მარწყვის ფოთლებს. ზრდასრულ ბოცვრები, ასევე, შეიძლება ვკვებოთ კარტოფილის ფოთლებით.

აღნიშნულ ძირხვენა-ტუბერიანებთან ერთად წვნიან საკვებად იყენებენ ჭანგას ძირებს, რომლებსაც აგროვებენ მინდვრის საგაზაფხულო ფარცხვის დროს. საკვებად გამოყენების წინ საჭიროა მიწისაგან მათი კარგად გასუფთავება.

კარგ საკვებს წარმოადგენს ვენახში მწვანე ოპერაციების ჩატარების ანარჩენები, აგრეთვე ვაზის საშემოდგომო ან საგაზაფხულო ანასხლავი. ფოთლები და ყლორტები შეიძლება მიეცეს შაბიამნით შეწამვლიდან 20 დღის შემდეგ.

მსეზუმზირას მწვანე მასას, ყვავილობამდე ბოცვერი კარგად ინელებს, მაგრამ ვეგეტაციის შემდგომ ფაზაში ქვეითდება მისი მონელების კოეფიციენტი. მიწავაშლას როგორც მწვანე მასა, ასევე ძირებს ბოცვერი კარგად ჭამს.

კარგ შედეგს იძლევა გაზაფხულზე ბოცვრის ულუფაში ფოთლოვან მცენარეთა ყლორტების, უკეთუ ფოთლებიანად მიცემა. ამისთვის მათ აჭრიან ახალ ამონაყარს და ასეთი სახით აძლევენ ცხოველს. უკეთესია აკაციის, ტირიფის, მუხის, მურყნის, თხილის, თელის ყლორტები. 200 გრამზე მეტის მიცემა სასურველი არ არის, რადგან შეიცავენ დიდი რაოდენობით მთრთიმლავ ნივთიერებებს.

წიწვოვანებიდან საკვებად შეიძლება ნაძვისა და ფიჭვის წიწვების გამოყენება. დაუშვებელია კურკოვნების, ანწლის, ტყის ცოცხის და ზოგიერთი სხვა მცენარის ყლორტების მიცემა ბოცვერზე, ვინაიდან ისინი შეიცავენ მავნე ნივთიერებებს.

მწვანე საკვები კვებამდე სპეციალურ შემზადებას არ საჭიროებს გარდა იმისა, რომ ბოსტნეული კულტურების ფოჩი კარგად უნდა გაირეცხოს. ჭარხლის ფოჩს კი, რომელიც კუჭის აშლილობას იწვევს, მცირე რაოდენობით ცარცი უნდა მოვაყაროთ.

ზამთრის პერიოდში ბოცვრისთვის უხეში საკვების მიცემა აუცილებელია, მათ შორისაა: — თივა, პარკოსნების ძენძო, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხემცენარეების ნეკერი.

თივას ბოცვრები ცუდად ინელებენ, ამიტომ ზამთრის განმავლობაში მარტო თივით კვება არ არის მიზანშეწონილი, ერთი ბოცვრისათვის ამზადებენ 40 კგ თივას. უკეთესია, თუ თივას წვრილად დავჭრით, დავალბობთ თბილ წყალში, წყალს გადავწურავთ, მოვაყრით კომბინირებულ საკვებს და ისე მივცემთ. ამ შემთხვევაში საკმარისია დღეში ერთხელ კვება.

წვნიან საკვებს ბოცვრებს აძლევენ წლის ნებისმიერ დროს. ყველაზე უკეთეს საკვებად ითვლება სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, გოგრა; აძლევენ აგრეთვე საზამთროს, ნესვის ქერქებს, კომბოსტო შეიძლება მიეცეს მწნილის სახითაც, დღეში 150-200 გრ. რაოდენობით.

ბოცვრების გამოსაკვებად კარგია აგრეთვე რკო და წაბლი, რომელთა რაოდენობა დღეში შეიძლება იყოს 50 გ-მდე.

მარცვლოვანი, ანუ კონცენტრირებული საკვები ყველაზე ყუათიანია, მაგრამ ძვირია და საჭიროა მისი ეკონომიურად გამოყენება. კვების წინ მარცვალს აქუცმაცებენ და ღერღილის სახით აძლევენ ცხოველებს. უკეთესია, თუ სხვა სახის საკვებთან შერეული სახით მისი მიცემა.

მარცვლოვანი საკვებიდან ბოცვრისთვის საუკეთესოდ ითვლება: შვრია, ქერი, სიმინდი, ცერცველა და სხვა, რომლებიც იკეთესია კვების წინ 2-3 საათს დავალბოთ წყალში. ასევე კარგ შედწეგს იძლევა სხვადასხვა სახის მარცვლის ღერღილის ერთმანეთში არევა და მათზე მინერალური საკვების სახით დაფქული ნიჟარებისა და წვრილი კენჭების დამატება.

გარდა სპეციალური კომბინირებული საკვებისა, ბოცვრის საკვებად მისაღებია, აგრეთვე, ძროხეულისა და ღორის კომბისაკვების გამოყენება.

სამზარეულოს და საზოგადოებრივი კვების ანარჩენებს ბოცვრების ულიფაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. მათ აძლევენ სხვადასხვა ფაფებს, კარტოფილს, მაკარონს, უცხიმო სუფებს (დღეში 200-გ-მდე), პურის გამშრალ ნარჩენებს (50-60 გ-მდე ზრდასრულს, ხოლო 25-30 გ-მდე მოზარდეულს). ახალი პურის მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის გაბერვა.

ბოცვერს ნატურალური სახით აძლევენ ბოსტნეულის ანარჩენებს, ვაშლს, ვიტამინების დანაკლისის შესავსებად მათ აძლევენ გაღვივებულ მარცვალს, სტაფილოს და საკვებ საფუარს.

ბოცვრის კვების სანიმუშო ულუფები

ბოცვრებისთვის ერთნაირად არასასურველია შიმშილობა და ზედმეტად უხვი კვება. ამასთან, მათთვის ყველაზე კარგ საკვებსაც სჭირდება ნორმირება.

ულუფების განსაზღვრა ხდება ბოცვრის ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით (ცხრილი 1).

ცხრილი №1 ბოცვრის კვების სანიმუშო ულუფები (გრ/დღე-ღამეში/სულზე)

ბოცვრის, კვება

მამალ ბოცვერს მოსვენებულ მდგომარეობაში და დედალს ბაჭიების ასხლეტის შემდეგ აძლევენ უფრო მცირე რაოდენობის კონცენტრატებს და მეტ თივას, ნეკერს და ბოსტნეულის ანარჩენებს. დაგრილების და მაკეობის, განსაკუთრებით მის მეორე პერიოდში რამდენადმე ამცირებენ უხეშ საკვებს, ამასთანავე ზრდიან მინერალური და ვიტამინიანი საკვების ოდენობას.

ბოცვერის რძე შეიცავს 20 % ცხიმს, 15 % ცილებს, 2,0-2,5 % შაქარს, 2,5 % მიკრო და მაკროელემენტებს. ასეთი ყუათიანი რძის მისაღებად, წოვების პერიოდში საჭიროა დედა ბოცვერის განსაკუთრებული შემცველობის ულუფებით კვება. ამის გათვალისწინებით, ულუფაში ზრდიან ძირხვენების რაოდენობას, ხოლო კონცენტრირებულ საკვებს ხდიან მრავალფეროვანს.

საყურადღებოა, რომ ასეთი შედგენილობის ულუფის მიცემა წოვების დამთავრების შემდეგ საჭირო აღარ არის.

ბაჭიებს, ასხლეტის შემდეგ პირველ დღეებში ეძლევათ იგივე საკვები, რაც ეძლევათ მათ დედებს, მოგვიანებით კი გადაჰყავთ სხვა ულუფაზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბალახს, კარგი ხარისხის თივას, შვრიას, კომბინირებული საკვებს, მოხარშულ კარტოფილს ქატოსთან ნარევში, სტაფილოს, ჭარხალს).

წინასწარ დასველებულ საკვებს ცხოველებს აძლევენ დღეში 1-2 ჯერ, იმ ანგარიშით, რომ ის ათვისებულ იქნეს 1-1,5 საათის განმავლობაში; ეს აუცილებელია იმიტომ, რომ საკვები ზაფხულში არ დამჟავდეს, ზამთარში კი არ გაიყინოს.

მშრალი საკვები შეიძლება მიეცეს რამდენიმე დღის სამყოფი, ოღონდ ისეთ საკვებურებში, რომ ბოცვრებმა ვერ დაფანტონ ის.

სუქებაზე დაყენებულ ბოცვრებს კონცენტრირებული საკვები ნებაზე შეიძლება მიეცეს მხოლოდ სუქების ბოლო 10 დღის განმავლობაში.

მე-2 ცხრილში მოცემულია ერთი ბოცვრისთვის წლის განმავლობაში საჭირო საკვების რაოდენობა სახეების მიხედვით.

ცხრილი №2 ერთი ბოცვრისთვის წლის განმავლობაში საჭირო საკვების რაოდენობა

ბოცვერი, კვება

ბოცვრის კვების რეჟიმი

ბოცვერს აქვს ერთკამერიანი (მარტივი) კუჭი, რომლის მოცულობაა 180-200 მლ. ამის გამო, საჭიროა ის ვკვებოთ ხშირად. თავისუფლად კვებისას ზრდასრული ბოცვერი დღის განმავლობაში საკვებთან მიდის 30-ჯერ, ხოლო მოზარდეული უფრო ხშირად.

როგორც ყველა ცხოველი, ბოცვერიც ადვილად ეჩვევა კვების დადგენილ რეჟიმს, ხოლო მისი დარღვევისას განიცდის დისკომფორტს.

დედის წოვების დროს მოზარდეულს 2,5 თვემდე დამატებით კვებავენ არანაკლებ 4-ჯერ დღეში დღეში, სხვა შემთხვევაში არა ნაკლებ 3-ჯერ.

ბოცვრის სუქება

ბოცვერი ინტენსიურად იზრდება 4 თვის ასაკამდე, ხოლო ზოგადად ზრდა გრძელდება 8-10 თვემდე; ამასთან, 4 თვემდე მოზარდი ცოცხალი მასის ნამატზე ხარჯავს გაცილებით ნაკლებ საკვებს, ვიდრე უფროს ასაკში. ამასთან ერთად, 4 თვის ასაკში ბოცვრის დაკვლა იმითაა მიზანშეწონილი, რომ ძირითად ჯიშებში ამ პერიოდისთვის მთავრდება ბეწვის შეცვლა და ტყავბეწვის ხარისხიც მაღალია.

ბოცვერი კარგად გასასუქებლად საკმარისია 30-40 დღე.

იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა მეტ-ნაკლებად ცხიმიანი ხორცის მიღება, ბოცვრებს ასუქებენ იმ ანგარიშით, რომ დაიკლას 6-8 თვის ასაკში. ამ პერიოდისთვის მთავრდება ბეწვის შეცვლის მეორე პერიოდი.

ბეწვის შეცვლაზე, ასაკის გარდა , გავლენას ახდენს საკვების ხარისხი დაბადების სეზონი, სხვა პირობები. ამიტომ დაკვლის წინ უნდა შემოწმდეს ბეწვის ცვლის მდგომარეობა. ამისათვის თეძოზე ბეწვს შებერვით გასწევენ და თუ კანი თეთრია (ღია ფერისაა), ბეწვის ცვლა დამთავრებულია. ასეთი ბეწვი სწორი, ბზინვარე და სუფთაა.

ბოცვრებს უფრო ხშირი ბეწვი აქვთ ზამთარში- ნოემბრიდან მარტამდე, ხოლო ყველაზე კარგ ტყავ-ბეწვეულს ღებულობენ ნოემბერ-დეკემბერში დაკვლისას, რა დროსაც ბეწვის ცვლა უკვე დამთავრებულია.

სუქებისას ბოცვრებს ათავსებენ ინდივიდუალურ გალიებში. ჯგუფურად სუქების დროს აღინიშნება ურთიერთდაკბენის შემთხვევები, რა დროსაც ტყავის ხარისხი უარესდება. იმ შემთხვევაში, როდესაც თუ სხვა გამოსავალი არ არის, უნდა გამოვლინდეს მოჩხუბარი ბოცვერი და ის ჩაისვას ცალკე გალიაში.

ჯგუფურად სუქებისას არჩევენ ერთ გალიაში ათავსებენ 3-4 სულ ერთი და იგივე ასაკისა და სქესის ცხოველებს.

სუქება დამთავრებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ ბეჭების თავზე ისინჯება ცხიმის გროვები და ხერხემლის მალის მორჩები არ ისინჯება. კარგად გასუქებული ცხოველის სხეული მომრგვალებული ფორმისააა, ბეწვი კი სწორი და მბზინვარეა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

რეკომენდაციების ავტორები:

ჯემალ გუგუშვილი _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სსმმ აკადემიის  მეცხოველეობის, საკვებწარმოების და ვეტრინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;

გიული გოგოლი — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იხილეთ აგრეთვე: მებოცვრეობის სახელმძღვანელო, ჯიშები, პრაქტიკული რჩევები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
332 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2323 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB